ქართველები ხარისხიან ღვინოს გადაგვაჩვიეს
სოფიკო სიჭინავა
ღვინის ინდუსტრიაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად სავაჭრო-სამრეწველო პალატამ ღვინის მწარმოებელ კომპანიებთან, მთავრობის წარმომადგენლებთან, თუ დარგის სპეციალისტებთან არაერთი შეხვედრა გამართა, სადაც დარგის რეგულირების მექანიზმებზე სხვადასხვა მოსაზრება გამოითქვა.
პალატამ მეწარმეთა კოორდინაციის საქმეში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. სწორედ ამ შეხვედრების დამსახურებაა, რომ მათ შორის პარტნიორული ურთიერთობა და ერთიანი პოზიცია ჩამოყალიბდა და როცა ისინი მთავრობის წინაშე წარდგნენ, შეძლეს საკუთარი ინტერესების დაცვა.ჯემალ ინაიშვილი (სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტი) “მთელი ამ ხნის მანძილზე არსებული პრობლემების განსახილველად დარგის წამყვანი მეწარმეების მონაწილეობით რეგულარულად ვატარებდით მუშა შეხვედრებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან დარგში ჩასატარებელი რეფორმებისთვის წინადადებების მოსამზადებლად გვქონდა კონსულტაციები. მიმაჩნია, რომ საბოლოო ჯამში საღმა აზრმა გაიმარჯვა”.
მთავრობამ ფალსიფიკაციასთან ბრძოლის რამდენიმე ვარიანტი წარმოადგინა, რომელთა შორის მეწარმეთა განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების ბრენდებად გაყიდვამ, როცა სახელმწიფო, პრაქტიკულად, უარს აცხადებდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ ფალსიფიკაციასთან ბრძოლაზე და მეწარმეებს მხოლოდ მხარდაჭერას ჰპირდებოდა. მეორე ვარიანტი პატრონატების შექმნა იყო, რომელსაც დააფუძნებდა არაუმეტეს 5 მეწარმე და ადგილწარმოშობის ღვინის დაცვას ის განახორციელებდა. ამ მოდელმა ძალიან ბევრი შეკითხვა დაბადა. გამოითქვა ვარაუდი, რომ იგი ფარული გზებით განკერძოებას ნიშნავდა. საბოლოო ჯამში, ისიც უარყოფილი იქნა.
შეხვედრა, რომელმაც საბოლოოდ გამოავლინა ბრძოლის მეთოდის ოპტიმალური ვარიანტი, საქართველოს პარლამენტის აგრარულ კომიტეტში ისევ სავაჭრო-სამრეწველო პალატის ინიციატივით შედგა, რომელსაც მეწარმეები, დარგის სპეციალისტები და მეცნიერები ესწრებოდნენ. მათთან კონსულტაციების შედეგად კომიტეტმა მიიღო, ასე ვთქვათ, საზოგადოებრივი დაკვეთა – გადაწყდა, რომ უარი ეთქვას ადგილწარმოშობის მიხედვით ღვინის სახეობების ბრენდად ქცევას და მათი გაყიდვის გზას და არჩეულ იქნეს ფრანგული მოდელი, რომელიც ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოების შენარჩუნებას უზრუნველყოფს. მეპატრონედ დარჩება სახელმწიფო, ხოლო სრულ კონტროლს განახორციელებს სამტრესტი, რომლის ახალი სავარაუდო მოდელის მიხედვით, არსებულ სტრუქტურაში ჩამოყალიბდება მმართველი საბჭო. Mმის ფუნქციებში შევა სამტრესტის დირექტორის კანდიდატურის წარდგენა, ორგანიზაციის მუშაობაზე საერთო ზედამხედველობა (სამოქმედო გეგმის დამტკიცება, დირექტორის ანგარიშის მოსმენა და დამტკიცება, ბიუჯეტის ფორმირებაზე წინადადებების წარდგენა, ბიუჯეტის ხარჯვის მონიტორინგი და ა.შ.)
მმართველი საბჭოს ფორმირება როტაციული პრინციპით პარიტეტულ საწყისებზე მოხდება სახელმწიფოს და ღვინის მწარმოებელთა წარმომადგენლების მიერ. მეწარმეთა წარმომადგენლებს მმართველ საბჭოში მიავლენს კომიტეტი, რომელიც სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან შეიქმნება.
სამტრესტის ამჟამინდელ ფუნქციებს ქვეყნის შიგნით ფალსიფიცირებასთან ბრძოლაც ემატება.
საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან, სავარაუდოდ, შეიქმნება ღვინის მრეწველობის კომიტეტი ან პალატა. მისი წევრები დარგში დაკავებული საწარმოები იქნებიან. კომიტეტი აირჩევს თავმჯდომარეს (როტაციული პრინციპით), ექნება ქვეანგარიში, სადაც მოხდება თანხების აკუმულირება საწევრო გადასახადებიდან და მის მიერ დაწესებული შენატანებიდან წარმოებული მოცულობის მიხედვით. კომიტეტის ძირითადი ფუნქციები იქნება ქართული ღვინის პოპულარიზაცია, ექსპორტის პრომოუშენი და ფალსიფიკაციასთან ბრძოლა ქვეყნის გარეთ.
სავაჭრო-სამრეწველო პალატა ექსკლუზიურად გასცემს ალკოჰოლურ სასმელებზე საექსპორტო წარმოშობის სერთიფიკატს. მისი გაცემის წესს დაამტკიცებს ღვინის მრეწველობის კომიტეტი. სერთიფიკატი ხელს შეუწყობს ფალსიფიცირებული ღვინის ექსპორტის აღკვეთას.
გია ხევიაშვილი (აგრარული კომიტეტის თავმჯდომარე) – “აგრარულ კომიტეტში შეხვედრამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა ჩვენი მოსაზრებების სისწორეში. ყველა ექსპერტს ერთიანი ხედვა ჰქონდა და კომიტეტი აბსოლუტურად ერთსულოვანი იყო.
პრემიერ-მინისტრთან იმ საღამოსვე შევიკრიბეთ და ჩვენი მოსაზრებები წარვუდგინეთ. ბატონმა ზურაბმა თავის გამოსვლებში არაერთხელ აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია. როგორც ჩანს, ჩვენი არგუმენტები და მოსაზრებები საკმაოდ დამაჯერებლად ჟღერდა”.
სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კონკრეტული ღონისძიებების და დავალებების მთელი ნუსხა მიიღო. პირველ რიგში, ბოლომდეა მისაყვანი რეორგანიზაცია სამტრესტში, რომლის დასრულება აგვისტოში იგეგმება. სამტრესტის რეფორმირება ისედაც გარდაუვალი იყო, მაგრამ პრემიერ- მინისტრის დავალება პროცესებს უფრო დააჩქარებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართული მეღვინეობისთვის. რეორგანიზებული სამტრესტი უპირველესად ქვეყნის ფარგლებში ქართული ღვინის ფალსიფიცირებას აღკვეთს.
რა მექანიზმით უნდა აღიკვეთოს ფალსიფიკაცია ქვეყნის შიგნით, მით უფრო, რომ საქმე ეხება იმ ტიპის ფალსიფიცირებას, როცა საფრთხე ემუქრება არა მხოლოდ ქართული ღვინის სახელს, არამედ ხშირ შემთხვევაში ადამიანების ჯანმრთელობას. სოფლის მეურნეობის სამინისტრო ფიქრობს, ღვინის წარმოებაშიც სწორედ ის მეთოდი აამუშაოს, რაც ვეტერინარიაში – პასუხისმგებლობა გადავიდეს უშუალოდ სავაჭრო ობიექტზე.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ თუ იგივე მოდელი არ ამუშავდა ღვინის ფალსიფიკაციის წინააღმდეგაც, ამოცანა შესაძლოა, დაუძლეველი დარჩეს. იმ შემთხვევაში, თუ სავაჭრო ობიექტში აღმოჩნდება ფალსიფიცირებული პროდუქცია, პირველ რიგში, სწორედ იგი უნდა დაისაჯოს, სულ მცირე, დახურვით. ისევე, როგორც ვეტერინარიაში – თვითონ სავაჭრო ობიექტის მეპატრონე პასუხისმგებელია ხარისხიანი პროდუქციის გაყიდვაზე.
გია ხევიაშვილი – “სამწუხაროა, რომ ქართველები ხარისხიანი ქართული ღვინის მოხმარებას გადაეჩვივნენ. უფრო მეტიც, მისი გემო დაკარგეს. მიმაჩნია, რომ ქართული ვაზი და ღვინო ღმერთმა პირველ რიგში ქართველებისთვის გააჩინა და საქართველოში უნდაUმოისპოს ღვინის ფალსიფიცირება. მოგეხსენებათ, ის ღვინო, რომელსაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი მოიხმარს, არის სპირტზე და ფხვნილზე დამზადებული მომწამლავი სითხე, რასაც ღვინოს ვერაფრით დავარქმევდი”.
