გზა 1.7-დან 2.16-მდე – გამოსავლის ძიებაში
მაკა ღანიაშვილი
გასულ კვირას ლარის კურსი ისტრიულ ნიშნულამდე დაეცა. გადამცვლელ პუნქტებში კურსმა დოლარის მიმართ 2.3 ნიშნულსაც კი მიაღწია. საქართველოს მთავრობას მოუწია ეღიარებინა პრობლემები და აღარ გაეგრძელებინა იმის მტკიცება, რომ ყველაფერი კარგადაა და ლარის სტაბილურობას არაფერი ემუქრება.
როგორც აღმოჩნდა, ყველაფერი არც ისე კარგადაა, სპეციალისტების მიერ გასული წლის ბოლოს გაკეთებული პროგნოზი, რომლის მიხედვითაც, საქართველოს ურთულესი 2015 წელი ელოდა, სამწუხაროდ, მართლდება. ჯერ კიდევ 1 თვის წინ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ „ქვეყანაში ფინანსური სტაბილურობის მისაღწევად კოორდინირებულად მუშაობენ ეროვნულ ბანკთან ერთად“, მაგრამ ახლა იმავე მთავრობის წარმომადგენელთა განცხადებების მიხედვით, „ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული ინტერვენციების მოცულობებისა და დროში განაწილების სწორი მართვით ლარის რყევების დიდი ამპლიტუდის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო“.
ლარის გაუფასურების ფუნდამენტალური ფაქტორები
ვალუტის კურსზე გავლენას ახდენს ეკონომიკური და პოლიტიკური კონიუნქტურის ნებისმიერი ცვლილება. როგორც წესი, ქვეყნის ეკონომიკის სიძლიერე მოცემული ქვეყნის ვალუტის სანდოობაზე მიუთითებს. ეკონომიკური ზრდა და ეროვნული ვალუტის კურსი პირდაპირპროპორციულ დამოკიდებულებაში არიან ერთმანეთთან. სავალუტო კურსზე გავლენას ახდენენ ძირითადად შემდეგი მაჩვენებლები: ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები; სამრეწველო პროდუქციის ზრდის მაჩვენებელი; უმუშევრობის დონე; სამომხმარებლო ხარჯების ზრდის მაჩვენებელი; გრძელვადიან პროდუქციაზე შეკვეთების რაოდენობის გაზომვის მაჩვენებელი; ექსპორტის სიდიდე, მომხმარებლის ნდობის მაჩვენებელი; საცალო ვაჭრობის მოცულობა; სავაჭრო ბალანსის მდგომარეობა, იმპორტზე დამოკიდებულების მაჩვენებელი განსაკუთრებით ენერგომატარებლებზე (ნავთობი, გაზი და სხვა). იმპორტზე და ექსპორტზე ფასების ზრდის მაჩვენებელი, საგადამხდელო ბალანსის მდგომარეობა, ქვეყნიდან განხორციელებული წმინდა ტრანსფერტები, საგარეო სესხების ზრდა/შემცირება, შიდა ვალის ზრდა/შემცირება; ფულადი მასის ცვლილების მაჩვენებელი (მათ შორის სარეზერვო და ფართო ფულადი მასის ზრდა/შემცირება, ფულადი მულტიპლიკატორის მნიშვნელობა), ფულის ბრუნვის სიჩქარის ზრდა/შემცირება. დამოკიდებულება ფულადი მასის ცვლილებასა და საგადამხდელო ბალანსის ცვლილებას შორის; ინფლაციის ტემპი და ინფლაციური მოლოდინი, ფასების ინდექსი სამრეწველო პროდუქციაზე, ფასების ინდექსი სამომხმარებლო პროდუქციაზე, ენერგომატარებლებზე; მოცემული ვალუტის ემიტენტი ქვეყნის გადახდისუნარიანობის მაჩვენებელი და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების ნდობის მაჩვენებელი; ცენტრალური ბანკის ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები, პოლიტიკოსებისა და ცნობილი ეკონომისტების განცხადებები; ცენტრალური ბანკების საერთაშორისო რეზერვების მდგომარეობა და მათი ცვლილების ტემპი, გადაწყვეტილებები რეზერვების სხვადასხვა ვალუტაში დივერსიფიკაციის შესახებ და სხვა მაჩვენებლები.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილ მაჩვენებელს არაერთგვაროვანი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ვალუტის კურსზე. ზოგი მაჩვენებელი უფრო ძლიერ გავლენას ახდენს. ზოგიც ნაკლებს. გავლენის ხარისხი განსხვავდება კონკრეტული ქვეყნების მიხედვითაც. მაგალითად, ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემაა საგადასახდელო ბალანსის დეფიციტი. ბუნებრივია, დეფიციტის ზრდა/შემცირება საკმაოდ დიდ გავლენას იქონიებს ვალუტის კურსზე. იაპონიაში განსაკუთრებით მწვავედ დგას ეკონომიკური ზრდის პრობლემა და დეფლაციური პროცესების არსებობა, შესაბამისად, ეკონომიკის მოულოდნელი გამოცოცხლება ერთმნიშვნელოვნად პოზიტიურ გავლენას მოახდენს დოლარი-იენას კურსზე.
