როგორ იწრთობა ბიუჯეტი
მაია რასმაძე
ნოემბრის თვისთვის 2002 წლის ბიუჯეტი შემოსავლების ნაწილში 80 მლნ ლარამდე იყო გარღვეული. წლის ბოლომდე ამ ციფრის ზრდასაც ვარაუდობენ. თუმცა, ზოგიერთი ექსპერტი არც იმას გამორიცხავს, ბიუჯეტი შესრულდეს კიდეც თუ იქნება სათანადო ძალისხმევა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან ჩვეული მხარდაჭერა. მაგრამ არის თუ არა მთავარი მხოლოდ ციფრების შესრულება და თუნდაც ბიუჯეტის შესრულება რამდენად განსაზღვრავს ეკონომიკის მდგრადობას, ძლიერებას ქვეყანაში, რეგიონალურ ბალანს თუ ეკონომიკურ ზრდას.
ექსპერტები აცხადებენ, რომ წლების მანძილზე ბიუჯეტი ერთი სქემით დგება და მისი შვიდწლიანი გარღვევის ტრადიციის შენარჩუნების ერთ-ერთ მიზეზად სწორედ ამას ასახელებენ. ამბობენ იმასაც, რომ 2003 წლის ბიუჯეტი არაფრით იქნება განსხვავებული წინამორბედებისგან.
ემზარ ჯგერენაია – როცა ქვეყანა ყალიბდება, პირველ რიგში, მისი ატრიბუტიკა ყალიბდება, როგორიცაა ბიუჯეტი, ეროვნული ვალუტა, ჯარი, დროშა, ჰიმნი და ა.შ. ამ ბოლო 10-12 წლის განმვალობაში, რაც საქართველომ თავისუფლების დეკლარირება გააკეთა, 1990-92 წლიდან მოყოლებული იწყება მისი ურთულესი სახელმწიფოებრივი ატრიბუტიკული ინსტიტუციონალური ბერკეტების შექმნა, როგორებიცაა საგადასახადო სისტემა, შემოსავლების მობილიზების სისტემა, რაც სახელმწიფოს არსებობის საფუძველია, მეორე მხრივ კი, მისი ხარჯვითი ნაწილი – როგორ და რას ინახავს სახელმწიფო და რაში ხარჯავს ამ ფულს. სწორედ აქედან ჩაეყარა საფუძველი, თვითონ ბიუჯეტის ფორმირებას. ვერ ვიტყვი, რომ ადრე საქართველოს არ ჰქონდა ბიუჯეტი, საქართვლოს ბიუჯეტი ჰქონდა კომუნისტების დროსაც. ეს იყო საქართველოს რესპუბლიკის ბიუჯეტი, რომელიც იგეგმებოდა ე.წ. საგეგმო კომიტეტის (“გოსპლანის”) მაკროეკონომიკური მაჩვენებლების საფუძველზე და რომელსაც მაშინდელი სსრკ-ის და შესაბამისად საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ადგენდა გაანგარიშებითი მეთოდებით. რას შეეხებოდა ეს გაანგარიშებითი მეთოდი – ასახავდა პარტიის ყრილობაში დასახულ კურსს, ზრდის იმ ტემპებს, რომელსაც ყრილობა განსაზღვრავდა. ამის შედეგად დგებოდა 5 წლიანი გეგმა და ყოველ წელს გათვლილი იყო, რომელი პარამეტრი რამდენით უნდა გაზრდილიყო. გეგმავდნენ, რამდენი პროდუქცია უნდა გვეწარმოებინა, რა დონის ხარჯები გაგვეწია, როგორი უნდა ყოფილიყო სოციალური დაცვის დონე. შეიძლება ითქვას, ბოლო წლებში ეს იყო მექანიკური სამუშაო. 5 წლიან გეგმაში ითხოვდნენ, რომ ზრდის ტემპმა უნდა შეადგინოს 15-18 %, ყველაფერს მოუმატებდნენ 15-18%-ს ანუ მიდიოდა ერთი და იგივე ციფრების ვარირება. შემდეგ უკვე ამ ხარჯთა ნუსხის შიგნით ხდებოდა მუხლებს შორის თანხების გადანაწილება იმის მიხედვით, რომელ სტრუქტურას თუ მიმართულებას რა ძალა გააჩნდა.
სპეციალურად ვუსვამ ხაზს ამ მეთოდიკას, რადგან როცა საქართველომ დეკლარირება გააკეთა თავისი დამოუკიდებლობისა, ეს პროცესი ეროვნული ბიუჯეტის შექმნისა აბსოლუტურად მიბმული იყო წინა წლების გამოცდილებასა და მეთოდებთან. დროთა განმავლობაში ჩვენ გადავედით ანგარიშთა ახალ გეგმაზე, მსოფლიო სტანდარტებს ვნერგავთ იგივე სახელმწიფო შემოსავლების აღრიცხვა-განაწილებაშიც, მაგრამ ძირითადად, ეს ინერციით მოდიოდა და ჩვენ ვგეგმავდით იმის მიხედვით თუ როგორი პოლიტიკური ნება იქნებოდა. ვერ დავეთანხმები ვერავის, თითქოს საქართველოში შეიცვალა ეს სიტუაცია, რომ პოლიტიკური ნების გარეშე დგება და იგეგმება ბიუჯეტი.
1992-93 წლები იყო სავალუტო მეტამორფოზის წლები – გვქონდა რუსული რუბლი, ნაკლები შემოსავალი, ექსპორტი იბეგრებოდა, იმპორტი არა, რადგან სასაქონლო დეფიციტი იყო. მთელი რიგი კანონები არ გაგვაჩნდა, იყო შინააშლილობა, სამოქალაქო ომი, ფაქტობრივად, ინერციით მივდიოდით, მაგრამ 1994-95 წლებიდან უკვე შემოვიდა ლარი (კუპონის კურსის პროგნოზირება შეუძლებელი გახდა), სავალუტო კურსის, საგადასახადო ბალანსისა და მაკროეკონომიკის დაგეგმვის გარეშე ბიუჯეტის შედგენას აზრი არა ჰქონდა. 1994 წელს კი რამდენიმე პარამეტრი ერთმანეთს დაემთხვა, პირველი იყო ლარის შემოღება, მეორე – უცხოური და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების მიერ საქართველოსკენ მოხედვა. სწორედ მაშინ დაიწყო პირველი პროგრამები და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბიუჯეტის შედგენისათვის. მესამე – ქვეყანა, ფაქტობრივად, გათავისუფლდა ბანდიტური სამხედრო ფორმირებების ხარჯებისგან და დაიწყო სამოქალაქო მშენებლობა.
1996 წლიდან უკვე იკვეთება რეალური კონტური პირველი ბიუჯეტისა. 1995 წელს არჩეულია პარლამენტი, რომელიც ამ საკითხს აგვარებს და იწყება სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესი. მთლიანი შიდა პროდუქციის ზრდა, სავალუტო კურსის დინამიკა, დაფინანსება რეალური ხდება – საბიუჯეტო საკითხი მწვავე – ეს ყველაფერი ხდება 1995 წლის შემდეგ. 1995-97 წლები გამოირჩეოდა მყარი სავალუტო კურსით – ლარი ახალი ფული იყო, სერიოზული მხარდაჭერა ჰქონდა გარედან. ბიზნესის მოქმედება იყო შედარებით ლიბერალური – საგადასახადო კოდექსის ფარგლებში და აქედან გამომდინარე, 1998 წლამდე, როცა ამუშავდა ახალი საგადასახადო კოდექსი და მოხდა რუსეთის კრიზისი არსებობდა თავისუფალი სავაჭრო სიტუაცია. დავალიანების, როგორც ასეთის არსებობა დაიწყო 1997-98 წლიდან, და რატომ – თუ ადრე პენსიასა და ხელფასს ჰქონდა აბსოლუტურად სიმბოლური დატვირთვა, 1997 წლიდან იმის გამო, რომ ვალუტა მყარი გახდა, რეალური სახე მიიღო. 1996-97 წლებში, როცა ბიუჯეტი შედგა, ამ დავალიანებას, ასე ვთქვათ, მოვუარეთ და რის ხარჯზე – 1997 წელი ბოლო ათი წლის განმავლობაში ყველაზე ნაყოფიერი წელი იყო ქვეყნის განვითარებისთვის. ავიღოთ, თუნდაც, მთლიანი შიდა პროდუქციის ზრდის დინამიკა – შეიძლება ვიკამათოთ, რამდენად სწორია ეს მაჩვენებლები, საერთოდ მშპ რამდენად რეალურად არის დათვლილი, მაგრამ არ იქნება სწორი გავაკეთოთ იმის იგნორირება, რაც იყო. ყველაზე დიდი, სერიოზული მატება გვქონდა პროცენტულად აბსოლუტურ მაჩვენებლებში 1997 წელს. ანუ ეკონომიკური გარემო იყო ძალიან ნაყოფიერი. შეიძლება ითქვას იყო ბუმი ბიზნესის განვითარების, წარმოების განვითარების, პარლამენტიც და მთავრობაც საქმით იყო დაკავებული. აშშ დოლარებზე გაანგარიშებით 2003 წლის საბიუჯეტო პროექტი უახლოვდება 1997 წლის მაჩვენებელს. მიუხედავად ბევრი ხარვეზისა, 1996-97 წლებში სერიოზული ზრდა აღინიშნა. ამავე წლებში იყო სერიოზული მყარი კურსი (იხ. ცხრილი).
ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი მლნ. აშშ დოლარებში, 1996 წლის 2 მილიარდ 900 მილიონიდან გაიზარდა 1997 წელს 3 მილიარდ 470 მილიონამდე, ხოლო 1998-ში თითქმის იგივე დარჩა. 1999 წელს კი იყო სერიოზული კლება.
1997 წელი იყო მყარი წელი, როცა ინფლაციის ტემპი 7 %-ია და წინა წელთან შედარებით შემცირდა კიდეც, როცა ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე (ეს არის ის სიუხვე, რომელსაც ამ ქვეყანაში მცხოვრები მოსახლე ღებულობს გაანგარიშებით) – 755 დოლარი იყო. ასეთი მაჩვენებლებისთვის საქართველოს შემდეგ აღარ მიუღწევია, პირიქით, ქვევით ჩამოვიდა 600-მდე. იმის გამო, რომ 1997-ში არ აქვთ მკაცრი და არაადაბტირებადი საგადასახადო კოდექსი, საგადასახადო შემოსავლების წილმა მშპ-ში შეადგინა 13%. ეს უზარმაზარი მაჩვენებელია. პენსიების და ხელფასების დაწოლას 1997 წელმა გაუძლო, ნოყიერი, საკმაოდ ჯანსაღი, ეფექტიანი ეკონომიკური მდგომარეობის გამო. 1997 წლიდან მივიღეთ და ამოქმედდა ახალი საგადასახადო კოდექსი, საკმაოდ მკაცრი პარამეტრებით და დაიწყო ლეგალური ბიზნესის გადასვლა არალეგალურ ნაწილში. ამის მერე იწყება ჩვენი უბედურება. ეს პროცესი მიდიოდა დაბალი, არააჩქარებული ტემპებით, აჩქარება მოხდა 1998 წელს, რუსეთის აგვისტოს კრიზისის შემდეგ. ჩვენ რუსეთზე მიბმულები ვართ და პროცესებმა ჩვენზეც იმოქმედა. ბევრმა პარამეტრმა ჩვენთან დაცემა განიცადა. ანუ საგადასახადო კოდექსის და იმ კრიზისის გამო, რასაც მოჰყვა ჩვენი ვალუტის ინფლაცია, სამომხმარებლო ფასების ზრდამ დაიწყო ფასების შემცირება. 1998 წელს არ გაზრდილა მშპ-ის მოცულობა, სამაგიეროდ საშინლად გაუარესდა მშპ-ში საგადასახადო შემოსავლების ხვედრითი წილი – 8,5-მდე დაეცა 13%-დან, და ბუნებრივია, აქ დევს გასაღები, მიზეზი დავალიანების გაჩენისა. ეს ხდება 1998 წლის ბოლოს. უკვე ნელ-ნელა იწყება საბიუჯეტო დავალიანების დარღვევები. ამ პროცესის ანატომიას ალღო არ აუღო, ან ვერ აუღო საბიუჯეტო დაგეგმარებამ. ანუ ის ინერცია, რომელიც მოდიოდა სსრკ-დან, გრძელდება, არსებულ დინამიკას, რეალობას არ ითვალისწინებს. მაშინდელი ფინანსთა სამინისტრო, ეს შეიძლება ცალსახად ითქვას, არ ახდენდა რეალურ პროგნოზირებას, გათვლებს, რომელ დარგში რა უნდა ყოფილიყო. აქედან გამომდინარე, მივიღეთ სურათი, რომ ეს ტენდენცია და არსებული მექანიზმი, ბიუჯეტის მექანიკური შედგენისა, აისახა 1999 წლის ბიუჯეტში – გაუარესებულ ბიზნეს-გარემოში, როცა მშპ 1999 წელს წინა წელთან შედარებით 3 მილიარდ 440 მილიონიდან 2 მილიარდ 800 მილიონამდე შემცირდა. ეს არის მშპ-ის სერიოზული დაცემა. ასეთი კატასტროფული დაცემის მიუხედავად, ბიუჯეტის შემოსავლის მაჩვენებლები ფინანსთა სამინისტრომ დაგეგმა დაახლოებით 50-60%-იანი ზრდით. მათ შორის საბაჟოზე იყო 70-80%-იანი ზრდა, საბაჟო გადასახადის სხვადასხვა სახეობაში 100%-იანი, საგადასახადო სისტემიდან შემოსავლების გეგმა კი 30-50%-ით გაიზარდა. რატომ დაიგეგმა საგადასახადო შემოსავლები ასეთი მატებით, როცა უარესდებოდა ეკონომიკური სიტუაცია? იმიტომ, რომ 1999 წელი იყო არჩევნების წელი და ბიუჯეტი იყო პოპულისტური – პოლიტიკოსთა ერთ ნაწილს სჭირდებოდა შეუსრულებელი ბიუჯეტი – კარგი კრიტიკის საგანი, მეორე ნაწილს – დაპირებები – სკოლას თუ ინსტიტუტს დავაფინანსებთო. ეს ყველაფერი საარჩევნო დივიდენდების დასაგროვებლად იყო საჭირო. ამის გამო მივიღეთ გაბერილი ბიუჯეტი. შეიძლება ჩრდილოვანი ეკონომიკის გათვალისწინებით ეს ბიუჯეტი არ იყო გაბერილი, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ საკანონმდებლო ბაზას, საგადასახადო ბიზნეს-გარემოს, რომელიც საქართველოშია და მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობას, მაშინ სერიოზულად გაბერილი ციფრები გახლდათ, მექანიკურად დაგეგმილი და არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს იყო დიდი შეცდომა. ჯერ ერთი, ბიუჯეტი ხშირად აბსოლუტურად მექანიკურად დგება, ღრმა გათვლების, ტენდენციების და პროგნოზების გარეშე კეთდება და არის აბსოლუტურად გამომხატველი პოლიტიკური ნებისა და პოლიტიკური სიტუაციის.
1999 წელი ეკონომიკის თვალსაზრისით ყველაზე ცუდი წელი იყო. ასეთი ჩავარდნა ეკონომიკას არ ჰქონია. დაეცა ეკონომიკური გარემო, მიუხედავად ამისა, 10%-მდე გაიზარდა საგადასახადო შემოსავლები. ბუნებრივია, პირველი გარღვევა ბიუჯეტში დაფიქსირდა ამ რეალობის გაუთვალისწინებლობის გამო, 1998 წლის ბოლოს – ეს იყო გადაუხდელი პენსიები და ხელფასები, რაც გაიზარდა 1999 წლის განმავლობაში. ეს გარღვევა დაგეგმილი იყო წინასწარ პოლიტიკოსების და იმ ხალხის მიერ, რომლებმაც გაბერილი მაჩვენებლები შექმნეს და არ გაითვალისწინეს ეკონომიკაში არსებული ღრმა კრიზისული მდგომარეობა. ბიუჯეტი შედგა მექანიკურად. პროცენტზე გამრავლების ნიშნით. და, რა თქმა უნდა, ეს არის ცუდი სტილი მუშაობისა, რომელიც თითქმის დღემდე გრძელდება.
