მარათონი “საგადასახადო კოდექსი” გრძელდება
ოთარ ქირია
საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის მიერ წარმოდგენილი უახლესი ინიციატივა საგადასახადო ლიბერალიზაციის შესახებ ზოგ პუნქტში სსფ-სა და ბალცეროვიჩის ჯგუფის აზრთა სხვადასხვაობას იწვევს. არაა გამორიცხული, რომ ეს, გარკვეულწილად, უახლოეს მომავალში მათ შორის დაპირისპირების წამოწყების საფუძველიც გახდეს.
ნოღაიდელის მიერ წარმოდგენილი ინიციატივა, უამრავი დებატების, განხილვებისა და ბჭობის შემდეგ, შესაძლოა საზოგადოებას ქვეყნის მომავლისთვის სულაც არ მოეჩვენოს პოზიტიურად. რატომ? იმიტომ, რომ საზოგადოება შველას გადასახადების შემცირებაში ხედავს. ეს გაუმართლებელია, მაგრამ საფუძვლიანია, ვინაიდან ქვეყნის საგადასახადო კოდექსის გარკვეულ პუნქტებში მართლაც აუცილებელია. ეს ბევრად უმნიშვნელოა, ვიდრე სტაბილური საგადასახადო და საინვესტიციო გარემოს შექმნა, რომელიც, გადასახადების შემცირებას მათ გაზრდასთან, ადმინისტრირების ფორმების შეცვლასთან, სტრუქტურულ და სისტემურ რეფორმებთან ერთად, ერთ პაკეტს მოიცავს.
შესაბამისად, ფინანსთა სამინისტროს პროექტიც ამ მიმართულებით შედგა. თუ რამდენად სწორნი არიან ისინი, ჯერ ექსპერტებს დავეკითხოთ, შემდეგ კი თავადვე განვსაჯოთ.
გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტი, საქართველოში ქრონიკული ხასიათის მქონე საბიუჯეტო გარღვევების ფონზე, გასაკვირი სულაც არაა, რომ ქვეყნის ფინანსურმა და ეკონომიკურმა უწყებებმა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად, სხვადასხვა დამცავ ხრიკებს მიმართონ, საბიუჯეტო სეკვესტრების თუ მრავალფეროვანი ცვლილებების სახით. ქვეყნის ფინანსთა მინისტრის, ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, საქართველომ საგადასახადო კოდექსში 1997 წლიდან 35 შინაარსობრივი ცვლილება შეიტანა, საუბარი აღარაა მცირე ზომის კორექტივებსა და შესწორებებზე. ეს ქვეყნის არასტაბილურ გარემოზე მეტყველებს და მსოფლიო საზოგადოებას ინვესტიციისათვის შეუსაბამო გარემოს არსებობაზე მიუთითებს. თუმცა, საერთაშორისო დონის ექსპერტების და ინსტიტუტების მხარდაჭერა, ასე თუ ისე, აშკარაა. სამწუხარო ისაა, რომ მხარდაჭერა, ხშირ შემთხვევაში, მხოლოდ პოზიციის დაფიქსირებას გულისხმობს.
ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი პროექტი რამდენიმე ძირითად მიმართულებას ემყარება. მათ შორის:
სოფლის მეურნეობის დაბეგვრის საკითხი ისევ გაურკვეველია
დღგ-ის არსებული მდგომარეობის მიხედვით, მოქმედი რეჟიმი ითვალისწინებს დღგ-ის 24 ათას ლარიან ზღვარს, რომელიც, სამინისტროს აზრით, დიდ სირთულეებს ქმნის. შემოთავაზებული ვერსიით კი, წარმოდგენილი ცვლილება ითვალისწინებს დღგ-ის ზღვარის 100 ათასი ლარის ოდენობით დაფიქსირებას. პროექტის ავტორთა შეხედულებით, ზემოხსენებული მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მცირე და საშუალო ბიზნესს, რადგან დღგ-ის მსოფლიოში აღიარებული დადებითი თვისებები ამ კატეგორიის გადამხდელთათვის იჩრდილება მისი აღრიცხვიანობის სირთულით. თუმცა, გადამხდელს რჩება დღგ-ის გადამხდელად ნებაყოფლობით დარეგისტრირების უფლება და კონკრეტული პირი თვითონ გადაწყვეტს, რომელი სისტემაა მისთვის მისაღები. გარდა ამისა, დღგ-ის ზღვარი საერთოდ აღარ იარსებებს აქციზის გადამხდელთათვის. ეს ცვლილება გამოიწვევს საგადასახადო ორგანოების მხრიდან აქციზურ საქონელზე პრიორიტეტულობის მინიჭებას;
წარმოდეგნილი ცვლილება ხელს შეუწყობს დღგ-ის ანგარიშ-ფაქტურებზე კონტროლის გაძლიერებას, რაც გააუმჯობესებს ჩათვლებისა და დაბრუნების მექანიზმების რეალურად ამოქმედებას. მინიმუმამდე იქნება დაყვანილი ყალბი ანგარიშ-ფაქტურებით მისაღები ჩათვლების შემთხვევები.
