კონკურენციის სააგენტოს პირველი ნაბიჯები
მაკა ღანიაშვილი
კონკურენციის პოლიტიკის რეფორმა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, ქვეყანაში ეფექტიანი ანტიმონოპოლიური კანონმდებლობა და კონკურენციის მარეგულირებელი ქმედითი ორგანო უნდა ყოფილიყო. საქართველომაც შესაბამისად იმოქმედა და კონკურენციის სააგენტო ჩამოაყალიბა.
გარდა იმისა, რომ სააგენტოს შექმნა ევროკავშირის მოთხოვნა იყო, ჩვენს ქვეყანაში განსაკუთრებით გამოირჩევა რამდენიმე სფერო, სადაც სპეციალისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების აზრით, აშკარა არაჯანსაღი კონკურენტული გარემოა. ეს არის ფარმაცევტული და საწვავის ბაზარი, სადაც, არსებობს ეჭვი, რომ ეკონომიკურ აგენტებს დომინირებული მდგომარეობა უჭირავთ. სწორედ ამ მიზეზითაც, საზოგადოება დიდი ინტერესით ელოდა ქართულ სივრცეში სააგენტოს გამოჩენას, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ როდესაც სააგენტოს სტრუქტურა და ბიუჯეტი გახდა ცნობილი, ექსპერტება მას ეჭვის თვალით დაუწყეს ყურება. მთავარი მიზეზი ის გახლდათ, რომ ბაზრებზე არსებული სიტუაციების კვლევისთვის და დომინანტ აგენტებთან „საბრძოლველად“ მწირი, 680 000-ლარიანი ბიუჯეტით სააგენტო ვერაფერს გახდებოდა.
სააგენტოს ამუშავებისთანავე, მან ქვეყნის პრემიერ-მინისტრისგან თითქმის პოლიტიკური დავალება მიიღო, მან უნდა გაარკვიოს, რა ხდება საწვავის ბაზარზე, რატომ არ იცვლება საქართველოში საწვავის ფასი, როდესაც მსოფლიო ბაზრებზე ის თავდაღმა მიექანება. ეს დასკვნა ბევრ კითხვას გასცემს პასუხს, თუმცა, კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელთან საუბრისას, გავარკვიეთ, რომ მართალია, ნავთობპროდუქტები შეიძლება ყველაზე ხმაურიანი თემაა, მაგრამ მისი მხედველობის არეში არანაკლებ მნიშვნელოვანი თემები მოხვდა, როგორიცაა: ყავის, ფქვილის, სატერმინალო მომსახურების ბაზარი და სხვა. აქედან გამომდინარე, მას პასუხის გაცემა მოუწევს კითხვების უფრო ფართო სპექტირთვის.
კანონის თანახმად, კონკურენციის სააგენტო ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე. კანონში შეტანილი ახალი ცვლილებების თანახმად, კონკურენციის სააგენტოს აქვს უფლება, დამოუკიდებლად დაიწყოს ბაზრის ნებისმიერი სეგმენტის მოკვლევა იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ამ სფეროში კონკურენციის შეზღუდვის ნიშნები. სააგენტოს აქვს უფლება, ბაზარზე დომინირებული მდგომარეობის მქონე კომპანიის მიერ ამ მდგომარეობის ბოროტად გამოყენება აღკვეთოს და კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში, კანონდამრღვევს სანქციაც დააკისროს.
კონკურენციის სააგენტომ პრემიერ-მინისტრს საწვავის ფასებთან დაკავშირებით შუალედური ანგარიში წარუდგინა. თუმცა შუალედური ანგარიშის შედეგები ჯერ არ გასაჯაროებულა. როგორც „საქართველოს ეკონომიკას“ სააგენტოში განუცხადეს, კონკურენციის სააგენტოში ნავთობროდუქტების ბაზრის კვლევა სისტემატურად მიმდინარეობს და ინფორმაცია შედეგების შესახებ საჯაროდ ხელმისაწვდომი კვლევის საბოლოოდ დასრულების შემდეგ გახდება. ამჟამად კი, სააგენტოს წარმომადგენელთა განცხადებით, სისტემატურად მიმდინარეობს შეხვედრები ექსპერტებთან, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან, დამუშავების პროცესშია შესაბამის ბაზარზე მოქმედი 100-ზე მეტი სუბიექტის საქმიანობის ამსახველი ბოლო 8 წლის მონაცემები. გარდა იმისა, რომ სააგენტო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით წამოიწყოს ბაზრის ამა თუ იმ სეგმენტის კვლევა, კანონმდებლობა აძლევს სხვა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეიტანოს განცხადება სააგენტოში და ამ განცხადების საფუძველზეც დაიწყოს შესაბამისი მოკვლევა.