ლარის გაცვლითი კურსი ყალიბდება ე.წ. თავისუფალი ცურვის შედეგად. ეს გულისხმობს, რომ ლარის კურსს დოლარის მიმართ ადგენს სავალუტო ბაზარი. ეროვნული ბანკი არ არის ვალდებული, ლარის კურსის სტაბილურობა უზრუნველყოს, მისი მთავარი მოვალეობა ინფლაციის სამიზნე მაჩვენებლის შენარჩუნებაა. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეროვნული ბანკის წარმომადგენლები ჩათვლიან, რომ ლარის კურსი იმდენად გაუფასურდა დოლართან მიმართებით, რომ შესაძლოა სამომხმარებლო პროდუქციის ფასებზე აისახოს, ის ახორციელებს სავალუტო ინტერვენციას – ყიდის დოლარს და ყიდულობს ლარს. ლარის კურსი უფასურდება, როდესაც ქვეყანაში ლარის მოცულობა უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე დოლარის მოცულობა და ამასთან, ეკონომიკური ზრდის ტემპი არ არის იმდენად მაღალი, რომ ლარის მოცულობის მნიშვნელოვნად ზრდის აუცილებლობა იყოს. ლარის კურსი უფასურდება იმ შემთხვევაშიც, თუ ლარის მოცულობა არ არის მნიშვნელოვნად გაზრდილი, მაგრამ მცირდება საქართველოში შემომავალი დოლარის ნაკადები.
სწორედ ასეთი მოვლენა იკვეთება ბოლო თვეებში საქართველოში. ნებისმიერ ქვეყანაში, უცხოური ვალუტის შემოდინების წყაროა საქონლითა და მომსახურებით საერთაშორისო ვაჭრობა, ფულადი გზავნილები, ფაქტორული შემოსავალები, საინვესტიციო და საკრედიტო კაპიტალის შემოდინება. ამიტომაც ყველა ლოგიკის გათვალისწინებით, ლარის კურსს სპეკულაციური ნაწილი რომ ჩამოვაცილოთ, ის მაინც გაუფასურდებოდა აშშ დოლარის მიმართ, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ვალუტების უმეტესობა.
ბოლო თვეების განმავლობაში შემცირებულია ექსპორტი; 2015 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 694 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის იანვრის მაჩვენებელზე 9 პროცენტით ნაკლებია. აქედან, ექსპორტი 156 მლნ. აშშ დოლარი იყო (30 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 538 მლნ. აშშ დოლარი (1 პროცენტით ნაკლები). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2015 წლის იანვარში 382 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 55 პროცენტი შეადგინა. ფულადი გზავნილები ის თანხა გახლავთ, რომელსაც საზღვარგარეთ დასაქმებული ქართველები საქართველოში გზავნიან. გზავნილები საქართველოსთვის უცხოური ვალუტის მნიშვნელოვანი წყაროა. ბოლო წლებში ამ გზით წლიურად $1.2-1.4 მილიარდი შემოდიოდა. საქართველოდან თანხებს ძირითადად რუსეთსა და საბერძნეთში მყოფი ემიგრანტები აგზავნიან, საიდანაც ბოლო თვეებში გადმორიცხვების მოცულობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული. ფაქტორული შემოსავალი ძირითადად შედგება ინვესტიციებისგან მიღებული შემოსავლებისგან (მოგება, დივიდენდი). რადგან საქართველოში გაცილებით მეტი უცხოური ბიზნესია, ვიდრე ქართული – საზღვარგარეთ, ქვეყნიდან გამავალი ნაკადები აჭარბებს შემომავალს. გარდა ამისა, ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვების სტატისტიკიდან ვიგებთ, რომ ოქტომბრიდან რეზერვებმა შემცირება დაიწყო: თუ 30 სექტემბრის მდგომარეობით 2 მილიარდ 488 მილიონი დოლარი იყო, 30 ნოემბრისთვის 2 მილიარდ 396 მილიონ დოლარამდე შემცირდა. ეს ნიშნავს, რომ ბოლო თვეებში გაგრძელდა წლის პირველი ნახევრის ტენდენცია, ქვეყანაში უფრო ნაკლები დოლარი შემოვიდა, ვიდრე ქვეყნიდან გავიდა. დოლარის ნაკადების შემცირებაში თავისი წვლილი შეიტანა სახელმწიფო ბიუჯეტმაც. მთავრობამ ვერ მოახერხა ბიუჯეტით გათვალისწინებული უცხოური შეღავათიანი კრედიტების სრულად ათვისება გასული წლის 9 თვის მონაცემებით.
