მცირე ბიზნესის განვითარების პერსპექტივები რუსეთსა და საქართველოში
მოამზადა მარო წიკლაურმა
მიუხედავად იმისა, რომ მცირე ბიზნესის განვითარება რუსეთში ისევე, როგორც სხვა დანარჩენ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, მრავალი პრობლემის წინაშე დგას, მცირე ბიზნესმა რუსეთში თავისი ეფექტურობის გამოვლინება დაიწყო. ამჟამად ამ ქვეყანაში მცირე ბიზნესის საშუალებით ხდება არა მხოლოდ მრავალი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემის გადაჭრა, არამედ იგი უდიდეს როლს ასრულებს პოსტინდუსტრიული საზოგადოების კონტურების ფორმირებაში. ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ მეცნიერული კვლევების ეფექტურობა 2. 5-ჯერ უფრო მაღალია მცირე ბიზნესში, ვიდრე მსხვილში.
მცირე საწარმოების რაოდენობა მაინც ყოველდღიურად იზრდება. რუსეთში დღეისათვის მცირე ბიზნესის სფეროში მილიონზე მეტი ფირმა მუშაობს, სადაც რუსეთის შრომისუნარიანი მოსახლეობის 19%-ია დასაქმებული. მცირე მეწარმეობის საწარმოთა 14% მშენებლობის სფეროში მუშაობს, 15% – მრეწველობაში, დანარჩენი – საშუამავლო საქმიანობას და ვაჭრობას მიჰყვება. მიუხედავად ამისა, მათი რაოდენობა ჯერ კიდევ მკვეთრად ჩამორჩება ანალოგიურ მაჩვენებლებს ევროპაში. მშპ-ში მცირე ბიზნესის წილი რუსეთში 10-12% შეადგენს, შედარებისათვის აშშ-ში ეს მაჩვენებელი 70%, იაპონიაში – 78%, ხოლო იტალიაში – 73%-ია.
ბოლო წლებში რუსეთის მთავრობამ მცირე ბიზნესის განვითარება ეკონომიკური პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად აირჩია. მთელ მსოფლიოში მცირე ბიზნესის პოტენციალი საბაზრო ეკონომიკის სუფუძვლად არის მიჩნეული. რუსეთის ფედერაციის მთავრობის და ბოლო ათწლეულის ფედერალური ორგანოების პროგრამული დოკუმენტები უცვლელად შეიცავდა დებულებებს მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის შესახებ.
რუსეთში ჯერ კიდევ 1995 წლის ივნისში იყო მიღებული კანონი “რუსეთის ფედერაციაში მცირე მეწარმეობის სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ”, შემდეგ დეკემბერში – ფედერალური კანონი “მცირე სამეწარმეო სუბიექტებისათვის დაბეგვრის, აღრიცხვისა და ანგარიშგების შეღავათიანი სისტემის შესახებ” და ბოლოს 1998 წელს მიღებულ იქნა ფედერალური კანონი “საქმიანობის გარკვეული სახეობებიდან მიღებულ შემოსავალზე ერთიანი გადასახადის მიღების შესახებ”.
2002 წლის 6 ივნისს პლენარულ სხდომაზე დეპუტატებმა პირველი წაკითხვით ოთხი ალტერნატიული კანონპროექტი განიხილეს, რომლებიც 2003 წლიდან მცირე ბიზნესისთვის დაბეგვრის გამარტივებული სისტემის შემოღებას ითვალისწინებენ:
1. კანონპროექტი “საგადასახადო კოდექსის მეორე ნაწილში ახალი თავის შეტანის შესახებ სახელწოდებით “მცირე მეწარმეობის სუბიექტების დაბეგვრის გამარტივებული სისტემა”, რომელიც დეპუტატებმა ი. დ. გრაჩევმა და ო. გ. დმიტრიევმა წარმოადგინეს.
2. კანონპროექტი “რუსეთის ფედერაციის საგადასახადო კოდექსის მეორე ნაწილში დამატებების შეტანის შესახებ”. იგი დეპუტატებმა გ. ა. ტომჩინმა და ი. მ. ხაკამადამ წარმოადგინეს.