„განცხადებისა და საჩივრის ფორმები, მათი წარდგენის წესი და განცხადებისა და საჩივრის დასაშვებადობასთან დაკავშირებული პროცედურები და ვადების“ თანახმად, ნებისმიერ პირს, რომელსაც აქვს ინფორმაცია ან მტკიცებულება, რომ არსებითად ირღვევა კონკურენციის შესახებ საქართველოს კანონმდებლობა, შეუძლია კონკურენციის სააგენტოში შეიტანოს განცხადება. ამასთან, ეკონომიკურ აგენტს, რომელსაც მიაჩნია, რომ კონკურენცის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის შედეგად მიადგა ან დგება ქონებრივი ზიანი, შეუძლია საჩივრით მიმართოს სააგენტოს. თავის მხრივ, კონკურენციის სააგენტო ვალდებულია შემოსული განცხადების/საჩივრის დასაშვებადობაზე გადაწყვეტილება მიიღოს 30 დღის ვადაში, რომელიც საქმის სირთულიდან გამომდინარე, შესაძლებელია გაგრძელდეს არაუმეტეს 15 დღით. რაც შეეხება განცხადებაში/საჩივარში დასმულ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებას, კონკურენციის სააგენტო ამას ახორციელებს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონსა და შესაბამის წესში („საქმის მოკვლევის წესი და პროცედურა“) გაწერილი პროცედურით, დადგენილ ვადაში. კერძოდ, საქმის მოკვლევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საბოლოო გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს 3 თვის ვადაში. ამასთან, საქმის მოკვლევა, მისი მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, შესაძლებელია გაგრძელდეს სააგენტოს მიერ განსაზღვრული ვადით, მაგრამ არაუმეტეს 10 თვით.
„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კონკურენციის სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდებაზე უარის თქმა ისჯება 1000-დან 3 ათას ლარამდე. ამასთან, დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენების, ასევე კონკურენციის შემზღუდველი ხელშეკრულებების დადების, გადაწყვეტილებების მიღებისა და შეთანხმებული ქმედებების შემთხვევაში, ეკონომიკურ აგენტს (გარდა ეკონომიკის რეგულირებადი სფეროს ეკონომიკური აგენტებისა) ეკისრება ჯარიმა, წინა ფინანსური წლის განმავლობაში მათი წლიური ბრუნვის არაუმეტეს 5 პროცენტის ფარგლებში. იმ შემთხვევებში, თუ დაკისრებული (არაუმეტეს 5 პროცენტის ფაგლებში) ჯარიმის მიუხედავად დარღვევის სამართლებრივი საფუძვლები არ იქნა აღმოფხვრილი ან ეკონომიკური აგენტის მიერ იგივე დარღვევა განმეორებით იქნა ჩადენილი, მაშინ მის მიმართ გამოიყენება სანქცია, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა ფინანსური წლის განმავლობაში მისი წლიური ბრუნვის 10 პროცენტს. როგორც კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ბარაბაძემ „საქართველოს ეკონომიკასთან“ საუბრისას განაცხადა, ამ ეტაპზე, კონკურენციის სააგენტო, შემოსული განცხადებისა და საჩივრის საფუძველზე, საკუთარი ინციატივით, ახორციელებს 5 საქმის მოკვლევას. კერძოდ: 1) სააგენტო, საკუთარი ინიციატივით 2014 წლის 12 ნოემბრიდან ახორციელებს ნავთობპროდუქტების ბაზრის (ბენზინი, დიზელი, ნავთი) მოკვლევას ამ ბაზარზე კონკურენტული მდგომარეობის შეფასებისა და შესაძლო ანტიკონკურენციული ქმედებების გამოვლენის მიზნით; 2) საქართველოს ხორბლისა და პურპროდუქტების მწარმოებელთა ასოციაცია ,,გლობალაგრო“-ს განცხადების საფუძველზე (თავმჯდომარის 2014 წლის 12 დეკემბრის N27 ბრძანების შესაბამისად), მიმდინარეობს საქმის მოკვლევა – ფქვილის ბაზარზე ,,კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მოთხოვნათა (დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება) შესაძლო დარღვევის ფაქტზე; 3) სს „ჯანმრთელობა“-ს განცხადების საფუძველზე (თავმჯდომარის 2014 წლის 12 დეკემბრის N26 ბრძანების შესაბამისად), მიმდინარეობს საქმის მოკვლევა – წყალტუბოში თერმულ-მინერალური წყლების ბაზარზე „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის (დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება) მოთხოვნათა შესაძლო დარღვევის ფაქტზე; 4) შპს „ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია-ფოთი“-ს განცხადების საფუძველზე (თავმჯდომარის 2014 წლის 29 დეკემბრის N30 ბრძანების შესაბამისად), მიმდინარეობს საქმის მოკვლევა სატერმინალო მომსახურებასთან დაკავშირებული საბაჟო პროცედურების სფეროში „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის მოთხოვნათა შესაძლო დარღვევის ფაქტზე; 5) შპს „ჯორჯიან ტრანს ექსპედიცია“-ს საჩივარის საფუძველზე (თავმჯდომარის 2014 წლის 24 დეკემბრის N29 ბრძანების შესაბამისად), მიმდინარეობს საქმის მოკვლევა სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში შპს „ტრანს კავკასუს ტერმინალსი“-ს მიერ „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მოთხოვნათა შესაძლო დარღვევის ფაქტზე. გიორგი ბარაბაძის განცხადებით, სააგენტოში ასევე შესულია „მომხმარებელთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ პრეზიდენტის განცხადება „ავტოგაზის“ ფასების მომატებასა და ამ სფეროში შესაძლო ანტიკონკურენტულ შეთანხმების არსებობასთან დაკავშირებით. ამ ეტაპზე, კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის შესაბამისად, სააგენტო იხილავს აღნიშნული განცხადების დასაშვებად ცნობისა და მოკვლევის დაწყების მიზანშეწონილობის საკითხს.