როგორც ვხედავთ, საქართველოსა და ჩვენს ძირითად პარტნიორ ქვეყნებში მართლაც ისე განვითარდა მოვლენები, რომ ლარის კურსის ვარდნა გარდაუვალი იყო. თუმცა, რომელი უწყება რამდენად არის ამაში დამნაშავე?!
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ხშირად ეკონომიკურ ფაქტორებზე საუბრობს, რომლის მართვაც საქართველოს მთავრობის ხელშია, მთავრობის წარმომადგენლები კი მონეტარულ პოლიტიკაზე აპელირებენ, რომელსაც ეროვნული ბანკი წარმართავს. საინტერესოა, გადავხედოთ მოვლენათა ქრონოლგიას. რას აკეთებდა ან არ აკეთებდა მთავრობა და ეროვნული ბანკი ლარის გაუფასურების პარალელურად.
2014 წლის ნოემბერი – ლარმა მკვეთრი გაუფასურება 2014 წლის 20-21 ნოემბრიდან დაიწყო. ამ თარიღამდე ლარი მთელი წლის განმავლობაში სტაბილურობით გამოირჩეოდა. 2014 წლის 1 ოქტომბერს 1 აშშ დოლარის ღირებულება 1.7528 ლარს შეადგენდა. 21 ნოემბრისთვის 1 აშშ დოლარი უკვე 1,7778 ლარი ღირდა. 10 დღეში ლარი დოლარის მიმართ თითქმის 4%-ით გაუფასურდა და 1,8386-მდე ავიდა. ამის პარალელურად, საქართველოს ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ პრობლემას ვერ ხედავენ, თუმცა, 25 ნოემბერს კურსის მატების შესაჩერებლად 40 მილიონი დოლარი გამოიტანეს გასაყიდად. მოსახლეობაში კი მსუბუქი პანიკა შეინიშნება და ლარის კიდევ უფრო გაუფასურების შიშით სულ უფრო მეტი მოქალაქე ცდილობს დანაზოგის დოლარში გადანახვას. ნოემბრიდან მოყოლებული ლარის კურსი ვარდნას განაგრძობს, თუმცა არც საქართველოს ეროვნული ბანკი და არც მთავრობის წევრები ამას განსაკუთრებულ ყურადღებას არ უთმობენ, ყოველ შემთხვევაში, საჯარო გამოსვლებში.
მთავრობას განცხადებების გაკეთება მას შემდეგ მოუწია, რაც ექსპერტებმა წლის ბოლოს ლარის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად მთავრობის ხარჯვითი პოლიტიკა დაასახელეს. მით უმეტეს, რომ ეს არ იყო პირველი შემთხვევა, იგივეს ჰქონდა ადგილი 2013 წელსაც. მთავრობა ტრადიციულად ვერ ახერხებს წლის განმავლობაში ბიუჯეტის ეფექტიან ხარჯვას, რასაც წლის ბოლოს ხარჯების მკვეთრი ზრდა მოსდევს, ეკონომიკაში ლარის ჭარბი მასის გადინება კი იწვევს ლარის გაუფასურებას. 2013 წლის ნოემბერ-დეკემბერში მაღალი დეფიციტური სახელმწიფო ხარჯების (700-მილიონამდე ლარი) გამო, სწრაფად გაიზარდა ლარის მოცულობა, დოლარის მოცულობა კი არ გაზრდილა. შესაბამისად, ლარი გაუფასურდა. ჭარბი ლარის მიმოქცევიდან ამოსაღებად ეროვნულმა ბანკმა უცხოური ვალუტის რეზერვიდან 440 მილიონი დოლარი გაყიდა და ლარის გაუფასურება შეაჩერა. ექსპერტების განცხადებებს და ლარის კურსის კიდევ უფრო ვარდნას სამთავრობო გუნდის წევრები პასუხობენ, რომ ლარის კურსის სტაბილურობა ეროვნული ბანკის პრეროგატივაა.
