ევროპარლამენტში ევროპული ენერგეტიკული კავშირის შექმნა დღის წესრიგში დააყენეს
ევროპარლამენტმა მოიწონა მილსადენების პროექტი, რომელიც ევროკავშირის მომარაგების დივერსიფიცირებას მოახდენს და მიესალმა „სამხრეთის ნაკადის“ შეჩერებას. 15 იანვარს, სტრასბურგში მიღებულ რეზოლუციაში ევროდეპუტატებმა ევროპის ენერგეტიკულ საზოგადოებას შესთავაზა „უკრაინასთან, სამხრეთ კავკასიასთან, ცენტრალურ აზიასთან, ახლო აღმოსავლეთსა და ხმელთაშუაზღვის აუზის ქვეყნებთან თანამშრომლობის პროგრამა, რომელიც მიმართული იქნება ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და ევროკავშირთან და მის ევროპელ მეზობლებთან ურთიერთკავშირზე, რუსული გაზისგან დამოუკიდებლად“.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ „უკრაინაში გაზის მიწოდების სტაბილურობას დიდი მნიშვნელობა აქვს წევრი სახელმწიფოების ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის“. ევროპარლამენტმა მოუწოდა ევროკავშირს გაატაროს ენერგეტიკული უსაფრთხოების ერთიანი პოლიტიკა, რომელიც დაცული იქნება გარე ზეწოლისგან და იმუშავოს ევროპული ენერგეტიკული კავშირის შექმნაზე. ევროდეპუტატებმა ხაზი გაუსვეს ერთიანი ენერგეტიკული ბაზრის წესების განუხრელად დაცვის აუცილებლობას, მათ შორის მესამე ენერგოპაკეტს და „გაზპრომის“ საქმის განხილვისას არადისკრიმინაციულ მიდგომას.
რეზოლუციაში მითითებულია, რომ აუცილებელია ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის ამაღლება და გარეშე ზეწოლის მიმართ ევროკავშირის მდგრადობის ამაღლება, ასევე რუსეთზე დამოკიდებულების შემცირება.
ევროპარლამენტმა მოუწოდა ქვეყნებს, ალტერნატივა გამონახონ წევრი ქვეყნების დასახმარებლად, რომლებიც არსებულ სიტუაციაში დამოკიდებულნი არიან მხოლოდ რუსეთზე, როგორც ენერგორესურსების ერთადერთ მიმწოდებელზე.