რა ფასს გადაუხდის საქართველოს რუსეთი WTO-ს წევრობისთვის
მაკა ღანიაშვილი
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხი კვლავაც დიდი მსჯელობისა და მწვავე დებატების საგანია. საერთო აზრი ამ ორგანიზაციის წევრთა შორის ჯერ ჩამოყალიბებული არ არის. რუსეთი ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოს ოც უმსხვილეს ექსპორტიორ სახელმწიფოს შორის, რომელიც WTO-ს წევრი არ არის. ივნისის დასაწყისში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, კანადამ და ევროკავშირმა ღიად დააფიქსირეს, რომ, რაც შეიძლება მალე სურთ რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში იხილონ. მოსკოვმა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში შესვლის ერთ-ერთი მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი უკვე გადალახა, მას ვაშინგტონი ამ სურვილის შესრულებაში ხელს უკვე აღარ შეუშლის. რა ნაბიჯს გადადგამს ამერიკის ერთ-ერთი მოკავშირე – ქართული მხარე, რომელიც რუსეთის მუდმივ თავისტკივილად რჩება, ჯერჯერობით, უცნობია. თუმცა, თუ თბილისში გაკეთებულ განცხადებებს გავითვალისწინებთ, საქართველო ვეტოს უფლებას იმ დრომდე გამოიყენებს, ვიდრე რუსეთი მის მოთხოვნებს არ შეასრულებს.
ექსპერტთა ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველომ რუსეთთან ამ საკითხით ბოლომდე უნდა ივაჭროს და დაიცვას საკუთარი ინტერესები. უკვე წლებია პოლიტიკური ვაჭრობა რუსეთთან შემდეგ თემებზე მიმდინარეობს: აფხაზეთში, მდინარე ფსოუზე და ცხინვალის რეგიონში, როკის გვირაბთან ქართული საბაჟო პუნქტების გახსნა; არაკონტროლირებად ტერიტორიებზე დაკეტილი საზღვაო აკვატორიისა და საჰაერო სივრცის გამოყენებაზე უარის თქმა; ამ ტერიტორიებზე კონტრაბანდის აღკვეთა; ტრანზიტის თავისუფლება; რუსეთის ბაზარზე ქართული პროდუქციის შეტანაზე აკრძალვის მოხსნა და სასაქონლო ნიშნების დაცვა. საქართველოსთან მიმართებაში შემოღებული დისკრიმინაციული სავიზო რეჟიმის მოხსნა. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ახალგორი-კოდორის ოკუპაციამ და სეპარატისტული ტერიტორიების აღიარებამ კი მოლაპარაკებები თითქოს გამოუვალ ჩიხში შეიყვანა.
შეიძლება ითქვას, რომ საკითხს აქვს ორი მხარე – პოლიტიკური და ეკონომიკური. ეკონომიკური თვალსაზრისით, საქართველოსთვისაც უკეთესი იქნება, რომ რუსეთი იყოს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი, რადგან ამ შემთხვევაში, მას არ ექნება ის ბერკეტები, რომლითაც ბლოკავს ქართული პროდუქციის შესვლას რუსეთის ტერიტორიაზე. პოლიტიკური თვალსაზრისით კი, ქართული ვეტო გამართლებულია.
მაგრამ ბევრი იმასაც აღნიშნავს, რომ საქართველოს ყველა შემთხვევაში მოუწევს ხისტი პოზიციის შეცვლა, რადგან ის რუსეთის წინააღმდეგ მარტო დარჩა. დღეისათვის ოფიციალური თბილისი ძალიან მძიმე ვითარებაშია, მისი ხისტი პოზიცია, წინააღმდეგობაში მოდის არა მხოლოდ რუსეთის, არამედ, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დანარჩენი 152 ქვეყნის პოზიციასთანაც, რომლებსაც უნდათ რუსეთი კავშირში იხილონ.