5 დეკემბერი – ლარის კურსის გაუფასურების დაწყებიდან 2 კვირის შემდეგ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ბრიფინგს მართავს და აცხადებს, რომ ქვეყნის ფინანსურ და მაკროეკონომიკურ სტაბილურობას არავითარი საფრთხე არ ემუქრება. „ეროვნული ვალუტის გაუფასურებას აქვს როგორც შიდა ასევე გარე ფაქტორებით გამოწვეული მიზეზები. ბოლო 7 წლის განმავლობაში ისტორიულად გამყარებულ დოლართან ერთად სახეზე გვაქვს სავალუტო შემოდინებების ძირითადი წყაროების შესუსტება, ან კლება. ამავე დროს ჩვენი გათვლებით, ეს დისბალანსი უკვე აღმოფხვრილია და უკვე ასახულია ლარის გაცვლით კურსში. რაც შეეხება იმ პროცესებს, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით ბოლო დღეების განმავლობაში, იგი დიდწილად გამოწვეულია ბაზრის მონაწილეების აჟიოტაჟური ქცევით, რაც ზოგადად დამახასიათებელია ამ დროს ფინანსური ბაზრებისთვის“, – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
9 დეკემბერი – ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრიფინგის შემდეგ ლარმა გამყარება დაიწყო და 3 დღეში ოფიციალური კურსი 1.95-დან 1.89-მდე შემცირდა. უნდა ვივარაუდოთ, რომ ამის მიზეზი იყო ეროვნული ბანკის მიერ 80 მილიონი დოლარის გაყიდვა; ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადება, რომ კურსის გაუფასურებაზე გავლენა ჰქონდა ქვეყნის შიდა ფაქტორებს, რაც უკვე აისახა გაუფასურებულ კურსში და მეტ გაუფასურებას აღარ უნდა ველოდეთ. მისი თქმით, მან მიაღწია მთავრობასთან თანხმობას, დეკემბერში ბიუჯეტის ხარჯვა არ იქნებოდა დეფიციტური და მზადყოფნა გამოთქვა სავალუტო ინტერვენციებზე, თუ ამის საჭიროება კვლავ იქნებოდა.
13 დეკემბერი – საქართველოს პარლამენტი ამტკიცებს 2015 წლის ბიუჯეტს, რომელშიც ეკონომიკის 5%-იანი ზრდა არის ჩადებული. მცირედი დასტაბილურების მიუხედავად, ახალი წლიდან ლარის კურსი დაცემას განაგრძობს.
30 იანვარი – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აკეთებს განცხადებას იმის შესახებ, რომ ქვეყანაში ინფლაციის საშიშროებაა. ქადაგიძის განცხადებით, ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებით საგანგაშო ნიშნულს აღწევს. ქადაგიძის აზრით, არის პროდუქტების გაძვირების საფრთხე. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი აანონსებს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით და მთავრობას მოუწოდებს, ახალ რეალობას მოარგოს ეკონომიკური ზრდის 5%-იანი ნიშნული.
11 თებერვალი – საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 0.5 პროცენტული პუნქტით 4.5 პროცენტამდე ზრდის. მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწვეტილება ეფუძნება მაკროეკონომიკურ პროგნოზს, რომლის მიხედვითაც გაიზარდა საგარეო შოკის გავლენით საპროგნოზო ინფლაციაზე მოქმედი რისკები. ინფლაციის მოლოდინების ზრდის გასანეიტრალებლად კომიტეტი მიზანშეწონილად თვლის, შერბილებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივ გამოსვლას. თუმცა, მიუხედავად პოლიტიკის გამკაცრებისა, პოლიტიკის განაკვეთი ნეიტრალურ ნიშნულს დაბლა რჩება. მიმდინარე პროგნოზით, თუკი არ გამოიკვეთა ეკონომიკაზე მოქმედი სხვა შოკები, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, 2015 წლის ბოლოს 5%-ის ფარგლებში იქნება. იანვარში წლიურმა ინფლაციამ 1.4 პროცენტი შეადგინა. იანვარში ინფლაციის შემცირება დიდწილად საწვავის გაიაფებას ასახავს, ხოლო საბაზო ინფლაცია 3.2%-მდე გაიზარდა. 11 თებერვლისთვის დოლართან მიმართებაში ეროვნული ვალუტის კურსი 2.0421 პუნქტით განისაზღვრა; 19 თებერვლისთვის, ეროვნული ვალუტა, აშშ დოლართან მიმართებაში, 6 პუნქტით გაუფასურდა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლითაც 20 თებერვლიდან, 1 აშშ დოლარს 2.1472 ლარად შეიძენდით. თუმცა კომერციულ ბანკებსა და სავალუტო ჯიხურებში, 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.2200 ლარი იყო.
