ამერიკას საქართველოს ენერგოსისტემაში რუსეთის კონკურენციის ეშინია? ვისია საქართველო?
მოამზადა მარი წიკლაურმა
ამ ცოტა ხნის წინ რუსულმა კომპანია “გაზპრომმა” თურქული მილსადენების კომპანიის BOTAS-ის წინადადებები გამოაქვეყნა, რომლებიც მილსადენ “ცისფერი ნაკადის” დატვირთვას ეხებოდა. კომპანია მზად არის თურქეთში გაზის მიწოდებასთან მოქმედ სამივე კონტრაქტთან ფასების უნიფიცირება მოახდინოს და მომდევნო ხუთი წლისთვის მიწოდების მოცულობა და ფასები შეამციროს.
ეს, ფაქტობრივად, BOTAS-ის წინაშე კაპიტულაციის ტოლფასია, მაგრამ “გაზპრომს” სხვა გამოსავალი არ რჩება: თურქეთთან კონფლიქტი შეიძლება ევროპაში გაზის ხანგრძლივი კონტრაქტების ბაზრის ლიბერალიზაციის სასარგებლოდ არგუმენტი გახდეს.
ისფერი ნაკადის” გარშემო არსებული სიტუაცია არაერთხელ გაშუქებულა რუსეთის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში. შეგახსენებთ, რომ თურქეთში გაზზე მოთხოვნის შემცირება და BOTAS-ის მოთხოვნები გაზის ფასის და მოწოდების შემცირების შესახებ, გახდა იმის მიზეზი, რომ “ცისფერი ნაკადი”, რომელიც 2003 წლის თებერვალში იყო ჩაშვებული, მარტიდან გაჩერებულია. თურქული მხარე ამას ნედლეულზე ძალზე მაღალი ფასებით, ფასის ფორმულის გამოყვანის დროს დაშვებული შეცდომებით და ქვეყნის მოთხოვნილების გადაჭარბებით ხსნის. კონტრაქტით, თურქეთმა ათას კუბმეტრში 115 დოლარი უნდა გადაიხადოს, მაშინ, როცა სხვა ევროპულ სახელმწიფოებს, რომლებიც გაზს “ცისფერი ნაკადით” ღებულობენ, იგი დოლარნახევრით ნაკლები უჯდებათ.
თურქეთის ფაქტორი, რომლის მთავრობამ განაცხადა, რომ იგი აღარ აპირებს რუსული გაზის “ცისფერი ნაკადით” მიღების თაობაზე არსებული ხელშეკრულების შესრულებას, სულ უფრო ნეგატიურად მოქმედებს “გაზპრომის” რეიტინგზე, რომელსაც “ცისფერი ნაკადის” მშენებლობა კრედიტში აღებული 3,2 მლრდ დოლარი დაუჯდა. იმ შემთხვევაში, თუ თურქული მხარე იმპორტზე უარს იტყვის, “გაზპრომს” კრედიტების დასაფარად სხვა წყაროს მოძებნა დასჭირდება. ამავე დროს, 2006 წლიდან, როდესაც ბაქო-თბილისი-ერზერუმის მილსადენი იქნება ჩაშვებული, თურქეთი აზერბაიჯანული გაზის მიღებას გეგმავს. ეს პროექტი “გაზპრომის” და მისი “ცისფერი ნაკადის” რეალური კონკურენტი გახდება. ეს კომპანია გაზის ტრანსპორტირებას 3 ათასკილომეტრიანი გაზსადენით ახორციელებს, მაშინ, როდესაც დასავლური კომპანიების კონსერციუმს აზერბაიჯანიდან გაზის ექსპორტისათვის ათას კილომეტრზე ნაკლები სიგრძე სჭირდება. გარდა ამისა, თურქეთს შეუძლია გაზის ევროპული ბაზრის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს, როდესაც საბერძნეთში გაზსადენს ააშენებს და ზედმეტ გაზს, რომელიც მას ბოლო წლების ეკონომიკური პრობლემების შედეგად გაუჩნდება, ევროპაში გაიტანს.