2000 წელი ეკონომიკურად უფრო ნორმალური წელი აღმოჩნდა. ეკონომიკას დაეტყო კრიზისიდან გამოსვლა და გამოჯანსაღება. მიუხედავად ამისა, დაიწყეს ცნობილი თამაში, რომელიც დღემდე გრძელდება – საბიუჯეტო ოფისისა და ხაზინის “პინგ-პონკი”. როცა ერთი ამბობს, რომ სრულდება ბიუჯეტი, მეორე ამბობს, რომ არ სრულდება. ერთი ამბობს, რომ დადებითი ტენდენციებია წლების განმავლობაში საგადასახადო შემოსავლების მიღების კუთხით, მეორე აცხადებს, რომ არ არის არავითარი ზრდა. თუ ჩვენ საგადასახადო შემოსავლებს 1997-98-99-2000 წ.წ. გადავიყვანთ დოლარებში (თუმცა ექსპერტთა ნაწილი თვლის, რომ ეს მთლად კორექტული არ არის), ვნახავთ, რომ მიუხედავად ყველაფრისა, 1999 წლიდან დღემდე მოყოლებული, დოლარებში გამოხატულებით, საბიუჯეტო შემოსავლების ზრდა თითქმის არ მომხდარა (იხ. გრაფიკი). ლარებთან მიმართებაში უნდა ავიღოთ ინფლაციის დონე, სავალუტო კურსი. შეიძლებოდა ნომინალური მაჩვენებელი გაზრდილიყო ლარებში, მაგრამ არა რეალური მაჩვენებელი. რეალურად 1999 წლის ბოლოს სერიოზულად გაიზარდა კურსი, მერე ისევ დავარდა და 2002 წელს კიდევ იმატა. ნომინალში ვითომ უმჯობესდება მაჩვენებლები, რეალურობაში დოლარებთან გამოხატულებაში აბსოლუტურად გაჩერებულია, ანუ ცუდი ეკონომიკური სიტუაციის პირობებში იგივე შემოსავალი მივიღეთ. მაჩვენებლები თითქმის იგივე დარჩა. ჩემთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ამის შემდეგ ყოველ წელს მიდის დავალიანების ზრდა. ეს პროცესი შეჩერდა 2001 წელს ფინანსთა სამინისტროს მიერ მკაცრი პოლიტიკის გატარებით, ნოღაიდელის მინისტრობისას. პოლიტიკის გამკაცრებამ და მუხლების – დაცულსა და არდაცულს შორის პროპორციების დაცვამ ხელი შეუწყო იმას, რომ დავალიანების ზრდის ტემპი შეჩერდა. მაგრამ დავალიანება, ბუნებრივია, იზრდება, წელსაც გაიზრდება ბიუჯეტში გარდაუვალი ხარჯები, საპირწონედ გვიდგას ისეთი შემოსავლები, რომლის მიღებაც სათუოა. ეს არის 15-20%-ის ფარგლებში საგადასახადო შემოსავლები, 10%-ის ფარგლებში სათუოდ მისაღები საგარეო დაფინანსების და ქონების პრივატიზაციის ნაწილი. ჩვენ, ფაქტობრივად, მექანიკურად ვაბალანსებთ ბიუჯეტს და საგარეო დაფინანსების მოწოდება პიტერ შოუს გატაცება-არგატაცებაზეა დამოკიდებული.
ეს ტენდენცია გრძელდება 2003 წლის ბიუჯეტშიც. თუ დავაკვირდებით იმ მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს, რომლებიც საქართველოშია, 2003 წელი საკმაოდ ნაყოფიერი ეკონომიკური წელია. მეტი ინვესტიციები ჩაიდო კავშირგაბმულობაში, ტრანსპორტში. იწყება მილსადენის მშენებლობაც და ამ მხრივ, 2003 წელი ნოყიერია. მიუხედავად ამისა, გვაქვს მინიმალური ზრდა საბიუჯეტო შემოსავლებში.
2003 წელი არის საარჩევნო წელი, იგივე მეორდება, რაც 1999 წელში იყო. ანუ არის პოპულისტური ბიუჯეტი და ამ სიტუაციაში ისევე ვართ საშიშროების წინაშე – ხომ არ გავიმეორებთ წინა წლების მექანიკურ მეთოდს, გაზავებულს პოლიტიკური ნებით (საარჩევნო ნებით) და ხომ არ მივიღებთ იმ სიმბიოზს, რომელიც საერთო ჯამში, 2003 წელს სულ კრიტიკის საგანი იქნება და არ გახდება ადამიანის ცხოვრების გამაუმჯობესებელი ბიუჯეტი. ამ კუთხით ბიუჯეტის დაგეგმვაში სერიოზული პრობლემებია – რეალობიდან მოწყვეტა და მეორე საკითხი, რომელიც სავალუტო ფონდის ბოლო მისიაშიც დატოვა გასარკვევად – საბიუჯეტო მოწყობის საკითხი, ურთიერთობა ცენტრსა და რეგიონებს შორის, რომლებიც არ არის ასე მარტივი და ცალსახა – ვიღაც რიცხავს თანხას და ვიღაც არა. ჩვენ უნდა გავერკვეთ. ჯერ ბიუჯეტის შედგენის დროს ერთნაირად ვუდგებით თბილისს, ფოთს თუ ქუთაისს. გვაქვს თუ არა პრიორიტეტები და ამაში სამართლიანობის პრინციპებს თუ ვიცავთ? როგორ მიმართებაში ვართ რეგიონულ ეკონომიკასთან, რომელიც განადგურების, კატასტროფის პირასაა. ბუნებრივია, ისინი ვერ უზრუნველყოფენ თავიანთ ფუნქციებს ადგილზე. ხომ არ ვტუმბავთ ზედმეტს ცენტრში? მეორე მხრივ, ცენტრი თავად განიცდის ცენტრალური საქმიანობის განსახორციელებლად დეფიციტს და ამიტომ მისი მიმართებაც, ბუნებრივია. როცა ვამბობთ, რომ გავზარდოთ თავდაცვის ხარჯები, ამერიკული პროგრამის თანადაფინანსება და ა.შ. ბუნებრივია, ამისთვის ფულია საჭირო, მაგრამ ხომ არ ვქაჩავთ, ხომ არ ვიჭრით ტოტს, ვაჩერებთ რეგიონებს, რომლებიც ჩვენი გადასარჩენი პოტენციალია. სხვა საკითხია რამდენად არის მზად რეგიონი გამოიყენოს დატოვებული თანხა რეგიონის ეკონომიკის განვითარებისთვის. ჩვენ რეგიონულ ხელმძღვანელებს პასუხს ვთხოვთ არა წარმოების, საგადასახადო ბაზის გაზრდაზე, პასუხს ვთხოვთ ცენტრალური ბიუჯეტის არ შესრულებაზე, რაც მიმაჩნია, რომ მათი საქმე არ არის. აქ ფუნქციების აღრევას აქვს ადგილი.
ბიუჯეტური მოწყობა ბიუჯეტური დაგეგმვა, საგადასახადო გარემო მთლიანობაში, მაკროეკონომიკურ პროგნოზირებასთან მიმართებაში ჩვენ მოგვცემს უკვე რეალურ ბიუჯეტს, რომელიც, ალბათ, შესრულებადი იქნება. თუმცა, არ არსებობს ბიუჯეტი დეფიციტის გარეშე. დეფიციტში ბევრი საშიშროება არ არის, თუ ის არ არის ქრონიკული, თუ ის არის მართვადი, რეალურ ჩარჩოებში ჩასმული და მისი შედგენის თუ მონიტორინგის აღსრულების პროცესი ეკონომიკურად პროგნოზირებადია.