წინასწარვე ცხადია, რომ რეფორმირებულ სამტრესტს ელოდება საკმაოდ სერიოზული, რთული და საპასუხისმგებლო საქმე, რასაც ასევე სერიოზული ფინანსები დასჭირდება. წინასწარი გათვლებით, სამტრესტის ბიუჯეტი მილიონნახევარი ლარი იქნება, შესაძლოა, ოდნავ მეტი ან ნაკლები, მაგრამ საკანონმდებლო ორგანოში მიაჩნიათ, რომ სახელმწიფოს აქვს იმის შესაძლებლობა და რესურსი, სამტრესტი ბიუჯეტიდან დაფინანსდეს. რეფორმირებული სამტრესტი საკმაოდ ძლიერი ორგანიზაცია იქნება, ტრანსპორტით, ლაბორატორიებით და სხვადასხვა საშუალებებით.
უცხოეთის ბაზარზე ფალსიფიკაციის აღსაკვეთად პირველი ნაბიჯი უკვე გადაიდგა, რაც აქამდეც უნდა გაკეთებულიყო – WIPO-ში მოხდა 8 ყველაზე ცნობილი ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის რეგისტრაცია და რეგისტრაციის სერთიფიკატებით დადასტურება. ეს ნიშნავს, რომ ლისაბონის ხელშეკრულების წევრი 23 ქვეყანა იღებს ვალდებულებას, თავის ტერიტორიაზე დაიცვას ადგილწარმოშობის დასახელებები.
მარტივად რომ ვთქვათ, თუ დღემდე უცხოეთში ფალსიფიკატორი, მაგალითად, სიტყვაზე, ხვანჭკარას უკანონოდ ასხამდა და სასამართლოში საჩივლელად იურიდიული საფუძველიც არ გვქონდა, დღეს ასე აღარ არის. თანდათანობით მოხდება სხვა ჯიშების რეგისტრაციაც, რაც საერთაშორისო ბაზარზე ფალსიფიკაციასთან ბრძოლას გააადვილებს. მით უფრო, რომ ამ საქმეში სავაჭრო პალატაც ჩაერთვება. ეს არის საკმაოდ მძიმე, შრომატევადი და ძვირადღირებული სამუშაო, მაგრამ ფაქტია, რომ ამ სფეროში ჩვენ ცივილიზებულ გზას დავადექით და პროცესის შეჩერება არ შეიძლება.
თავიდანვე, როცა ღვინის წარმოების მარეგულირებელი ორგანოს დაფინანსებაზე იყო საუბარი, მეწარმეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ ყოველ ექსპორტირებულ ბოთლზე 1 ცენტის ოდენობით დაწესებულიყო გადასახადი, რომელიც ფალსიფიკაციასთან ბრძოლას მოხმარდებოდა. როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ერთსულოვანნი არიან იმ საკითხში, რომ ეს თანხა, პირველ რიგში, საექსპორტო ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და რეკლამირებისთვის დაიხარჯოს. თანხა, როგორც აღვნიშნეთ, სავარაუდოდ, სავაჭრო პალატასთან შექმნილი ღვინის მრეწველობის კომიტეტის ქვეანგარიშზე დაგროვდება.
ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ფალსიფიკაციასთან ბრძოლა სახელმწიფოს ვალია. როცა კეთილსინდისიერი მეწარმე ბიუჯეტში თანხას იხდის, წარმოუდგენელია, სახელმწიფომ ფალსიფიკაციასთან საბრძოლველად მას დამატებითაც გამოართვას თანხა.
გია ხევიაშვილი – “ღვინის მწარმოებელი კომპანიები საზღვარგარეთ პარტნიორები არიან და არა კონკურენტები, ფალსიფიკაციასთან ბრძოლის მხოლოდ საკუთარ თავზე აღება არც ერთ კომპანიას არ ძალუძს.
მიმაჩნია, რომ სახელმწიფომ, სამტრესტმა, სავაჭრო პალატამ ერთობლივად ძალ-ღონე არ უნდა დაიშურონ საექსპორტო ბაზრებზე ქართული ღვინოების პოპულარიზაციისათვის. პირველ რიგში, ეს ეხება ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიას. მეწარმეების მიერ შეგროვილი თანხა სწორედ ამ საქმისთვის უნდა დაიხარჯოს.