ივლისის დასაწყისში “გაზპრომმა” გაავრცელა პრეს-რელიზი, რომელშიც -ს მიწოდების რეანიმაციის გეგმას სთავაზობდა. ცოტა ხნით ადრე, ამ კომპანიის მმართველობის თავჯდომარის მოადგილემ, იური კომაროვმა ამ წინადადებების შესახებ მოსკოვში თურქული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის გამართულ დახურულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ეს წინადადებები, რომლებიც BOTAS-ს ივნისში გამართული მოლაპარაკებების დროს გადაეცა, ფაქტობრივად, თურქეთთან უახლოესი ხუთი წლისთვის არსებული ხაგრძლივი კონტრაქტების თავიდან გადახედვას გულისხმობს: “გაზპრომი” BOTAS-ს “ცისფერი ნაკადის” დატვირთვის საკითხის განხილვას ორ სხვა კონტრაქტთან ერთად სთავაზობს, რომელთა მიხედვით, გაზი თურქეთს ტრანსბალკანური გაზსადენით მიეწოდება. ეს არის BOTAS-ის და “გაზპრომის” კონტრაქტი, რომელიც 1986 წლის 14 თებერვალს იყო ხელმოწერილი (იგი 25 წელიწადზეა გათვლილი და წელიწადში მაქსიმუმ 8 მლრდ კუბური მეტრი გაზის მიწოდებას ითვალისწინებს) და “გაზექსპორტისა” და კომპანია თუღუსGაზ-ის (იგი BOTAS-ის “გაზპრომისა” და თურქული ჯგუფის ENKA-ს ერთობლივ სტრუქტურას წარმოადგენს) კონრაქტი, რომელიც 23 წელიწადზეა გათვლილი. ისიც მაქსიმალური დატვირთვის შემთხვევაში წელიწადში 8 მლრდ კუბური მეტრი გაზის მიწოდებას გულისხმობს. “გაზპრომი” BOTAS-ს უახლოესი 5 წლის განმავლობაში სამივე კონტრაქტით უნიფიცირებას, შესყიდვების მოცულობის და ფასების შემცირებას სთავაზობს. ეს წინადადებები ტრანსბალკანური გაზსადენით მიწოდების შემცირებას ნიშნავს, რაც იმისათვის კეთდება, რომ “ცისფერი ნაკადი” დაიტვირთოს. “გაზპრომს” თურქეთში, ბულგარეთში, უკრაინასა და რუმინეთში გაზის ტრანზიტისთვის თავისი დანაკარგების ნაწილის კომპენსირება გადასახადის შემცირებით შეუძლია. მიუხედავად ამისა, იმ შემთხვევაში, თუ წინადადებები მიღებული იქნება, იგი მაინც ვერ მოახერხებს თურქეთში გაზის ექსპორტის მკვეთრ გაზრდას (2002 წელს მან 11, 603 მლრდ კუბმეტრი გაზი შეისყიდა).
2002 წლის გეგმების მიხედვით, “გაზპრომი” 2003 წელს თურქეთში არანაკლებ 14 მლრდ კუბმეტრი გაზის მიწოდებას გეგმავდა, მაგრამ უკვე დღეს ნათელია, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ თურქეთი “გაზპრომის” წინადადებებს მიიღებს, გაზის მიწოდება 12 მლრდ კუბმეტრს მაინც ვერ გადააჭარბებს და მოგება თურქული ექსპორტისაგან მოსალოდნელზე 180-200 მლნ დოლარით ნაკლები იქნება.
კომაროვის აზრით, “ცისფერ ნაკადს” პრობლემები იმის გამო შეექმნა, რომ თურქეთმა გაზზე მოთხოვნის მოცულობა სწორად ვერ განსაზღვრა, მაგრამ პრინციპი take or pay (მყიდველი ვალდებულია გაზის კონტრაქტით გათვალისწინებული მოცულობის საფასური გადაიხადოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი გაზსადენიდან არ ამოუქაჩავს), რომლის მიხედვითაც, კონტრაქტების უმრავლესობაა შედგენილი, გულისხმობს იმას, რომ შეცდომებისთვის იხდის მყიდველი.
“გაზპრომი” თურქების პირველი მსხვერპლი როდია. 2001 წელს BOTAS-მა უარი განაცხადა take or pay პირობით ირანთან არსებული კონტრაქტით გათვალისწინებული გაზის აღებაზე (იგი თურქეთს გაზით 1996 წელს დადებული 25-წლიანი ხელშეკრულებით ამარაგებდა).
“გაზპრომისა” და BOTAS-ის კონფლიქტი რუსეთის კომპანიას მხოლოდ თურქულ ბაზარზე დანაკარგებით როდი ემუქრება. ევროკავშირისათვის, რომელიც გაზის უმსხვილეს მომხმარებლადაა მიჩნეული, ეს კონფლიქტი ხანგრძლივი ხელშეკრულებების სისტემის მოუქნელობის მაგალითი და მოკლევადიანი კონტრაქტების ბაზრის სასარგებლოდ კიდევ ერთი არგუმენტი გახდა. “გაზპრომი” ამტკიცებს, რომ ხანგრძლივი კონტრაქტები გაზის ბაზრის სტაბილურობის გარანტიას იძლევა, ევროგაერთიანება კი, ამის საპასუხოდ აცხადებს, რომ მოკლევადიანი კონტრაქტები მომხმარებლისათვის გაზის ფასის შემცირების საშუალებას იძლევა (რაც ხდება თურქეთში).