დემურ გიორხელიძე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე: ბოლო შვიდი წელია საქართველოში საბიუჯეტო პოლიტიკა, ფაქტობრივად, არ იცვლება, არადა, ამ საბიუჯეტო პოლიტიკამ უმძიმესი შედეგები მოიტანა თვით საბიუჯეტო სექტორში. მრავალი დღევანდელი პრობლემა სწორედ ამ არასწორი საბიუჯეტო პოლიტიკის შედეგია, თანაც, 7 წელია არის უმძიმესი საბიუჯეტო კრიზისი და წლიდან წლამდე აღმასრულებელი ხელისუფლება ბიუჯეტის პროექტით შემოდის, რომელიც კალკია წინა წლისა. გარდა აბსოლუტური მაჩვენებლებისა, შინაარსობრივად, მიმართულებებით, აქცენტირების თვალსაზრისით ერთი და იგივეა ყველაფერი. 2003 წლის ბიუჯეტის პროექტი არაფრით განსხვავდება წინა წლების ბიუჯეტებისგან, შედეგი იქნება იგივე, რაც გვაქვს ამ წლების განმავლობაში. ამიტომ დღეს, როგორი რიტორიკაც არ უნდა გამოიყენონ აღმასრულებელი ხელისუფლების ეკონომიკური ბლოკის მინისტრებმა, როგორი მხარდაჭერაც არ უნდა მოძებნონ მათ პარლამენტში, ეს მავნე და სამარცხვინო ტრადიციაა, ყოვლად მიუღებელი ბიუჯეტი გადიოდა და ალბათ წელსაც იქნება მიღებული, პასუხისმგებლობის საკითხი ერთნაირად უნდა გადაინაწილოს როგორც ეკონომიკური ბლოკის ხელმძღვანელებმა ამ წლებში, ისე საქართველოს პარლამენტმა.
რაში მდგომარეობს ფუნდამენტური პრობლემა? ხელისუფლების მიერ აღებული ვალდებულებები არ შეესაბამება ხელთ არსებულ რეალურ, ლეგალურ რესურსებს. თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოში მართლაც ისეთი უმძიმესი მდგომარეობაა ფაქტობრივი რესურსების არსებობით, როგორც ეს ბიუჯეტშია ასახული. ბიუჯეტი იგეგმება უზარმაზარი დეფიციტით. 2003 წლის ბიუჯეტი არაფრით განსხვავდება ამ ტენდენციისგან. დეფიციტის დაფარვის წყაროები ყოველ წელს არის, ძირითადად, საგარეო წყაროები, ანუ ის სახსრები, რომლებიც ჩვენი მოკავშირე და მეგობარი ქვეყნებიდან აგრეთვე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან უნდა მივიღოთ. ყველა ეს თანხა დაკავშირებულია აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ გარკვეული ვალდებულებების აღებასთან. აღმასრულებელი ხელისუფლება კი ამ ვალდებულებებს ჯიუტად არ ასრულებს. შედეგად, ამ თანხების მიღებაში ყოველთვის არის პრობლემა, დეფიციტი რჩება დეფიციტად.
ამას ემატება ადგილობრივ, უკვე სახელმწიფოს შიგნით გადასახადების აკრეფვის კატასტროფული მდგომარეობა და ჩვენ ვიღებთ ყოველწლიურად უზარმაზარ გარღვეულ ბიუჯეტს, დაუფინანსებლობას, რომელიც ასევე კატასტროფისკენ მიაქანებს სიტუაციას. ასე მარტივად არ არის საქმე ბიუჯეტი შესრულდება თუ არა. ყველა ის ვალდებულება-მოვალეობა, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას ეკუთვნის ამ სფეროში, დღეისათვის შეუსრულებელია. გაცნობიერებული არ არის მთავარი, რომ მას შემდეგ, რაც დაძლეულ იქნა ჰიპერინფლაცია და ჩვენ შედარებით ნორმალურ რეჟიმში დავიწყეთ მუშაობა, ამაზე უფრო დიდი პრობლემა საქართველოში შიდა პოლიტიკის თვალსაზრისით არ არსებობს, ვიდრე საბიუჯეტო კრიზისის დაძლევაა. თუ ეს საბიუჯეტო კრიზისი დაძლეული არ იქნება, ვერანაირი ძვრა ვერც მმართველობაში, ვერც სოციალურ სფეროში, ვერც იმ ელემენტარულ ვალდებულებებში, რომელიც ცენტრალურმა ხელისუფლებამ საკუთარი მოქალაქის წინაშე უნდა აიღოს, ვერ შესრულდება. ეს ცალსახაა, მაგრამ ეს სიღრმე არც ერთ მინისტრს არ გააჩნდა. იცვლება ფინანსთა მინისტრები, მაგრამ არაფერი იცვლება, რეალურად. ჩვენ ყოველ წელიწადს დიდი ტაშის გრიალით ვიღებთ ბიუჯეტს და როცა ბიუჯეტს ღებულობენ ყველანი კმაყოფილები არიან, რომ ვიღაცას მოერივნენ პარლამენტში. არადა, სამი წლის განმავლობაში პარლამენტში, ფაქტობრივად, მოხაზული იქნა ის აუცილებელი, რადიკალურად განსხვავებული კონცეფცია, საბიუჯეტო პოლიტიკა, რომელსაც 1999 წელს 2000 წლის ბიუჯეტის მიღებისას უკვე შეეძლო სიტუაციის შეცვლა, მაგრამ არაფერი გაკეთებულა. არ არსებობს პოსტსაბჭოურ სივრცეში უფრო დაბალი მაჩვენებელი, ერთი მხრივ, მთლიან შიდა პროდუქტში შემოსავლების წილისა, მეორე მხრივ, სტრუქტურა ამ შემოსავლებისა არის კატასტროფული – დააკვირდით იგივე იმ ყბადაღებული სიგარეტისა და საწვავის შემოსავლებს. 1996-97 წლებიდან დინამიკას თუ გავაკეთებთ, კატასტროფულად მცირდება შემოსავლები ბენზინიდან, სხვა საწვავის რეალიზაციიდან, ასევე საოცრად მცირდება შემოსავლები თამბაქოს ნაწარმის იმპორტიდან და ა.შ. ეს ყველაფერი არის მხოლოდ ჩრდილში გადაქაჩული მილიონები და ნაბიჯიც არ არის გადადგმული მათი ოპტიმალური რეჟიმის დასადგენად. მაშ რაშია საქმე?
ჯერ ერთი, ისევ და ისევ ნარჩუნდება ყბადაღებული დაცული მუხლები, რომლებიც არასწორად არის განსაზღვრული, რადგან შეუძლებელია საბიუჯეტო სფეროში დაცული იყოს ხელფასი და არ იყოს დაცული ის თანხები, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურას ელემენტარულ სამუშაო პირობებს აძლევს. ამიტომ ჩემს რეკომენდაციებში მე მივუთითებდი არა დაცულ მუხლებზე, არამედ ხარჯების პრიორიტეტებზე, ანუ კანონით განსაზღვრული უნდა იყოს პირველი, მეორე და მესამე კატეგორიის ხარჯები, იმ შემთხვევაში, როცა რაღაც ექსტრემალური პირობებია და ბიუჯეტი არ სრულდება ან ვერ სრულდება შემოსავლების ნაწილში, იმისთვის, რომ სასიცოცხლო სექტორები სახელმწიფოში იყოს უზრუნველყოფილი, უნდა არსებობდეს დეფიციტის შემთხვევაში ე.ი. I, II, და III დაფინანსების ეშელონირებული ფორმა. ამის ნაცვლად თითქოს მოქალაქეებზე ზრუნვის მოტივით საუბარია იმაზე, რომ პენსია არის დაცული, მაგრამ პენსია რომ 14 ლარია, ბევრ მინისტრს უნდა ეს დავიწყებას მისცეს, ასევე ხელფასების მიზერული ნაწილი. თითქოს საუბრობს ფინანსთა მინისტრი და ეკონომიკური ბლოკის მინისტრები, რომ ეს არის სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი. არა ერთხელ მითქვამს და გავიმეორებ – მაშინ ჩვენს მინისტრებს წარმოდგენა არა აქვთ, რა არის სოციალური პოლიტიკა. სოციალური პოლიტიკა არ შეიძლება იყოს 14 ლარიანი პენსიის გაცემა, 30-40 ლარიანი ხელფასის გაცემა იგივე პედაგოგებისა და სახელმწიფო დაწესებულებების თანამშრომლებისათვის.