რუსეთში კი იმედოვნებენ, რომ მსო-ფლიო სავაჭრო ორ-განიზაციის ძირითად მოთამაშეებთან მოლაპარაკებების შემთხვევაში, საქართველოს ვეტოს მნიშვნელობა აღარ ექნება. რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ მედვედკოვმა განაცხადა, რომ რუსეთს, სავაჭრო ორგანიზაციის წევრთა უმრავლესობის თანხმობის შემთხვევაშიც შეუძლია მსო-ს მიუერთდეს და საქართველოს პოზიციას ასეთ შემთხვევაში მნიშვნელობა აღარ აქვს.
თუმცა, მეორე საკითხია ის, თუ რამდენად სურს რუსეთს სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება. ხშირად გამოითქმის ვარაუდები იმის შესახებ, რომ რუსეთს არ “აწყობს”” მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანება, რადგან, ამ შემთხვევაში, მას ბევრი ეკონომიკური რეგულაციის გათვალისწინება და სავაჭრო წესების დამორჩილება მოუწევს. იქნებ, საქართველოს პოზიცია ამ ეტაპზე მომგებიანიც კი არის ჩვენი ჩრდილოელი მეზობლისათვის? ამაზე რუსი ექსპერტების ნაწილიც საუბრობს. მოსკოვის პოლიტიკური ექსპერტიზის საერთაშორისო ინსტიტუტის დირექტორი, ევგენი მინჩენკო: “რაც შეეხება საქართველოს, იმის გათვალისწინებით, რომ მათ ადრე არაოფიციალურად განაცხადეს თანხმობა რუსეთის გაწევრიანებაზე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში, ახლა უკან დახევა, ვფიქრობ, არაეფექტური იქნება. სხვა საქმეა, რომ თავად რუსეთში არის ძალიან სერიოზული ლობი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წინააღმდეგ. ეს ლობი არ არის ღია, ვინაიდან ქვეყნის პირველმა პირებმა განაცხადეს, რომ შევდივართ ამ ორგანიზაციაში, მაგრამ ეს ლობი ძალიან გავლენიანია. ვფიქრობ, რომ ეს ლობი იქნება გაცილებით დიდი წინაღობა რუსეთისთვის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების გზაზე, ვიდრე საქართველოს პოზიცია”.
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ახლანდელი წევრები რუსეთთან თანამშრომლობას გამჭვირვალე და საკმაოდ მკაცრი პირობებით აპირებენ. რუსეთში, ისევე როგორც სხვა მსხვილ განვითარებად ბაზრებზე (ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია, მექსიკა), ლიბერალიზაციის პირობებში, როგორც ეს ხშირად ხდება ხოლმე, ჩრდილში ექცევა ეროვნული ინტერესები. ამიტომ გასაკვირი სულაც არ იქნება, თუკი რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას დიდი დანახარჯებისა და დანაკარგების გათვალისწინებით, მომავლისთვის გადადებს. ზოგიერთი რუსი ექსპერტის აზრით, მოკლევადიან პერსპექტივაში, რუსეთი ამ ორგანიზაციის წევრობის გარეშე არათუ წაგებული, პირიქით, მოგებულიც კი დარჩება, რადგანაც სავაჭრო პარტნიორები ახლა იძულებულნი არიან რუსეთის მიერ შეთავაზებული თამაში წესებით ითამაშონ.
მაგალითად, ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებში სულ უფრო მზარდი საერთაშორისო ობსტრუქცია რუს ჩინოვნიკებს აიძულებს პასუხის გასაცემად ყველაზე პოპულისტური ვარიანტები აირჩიონ. ევროპელმა ქაღალდის მწარმოებლებმა ძლივს დააღწიეს თავი ხე-ტყის მასალის გატანაზე შემოსაღები ბაჟის დაწესებას 2009 წლის იანვრიდან. ამ დროს, რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა, ბორის გრიზლოვმა დეპუტატებსა და მთავრობას შესთავაზა ისეთი კანონის მიღება, რომელიც მთლიანად აკრძალავს ტყის მასალის ქვეყნიდან გატანას. ამ წინადადების რეალიზება კი, არა მარტო უცხოელ პარტნიორებს დააზარალებს, არამედ ადგილობრივ, რუს მეწარმეებსაც შეუშლის ხელს ბიზნეს-საქმიანობაში.