23 თებერვალი – მთავრობა ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 2–2,5 პროცენტამდე ამცირებს. იწყება საუბარი მთავრობის მიერ გამოცხადებული „ქამრების შემოჭერის“ და მასობრივი პრივატიზაციის პოლიტიკის გატარებაზე, თუმცა კონკრეტული მიმართულებები და ციფრები ჯერ ცნობილი არ არის.
24 თებერვალი – ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე ბანკმა ლარის დასტაბილურების მიზნით $40 მილიონი დოლარი გაყიდა, თუმცა ამან ლარის გაცვლითი კურსის ვარდნა ვერ შეაჩერა, რადგანაც აუქციონზე დოლარის ახალი ფასი 2,2619 დადგინდა. საქართველოს საერთაშორისო სავალუტო ფონდის სამუშაო ჯგუფი სტუმრობს. იწყება საუბარი სავალუტო ფონდიდან ახალი ტრანშის აღების შესახებ. თებერვლის ბოლო კვირაში განვითარებულ მოვლენებს ფონად გასდევს შენიშვნები ეროვნული ბანკის მუშაობის მიმართ. იწყება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ღიად დადანაშაულება „ჩუმ საბოტაჟში“.
27 თებერვალი – საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრიფინგს მართავს და ხელისუფლებას ეროვნულ ბანკზე დავდასხმების მყისიერი შეწყვეტისკენ მოუწოდებს: „ახლა არ არის გადაბრალების და განტევების ვაცის ძებნის დრო, ახლა არის სწრაფი და ეფექტური ნაბიჯების განხორციელების დრო, რომლის მიზანი უნდა იყოს სავალუტო შემოდინებების გაზრდა იმ წყაროებიდან, რომელზეც გვაქვს გავლენა. ეს გამოიწვევს ლარის გამყარებას და შვებას მისცემს იმ მოქალაქეებს, ვისაც დაუმძიმდა სესხის ტვირთი – განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.
ქადაგიძის თქმით, ჯერ კიდევ 2013 წლის დასაწყისში გაჟღერდა ბანკის პოზიცია, რომ ეკონომიკის ზრდის პროგნოზი ოპტიმისტური იყო და გადახედვას საჭიროებდა. მისი თქმით, პროგნოზი გამართლდა და მივიღეთ განახევრებული ზრდა.
ქადაგიძის განცხადებით, 2013 წლის ზაფხულიდან ბანკმა არაერთხელ გამოხატა უარყოფითი დამოკიდებულება არათანაბარი ხარჯვის უარყოფითი გავლენის შესახებ გაცვლით კურსზე. როგორც ამ შემთხვევაში, „შარშანაც გამართლდა პროგნოზი და 2013 წლის ბოლოს ჩვენ მივიღეთ საბიუჯეტო ზეწოლა ლარის კურსზე და დევალვაცია რომ არ მომხდარიყო, ბანკმა განახორციელა რამდენიმე ასეული მილიონის ინტერვენცია სიტუაციის დასაბალასნებლად“, – განაცხადა ქადაგიძემ.
რაც შეეხება რეზერვებს, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ამბობს, რომ არის მცდელობა, საზოგადოება დაარწმუნონ, თითქოს რეზერვების ხარჯვა გამოსავალია. „საქართველოს სავალუტო რეზერვი არის ჩვენი აქტივი და ის დოვლათი, რომელსაც ჩვენ ვქმნით მთელი წლების განმავლობაში, რომელიც წარმოადგენს მთავარ გარანტს ჩვენი ფინანსური სტაბილურობისა. ჩვენი თანმიმდევრული პოლიტიკა სწორედ რომ რეზერვების დაგროვების და მართვის მიმართულებით არის აღიარებული ყველა საერთაშორისო ორგანიზაციისა და ავტორიტეტული გამოცემის, მათ შორის სავალუტო ფონდის მიერ“, – განაცხადა ქადაგიძემ. მისი თქმით, რეზერვებით ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორების ჩანაცვლება, ისეთების, როგორიცაა: ექსპორტის, გზავნილების, ტურიზმის კლების, არის არა მხოლოდ არასწორი ეკონომიკური გადაწყვეტილება, არამედ კონტპროდუქტიული და უშედეგო.