კიდევ ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი – საგარეო ვალების მომსახურების საკითხი. წარმოდგენილ ბიუჯეტში ჩასმულია ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯების 36% საგარეო ვალების მომსახურებისთვის, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ “პარიზის კლუბთან” მოხერხდება ვალების რესტრუქტურიზაციის საკითხი. დავსვი კითხვა – რომ ვერ მიაღწიოთ რესტრუქტურიზაციას, მაშინ ცენტრალური ბიუჯეტის 50-55% მხოლოდ საგარეო ვალების მომსახურებას უნდა მოხმარდეს, რადგან 2003-2004 წელი არის პიკური მოკლევადიანი ვალების მომსახურებისთვის. 55% ვალების მომსახურების შემთხვევაში, ფაქტობრივად, ბიუჯეტი დაინგრევა და დაუფინანსებელი დარჩება არა მარტო ხელფასები და პენსიები, არამედ სასიცოცხლო სფეროებიც. ამიტომ, არ შემიძლია დავუჭირო მხარი სათუოდ – პირობით, ჩვენ შემდეგში მივაღწევთ… რომ ვერ მიაღწიონ? დღეს უნდა შემოიტანონ ბიუჯეტი, ის სწორი ციფრები, რომლებიც დღევანდელი მდგომარეობით ხელისუფლების ვალდებულებას შეადგენენ. თუ რესტრუქტურიზაცია მოხდება, მაშინ შემცირდება ვალების მომსახურება და, მერწმუნეთ, ეს გაცილებით მარტივია, ფული ჩვენ ზედმეტი კარგა ხანს არ გვექნება და სასიცოცხლო სეგმენტებზე გადავდგებით.
არ არსებობს სფერო, რომელზეც შეიძლება თქვა, რომ ჯანსაღად და სწორად არის გათვლილი. 2003 წელი ისევე დაკარგულია საბიუჯეტო კრიზისიდან გამოსვლისთვის, როგორც დაკარგული იქნა წინა წლები. ყოველი მომდევნო წელი უფრო დიდი დანაკარგების წელია. ამიტომ მე ამას ვერ დავუჭერ მხარს სრულიად შეგნებულად.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც არის მთავარი მიზეზი, რომ სიტუაციები არ იცვლება – კანონმდებლობის არარსებობა. ის კანონი, რომელიც არსებობს საბიუჯეტო სისტემისა და უფლებამოსილების შესახებ, უკვე არამოქმედი კანონია. ეს არის ქაღალდი, რომელსაც არაფერში იყენებენ, უამრავი კანონი აკლია საბიუჯეტო სფეროს. ეს კანონები გაკეთებულია. პირადად მაქვს დოკუმენტების პაკეტი შემუშავებული – ხაზინის და უამრავი სხვა კანონი გადაცემული მაქვს რა უნდა იყოს I ეტაპის და მომდევნოდ მისაღები კანონები, მაგრამ არ იღებენ წელიწადნახევარია. მომზადებულია სახელმწიფო აუდიტისა და შიდა კონტროლის სტანდარტები, მითითებულია თუ ამ ეტაპის შემდეგ რომელი აუცილებელი საბიუჯეტო კანონები უნდა იყოს მიღებული. ისევ ვეცდები წამოვწიო ეს თემა, თუ პარლამენტმა იფიქრა საქმეზე. ეს დიდი პაკეტია, ჯიუტად რომელი მინისტრიც მოდის, არავის არ უნდა ხაზინის კანონი, საბიუჯეტო სფეროში კანონმდებლობა რომ არსებობდეს, რადგან ეს არის განუკითხაობის საუკეთესო საშუალება – ვისაც გინდა, როცა გინდა გადაურიცხავ საკუთარი შეხედულებების მიხედვით.
დღევანდელ სიტუაციაში გაცილებით მართებული იქნება, რომ არ იყოს ბიუჯეტი. გვპასუხობენ, რომ მაშინ სავალუტო ფონდი არ მოგვცემს დახმარებას. ღმერთმა ქნას, რომ სავალუტო ფონდმა არ მოგცეს თანხები. აღმასრულებელი ხელისუფლება ისე მიეჩვია იმ ნარკოტიკს, რასაც ჰქვია ტრანშები სავალუტო ფონდიდან, რომელიც სრულიად არაეფექტიანად, აბსოლუტურ არაპრიორიტეტულ მიმართულებებზე მიდის, გარდა იმისა, რაც ეროვნული ბანკის რეზერვებისთვისაა და კიდევ ზოგიერთი მცირე გამონაკლისის გარდა. ეს უმძიმეს შთაბეჭდილებას ახდენს. ჩვენ ველოდებით 15-20მლნ-ს და იმის გამო, რომ უპასუხისმგებლო აღმასრულებელი ხელისუფლებაა, ვისაც ევალება გადასახადების აკრეფვა. 20-40-100მლნ-ს ისე ვატარებთ ჩრდილში, თითქოს არაფერია. მაგრამ ის თანხები არ იფიქროთ დაბეგრილი არ არის. მაშ რა არის და სად არის კორუფცია. ის არის სწორედ ამ ჩრდილოვან სექტორში, ჩრდილოვან ურთიერთობებში.
დავუჭიროთ მხარი ამ ბიუჯეტს? შედეგი რა იქნება? მერწმუნეთ, ისევე როგორც დღეს, ნოემბერში 100მლნ-ზე მეტი გარღვევაა 2002 წლის ბიუჯეტისა და ეს ბიუჯეტი არ შესრულდება, წინასწარ გეუბნებით და სამი წელია ამას ვამბობ, არც 2003 წლის ბიუჯეტი შესრულდება და არც არის ეს ბიუჯეტი იმისათვის, რომ შესრულდეს. ის მხოლოდ იმისათვისაა, რომ შენარჩუნდეს არსებული მდგომარეობა.
ნოდარ ჯავახიშვილი, პარლამენტარი: გავიხსენოთ ნებისმიერი მინისტრი, რომელიც ბოლო წლებში მოღვაწეობდა – ჭკუასელით დაწყებული და გოგიაშვილით დამთავრებული, არც ერთს უთქვამს, კონკრეტულ ციფრში ამ ბიუჯეტს შევასრულებ და მომავალ წელს 50%-ით გავზრდიო. ყოველთვის მიკვირდა პარლამენტის დამოკიდებულებაც. თუკი არა გაქვს კონკრეტული პროგრამა, რომ მდგომარეობას რადიკალურად გააუმჯობესებ, რატომ უნდა დაგამტკიცო? მაგრამ ჩვენ მაინც ვამტკიცებთ რაღაც ამორფულ ვალდებულებებზე. სახელმწიფო მინისტრმაც ბრძანა – მომეცით დრო და მერე წარმოვადგენ ახალ ბიუჯეტს – ისიც კი არ ვკითხეთ, რა იქნებოდა ამ ახალ ბიუჯეტში. საუბარია გამუდმებით რაღაც გარკვეულ დროზე. მე არ ვიცი რა ვადა სჭირდება იმას, რომ ხელისუფლებამ თავისი ნება გამოხატოს. ლაპარაკი არ არის ძალიან სიღრმისეულ რეფორმებზე, ძირეულ ცვლაზე – არ არის ამის აუცილებლობა დღეს – აუცილებლობა არის, მაგრამ არა იმ თვალსაზრისით, რომ ეს გაზრდის ბიუჯეტს, რადგან ბიუჯეტის გაზრდის ზედაპირზე მყოფი საშუალებები არსებობს – უბრალოდ, უნდა იყოს ნება და შემცირდეს კონტრაბანდა. ბიუჯეტური მოწყობის თვალსაზრისით არ უნდა იყოს სპეცსახსრები და უნდა იყოს ბიუჯეტი – ერთი, მთლიანი ფინანსური ჯიბე ქვეყნისა და იქედან იხარჯებოდეს, ყველა სახელმწიფოსგან დასაფინანსებელი ობიექტები. ყოველ შემთხვევაში ეს შემოღებულია იმიტომ, რომ სახსრების დეფიციტის გამო დაცული მუხლები ირიბად, მაგრამ დაირღვეს ბიუჯეტის კანონი. თუ ყველაფერი ბიუჯეტში იქნება, არ მოხდება ისე, რომ 1997 წლის პენსიების გასაცემი გვაქვს და ამ დროს ნებისმიერ სამინისტროს შეუძლია მანქანებიც იყიდოს და ბევრი სხვა რამ გააკეთოს. სპეცსახსრები იმისთვისაა, რომ ბიუჯეტურ სახსრებს ვერ დახარჯავენ – ხელფასები უნდა გასცენ ჯერ და კვების ხარჯები დააფინანსონ, ამით ვერ იყიდიან “ჯიპებს”, ამიტომ სპეცსახსრებია, რომლითაც შეფარვით ხდება ე.წ. კანონით დამტკიცებული რიგითობის დარღვევა და ამიტომ გვაქვს, რომ თითქოს ყველაფერი კარგად არის – გაწკრიალებული მანქანებიც არის და ბევრი სიკეთე და ამ დროს არ არის წინა წლების ხელფასები. საგადასახადო შემოსავლების ყოფილ სამინისტროს თავისი თანამშრომლების ხელფასები გაუცემელი აქვს, მაშინ, როცა 43 მილიონია წლევანდელ ბიუჯეტში ჩადებული ანუ მეტი, ვიდრე თავდაცვის სამინისტროს. ეს სპეცსახსრები იძლევა ბიუჯეტური პროცესის კანონის ფარგლებში დარღვევის შესაძლებლობას.