გადამხდელთათვის, რომელთა ბრუნვა არ აღემატება დღგ-ის ზღვარს (100 ათასი ლარი) შემოღებულ იქნება გამარტივებული გადასახადი, რომლის გადამხდელები დაიბეგრებიან მხოლოდ მოცემული გადასახადით, რომელიც გაითვლება ბრუნვიდან. მიუხედავად იმისა, რომ დღგ-სთან შეფარდებით, ეს გადასახადი ვერ აკმაყოფილებს არაპირდაპირი გადასახადის ძირითად მოთხოვნებს, იგი ამცირებს გადასახდელი გადასახადების რაოდენობას, ამარტივებს აღრიცხვა-ანგარიშგებას და, რაც მთავარია, მეწარმე სუბიექტი არ საჭიროებს დამატებით საგადასახადო კონსულტაციებს;
არსებული მდგომარეობით, საშემოსავლო გადასახადის სისტემა ვერ აკმაყოფილებს მისთვის მინიჭებულ ფუნქციებს. მისი მოქმედი სქემა დღეისთვის მოძველებულია, რადგანაც კერძო სექტორის გააქტიურებამ მნიშვნელოვნად გაზარდა ფიზიკურ პირთა ცალკეული ჯგუფების ფულადი შემოსავლების მოცულობები, ხოლო მისი დაბეგვრის განაკვეთები უცვლელი დარჩა. კერძოდ, საშემოსავლო გადასახადის არსებული შკალის პირობებში, როგორც საბიუჯეტო, ისე არასაბიუჯეტო სექტორში, გადამხდელთა აბსოლუტური უმრავლესობა (დაბალშემოსავლიანი, საშუალო და მაღალშემოსავლიანი რგოლი) დაბეგვრის ერთი და იგივე, საშუალოდ 18-20 პროცენტიან, ზღვარში ექცევა. ანუ გადასახადი ვერ ასრულებს გადანაწილების ფუნქციას, ვინაიდან არა აქვს პროპორციული დაბეგვრის სახე.
ნოღაიდელის მიერ შემოთავაზებული ვარიანტის მიხედვით, გადასახადი განაკვეთების რაოდენობა 5 ერთეულიდან 4-ამდე შემცირდება, რაც ნაზარდი ჯამით შედარებით გაამარტივებს გადასახადის ოდენობის გაანგარიშების პროცედურას. კერძოდ, შემოთავაზებული მექანიზმით საშემოსავლო გადასახადის განაკვეთები შეადგენს:
– 160 ლარი – 0%;
– 600 ლარამდე – დასაბეგრი შემოსავლის 15%;
– 601 ლარიდან 12000 ლარამდე – 90 ლარი + 600 ლარს ზემოთ შემოსავლის 20%;
– 12001 ლარს ზემოთ – 2370 ლარი + 12000 ლარს ზემოთ შემოსავლის 25%-ს.
არსებული საგადასახადო კანონმდებლობით სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოება იბეგრება ჩვეულებრივ რეჟიმში, რაც იწვევს საკმაოდ დიდ წინააღმდეგობას ფერმერების მხრიდან. ეს გამოწვეულია, ერთი მხრივ, წვრილ ფერმერთათვის ბუღალტრულ აღრიცხვა-ანგარიშგების სირთულით, მეორე მხრივ, აღნიშნული სფერო სეზონურია და ბუღალტრის კონსულტაციები დიდ დანახარჯებთანაა დაკავშირებული.
ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ცვლილებით, რომლებიც საქმიანობას ეწევიან მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო სექტორში და მათი წლიური ბრუნვა არ აღემატება 100 ათას ლარს, მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადს გადაიხდიან .