თუმცა, რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების იმედს არ კარგავს. ამჯერად, მოსკოვში დარწმუნებულნი არიან, რომ ქვეყანას ორგანიზაციის წევრობაში ხელს ვერავინ შეუშლის და წლის ბოლომდე ორგანიზაციის წევრი აუცილებლად გახდება. ჩრდილოელი მეზობლების სურვილი უტოპიაშიც კი გადაიზარდა. კერძოდ, კრემლში ამტკიცებენ, რომ საქართველოს მსო-ში ჩამოერთვა უფლება, რუსეთის ორგანიზაციაში გაწევრიანებას ვეტო დაადოს. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი არ იყო, ის მაინც ახორციელებდა თავის მოღვაწეობას, როგორც წევრი სახელმწიფო. დადგა დრო, როდესაც ეს ორი რეალობა უნდა გაერთიანდეს და თუ კეთილი ნება იქნება, ჩვენ წლის ბოლომდე ორგანიზაციის წევრი გავხდებით””, – განაცხადა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ გრუშკომ.
მანამდე, ანალოგიური ტიპის განცხადება რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერმა, იგორ შუვალოვმაც გააკეთა. გრუშკოს მსგავსად ისიც დარწმუნებულია, რომ წლის ბოლომდე ქვეყნის მსო-ში გაწევრიანების 14-წლიანი ეპოპეა დასრულდება.
ცნობილია, რომ რუსეთი მსო-ში შესვლას რუსეთ-ყაზახეთი-ბელორუსიის საბაჟო კავშირის მეშვეობით აპირებდა და კარგა ხანია აწარმოებს მოლაპარაკებებს ამ ფორმატში, მაგრამ თანდათან გამოიკვეთა, რომ მსო-ს რამდენიმე წევრ-ქვეყანას ასეთი ფორმატი სულაც არ ხიბლავს. უარყოფითი პოზიცია განსაკუთრებით მას შემდეგ გაძლიერდა, რაც ყირგიზეთში პრეზიდენტი ყურმანბეკ ბაკიევი ჩამოაგდეს, რომელმაც ბელორუსიას შეაფარა თავი. შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა ლუკაშენკომ უარი განაცხადა ეღიარებინა ბაკიევის გადადგომა და რუსეთის წინააღმდეგ მკვეთრი კრიტიკით გამოვიდა. რუსი ექსპერტები კი, რატომღაც მიუთითებენ, რომ სწორედ ამ მომენტისთვის რუსეთს მსო-ში შესვლის ყველაზე დიდი შანსი აქვს. დღესდღეობით რუსეთის ორგანიზაციაში გაწევრიანების წინააღმდეგ მხოლოდ საქართველო გამოდის, ამიტომაც, მოსკოვში იმედი აქვთ, რომ საქართველო ვეღარ შეძლებს თავისი პოზიციის დაცვას და რუსეთის კანდიდატურის დაბლოკვას.