ერთ-ერთი სფერო, რომელზეც კონკურენციის სააგენტო მუშაობს არის ყავის ბიზნესი. 2014 წლის ნოემბრიდან სააგენტომ დაიწყო ყავის ბაზრის მონიტორინგი, საკუთარი ინიციატივით. ბაზრის შესწავლა მიმდინარეობს სააგენტოს თავმჯდომარის შესაბამისი ბრძანებით დამტკიცებული „ბაზრის კვლევის მეთოდური მითითებებით“ დადგენილი წესის შესაბამისად, კერძოდ, დგინდება ბაზრის სტრუქტურა და მასზე არსებული მდგომარეობა, რაც გულისხმობს: პროდუქციული და გეოგრაფიული ბაზრის იდენტიფიცირებას; ამ ბაზარზე მოქმედი სუბიექტების შესახებ ინფორმაციის დამუშავებას; და ბაზარზე არსებული კონცენტრაციის დონისა და სხვა მაჩვენებლების შეფასებას. „ამასთან, ყავის ბაზრის პროდუქციული საზღვრების გასარკვევად, ანუ, იმის დასადგენად არის თუ არა ყავა ურთიერთჩანაცვლებადი როგორც სხვა პროდუქტებთან, ისე თვით ყავის სახეობებთან მიმართებით, მომზადდა მომხმარებელთა გამოკითხვის სპეციალური კითხვარი, რომელიც ვრცელდება სოციალურ ქსელში და მიმდინარეობს მიღებული ინფორმაციის დამუშავება. ასევე, ამ ეტაპზე მიღებულია ინფორმაცია, შემოსავლების სამსახურიდან და სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან, რომლის დამუშავების შედეგად გამოიკვეთა ის, რომ ზოგადად ყავის ბაზარზე მოქმედებს ათეულობით კომპანია, რომელთაგან 10%-ზე მეტი წილი პრაქტიკულად არც ერთ კომპანიას არ გააჩნია. სააგენტო აგრძელებს აღნიშნულ თემაზე მუშაობას და საბოლოო შედეგს ყავის ბაზარზე არსებული კონკურენტული გარემოს შესახებ უახლოეს პერიოდში დადებს, რომელიც კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, აუცილებლად გასაჯაროვდება“ – განაცხადა გიორგი ბარაბაძემ.