3. კანონპროექტი “რუსეთის ფედერაციის საგადასახადო კოდექსის მეორე ნაწილში ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ”, რომელიც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში დეპუტატებმა ი. უ. არტემიევმა და ს. ვ. ივანჩენკომ წარმოადგინეს.
4. რუსეთის ფედერაციის მთავრობის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი “რუსეთის ფედერაციის საგადასახადო კოდექსის მეორე ნაწილში და რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის ზოგიერთ სხვა აქტში ცვლილებების და დამატებების შეტანის და რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის ცალკეული აქტების ძალადაკარგულებად ცნობის შესახებ”.
საბოლოოდ, დეპუტატებმა მცირე სამეწარმეო სუბიექტების დაბეგვრის რეფორმების სწორედ ამ სახელმწიფოებრივ კანონპროექტს დაუჭირეს მხარი.
რუსეთის მთავრობამ იგი სახელმწიფო სათათბიროში 2002 წლის 12 აპრილს შეიტანა. ამ კანონპროექტის მიხედვით, დაბეგვრის გამარტივებული სისტემა იმ საწარმოებს და ინდივიდუალურ მეწარმეებს ეხება, რომელთა წლიური ბრუნვა 10 მლნ. მანეთს, ხოლო მომუშავე თანამშრომლების რიცხვი 20 კაცს არ აღემატება. დაბეგვრის მოცემული სისტემა არ ვრცელდება ბანკებზე, სადაზღვევო კომპანიებსა და ფასიანი ქაღალდების ბაზარზე.
ორგანიზაციების მიერ გამარტივებული დაბეგვრის სისტემის გამოყენება ითვალისწინებს ორგანიზაციების მოგებაზე გადასახადის (ინდივიდუალური მეწარმისათვის – ფიზიკური პირების საშემოსავლო გადასახადი), დამატებითი ღირებულების გადასახადის, გაყიდვის გადასახადის და ქონების გადასახადის შეცვლას ერთიანი გადასახადით, რომელიც ორგანიზაციებს საგადასახადო პერიოდის (კალენდარული წლის განმავლობაში) წარმოებული სამეურნეო საქმიანობის შედეგების მიხედვით დაერიცხებათ. ასეთი ორგანიზაციები თავისუფლდებიან ასევე ერთიანი სოციალური გადასახადისაგან, სამაგიეროდ, მათ რუსეთის ფედერაციის საპენსიო ფონდში სადაზღვევო შენატანების გადახდის წარმოება ეკისრებათ.
დაბეგვრის გამარტივებული სისტემა გადამხდელს საშუალებას აძლევს, აირჩიოს დაბეგვრის სქემა – გადაიხადოს 8% ამონაგებიდან, ან 20% სუფთა მოგებიდან, იმ ხარჯების გამოკლებით, რომლებიც წარმოების მუშაობისათვის, კერძოდ, ძირითადი სამეწარმეო საშუალებების შესაძენადაა საჭირო. ეს სქემა 2003-2004 წლებისგანმავლობაში იმოქმედებს, ხოლო 2005 წლიდან ძირითადი გახდება სუფთა მოგების გადასახადის სქემა. მცირე სამეწარმეო სუბიექტებისაგან მიღებული გადასახადი შემდეგნაირად გადანაწილდება: 30% – ფედერალურ ბიუჯეტში, 15% – რეგიონალურ ბიუჯეტებში, 45% – ადგილობრივში, ხოლო 10% მოხმარდება სამედიცინო და სოცდაზღვევის საჭიროებებს. აღსანიშნავია, რომ დაბეგვრის გამარტივებულ სისტემაზე გადასული საწარმოებისთვის აღარ იქნება აუცილებელი სრულმასშტაბიანი საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება. ფირმებისათვის, რომლებიც მცირე ბიზნესის სფეროში მოღვაწეობენ, Nნებადართული იქნება შემოსავლების და ხარჯების მხოლოდ ერთი წიგნის წარმოებით შემოფარგვლა. მეწარმეები ამონაგების დარიცხვის საკასო მეთოდს გამოიყენებენ, ანუ გადასახადს გადაიხდიან მხოლოდ რეალური ფულის გადახდის შემდეგ და არა გარიგების საბუთებით გატარების შემდეგ. ხოლო ძირითადი საწარმოო საშუალებების შეძენისას, მცირე საწარმოებს მათი მაშინვე ჩამოწერის საშუალება ექნებათ.