ამ შეხედულებას არ იზიარებენ თბილისში. რუსი ექსპერტებისგან განსხვავებით, ქართველი ექსპერტები რუსეთის მსო-ში გაწევრიანებას, თანაც, საქართველოს გვერდის ავლით, კატეგორიულად გამორიცხავენ. ამის მიზეზად კი ორგანიზაციის წესდებას ასახელებენ. საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილის, თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, მსო-ში რომელიმე ქვეყნის გაწევრიანებას ორგანიზაციის ყველა წევრმა უნდა დაუჭიროს მხარი, მათ შორის, საქართველომაც. მისი თქმით, ორგანიზაციაში არანაირი ცალკე ჯგუფი არ არსებობს, რომელიც ამ საკითხს წყვეტს. რუსეთი მსო-ს წევრი ვერ გახდება, ვინაიდან მის გაწევრიანებას საქართველო მხარს არ დაუჭერს, მანამდე, სანამ რუსეთი ჩვენს მოთხოვნებს არ შეასრულებს. უკვე 10 წელია, საქართველო მსო-ს წევრია, ჩვენი გადაწყვეტილების გარეშე რუსეთი ამ ორანიზაციაში ვერ მოხვდება”” – აცხადებს ბერუჩაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, გაფორმებული ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულების მემკვიდრე, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, თანამედროვე სახით, 1995 წელს დაფუძნდა. ის წევრ ქვეყნებს შორის, ვაჭრობის ლიბერალიზაციასა და სავაჭრო-პოლიტიკური ურთიერთობების რეგულაციას ახდენს. საქართველო ამ ორგანიზაციაში 2000 წლის 14 ივნისს გაწევრიანდა. რუსეთი კი, მეთხუთმეტე წელია ცდილობს წევრად გახდომას. 2006 წლის პირველ ნახევარში მან უკვე მოაწერა ხელი ყველა აუცილებელ დოკუმენტს შვეიცარიასთან, ბრაზილიასთან, ინდოეთთან, არგენტინასა და ავსტრალიასთან. მიიღო თანხმობა საუდის არაბეთისაგან და აშშსგანაც. რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების აუცილებლობაზე ევროკავშირიც ალაპარაკდა.
თბილისსა და მოსკოვს შორის მოლაპარაკებების პროცესი არაერთხელ გაიმართა, თუმცა, ყველა ასეთი შეხვედრა რუსეთისთვის არცთუ სასიამოვნოდ სრულდებოდა – მხარეები შეთანხმებას ვერ აღწევდნენ. თბილისი ყოველთვის შეუვალ პოზიციას ინარჩუნებდა და კრემლისგან მდინარე ფსოუსა და როკის გვირაბზე ერთობლივი საბაჟო-გამშვები პუნქტის გასხნას მოითხოვდა. თბილისში ერთხმად აცხადებდნენ, რომ ამ პირობას არ გადაუხვევდნენ და მსო-ს კარებს რუსეთს მხოლოდ ამ მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში გაუღებდნენ. გასული წლის აპრილში კი, როდესაც რუსეთმა აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან” ეკონომიკური ხელშეკრულება გააფორმა, თბილისმა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოსკოვთან ყველანაირ მოლაპარაკებაზე უარი განაცხადა.
მართალია, რუსეთი ვერ აკმაყოფილებს ორგანიზაციის მიერ დადგენილ სტანდარტს და ამ მოსაზრებას ეკონომიკის ექსპერტთა დიდი ნაწილი იზიარებს, თუმცა, ბევრი ექსპერტი ასევე დარწმუნებულია, რომ ურთიერთობაში გადამწყვეტ როლს მაინც პოლიტიკა თამაშობს. ქართველი ექსპერტები იმასაც აღნიშნავენ, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების ფასი არ შეიძლება იყოს ისეთი მაღალი, რომ ეს საკითხი დავუკავშიროთ საქართველოს გამთლიანებას. ეს არასერიოზულია და არაადექვატური ფასია და, ბუნებრივია, რუსეთი მას არ დათანხმდება, ვინაიდან ყველა საკითხს პოლიტიკაში აქვს თავისი შესაბამისი ფასი. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გამოძებნოს რესურსი და რუსეთთან მოლაპარაკება აწარმოოს, რათა თანხმობის სანაცვლოდ გარკვეული ეკონომიკური სახის სარგებელი მიიღოს, რადგან, როგორც ექსპერტები მიიჩნევენ, საბოლოო ჯამში, პარტნიორი ქვეყნები მაინც აიძულებენ საქართველოს ხელისუფლებას ამ საკითხში დათმობაზე წასვლას.