„საქართველოს ეკონომიკა“ სააგენტოს სამომავლო გეგმებითაც დაინტერესდა. როგორც ჩვენთან საუბრისას სააგენტოს თავმჯდომარემ განაცხადა: „პირველ რიგში ვაპირებთ ბოლომდე მივიყვანოთ და კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში დავასრულოთ ყველა დაწყებული საქმის მოკვლევა. ამასთან, როგორც ამ ეტაპზე, ისე სამომავლოდაც, კონკურენცის სააგენტოს საქმიანობა იქნება მიმართული იმ მიზნებისა და ამოცანების აღსასრულებლად, რაც „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონითაა მასზე დელეგირებული. შესაბამისად, სააგენტოს უპირატესი ამოცანა იქნება ხელი შეუწყოს ქვეყენაში ბაზრის ლიბერალიზაციას, თავისუფალ ვაჭრობას და კონკურენციას. კერძოდ: არ დაუშვას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ ბაზარზე შესვლის ადმინისტრაციული, სამართლებრივი და დისკრიმინაციული ბარიერები; უზრუნველყოს ბაზარზე ეკონომიკური აგენტის თავისუფალი დაშვებისათვის სათანადო პირობები; არ დაუშვას ეკონომიკურ აგენტებს შორის კონკურენციის არამართლზომიერი შეზღუდვა; დაიცვას ეკონომიკური აგენტების საქმიანობაში თანასწორუფლებიანობის პრინციპი; არ დაუშვას დომინირებული მდგომარეობის ბოროტად გამოყენება; არ დაუშვას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ ეკონომიკური აგენტისათვის ისეთი ექსკლუზიური უფლებების მინიჭება, რომელიც იწვევს კონკურენციის არამართლზომიერ შეზღუდვას. ამ მიზნების მისაღწევად სააგენტომ უნდა გააგრძელოს შესაბამისი კვალიფიკაციის კადრების მოძიება და არსებული კადრების გადამზადების კუთხით გააღმავოს თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და განვითარებული ქვეყნების კონკურენციის ინსტიტუტებთან. რაც შეეხება უშუალოდ პუნქტობრივად გაწერილ სამოქმედო გეგმას, ეს მოცემულია სააგენტოს თავმჯდომარის 2014 წლის 16 ივლისის 16/07-1 ბრძანებით დამტკიცებულ პროგრამაში. თუმცა, ამ ეტაპზე, წინასწარ საუბარი იმაზე, თუ, რომელი სფეროების შესწავლას აპირებს სააგენტო სამომავლოდ არ იქნება სწორი, რადგანაც სააგენტო ვალდებულია არ წინასწარ დეკლარირებული სფეროების შეისწავლოს, არამედ მთელი მისი რესურსი მიმართოს იმ პრობლემატური საკითხების (სფეროების) დასარეგულირებლად (შესასწავალად), სადაც იზღუდება კონკურენცია და თავისუფალი ვაჭრობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ კონკურენციის სააგენტო სამომავლოდ შეისწავლის მის კომპეტენციას მიკუთვნებულ ყველა იმ სფეროს, სადაც ადგილი ექნება საქართველოს კონკურენციის კანონმდებლობის დარღვევას“ – დასძენს გიორგი ბარაბაძე.
1992 წელს ქვეყანაში „მონოპოლიური საქმიანობის შეზღუდვისა და კონკურენციის განვითარების შესახებ“ პირველი დოკუმენტი შეიქმნა, რომელიც მონოპოლიური ერთეულების მოქმედებას არეგულირებდა. 1996-2004 წლებში, ევროპული გამოცდილების გათვალისწინებით, კონკურენციისა და თავისუფალი ვაჭრობის კანონმდებლობა შეიქმნა. ჩამოყალიბდა ეკონომიკის სამინისტროსთან ანტიმონოპოლიური სამსახური, რომლის ფუნქციაც დომინანტური მდგომარეობის მქონე კომპანიების გაკონტროლება იყო. ანტიმონოპოლიური სამსახური 2005 წელს გაუქმდა. მას შემდეგ კონკურენციის წესებისა და პრინციპების დაცვაზე სახელმწიფო ზედამხედველობა აღარ ხორციელდებოდა.
2014 წლის 21 მარტს, საქართველოს პარლამენტმა „თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის შესახებ“კანონში ცვლილებები შეიტანა – კონკურენციის სააგენტოს როლი და ფუნქციები მნიშვნელოვნად გაიზარდა. კონკურენციის სააგენტო „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის N288 დადგენილებით 2014 წლის 14 აპრილიდან შეიქმნა, როგორც განსაკუთრებული სტატუსის მქონე საჯარო სამართლის იურიდიული პირი და მისი სრულფასოვანი ამოქმედებისთვის საჭირო სამართლებრივი აქტების მიღების შემდეგ, 2014 წლის 1 ოქტომბერს ამოქმედდა. სააგენტოს მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყანაში ბაზრის ლიბერალიზაციას, თავისუფალ ვაჭრობასა და კონკურენციას და აღმოფხვრას მონოპოლია ბაზარზე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სააგენტოს ძირითად ამოცანას წარმოადგენს კონკურენციის პოლიტიკის განხორციელება, საქართველოში კონკურენციის განვითარების ხელშემწყობი პირობების შექმნა და დაცვა და ამ მიზნით ყველა ტიპის ანტიკონკურენციული შეთანხმებებისა და ქმედებების დაუშვებლობა, გამოვლენა და აღკვეთა.
ის, თუ რამდენად ეფექტური იქნება ანტიმონოპოლიური პოლიტიკა, დამოკიდებულია არა იმაზე, ეს სამსახური მკაცრი უფლებებით იქნება აღჭურვილი თუ რბილი, მთავარია, რამდენად სწორადაა ჩამოყალიბებული სამართლებრივი და ინსტიტუციური ბაზა და არსებობს თუ არა ხელისუფლების პოლიტიკური ნება. სააგენტოს კვლევები ჯერჯერობით საწყის ეტაპზეა, უფრო რეალურად საუბარი კვლევების შედეგების გასაჯაროების შემდეგ იქნება შესაძლებელი, რომელსაც საზოგადოება განსაკუთრებული ინტერესით ელოდება.