რა ღირს სიყვარული, ანუ კანონი სიცარიელეში და სიცარიელეზე ცარიელი ქვეყნისათვის
ემზარ ჯგერენაია
თსუ პროფესორი
მკვდრად შობას არშობა ჯობს
სიცარიელე კაცობრიობის ყველაზე ძვირადღირებული სივრცეა. მთლიანი ბაზრის უმნიშვნელოვანესი ნაწილი არის სწორედ ქმედება სიცარიელის დასაფარავად. ადამიანები სიცარიელის შესავსებად ყველაზე მეტ ფულს ხარჯავენ და ხშირად გაუცნობიერებლადაც. ალბათ, ეს არავის დაუთვლია, მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანური ურთერთობები ფულად გამოსახულებაში საკმაოდ დიდ ციფრს აღწევს. ვგულისხმობ იმას, რომ იმ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც ცხოვრებას გვილამაზებენ, ძვირი ღირს, მათთან ვისთანაც ემოციებს, ნააზრევს ვიზიარებთ; ვისაც ვამხიარულებთ, ვამხნევებთ ან ვჩუქნით ინტიმს, სითბოს, რომანტიზმს, სიყვარულს. მათთან – მეგობრები, საყვარელი ადამიანები, ოჯახის წევრები – დროს ვკლავთ, არ ვიწყენთ. მაგრამ ეს ყველაფერი ღირს: სხვადასხვა მნიშვნელოვანი თარიღების აღსანიშნავი საჩუქრები, წვეულებები, ყოველდღიური ყავა-ჩაის სმის რიტუალი კაფეში, სიარული რესტორანში და ა.შ.; მეგობრობა, სიყვარული, შვილებთან ურთიერთობა საკმაოდ ძვირი ჯდება.
სიცარიელის, ამ 21-ე საუკუნის დაავადების შესავსებად, ადამიანები ტექნიკასაც ვიყენებთ: კომპიუტერები, მობილურები, სხვადასხვა გაჯეტები, ხშირად ისინი რეალურ ურთიერთობებს გვიცვლიან, მაგრამ მსგავსება ის არის, რომ მათშიც ფულს ვიხდით. მათდამი დამოკიდებულება ლამის მანიად გვექცა, ჩვენ მათ დავემონეთ, ისე ვართ მათზე მიჯაჭვულნი, როგორც ამირანი კლდეზე. ჩვენგან განსხვავებით, ამირანი ცდილობდა განთავისუფლებას, ჩვენ კი – სულ უფრო მეტად ვემონებით – ვცდილობთ ფეხი ავუწყოთ ტექნიკის სიახლეებს და ვცვლით მოდელებს, რათა იმ ახალმა უკეთ შეგვივსოს სიცარიელე.
ამ ფიქრში აღმოვაჩინე, რომ ეს მშვენიერი იდეაა დამყწები ბიზნესმენებისთვის. რაში შეიძლება ადამიანმა ფული აკეთოს? რა თქმა უნდა, იმაში, რაც ყველაზე მოთხოვნადია, ადამიანის სიცარიელეს თუ მატერიალურად შევხედავთ და გადავიყვანთ იმ კატეგორიებზე, რასაც მისი ამოვსება შეუძლია, აღმოვაჩენთ, რომ ყველაზე კარგი ბიზნესი ის არის, რომელიც კაცობრიობის სიცარიელეების ამოვსებას ემსახურება – ყველაზე დიდ თანხას, თან დაუნანებლად, ადამიანები არა კვებაში, ჩაცმაში ან თავდაცვაში, არამედ სიცარილის ამოსავსებად ხარჯავენ.
სიცარიელის ამომვსები ერთ-ერთი ასეთი, ასე ვთქვათ, „ინსტრუმენტი“, შინაური ცხოველების ყოლაა – ვთქვათ, ისეთი საყვარელი, თეთრი და ფუმფულა ლეკვის, როგორიც როია, თავისი ნემსებივით ჩხვლეტია კბილებითა და ჩხაპნია თათუკებით. თუმცა, არ იფიქროთ, რომ სიცარილის ამოვსება ამ კბენია საყვარელი არსების სიცელქით ტკბობით შემოიფარგლება. არა, სულ ტყუილად გიხარიათ, მას თან თავის ხარკი სდევს, რომელიც უნდა გადაიხადოთ, თან პირდაპირი მნიშვნელობით:
როცა საქართველოს პარლამენტმა და გარემოს დაცვის სამინისტრომ 2014 წელს სულ ყველა პრობლემა მოაგვარეს, ჩვენს ფუმფულ ოთხფეხა მეგობრებს მიადგნენ და მიიღეს კანონი, რომლის თანახმადაც, 50 ლარით დაჯარიმდებით, თქვენი ფუმფულა სიცარიელის ამომვსები ქუჩაში გასეირნებისას თუ მოისაქმებს და მაშინვე არ გააქრობთ მის ფეკალიას.
