Moody’s-ის საქმიანობაზე გამოძიება იწყება
სარეიტინგო სააგენტო Moody’s-ის საინვესტიციო მომსახურების განყოფილების საქმიანობით აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტი დაინტერესდა. საქმე ეხება იპოთეკური ბაზრის მონაწილეების ხელოვნურ რეიტინგებს, რომელსაც სარეიტინგო სააგენტო კომპანიებს 2008 წლის კრიზისამდე ანიჭებდა. იუსტიციის დეპარტამენტი იძიებს იმ კომპანიების A რეიტინგს, რომლებიც იპოთეკურ პროდუქტებს ფლობდნენ და სა საბოლოოდ კრიზისის გენერატორები გახდნენ.
Wall Street Journal-ის პუბლიკაციის მიხედვით, იუსტიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები უკვე შეხვდნენ Moody’s Investors Service-ის ყოფილ ხელმძღვანელებს. შეხვედრის დროს განიხილეს კომპლექსური და ეგზოტიკური ფინანსური ინსტრუმენტებისა და დერივატივების რეიტინგები. გამოძიება ჯერჯერობით საწყის ეტაპზეა და სასამართლომდე მივა თუ არა საქმე ეს ძიების შედეგებზეა დამოკიდებული.
აშშ-ს იუსტიციის დეპარტამენტის ყურადღების ქვეშ Moody’s პირველად არ მოხვედრილა, ჯერ კიდევ 2010 წელს საგამოძიებო ორგანოები დაინტერესდნენ Moody’s-ისა და S&P-ს რეიტინგების მინიჭების სისტემით ფინანსური კრიზისის დაწყების წინ.
S&P-ის წინააღმდეგ საქმე 2013 წელს აღიძრა. ცოტა ხნის წინ კი Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა სტატია, სადაც მითითებული იყო, რომ იუსტიციის დეპარტამენტი და S&P ახლოს არიან მოლაპარაკებასთან, რომელიც სარეიტინგო სააგენტოს 1.37 მილიარდი დოლარის გადახდას აკისრებს. ეს არის ყველაზე დიდი საჯარიმო თანხა, რაც სარეიტინგო სააგენტოს როდესმე გადაუხდია.
S&P-ს, Moody’s Investor Service-სა და Fitch Rating-ს საერთაშორისო სარეიტინგო ბაზრის 95% უჭირავთ, მათი რეიტინგები ძალიან მნიშვნელოვანია ინვესტორებისთვის, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში სწორედ ამ რეიტინგებს იყენებენ საინვესტიციო გადაწყვეტილების მიღებისას. Moody’s სიდიდით რიგით მეორე სარეიტინგო კომპანიაა მსოფლიოში.