რომან გოცირიძე: პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი. – წლების განმავლობაში ბიუჯეტი სრულდება გარღვევით, ხან მეტით, ხან ნაკლებით. ეს ტრადიცია წელსაც გაგრძელდება, ვინაიდან, ბიუჯეტში საკმაო რაოდენობის დანაკლისია, ხოლო რაც შეეხება მომავალ ბიუჯეტს, იქ არსებითი ზრდა არ არის გათვალისწინებული. ლარის კურსის დევალვაციას თუ გავითვალისწინებთ, ახლა არის 2,18, მერე იქნება 2,0 – 2,25 ჩადებული. ღმერთმა ქნას ამდენი იყოს და არ გადაცდეს, და თუ გავითვალისწინებთ ამ დევალვაციას, წმინდა დოლარებში გამოხატული ზრდა არის მიზერული და ჩადებული 90-მილიონიანი ამ მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შედარებით ანუ, ფაქტობრივად, გამოდის, რომ ამნაირი ტიპის ბიუჯეტის შემთხვევაში საქართველოს უახლოეს პერსპექტივაში არ ეღირსება არც ხელფასების მომატება. ამიტომ, რადიკალური ნაბიჯებია გადასადგმელი, იცვლება ფორმა და არ იცვლება შინაარსი. არავითარი ნება არ არსებობს შეცვლის.
გელა ხანიშვილი: ბიუჯეტის ფორმირების პროცესში, არაფერი იცვლებაო ხშირად ისმის მაგრამ ასე არ არის. ის, ვინც საბიუჯეტო პროცესებს თვალს ადევნებს და შეუძლია პარალელი გაავლოს თუნდაც 95 წლის ბიუჯეტთან, ნათლად დაინახავს იმ ცვლილებებს, დადებით ტენდენციებს, რომლებიც ჩვენს ბიუჯეტს აახლოვებს მსოფლიო სტანდარტებთან. ეს ყოველწლიურად ნაბიჯ-ნაბიჯ კეთდება. დეკლარირების დონეზე, ზოგიერთს რომ წარმოუდგენია, ბიუჯეტი უცებ შეიძლება შეიცვალოს და სულ სხვა გახდეს, ასე არ არის, ეს ნამდვილად შეუძლებელია. თუნდაც ის ფაქტი, რომ ჩვენ არ გვქონდა საბიუჯეტო კანონმდებლობა, ეს კანონმდებლობა შეიქმნა და მუშაობა მიმდინარეობს მის დასახვეწად, უდავოდ წინსვლაა. მის დახვეწაზე და საბიუჯეტო კოდექსის ჩამოყალიბებაზე მუშაობას ჯერ კიდევ მიხეილ ჭკუასელის დროს ჩაეყარა საფუძველი. შემდგომ ძალიან სერიოზული და პრაქტიკულად საბაზო დოკუმენტი მომზადდა დავით ონოფრიშვილის დროს. მუშაობა გაგრძელდა ნოღაიდელის მინისტრობის დროსაც და დღესაც გრძელდება მირიან გოგიაშვილის მინისტრობისას. ეს, ფაქტობრივად, მიანიშნებს, რომ პროცესი არ არის თუნდაც უცბად, ერთ წელიწადში დასამთავრებელი. ეს გახლავთ მუდმივად განვითარებადი პროცესი, რომელიც სასურველისგან ჯერ ძალიან შორს არის, მაგრამ დადებითი ტენდენციები უდავოდაა. შინაარსობრივადაც და ფორმითაც ბიუჯეტის სრულყოფაზე მუშაობენ არა მარტო ქართველი სპეციალისტები, არამედ მსოფლიო ბანკის, სავალუტო ფონდის ექსპერტები, რომლებიც ათასგვარი რეკომენდაციებით, სხვადასხვა მიდგომებით, ფორმებით, დამუშავებით, ანალიზით ყოველწლიურად ხვეწენ ამ პროცეს. დღევანდელი მდგომარეობით სახარჯო ნაწილი მათი მოთხოვნების მიხედვით არის დამუშავებული, როგორც ეს ჩემთვის არის ცნობილი. სერიოზული სამუშაოები ტარდება უშუალოდ საშემოსავლო ნაწილის დახვეწისთვის. მოგეხსენებათ, ხაზინაში მიმდინარეობს რეფორმა რომელმაც უნდა უზრუნველყოს მთელი შემოსავლების თავმოყრა ხაზინაში აღრიცხვის, სხვადასხვა დაჯგუფებების თვალსაზრისითაც. ნუ წარმოვიდგენთ თითქოს ეს ძალზე მარტივი პროცესი იყოს. დაახლოებით ეს არის 300 ათასი სხვადსხვა განსხვავებული სტრიქონის ერთობლიობა საშემოსავლო ნაწილში. რთულია მისი დაჯგუფება სისტემაში თუ შესაბამისობაში მოყვანა. თან ნუ წარმოვიდგენთ, რომ ეს პროცესი არ იყოს სასურველი. ცხადია სახელმწიფო უწყებებს, თვით ფინანსთა სამინისტროს სურდა და დარწმუნებული ვარ დღესაც სურს ეს იყოს უფრო მეტად გამჭვირვალე, სრულყოფილი პროცესი, მაგრამ საბიუჯეტო მხარჯველი სუბიექტები, ისევე როგორც ბიუჯეტში თანხების შემტანი სუბიექტები თუ სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურები, მოსაყვანია ერთიან საკანონმდებლო და საბაზო სივრცეში, რომ მათაც შეძლონ ამ პროცესების განხორციელება.
ამ პროცესების მიმდინარეობას, რა თქმა უნდა, აქვს თავისი სუბიექტური, უარყოფითი მომენტები და ტენდენციები, აქვს ობიექტურიც. შეიძლება სუბიექტურად განვიხილოთ გარკვეულ პიროვნებათა ქმედებები, რომელთაც არ სურთ თუნდაც სპეცსახსრებთან დაკავშირებული ერთიანი საბიუჯეტო მოწყობის შემოღება. ობიექტურია ის, რომ გარკვეულ შემთხვევებში ორგანიზაციებისთვის სწორედ ეს სპეცსახსრებია კრიტიკულ სიტუაციებში მდგომარეობიდან გამოსვლის საშუალება. არათანმიმდევრული საბიუჯეტო დაფინანსების პირობებში რაღაც გამოსავალი მონახონ. ასე რომ, ეს არ არის ცალსახად საკრიტიკებელი ან საქები პოზიცია. თუმცა, ტენდენციები მაინც დადებითისკენ გაცილებით სჭარბობს, ვინც თვალყურს ადევნებს და არასუბიექტური კრიტიკით არის დაკავებული, არამედ, მართლა ობიექტურად ქვეყნის განვითარების პერსპექტივა აინტერესებს, ნახავს, რომ ნებისმიერი სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ვიზიტების დროს ხდება შეფასებები და სრულყოფისკენ იდგმება ნაბიჯები.
