შემცირებული ექსპორტი – რაშია გამოსავალი

მაკა ღანიაშვილი

საქართველოს ეკონომიკისთვის 2015 წელი არცთუ სახარბიელოდ დაიწყო. ექსპერტთა პროგნოზები რთული ეკონომიკური წლის შესახებ რეალობა ხდება. ჯერ იყო და იანვარში ლარის კურსის მკვეთრი ვარდნის საპასუხოდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, რომ აუცილებელია გადაიხედოს 2015 წლის ბიუჯეტში ჩადებული ეკონომიკური ზრდის 5%-იანი მაჩვენებელი, მას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურიც დაეთანხმა. ამის შემდეგ კი, სტატისტიკის სამსახურმა გამოაქვეყნა საგარეო სავაჭრო ბრუნვის წინასწარი მონაცემები, რომლის მიხედვითაც საქართველოდან განხორციელებული ექსპორტის მოცულობა 30%-ითაა შემცირებული.

2015 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 694 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იანვრის მაჩვენებელზე 9 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 156 მლნ. აშშ დოლარი იყო (30 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 538 მლნ. აშშ დოლარი (1 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარში 382 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 55 პროცენტი შეადგინა.

სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნებას მოჰყვა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადება, რომელშიც საუბარია იმ საგარეო ფაქტორებზე, რაც ექსპორტის შემცირებას უწყობს ხელს. როგორც სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ, შემოსავლების სამსახურის დეკლარაციების მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ჩატარებული ანალიზის საფუძველზე, ექსპორტის გარკვეულ სეგმენტში კლება უმთავრესად გამოიწვია მეზობელ ქვეყნებში, კერძოდ რუსეთსა და უკრაინაში შექმნილმა მძიმე პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა მდგომარეობამ. ეს გახდა იმის სერიოზული ფაქტორი, რომ ამ ორი ქვეყნის ბაზარზე იანვრის თვეში მკვეთრად შემცირდა საქართველოდან ღვინის, სპირტიანი სასმელების, მინერალურის წყლებისა და ციტრუსის ექსპორტი. ექსპორტის კლება, ძირითადად, გამოწვეულია ღვინის (65%), სპირტიანი სასმელების (87%), მინერალური წყლებისა და ციტრუსის ექსპორტის კლების ხარჯზე. აღნიშნული პროდუქციების კლების მიზეზს რუსეთის და უკრაინის ბაზრებზე მათი ექსპორტის მნიშვნელოვანი შემცირება წარმოადგენს, რისი მიზეზიც ამ ორ ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური ვითარება.

4

2015 წლის იანვარში სამრეწველო პროდუქციის ექსპორტმა (მანქანების რეექსპორტის გამოკლებით) 65 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტის კლება, ძირითადად, გამოწვეულია აზოტოვანი სასუქების ექსპორტის მნიშვნელოვანი შემცირებით. ექსპორტის კლება დაფიქსირდა ფეროშენადნობებზე. მნიშვნელოვნად შემცირდა აზოტოვანი და ნახშირბადიანი ფოლადის ნახევარფაბრიკატების ექსპორტი. ამასთან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ზოგადად ექსპორტი ევროკავშირში 21%-ით და 8.5 მლნ. აშშ დოლარით გაიზარდა.

ზრდა დაფიქსირდა ისეთ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციებზე, როგორებიცაა: თხილი და კაკალი – გაიზარდა 100% და $9.4 მლნ. ლარით. აღსანიშნავია, რომ ზრდა დაფიქსირდა ევროკავშირის ქვეყნებში, როგორიცაა იტალია, სადაც ექსპორტი გაიზარდა $6 მლნ.-ით, გერმანიაში $4.4 მლნ.-ით და ესპანეთში $1.1 მლნ.-ით. ასევე, ევროკავშირის ქვეყნების ხარჯზე გაიზარდა ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტი – ზრდამ 54% შეადგინა. ასევე, ზრდა ფიქსირდება მწვანილის ექსპორტზე ევროკავშირის ქვეყნებში და უკრაინაში. ზრდა დაფიქსირდა ასევე თევზის ექსპორტზე – გაიზარდა 169%-ით. ოქრო (32% ით მეტი), მამაკაცის ტრიკოტაჟის ნაწარმი (9%), წნელები ნახშირბადიანი ფოლადისგან (42% და $1.1 მლნ.-ით მეტი) და ნედლი ნავთობი (35% და $1.1 მლნ.-ით მეტი).

