თავქარიანი დები უილიამსები
მოამზადა ავთო ჩიტიძემ
2002 წელს უიმბლდონის საჩოგბურთო ტურნირში ჩემპიონის ტიტული ამერიკელ დებს, ვინუს და სერენა უილიამსებს, შორის გათამაშდა. გამარჯვება მოიპოვა უმცროსმა დამ, სერენამ. შავკანიანი დები უილიამსები 20-21 წლისანი არიან. ისინი უკვე სპორტის ლეგენდებად ითვლებიან. ძალიან უყვართ ჟურნალისტების გამაიმუნება, მასხრად აგდება, რაზეც გულიანად ხარხარებენ. ხშირად აკეთებენ უცნაურ განცხადებებს, რომლებსაც პრესა აიტაცებს ხოლმე, შემდეგ კი ამბობენ, რომ ეს ხუმრობა იყო. სერენა ერთადერთია, რომელმაც ერთ-ერთ ცათამბჯენზე, სადაც მამამისი მუშაობდა, თავისი ავტოგრაფი დატოვა.
უილიამსების ლეგენდა მათ მამას, რიჩარდს, უკავშირდება. მას შვილების მომავალი ჯერ კიდევ მათ ჩასახვამდე ჰქონდა დაგეგმილი. 70-იანი წლების ბოლოს უილიამსი ტელევიზორთან იჯდა და ქალთა საჩოგბურთო ტურნირს უყურებდა. მიხვდა, რომ ჩოგბურთში დიდი ფული ტრიალებდა და სურვილი გაუჩნდა, მათ რიგებში ჩამდგარიყო. მაშინ რიჩარდს სამი გოგონა ჰყავდა, ისინი მოზრდილები იყვნენ და მათ მომზადებას ჩოგბურთში აზრი აღარ ჰქონდა. მის ცოლს, ორასინს, კი არ სურდა ბავშვის გაჩენა. რიჩარდმა ეშმაკობას მიმართა – ცოლს ჩასახვის საწინააღმდეგო აბები ცრუ აბებით შეუცვალა. შედეგად 1980 წელს ქვეყანას ვინუსი მოევლინა, ერთი წლის შემდეგ კი – სერენა. რიჩარდმა თავად გადაწყვიტა მათი მწვრთნელი გამხდარიყო და ლოს-ანჯელესის გარეუბანში, მუნიციპალურ კორტებზე ავარჯიშებდა. გოგონები უმეტესწილად ქუჩაში იზრდებოდნენ. რიჩარდს თავიდანვე განზრახული ჰქონდა, რომ თეთრკანიანთა სპორტად აღიარებულ ჩოგბურთში შავკანიანებს გადატრიალება მოეხდინათ, რაც სულ მალე აცხადდა.
სიზარმაცეს პლუს თავქარიანობა უდრის გამარჯვებას თავდაპირველად შავკანიანი გოგონების ჩოგბურთის სამყაროში გამოჩენას არასერიოზულად აღიქვამდნენ. ჩოგბურთში შემდეგი კანონი არსებობს – იმარჯვებს ის, ვინც პირველი ურტყამს, მუშაობს ბევრს და მიზანსწრაფულია. დები უილიამსები კი ზარმაცები და ქარაფშუტები იყვნენ, ამიტომაც მათ წარმატებაზე ექსპერტები საერთოდ არ საუბრობდნენ. მამამ გოგონებს სერიოზულ ტურნირებში მონაწილეობა აუკრძალა, ყოველ შემთხვევაში, ზრდასრულ ასაკამდე მაინც, ნაადრევი სტრესი რომ არ მიეღოთ. იგი შვილებს ხშირად ეუბნებოდა, რომ მარტო ჩოგბურთზე არ ეფიქრათ, რათა სპორტსმენ რობოტებს არ დამსგავსებოდნენ. 17 წლის ვინუსი პირველად მოხვდა შეჯიბრებაზე. იგი უკვე კარგად ფლობდა გიტარას, თავისუფლად საუბრობდა ჩინურად და კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული “რიბოკთან”. პირველივე ტურნირი მოიგო. ტურნირს ტრიბუნიდან თვალყურს ადევნებდა რიჩარდი, რომელსაც ხელში პლაკატი ეკავა, სადაც ეწერა: “ხომ გეუბნებოდი”. შედარებისათვის ერთ მაგალითს მოვიყვანთ, მარტინა ჰინგისს მოგებული ჰქონდა 100-მდე პროფესიონალური მატჩი, მაგრამ 22 წლის ასაკში პენსიაზე გავიდა, რადგან მისმა მუხლებმა დატვირთვას ვერ გაუძლო.
სერენა პროფესიონალური ჩოგბურთის არენაზე შედარებით ადრე, 14 წლის ასაკში, გამოვიდა. პირველი მნიშვნელოვანი ტურნირი წააგო. დედამისი ხშირად აღნიშნავს, რომ ვინუსს როგორც კორტზე, ასევე სკოლაში ყველაფერი ადვილად გამოსდიოდა, ხოლო სერენას ბევრი მუშაობა სჭირდებოდა. გოგონა 15 წლამდე ძალიან სუსტად თამაშობდა, მაგრამ მშობლებს სჯეროდათ, რომ მათი შვილები ჩემპიონები გახდებოდნენ. 1999 წელს სერენამ და ვინუსმა თითქმის ყველა მატჩი მოიგეს და ერთი წლის განმავლობაში 12 მილიონი დოლარი გამოიმუშავეს.
რწმენა და ცდუნება
დღეისათვის უილიამსების ოჯახის ბიუჯეტი საკმაოდ მაღალია. მათ კარგა ხანია მიატოვეს ლოს-ანჯელესის გარეუბანი და პალმბიჩზე დასახლდნენ. ვინუსმა 2001 წელს 10 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. ეს ანა კურნიკოვას შემოსავალზე მაღალია. ჰყავს ბოიფრენდი, ბობი. ვინუსს არ იტაცებს ხმაურიანი საზოგადოება, მის უმცროს დას კი პირიქით – ხმაურიანი დროსტარება უყვარს. უილიამსები იეღოველთა სექტის წარმომადგენლები არიან. როდესაც გოგონები ჩოგბურთის ბიზნესში შევიდნენ, მათი სულიერი და-ძმები მშობლებს აფრთხილებდნენ, რომ ამ გზაზე ბევრი ცდუნება ელოდათ. ერთ-ერთი იეღოველი წინამძღვარი გოგონებს პირდაპირ ეუბნებოდა: “ნუ ითამაშებთ ჩოგბურთს, იქ, გასახდელებში, ლესბოსელებთან ერთად მოგიწევთ გახდა”. მიუხედავად მორწმუნეთა წინააღმდეგობისა, დებმა არჩევანს მაინც არ უღალატეს. ისინი დღემდე მშობლების მზრუნველობის ქვეშ არიან. ჯერჯერობით არც ერთი არ აპირებს გათხოვებას. ვინუსმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ სწორედ რწმენა აძლევს საშუალებას, იოლად აღიქვას ის თავბრუდამხვევი წარმატება, რაც წილად ხვდა. “მთავარი არ არის, ყველა ტურნირი მოიგო და გქონდეს მიწიერი დიდება, მაგრამ ეს სასიამოვნოა და ამისკენაც მივისწრაფვი”.