ცხადია, თუნდაც სახაზინო მოწყობის თვალსაზრისით ძნელია ილაპარაკო, რომ ყველაფერი სრულყოფილია, მაგრამ ის ფაქტი, რომ ხაზინას უკვე გააჩნია თავისი სერიოზული ადგილი და უნარი იმისა, რომ მართოს საბიუჯეტო პროცესების ხარჯვითი ნაწილი და დღეს საუბარია იმაზე, რომ მას საშემოსავლო ნაწილის აღრიცხვის ფუნქციაც დაეკისროს, მიანიშნებს იმაზე, რომ დადებითი ნაბიჯებია გადადგმული.
საბიუჯეტო მოწყობას ზოგადად და საკანონმდებლო ბაზას, რა თქმა უნდა, აქვს თავისი სერიოზული ზეგავლენის მოხდენის უნარი თვითონ ბიუჯეტის სწორად დაგეგმვაზე, შემდგომ მის სწორად შესრულებაზე, რადგან ეს არ არის მარტო ცხრილების ერთობლიობა. ბიუჯეტი არის ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური მოვლენების სრულყოფილი ასახვა (ყოველ შემთხვევაში, სასურველია, რომ ასე იყოს), სადაც ნათლად უნდა გამოჩნდეს, ესა თუ ის შემოსავალი რატომ უნდა იყოს და ესა თუ ის ხარჯი რატომ უნდა გაიწიოს. რადგან არსებობს ძალზე სერიოზული მჭიდრო მიზეზ-შედეგობრივი კავშირი შემოსავალსა და ხარჯებს შორის თვით საბიუჯეტო ხარჯებიდან გამომდინარე და პირიქით, არსებობს ძალზე სერიოზული კავშირი იმ შემოსავლებს შორის, რომელიც ქვეყანამ უნდა მიიღოს და შემდგომ რა სახარჯო პოლიტიკის წარმოება შეუძლია, აქედან გამომდინარეობს. ჩვენი სახარჯო პოლიტიკა, ძირითადად, აგებულია, ხშირ შემთხვევაში, მხარჯველი სუბიექტისგან ობიექტურ მოთხოვნებზე, რომელიც ნამდვილად სჭირდება (თუნდაც თავდაცვას), მაგრამ, ამავე დროს, ჩვენ ვხვდებით სუბიექტურ ფაქტორებსაც ხშირად, რადგან ქვეყანაში არსებობს ძალიან ბევრი სტრუქტურა, დაწესებულება, რომლებიც საბჭოთა კავშირის დროინდელი ნოსტალგიით არის გამსჭვალულები. ამ სუბიექტური მომენტების დაძლევა კი აუცილებელია და სწორედ საკანონმდებლო ბაზა დაძლევს ყველაფერს ამას.
არის კიდევ ერთი მომენტი – ჩვენ ქვეყანაში ვცდილობთ, რომ შემოსავლები სწორად დავგეგმოთ. არსებობს უამრავი კანონი, რომელიც ამ შემოსავლებს უნდა არეგულირებდეს, მაგრამ მათი მჭიდრო ურთიერთკავშირის გამო საბიუჯეტო პროცესებთან, მათი გაუმჭვირვალეობის გამო, შეუძლებელი ხდება სწორად დაინახო, მართლა რა უნდა იყოს ესა თუ ის შემოსავალი. თუ წარმოვიდგენთ იმასაც, რომ ამ საბიუჯეტო პროცესებს აქვს მთელი რიგი შემაფერხებელი ფაქტორები იგივე რეგიონალური წარმონაქმნებიდან გამომდინარე, აქვს მთელი რიგი სუბიექტური ფაქტორები ისევ რეგიონებში, ძალიან ძნელია საბიუჯეტო პროცესების სრულყოფილი ასახვა ამ მთლიან სისტემაში მოყვანის გარეშე.
ძალზე სერიოზული პრობლემაა იმასთან დაკავშირებით, რომ ბიუჯეტის დაგეგმის პროცესში, რა თქმა უნდა, კეთდება უფრო სრულყოფილი ანალიზი მაკროეკონომიკური ხედვიდან გამომდინარე. ხშირ შემთხვევაში, ჩვენ სურვილი გვაქვს ყოველივე ეს მიკროდონეზე წყდებოდეს. ეს წარმოუდგენელი არ არის, მაგრამ ჩვენი აღრიცხვის პირობებში, ჩვენი საგადასახადო სტრუქტურების მუშაობის პირობებში შეუძლებელია, როგორც თითოეული შემოსავლის, ისე თითოეული მხარჯველი სუბიექტის დონეზე აბსოლუტურად ბოლომდე და ძირისძირობამდე იყოს საკითხი შესწავლილი. მაგრამ როცა ქვეყნის პოტენციალი განიხილება, იქ განიხილება იმ ზოგადი პარამეტრების მიხედვით, რაც მაკროეკონომიკურ მოვლენებთანაა დაკავშირებული. ხშირად ბიუჯეტის შეუსრულებლობა გამოწვეულია არა მაკროეკონომიკური პრობლემებით, არამედ იმ პრობლემებით, რომ ის სრულად ვერ პოულობს ასახვას სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობაში. კონკრეტული მაგალითი რომ ავიღოთ, როცა ვგეგმავთ თუნდაც სიგარეტიდან შემოსავალს, ეს ციფრი კი არ არის არასერიოზული ან არასწორი, მისი აღსრულებაა არასერიოზული და არამართებული, თორემ თვითონ ციფრის დაგეგმის დროს, საბიუჯეტო პროცესების დაგეგმვისას, ის უფრო მნიშვნელოვნად შემცირებულიც კი არის იმ პოზიციების გათვალისწინებით, რაც საქართველოში საგადასახადო ადმინისტრირების თვალსაზრისით არსებობს. მაგრამ, მიუხედავად ამისა, ხშირ შემთხვევაში, ყოველგვარი პროგნოზებს მიღმა ხდება განუკითხაობის მასშტაბების ზრდა. იგივე მდგომარეობაა დღეისათვის ხორბლის აღრიცხვასთან დაკავშირებით. ეს განუკითხაობის ისეთი ზღვარია, რომელიც არ შეიძლება დაგეგმო თუნდაც ამ პარამეტრებით. შეგუება იმასთან, რაც დღეს ხდება და აღიარება ნორმად ნიშნავს, რომ ხვალ კიდევ უარეს შედეგს მივიღებთ. ქვეყანას აქვს სულ სხვა პოტენციალი. ქვეყანა მაინც დიდი ნაბიჯებით მიდის წინ ამ ყველაფრის მიუხედავად, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ნაბიჯებს ფეხს ვერ უწყობს სახელმწიფო სექტორში თანხების მობილიზება და მისი დამოკიდებულება. როცა ქვეყანაში არნახული წარმატებით ვითარდება მომსახურების სფერო – რესტორნების ქსელი, სილამაზის სალონები თუ სხვა ეკონომიკური სფეროები, იგივე საბანკო სფერო, ყველაფერი მიანიშნებს, რომ წინ მივდივართ. 185 მილიონს მიაღწია “თი-ბი-სი” ბანკის საბანკო აქტივებმა. ეს უზარმაზარი ნაბიჯია, თითქმის 74%-იანი ზრდაა წინა წელთან შედარებით. არ შეიძლება არ აღიარო, რომ ეს ეკონომიკის განვითარების შედეგია და არა ვიღაცის მიერ ქაღალდზე დაწერილი ციფრი. მაგრამ სამწუხაროდ, ლეგალიზაციის მასშტაბებია ძალიან მცირე. არასერიოზული გახდა კონკურენცია. არალეგალურ სფეროში მიმდინარეობს კონკურენცია ნაცვლად ლეგალური სფეროსი და ყველაფერი ეს გავლენას ახდენს ბიუჯეტის შესრულებაზე.