ფედერალური კანონის წარმოდგენისას რუსეთის ფედერაციის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, რუსეთის ფედერაციის ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, სერგეი შატალოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბუთის მეორე წაკითხვისათვის მომზადებისას სახელმწიფო მზად არის გადასახადის განაკვეთი 8%-დან 6%-მდე შეამციროს, იმ შემთხვევაში, თუ დაბეგვრის ობიექტად შემოსავალი გვევლინება, და 20%-დან – 15%-მდე, თუ დაბეგვრის ობიექტად გვევლინება შემოსავალი, რომელსაც ხარჯები აკლდება. სახელმწიფო ასევე მზად არის 10-დან – 15 მლნ. მანეთამდე გაზარდოს წლიური ბრუნვის ზღვარი, რომლის შემთხვევაშიც შესაძლებელი ხდება გამარტივებულ სისტემაზე გადასვლა.
2002 წლის 28 ივნისს პირველი წაკითხვით, ხოლო 2002 წლის 1 ივლისს მესამე წაკითხვით რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბირომ მიიღო საგადასახადო კოდექსის ახალი თავები, რომლებიც მცირე ბიზნესისათვის დაბეგვრის ახალი სისტემის შემოღებას ითვალისწინებენ. ესენია: @”დაბეგვრის გამარტივებული სისტემა მცირე სამეწარმეო სუბიექტებისათვის” და “დაბეგვრის გამარტივებული სისტემა შემოსავალზე ერთიანი გადასახადის სახით”. რუსეთში მცირე ბიზნესის განვითარებას განსაკუთრებით აფერხებს ის გარემოება, რომ მთელი მატერიალური, თუ ფინანსური სიმდიდრე ყოფილმა ნომენკლატურამ იგდო ხელთ, ხოლო ნამდვილი ბიზნესმენობის ნიჭით დაჯილდოებულ ხალხს თავისი საქმის თითქმის თავიდან დაწყება უხდება.
რუსი მეწარმეები დადებითად შეხვდნენ ახალ კანონს, ვინაიდან შეღავათიანი დაბეგვრა, დაბეგვრის სისტემის გამარტივება და სტაბილურობა ამ სფეროში სახელმწიფო მხარდაჭერის პრიორიტეტულ მიმართულებებად მიაჩნიათ.
თუმცა, ისინი აღნიშნავდნენ, რომ რუსეთში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის სერიოზული წინააღმდეგობები არსებობს, მათ შორის, ყველაზე სერიოზულად ისინი მუნიციპალური წარმონაქმნების ადმინისტრაციის მხრიდან უკანონო ქმედებებს ასახელებენ.
აღსანიშნავია, რომ ჩვენს ქვეყანაში მთელი დასაქმებული შრომითი რესურსების 40% მცირე ბიზნესზე მოდის. ერთ მცირე საწარმოში, საშუალოდ, დასაქმებულია 11 კაცი, ამასთან, ამ სფეროში დასაქმებულია 70% საბითუმო და საცალო ვაჭრობაში, რაც ცხადია, არცთუ ისე სახარბიელო მაჩვენებელია, რადგან მატერიალური სფეროს დარგების ყველა სხვა დანარჩენ დარგზე ნაწილდება შრომითი რესურსების დანარჩენი 30%.