სად შეიძლება გახდეთ ისეთი სურათის მომსწრე მთელი ქვეყნის მასშტაბით, სადაც ადამიანები ძვირადღირებულ ძაღლებს ასეირნებდნენ და შემდეგ მის ფეკალიებზეც თავად აგებდნენ პასუხს? რა თქმა უნდა: ვაკე, ვერა, რუსთაველი, საბურთალო და ბათუმის ბულვარი. გილოცავთ, ჩვენ რეკორდი მოვხსენით მსოფლიო იურისპრუდენციაში და ცივილურ სამართალში – მივიღეთ კანონი, რომელიც ქვეყნის ხუთი რაიონისთვის დაიწერა. ძალიან ძნელად წარმომიდგენია ჩხოროწყუში ან ჩოხატაურში ძაღლს მისი პატრონი ასეირნებდეს, სამაგიეროდ, მინახავს ქუჩაში როგორ დასეირნობენ ძაღლები და ბუნებრივ მოთხოვნილებებსაც იკმაყოფილებენ. ძალიან მაინტერესებს, ქუჩაში დამოუკიდებლად მოსეირნე ძაღლს თუ წაასწრეს, რომ სადმე თავისი ესკრიმენტი დატოვა, ვინ დაჯარიმდება? შემთხვევით, ძაღლი ხომ არა? „სითი პარკივით“ ინსპექტორი ჯარიმას გამოუწერს და ძაღლს კისერზე ჩამოჰკიდებს თუ ძაღლებს დანომრავენ, ჟეტონებს ჩამოჰკიდებენ და „სამართალდარღვევის“ შემთხვევაში პატრონს ჯარიმას გაუგზავნიან, თქვენმა ძაღლმა ამა და ამ ტერიტორიაზე მოისაქმა და გთხოვთ, ჯარიმის სახით 50 ლარი გადაიხადეთო.
მე მგონი, ხელისუფლება ჩემამდე მიხვდა, სიცარილეეების ამოვსებაში ფულის კეთება რომ შეიძლებოდა და ჯარიმა დააწესა. თუმცა, ახალბედა ბიზნესმენებმაც შეგიძლიათ ივარგოთ, აგერ თქვენ ბიზნეს-იდეა: მოისაქმა თქვენმა ოთხფეხა სიცარიელის ამომვსებმა? დარეკეთ კომპანიაში და ჩვენი ოპერატორები უმალ ადგილზე გაჩნდებიან და 5 ლარად გაწმინდავენ ქუჩას. დღეში სამი გამოძახების შემთხვევაში, მეოთხე უფასო იქნება. დამიჯერეთ, ეს ბიზნესი მაგრად იმუშავებს, დანარჩენი რაიონების ბედს ქვენორმატიული აქტი გადაწყვეტს, რომელსაც სამინისტრო შეიმუშავებს მსოფლიოს გამოცდილებისა და ქართულ უცნაურობათა გათვალისწინებით.
ხალხო, ამ ქვეყანას მეტი საქმე არ აქვს? სხვა სიცარიელეები ამოვავსეთ ქართველებმა, ამას რომ მივადექით? ეგდოს ეს ფუნა ქუჩაში, მგონი, უფრო მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია, ვიდრე ზოგიერთ ჩინოვნიკს სახელმწიფო სამსახურში, რომელიც ზის, იფხანს, ამყრალებს და თანაც ხალხის ხარჯზე, სიცარელეს მარტო ოთახში ავსებს. ფუნა კი ნიადაგს ანოყიერებს. დროა, ისეთი კანონები მივიღოთ, რომელსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით შევასრულებთ და სანამ კანონს მივიღებთ, დასკვნა უნდა დავდოთ, შესრულებადია თუ არა ის, გვინდა შესრულება თუ არა, რომელ სიცარიელეს ავსებს ან საერთოდ არ მივიღოთ, მკვდრად შობას არ შობა ჯობს.
ბედნიერ ახალ წელს, ნაკლებ სიცარიელეს და… რა ვიცი, გისურვოთ კი ძაღლის ბედი? ხომ ხედავთ, ძაღლი უკვე ეკონომიკის, მშპ-ის მდგენელი გახდა, ამასაც მოვესწარით – საწყალი ძაღლები, მათ უნდა აგონ ადამიანის ორგულობაზე პასუხი, შეავსონ სიცარიელე, რომელსაც საყვარელი ადამიანები ტოვებენ და მერე ფული იხადოთ ფეკალიებში.