რეალურ გამოსახულებაში ბიუჯეტის ყველაზე სერიოზული პარამეტრები იყო 1997 წელს. მიმდინარე ფასებში, მიმდინარე შემოსავლებში იმ კურსების გათვალისწინებით, რაც არის, დღევანდელი ციფრი აბსოლუტურში მეტია, ესეც დადებითი ტენდენციაა, მაგრამ თუ ვიქნებით უფრო ობიექტურები, ვნახავთ როდის იყო ის უკეთესი. და თუ იმასაც გავაანალიზებთ, რატომ იყო მაშინ ასე, რა საგადასახადო კანონმდებლობა მოქმედებდა, შეგვიძლია დავასკვნათ, რა არის ძირითადი მიზეზი ბიუჯეტის გამუდმებული შეუსრულებლობისა. ნუთუ არ შეიძლება განვიხილოთ და ვთქვათ, რომ 1997 წელს მიღებულმა საგადასახადო კოდექსმა რადიკალურად შეამცირა ლეგალური სექტორის აქტივობა ქვეყანაში. თქმით მარტო მე უამრავჯერ მითქვამს და ამას ვასაბუთებდი კოდექსის მიღების დღიდან, თვით პროექტის განხილვის დროიდან მოყოლებული. დამატებული ღირებულების გადასახადის იმ სქემამ, რომელიც შემოვიღეთ, არათუ ხელი შეუწყო ქვეყანაში გადასახადების მობილიზებას, არამედ მანკიერი პრაქტიკა დანერგა, როცა ერთი კეთილსინდისიერი გადამხდელის მიერ გადახდილი თანხა ხდება უამრავი მტაცებლის ობიექტი, რომლებიც ბიუჯეტიდან ფულის უკან გამოტანით არიან დასაქმებულნი. ნუთუ არ შეიძლება იმის დანახვა, რომ იმ პერიოდისათვის არსებული 200 მილიონიანი საგადასახადო ვალდებულება, სადაც დღგ, პრაქტიკულად არ ფიგურირებდა, მიმდინარე ვალებზე იყო საუბარი, დღეს მილიარდებში ავიდა და დღგ-მა სერიოზული ადგილი დაიკავა. ანუ ჩვენ გვაქვს ისეთი ობიექტური საფუძველი, როგორიც კოდექსია, რომ გამუდმებული კრიტიკის ქვეშ იმყოფებოდეს ბიუჯეტის შესრულება. რა თქმა უნდა, მე არ მინდა დავუკარგო ის დადებითი ტენდენციები ფინანსთა სამინისტროს ხელძღვანელობას, რისი გაკეთებაც მათ შეძლეს. აქ ერთი რამ არის ნიშანდობლივი – ბატონმა ლევან ძნელაძემ ჩაუყარა ამას საფუძველი, მის დროს დაიწყო საგადასახადო პარამეტრების რეალურად შესრულება ასეთ დონეზე. ჩემთვის გაუგებარია, ლევან ძნელაძის გათავისუფლება ამ თანამდებობიდან და მისი დანერგილი ტენდენციის გაგრძელება. მან ჩაუყარა საქმეს სერიოზული საფუძველი და მის მიერ მოყვანილი კადრები აგრძელებენ დღეს საგადასახადო შემოსავლების აბსოლუტურ ციფრებში მობილიზებას. მაგრამ როდესაც გვაქვს იგივე აჭარის პრობლემა, რომელიც როგორც არ უნდა მიაჩუმათონ, ყოველ წელს იყო, ჯერ კიდევ მიხეილ ჭკუასელის დროიდან მოყოლებული – თუ დააკვირდებით დიაგრამებს აჭარასთან დაკავშირებით, 1997 წელი თითქოს არ არის დავალიანება, კრედიტად არის გაფორმებული და ამიტომ, მაშინაც ეს ტენდენცია არსებობდა. ბიუჯეტის შესრულებაზე საუბარი ძალიან ფართო სპექტრში ითხოვს განხილვას. ვერც ერთი ფინანსთა თუ საგადასახადო მინისტრი ვერ მოაგვარებს ამგვარ პრობლემებს, თუ ის არ გადაწყდა პოლიტიკურ ჭრილში, თუ ამა თუ იმ პიროვნების განუსჯელ ქმედებებს არ დაესვა წერტილი. მოვხსნით ერთ მინისტრს, მეორეს და მაინც უარყოფითი შედეგებით ვამთავრებთ ყოველ სამეურნეო წელს. ჩვენ უნდა მოვხსნათ პრობლემის საფუძველი და შედეგი მაშინ იქნება დადებითი. საგადასახადო კოდექსში ჩვენ ვღებულობთ უამრავ ცვლილებას, რომლებიც უფრო და უფრო ანგრევს სიტუაციას. პურთან დაკავშირებული საკითხები გახდა წმინდა პოლიტიკური სპეკულაციის საგანი და არავინ ამბობს, რომ ექვსი თვეა სრული ქაოსი და განუკითხაობაა ამ სფეროში. რომ გუშინ რასაც იხდიდნენ, მიღებული კანონის შედეგად, იმასაც აღარავინ იხდის ბიუჯეტში. პოლიტიკური სპეკულაციის გამო, ჩვენ მილიონობით ლარს ვაკლებთ ბიუჯეტს, ისედაც მწირს და სუსტად ადმინისტრირებადს. ნებისმიერი პოლიტიკური განცხადება ტრიბუნიდან – სამთავრობო იქნება თუ საპარლამენტო, გადაიხადო თუ არ გადაიხადო, ეს არის ძალზე სერიოზული და ნოყიერი ნიადაგი, როგორც ჩინოვნიკისთვის, ისე მეწარმისთვის, რომ გარიგებაში შევიდნენ და გადასახადების გადახდის ნაცვლად გარიგება აწარმოონ.
გული მტკივა, როცა ბიუჯეტის პროცესებზე არ აკეთებენ ანალიზს, რომ ის 35 მილიონი, რომელიღაც სეგმენტში დაკლებული, არ არის მარტო 35 მილიონი. როგორც კი ბიუჯეტი იწყებს ხარჯვას, ეს ნაწილი მუდმივ ბრუნვაშია, უკან ბრუნდება. 35 მილიონი, გაცემული ხელფასის სახით, საბიუჯეტო სფეროში ბრუნდება დაახლოებით 20-22 მილიონი. 65% მთლიანი თანხის უკან შემოდის – სოცანარიცხების, საშემოსავლოს სახით. აღარაფერს ვამბობ უკვე იმ გადასახადებზე, რომელიც ორგანიზაციას აქვს გადასახდელი. ანუ ეს არ არის მხოლოდ უშუალოდ 35 მილიონის დაკლება. იგივე ევროკავშირის თანხების დაკლება არ არის პირდაპირი მნიშვნელობით 40 მილიონის დანაკლისი. ესაა 40 მილიონს პლუს ის 20 მილიონი, მისი პირველადი გაცემით, რომ დაბრუნდებოდა უკან. 60-70% ამ თანხისა სხვადასხვა სახით ბრუნდება ბიუჯეტში. ეს რთული სფეროა. მოსთხოვო ადამიანს სუბიექტურად შეასრულოს გეგმა და უყურო მცდარ ციფრებს, ნიშნავს რომ არაფერი იცი ეკონომიკაში. ან თუ იცი უფრო სამწუხაროა, რადგან დამნაშავე ხარ და საზოგადოება შეცდომაში შეგყავს.
ზოგადი კრიტიკა – ეს არ გაკეთდა – ძალიან იოლია. მაგრამ ძალიან ძნელია, თუნდაც, ერთი ნაბიჯი გადადგა დადებითი ტენდენციის შესაქმნელად. სხვაგან ვერ შევიძენთ საქართველოს ბიუჯეტს, ის უნდა შევქმნათ, ავაშენოთ, განვავითაროთ. ჩვენ გვინდა ეკონომიკა მდგრადი განვითარებით, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას უზრუნველჰყოფს. ის უნდა აშენდეს, უნდა შეიცვალოს საკანონმდებლო ბაზა, რომელიც მხოლოდ ქაღალდზე არ უნდა იყოს, ეს არის მენტალობა, საზოგადოების დამოკიდებულება პროცესებისადმი, საგადასახადო მოვლენებისადმი. როცა საზოგადოებაში წლების მანძილზე გრძელდება დისკუსია – უნდა არსებობდეს თუ არა სხვადასხვა მხარჯველი სუბიექტი, რაც წმინდა კომუნისტური გადმონაშთია, იქ ძალიან ძნელია წინსვლა.