მაგრამ ფაქტია, რომ ეს სასაქონლო ჯგუფები, რომლების ექსპორტის ზრდაც ფიქსირდება საქართველოს საექსპორტო კალათისთვის ძირითად საქონელს არ წარმოადგენს, ამის გამო ექსპორტის ზოგადი ფონი
გაუარესებულია.

2014 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 11459 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 5 პროცენტით მეტია. აქედან, ექსპორტი 2863 მლნ. აშშ დოლარი იყო (2 პროცენტით ნაკლები). ექსპორტის კლება საქართველოში ბოლო თვეების განმავლობაში ფიქსირდება, რაც, ძირითადად, უკავშირდება უმსხვილეს საექსპორტო ბაზარებზე აქტივობის შემცირებას. უკრაინაში ექსპორტი 2014 წელს შემცირებულია 25%-ით, აზერბაიჯანში 22%-ით. უკრაინაში ექსპორტის შემცირება უკავშირდება იქ მიმდინარე საომარ და კრიზისულ მოვლენებს. გაუფასურებულია გრივნა და შემცირებულია ადგილობრივი მოსახლეობის გადახდისუნარიანობა. რაც ასახულია კიდეც იმ სასაქონლო ჯგუფებზე, რაც უკრაინას საქართველოდან მიეწოდება. აზერბაიჯანში კი ექსპორტის კლება უკავშირდება ახალ რეგულაციას, რომლის მიხედვითაც საქართველოდან აზერბაიჯანში აიკრძალა 2005 წელზე ძველი ავტომობილების რეექსპორტი. მთლიანობაში ავტომობილების რექსპორტი შემცირებულია 25%-ით, რაც დაახლოებით 160 მლნ. აშშ დოლარის ტოლფასია.
მოსალოდნელია, რომ წლეულს სომხეთის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების გამო, კიდევ უფრო შემცირდება ავტომობილების რეექსპორტი. სომხეთის ევრაზიულ კავშირში შესვლის შემთხვევაში, ახალი საბაჟო რეგულაციების არეალის ქვეშ მოხვდება, რაც გააძვირებს სხვა პროდუქციის ექსპორტსაც ამ ქვეყანაში. საქართველოს საექსპოტო კალათისთვის კი რუსეთთან და უკრაინასთან ერთად, მეზობელი ქვეყნები უმნიშვნელოვანესია.

4

ექსპერტების პროგნოზი არცთუ დამაიმედებელია. უკრაინაში, რუსეთსა და ზოგადად მსოფლიოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების გამო წლის ბოლოსთვის საქართველოს ექსპორტის 20-22%-ით შემცირებას ვარაუდობს ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში ემზარ ჯგერენაია. „უკრაინაში ომისა, რუსეთში ეკონომიკური კრიზისი. ეს ორი ქვეყანა კი ჩვენი უმნიშვნელოვანესი პარტნიორია. იქ მიმდინარე პროცესები კი ექსპორტს 25%-ით შემაცირებს. ამასთან, კარგი სიტუაცია არც ევროკავშირშია. საბოლოოდ, ჩემი ვარაუდით, 2015 წელს ექსპორტი დაახლოებით 20-22%-ით შემცირდება“ – განაცხადა ემზარ ჯგერენაიამ გაზეთ „რეზონანსთან“ საუბრისას.

სპეციალისტთა შეფასებით, 2015 წელს საქართველოდან განხორციელებული ექსპორტი დაახლოებით 350-450 მილიონი დოლარით შემცირდება. საქართველოს 4 ძირითადი სავალუტო ნაკადი აქვს – ექსპორტი, ფულადი ტრანსფერები, ინვესტიციები და საკრედიტო დახმარებები (პროექტების დაფინანსება და გრანტები). არსებული რეალობიდან გამომდინარე (ტრანსფერების შემცირება რუსეთიდან და საბერძნეთიდან, ამ ქვეყნებში არსებული რთული პოლიტიკური და ეკონომიკური ვიტარების გამო, ასევე ექსპორტის მოსალონელი კლება), გამოსავალი ქვეყნის შიგნით ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში, ხოლო ქვეყნის გარეთ ინვესტიციების მოზიდვაში უნდა ვეძიოთ.