ბიუროკრატია და ჩინოვნიკების გამანადგურებელი მოქმედება არც ჩვენი ქვეყნის ბიზნესმენებისათვისაა უცხო. საბაზრო რეფორმა ეკონომიკაში სახელმწიფო ძალაუფლების შემცირებას უნდა გულისხმობდეს. ჩვენთან რატომღაც პირიქით ხდება, სახელმწიფო მოხელეებმა მოახდინეს საკუთარი სამუშაო ადგილების “პრივატიზაცია”, მთელი რიგი უწყებები გადააკეთეს შპს-ებად და საკუთარი ინტერესების მიხედვით ასრულებენ თანამდებობრივ მოვალეობებს. აქედან გამომდინარე, ბიზნესმენი, რომელიც სახელმწიფოს საკუთარი ინტერესების დასაცავად მიმართავს, მისგან დახმარებას ვერ ღებულობს, ვინაიდან მისი ინტერესები ეწინააღმდეგება სახელმწიფო მოხელის ინტერესებს. ბიზნესმენი იძულებული ხდება, “პირდაპირი” კავშირი დაამყაროს ჩინოვნიკთან, იგი წილში ჩააყენოს, ხოლო სახელმწიფოს იგნორირება გაუკეთოს. ქვეყანაში არსებულ მაღალ გადასახადებს ბიზნესმენი განიხილავს როგორც ორმაგ დაბეგვრას და შედეგად, ფორმირდება შესაბამისი სოციალურ-ფსიქოლოგიური ატმოსფერო, სადაც გადასახადის არგადახდა ნორმაა. ბევრი მეწარმე აწარმოებს ორ ანგარიშს – “თეთრი” საგადასახადო ინსპექტორისათვის და “შავი” საკუთარი თავისთვის.
ამავე დროს, ქართველ მეცნიერ ეკონომისტებს მიაჩნიათ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესი საბაზრო ურთიერთობების ერთ-ერთი ძირითადი Fფაქტორია, რომელმაც ჩვენი ქვეყნის საბაზრო ურთიერთობების განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი, მაგრამ იმის გამო, რომ ჯერჯერობით არ არის მოწესრიგებული მცირე ბიზნესის წარმართვისთვის საჭირო საკანონმდებლო ბაზა, არ არის დამუშავებული მისი წახალისების ღონისძიებები, არ არის განვითარებული სათანადო ინფრასტრუქტურა და ა. შ. მცირე ბიზნესი საქართველოში ძალზე არასტაბილურია. იმ დროს, როდესაც მასობრიობის თვალსაზრისით, იგი პირველ ადგილზეა ბიზნესის სხვა ფორმათა შორის, საქართველოში მცირე ბიზნესიდან მიღებული შემოსავლების მოცულობის წილი მშპ-ში ერთ-ერთი დაბალია არა მხოლოდ დსთ-ის ქვეყნებს შორის, არამედ მთელ მსოფლიოში. ჩვენთვის ეს მაჩვენებელი დაახლოებით 10-12%-ია. ეს კი იმის დამადასტურებელია, რომ ჩვენი საგადასახადო პოლიტიკა მნიშვნელოვან დახვეწას საჭიროებს.
საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის ფუნქციონირების პერსპექტივის განსაზღვრისას მიზანშეწონილია იმ გამოცდილების გამოყენება, რომელიც ამ სფეროში სხვა ქვეყნებს, თუნდაც რუსეთს, გააჩნიათ.
უცხოეთში მცირე ბიზნესის განვითარება თვითმიზანი როდია. მის საფუძველზე ყალიბდება საზოგადოების ფენა, რომელიც საზოგადოებას პოლიტიკურად მყარს ხდის და ეკონომიურად აძლიერებს მას. უცხოური ქვეყნების გამოცდილების კრიტიკული ანალიზი სწორ ორიენტირს იძლევა საქართველოს ეკონომიკის თავისებურების გათვალისწინებით, ობიექტურად განსაზღვროს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სოციალურ-ეკონომიკური საფუძვლები.
ქართველი ბიზნესმენების მოთხოვნები, საგადასახადო განაკვეთების შემცირების შესახებ, ხშირად არგუმენტირებულია, მაგრამ ჩვენი მოქალაქე იმდენად არის შეჩვეული და მორგებული შემოვლითი გზების ძიებას – “გადამალვას”, “გარიგებას”, “ჩაწყობას”, რატომღაც გვეეჭვება, რომ საგადასახადო სისტემის ლიბერალიზაციის შემთხვევაში ის კეთილსინდისიერად გადაიხდის ყველა გადასახადს.