მინდა, ხაზი გავუსვა ბაქოში სავაჭრო პალატის მიერ ორგანიზებული ბოლო გამოფენის მნიშვნელობას. ყველამ ვიცით, რომ აზერბაიჯანი მეზობელი, უახლოესი პარტნიორი ქვეყანაა და ჩვენს პროდუქციას თითქოს ამ ბაზარზე პრობლემები არ უნდა ჰქონდეს, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ასე სრულებითაც არ არის, აზერბაიჯანში თურმე საერთოდ არ გადის ქართული ღვინო და არ იციან, რომ ქართველებს ასეთი კარგი ღვინო გვაქვს.
აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია ის ღონისძიებები, რომელსაც სავაჭრო პალატა ატარებს ქართული ღვინის და ზოგადად ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის. მიმაჩნია, რომ ჯემალ ინაიშვილის სავაჭრო პალატაში მისვლის შემდეგ ეს ორგანიზაცია სერიოზულად ამუშავდა. საკმაოდ დიდი ხანია, პოლიტიკაში ვარ და სავაჭრო პალატასთან დღემდე არანაირი შეხება არ მქონია. ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია თუ ვინმეს ვალია, პირველ რიგში, სავაჭრო პალატისა. რაც შეეხება ფალსიფიკაციასთან ბრძოლას, მიმაჩნია, რომ სავაჭრო პალატის მხარდამხარ ეს სახელმწიფოს უპირველესი მოვალეობაა, რადგან პროდუქციით გაჯერებულ მსოფლიო ბაზარზე ცალკეულმა კომპანიებმა საეჭვოა, მასთან გამკლავება მოახერხონ.
მით უფრო, დღეს თითქმის არ არსებობს ქვეყანა (განსაკუთრებით ჩვენი მეზობელი ქვეყნები), სადაც მიუხედავად იმისა, ვაზის კულტურა აქვთ თუ არა, ქართული ღვინის ფალსიფიკაციას არ ეწეოდნენ. ეს სწორედ იმას მიანიშნებს, რომ ჩვენს ღვინოებზე დიდი მოთხოვნაა. მით უფრო, კარგი ხარისხის ღვინოს თავისუფლად შეუძლია, 2 წელიწადში ბაზარი აითვისოს”.
ჯემალ ინაიშვილი – “საერთაშორისო ბაზარზე ქართულ ღვინოს ნაკლებად იცნობენ. ძირითად საექსპორტო ბაზრებზე პოზიციების დაკარგვის სერიოზული საფრთხე არსებობს, ხოლო ახალი საექსპორტო ბაზრები ძნელად შეღწევადია.
სავაჭრო-სამრეწველო პალატას მართლაც დიდი შესაძლებლობები აქვს, რომ ამ მიმართულებით მეღვინეებს დაეხმაროს და დაიცვას მათი ინტერესები. იქნება ეს დარგში არსებული მდგომარეობის ანალიზი და მთავრობისთვის შესაბამისი წინადადებების შემუშავება, უცხოეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელება თუ ქართული ღვინის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით პრეზენტაცების გამართვა. ღვინის მუზეუმის გარდა, ვფიქრობთ კომპანია “ვინომედიის” შექმნაზეც, რომელიც ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით დოკუმენტურ ფილმებს გადაიღებს და გამოუშვებს DVD და CD დისკებზე”.
დარგის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ თუ ჩვენ საქართველოში ეკონომიკურ აღმასვლასა და განვითარებაზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში, აქცენტი სოფლის მეურნეობაზე უნდა გაკეთდეს, რომლის ხერხემალი მეღვინეობა-მევენახეობაა. იმ საკითხზე, რომ ამ დარგს შესაფერისი მოვლა-პატრონობის პირობებში ძალა შესწევს, ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალი გახდეს, თითქმის ყველა ერთსულოვანია.
ქართულ ღვინოში ბევრია ქიმიკოსი და ალქიმიკოსი, ცოდავს ყველა. დაუზუსტებელი ინფორმაციით ფირმა “სენაკურმა” 100ტ გაფუჭებული “ღვინომასალა” გაანადგურა ფინანსური პოლიციის მოთხოვნით. ექსპერტების აზრით ფირმების 90%-ს ჰყავს ალქიმიკოსები. როდის გახდება “მეიდ ინ ჯორჯია” ღირსების საგანი?