“გაზპრომის” წინადადებები BOTAS-თან – ეს არის მოწოდება დროებითი დათმობების სანაცვლოდ გრძელვადიანი კონტრაქტების სისტემის შენარჩუნებისაკენ. თუმცა ეს BOTAS-საც ესმის და ამიტომ “გაზპრომის” წინადადებები ჯერ არ არის მიღებული.
როგორც ცნობილია, ნავთობკომპანია “იტერა”, რომელიც ბოლო დრომდე საქართველოში გაზის მონოპოლიური მომწოდებელი იყო, ამ ცოტა ხნის წინ კი, სააქციო საზოგადოება “აზოტის” აქციების 90% მფლობელი გახდა, რუსეთში “გაზპრომის” შემდეგ გაზის მწარმოებელი მეორე კომპანიაა. ამ კომპანიის ძველი ხელმძღვანელობის დროს, “იტერა” დსთ-ის ქვეყნებში გაზის უმსხვილესი მიმწოდებელიც იყო. კომპანია Hermitage Capital Management-ის მონაცემებით, მონოპოლია ყოველწლიურად 1 მლრდ დოლარს კარგავდა, როდესაც “იტერას” მის მაგივრად გაზის მიწოდების უფლებას რთავდა. “გაზპრომის” მინორიტარული აქციონერები ეჭვობდნენ, რომ კორპორაციის ტოპ-მენეჯერებს “იტერასთან” ჰქონდათ კავშირები, თუმცა Pricewaterhouse Coopers-ის მიერ ჩატარებულმა გამოკვლევამ ეს კავშირები ვერ გამოავლინა.
გასული წლის გაზაფხულზე, “გაზპრომის” ხელმძღვანელობის შეცვლის ერთი წლის თავზე, “იტერამ” განაცხადა იმის შესახებ, რომ გაზის დამოუკიდებელ მწარმოებელთან – “ნივაფინინვესტთან” თავისი აქტივების გაერთიანებას აპირებდა, თუმცა შემდგომში გაერთიანების გეგმა ამ უკანასკნელის ინიციატივით ჩაიშალა, რაც იმით აიხსნება, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში “იტერამ” გაზის გასაღების მთავარი ბაზრები (უკრაინა, ამიერკავკასიის და დსთ-ის ქვეყნები) დაკარგა, “ნოვაფინინვესტს” კი, რომელსაც ახლა “ნოვატეკი” ჰქვია, სწორედ “იტერას” გაზის გასაღების კარგად აწყობილი არხები იზიდავდა.
მართლაც, მთელი გასული წლის განმავლობაში “გაზპრომის” წყალობით “იტერამ” თითქმის სრულიად დაკარგა ბალტიის ქვეყნების ბაზარი. “გაზპრომმა” “არმროსგაზპრომის” 45% 126 მილიონად გამოისყიდა და სომხეთში გაზის მიწოდება თვითონ დაიწყო. 2003 წლის დასაწყისში, კონცერნმა “იტერას” თურქმენული გაზის უკრაინაში მიწოდების საშუალებაც წაართვა და მისი ფუნქციები უნგრულ კომპანია Eural TG-ს გადასცა. ახლა კი, საქართველოს რიგიც დადგა.
როგორც ცნობილია, “გაზპრომს” საქართველოში სერიოზული ინტერესები გააჩნია. მაისში, თბილისში გამართულ შეხვედრაზე მისმა ხელმძღვანელმა, ალექსეი მილერმა საქართველოსთან გაზის სფეროში სტრატეგიული თანამშრომლობის პროექტი განიხილა. ამ შეხვედრაზე საქართველოს მხარემ და “გაზპრომის” წარმომადგენლებმა ერთობლივი საწარმოს, “გრუზროსგაზის” შექმნაზე და რუსული გაზის საქართველოს გავლით აღმოსავლეთ თურქეთში და სომხეთში ტრანზიტის საკითხებზე ისაუბრეს. მოლაპარაკებების შემდეგ, “საქართველოს გაზის საერთაშორისო კორპორაციის” პრეზიდენტმა, ალექსი გოცირიძემ განაცხადა: “-ჩვენთვის გაცილებით უკეთესი იქნება, რომ საქართველოში გაზი ერთის ნაცვლად რამდენიმე მომწოდებელმა შემოიტანოს”.
2005 წლიდან საქართველო აზერბაიჯანის გაზის მიღებას ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გაზსადენის, “შაჰ-დენიზის” საბადოებიდან აპირებს. თუმცა, როგორც საქართველოს პრეზიდენტმა ერთ-ერთ რადიოინტერვიუში აღნიშნა, რუსეთის გაზზე მოთხოვნა საქართველოში ამ მილსადენის ჩაშვების შემდეგაც შენარჩუნდება.