„მინდა დავარწმუნო ჩვენი მოსახლეობა, რომ ქვეყნის ფინანსურ სტაბილურობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება, სანამ მე და ჩემი გუნდი ვართ ეროვნული ბანკის სათავეში, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ იგივე შეცდომების გამეორებას, რაც ჩვენმა ქვეყანამ სამწუხაროდ, არაერთხელ დაუშვა“ – განაცხადა ქადაგიძემ.
ლარის კურსმა დაღმავალი ტენდენცია 26 თებერვალს შეიცვალა და ის ორი თეთრით გამყარდა. დოლარის კურსმა შემცირება სავალუტო ჯიხურებშიც დაიწყო. 28 თებერვლისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსის მიხედვით 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.16 ლარით განისაზღვრა.
შედეგები
ლარის კურსის გაუფასურებამ უკვე მიაყენა ზიანი ქვეყნის ეკონომიკას და მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ შესაძლებლობებს, რადგან ვალუტის კურსის მნიშვნელოვანი მერყეობა ნიშნავს არასტაბილურ მაკროეკონომიკურ გარემოს; ბიზნესს იზიდავს სტაბილური გაცვლითი კურსი, რადგან ამ დროს არ არსებობს სავალუტო რისკები; საქართველოში კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების 60% არის დოლარში. ყველა – იურიდიული თუ ფიზიკური პირი, ვისაც დოლარში აქვს სესხი – დაზარალდა კურსის გაუფასურების შედეგად, რადგან სესხის დასაფარად მათ დოლარის შესყიდვა უხდებათ.
საქართველოს სახელმწიფო ვალის 74% არის საგარეო ვალი. ეროვნული ვალუტის გაუფასურება კი ქვეყნისთვის ვალის ტვირთის მნიშვნელოვნად ზრდის. კურსის გაუფასურების შეჩერებას უკვე შეეწირა დოლარის უცხოური ვალუტის დიდი მოცულობით რეზერვები. ვალუტის რეზერვი ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის გარანტია და მისი გამოყენება უკიდურეს შემთხვევებში ხდება.
2013-სა და 2014 წლის ბოლოს განვითარებულმა მოვლენებმა რამდენიმე უტყუარი ფაქტი გამოკვეთა – მაღალი ბიუჯეტის დეფიციტი და ამ დეფიციტის წლის ბოლოს რამდენიმე თვეზე გადანაწილება სახიფათოა როგორც ლარის კურსისთვის, ასევე მთლიანად ეკონომიკისთვის; ეკონომიკაში რეგულაციების გამკაცრებით და სახელმწიფოს როლის გაძლიერებით ვერ ვიღებთ ექსპორტის ზრდაზე ორიენტირებულ ეკონომიკას. პირიქით, სავაჭრო ბალანსი უარესდება; უნდა გაგრძელდეს რეფორმები ბიზნეს-გარემოს გაუმჯობესების მიმართულებით. საქართველოს მომდევნო წლებში სულ უფრო მეტი ინვესტიცია დასჭირდება მაღალი ეკონომიკური ზრდის მისაღწევად. მთავრობამ უკვე შეამცირა ეკონომიკის ზრდის პროგნოზი. უკვე ცნობილია, რომ ახალი პროგნოზის კვალდაკვალ შემცირდება საბიუჯეტო პარამეტრები. სპეციალისტების განცხადებით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირება ასევე შეკვეცს შემოსავალს და, საბოლოო ჯამში, ფინანსთა სამინისტროს ბიუჯეტის დაახლოებით 10-15%-მდე შემცირება მოუწევს. ბევრ კითხვას საბოლოოდ პასუხი მთავრობის სამოქმედო გეგმის გასაჯაროების შემდეგ გაეცემა. როგორც ცნობილია, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ერთად უკვე მუშაობს ანტიკრიზისულ გეგმაზე, რომელიც საზოგადოებისთვის ცნობილი დაახლოებით 10 დღეში უნდა გახდეს.