ნათელია, რომ საქართველოს ბაზარზე “გაზპრომის” შემოსვლით “იტერას” მონოპოლიას ბოლო მოეღება… მაგრამ, “იტერას” საქართველოს გაზის ბაზრისთვის ბრძოლის საქმეში მოულოდნელად მოკავშირე გამოუჩნდა.
მაისის ბოლოს, ამერიკის ელჩი საქართველოში, რიჩარდ მაილსი სახელმწიფო მინისტრ ავთანდილ ჯორბენაძეს შეხვდა იმისათვის, რომ მასთან, საქართველოში “გაზპრომის” ხელმძღვანელის, ალექსეი მილერის ვიზიტის შედეგები განეხილა. საუბარი, რა თქმა უნდა, რუსეთ-საქართველოს შორის ენერგეტიკის დარგში თანამშრომლობის განვითარებას და რუსული გაზის საქართველოს გავლით სომხეთსა და აღმოსავლეთ თურქეთში ექსპორტისათვის ერთობლივი საწარმოს შექმნას ეხებოდა. მაილსმა ჯორბენაძე გააფრთხილა, რომ საქართველომ წინასწარ უნდა ჩააყენოს აშშ საქმის კურსში ენერგეტიკის სფეროსთან დაკავშირებული საკითხების, კერძოდ კი, რუსეთთან დაკავშირებული ენერგოპროექტების შესახებ.
რიჩარდ მაილსს მიაჩნია, რომ საქართველოს თანამშრომლობა რუსეთთან ბაქო-თბილისი-ერზერუმის მომავალი გაზსადენის სიცოცხლისუნარიანობას ემუქრება. ივნისში საქართველოში ჩამოსული იყო აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი კასპიის რეგიონის ენერგორესურსების საკითხებში, სტივენ მანი, რომელიც ასევე შეწუხებული იყო “გაზპრომის” საქართველოში გამოჩენით და აპირებდა იმის გარკვევას, თუ რა პოზიცია უკავია საქართველოს ამ კომპანიის გეგმებთან მიმართებაში და თუ როგორ შეიცვალა მისი დამოკიდებულება “შაჰ-დენიზის” პროექტთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ეს ამერიკელების “გაზპრომის” გეგმებში ჩარევის პირველი შემთხვევა იყო.
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გაზსადენის ბედი ამერიკულ ადმინისტრაციას შემთხვევით როდი აინტერესებს. მილსადენი, რომელიც რუსეთის გვერდის ავლით გაივლის და კასპიის გაზის ტრანსპორტირებისათვისაა განკუთვნილი, რუსეთის გავლენას ევროპაზე საგრძნობლად შეამცირებს. რა გასაკვირია, რომ აშშ ყველა ღონეს ხმარობს, რათა ეკონომიკური თვალსაზრისით საეჭვო პროექტის განხორციელებას ხელი შეუწყოს. ამერიკის დღევანდელი მცდელობა, საქართველოს გაცილებით უფრო იაფი რუსული გაზის ნაცვლად კასპიური “შეტენოს”, რომელიც ღმერთმა იცის, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის გაზსადენში როდის გამოჩნდება, სხვა არაფერია, თუ არა ვაშინგტონის კიდევ ერთი მცდელობა, დაიცვას მისთვის ასე ძვირფასი მილსადენი, რომელშიც უკვე ფული საკმაოდაა ჩადებული, მაგრამ ამ შემთხვევაში ამერიკელებს ცოტა არ იყოს ზედმეტი მოუვიდათ, ვინაიდან დაავიწყდათ, რომ ქართველებს ზოგჯერ ხმის ამოღებაც შეგვიძლია. ამიტომაც იყო, რომ მათ კატეგორიულ მოთხოვნას საქართველოს ხელისუფლებამ ასე უპასუხა – ქვეყნის ენერგეტიკულ რესურსებზე ზრუნვა ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ამერიკის ინტერესებზე.
საქართველოს საერთაშორისო ნავთობკომპანიაში ამ საკითხს კომენტარებს არ უკეთებენ, მაგრამ, არაოფიციალური ინფორმაციით, “გაზპრომის” გამოჩენა საქართველოში, მართლაც, ეჭვქვეშ აყენებს “შაჰ-დენიზის” პროექტის რეალიზაციას. სსნკ-ში მიაჩნით, რომ “გაზპრომთან” თანამშრომლობა აშშ-ის ინტერესებს სამხრეთ კავკასიაში საფრთხეს უქმნის. იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი თავისი გაზის ექსპორტს საქართველოს ტერიტორიის გავლით აღმოსავლეთ თურქეთში განახორციელებს, ამით იგი გააძლიერებს თავის გავლენას თურქეთზე, რაც, რა თქმა უნდა, აშშ-ის ინტერესებში ასევე არ შედის.