ამჟამად კანონმდებლობა ითვალისწინებს პრეზუმფციულ გადასახადს, რომელიც თავისი შინაარსით არ განსხვავდება დაბეგვრის ჩვეულებრივი რეჟიმისგან. კერძოდ, პირები, რომელთა ბრუნვა არ აღემატება 24 ათას ლარს, ვალდებულნი არიან წარმოადგინონ დეკლარაციები ყველა გადასახადზე და საგადასახადო წლის დასრულების შემდეგ მოახდინონ გადასახდელი გადასახადის გაანგარიშება და წლის განმავლობაში გადახდილი თანხის კორექტირება. აღნიშნული, პრაქტიკულად, შეღავათს არ წარმოადგენს არც გადამხდელთათვის და არც საგადასახადო ინსპექციისათვის.
შემოთავაზებული პროექტის მიხედვით, არსებული პრეზუმფციული გადასახადი გაუქმდება და ჩამოყალიბდება ფიქსირებული გადასახადი, რომლის გადამხდელები დაიბეგრებიან მხოლოდ აღნიშნული გადასახადით. ფიქსირებული გადასახადი გავრცელდება იმ ფიზიკურ მეწარმე პირებზე, რომელთა ერთობლივი შემოსავალი 24 ათას ლარს არ აღემატება.
არსებული საგადასახადო კანონმდებლობა ითვალისწინებს მრავალრიცხოვან გადასახადებს, რომელთა ფისკალური ეფექტი უმნიშვნელოა. ამასთან, აღნიშნული გადასახადების ადმინისტრირება საჭიროებს იგივე ოდენობის რესურსებს, ვიდრე სხვა ბევრად უფრო ეფექტური შედეგის მქონე გადასახადები.
ფინანსთა სამინისტრომ მიზანშეწონილად ჩათვალა ე.წ. არაეფექტური გადასახადების გაუქმება. მათ სიაში სათამაშო ბიზნესის გარდა ყველა ადგილობრივი გადასახადი მოხვდა.
იგივე კუთხით გაკეთდა აქციზის გადასახადის გადახედვაც, რის შედეგად მსუბუქი ავტომობილების საბურავები, თართისა და ორაგულის ხიზილალის, თევზის ძვრიფასი სახეობისა და ზღვის პროდუქტების დელიკატესურ პროდუქციაზე აქციზი გაუქმდა, ვინაიდან ამ კატეგორიის აქციზური საქონელი, პრაქტიკულად, ვერ იბეგრება. 1999 წელს ამ საქონლიდან მიღებულმა აქციზმა ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 70 ათასი ლარი შეადგინა. ციფრი უფრო შემცირდა მომდევნო წლებში.
საგადასახადო ორგანოების მხრიდან შემოთავაზებული ცვლილების უპირატესობა გამოიხატება გადამხდელებზე მნიშვნელოვან კონცენტრაციასა და, შესაბამისად, ადმინისტრირების დონის ამაღლებაში.
ნოღაიდელი 101 მუხლიდან პრესის ამოგდებას აპირებს და მათზე ზეწოლის გაზრდას
ფინანსთა სამინისტროს აზრით, საგადასახადო სისტემის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს საგადასახადო კოდექსში არსებული საგადასახადო შეღავათების სიმრავლე. ნოღაიდელის თქმით, ხშირ შემთხვევაში, განსაკუთრებით, სოციალური ხასიათის შეღავათებთან მიმართებაში, გაცილებით ეფექტურია, ბიუჯეტმა გაითვალისწინოს სპეციალური ასიგნებები.
აქედან გამომდინარე, სამინისტრო მიზანშეწონილად მიიჩნევს საგადასახადო შეღავათების გაუქმებას. თუმცა, როგორც ნოღაიდელი აცხადებს, აღნიშნულ საკითხზე მუშაობა აზრთა სხვადასხვაობის გამო, ეკონომისტ-სპეციალისტებს შორის, ჯერაც არ დასრულებულა. ამბობენ, ნოღაიდელი პრესის 101 მუხლიდან ამოღებას აპირებს და მასზე ზეწოლის გაზრდას, ანუ, მოკლედ, პრესა გახდება დღგ-ის გადამხდელი.
სსფ-ის პოზიცია საგადასახადო ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით დღესავით ნათელია. სხვაგვარად ვერც იქნება, ვინაიდან მათი შეხედულება და დამოკიდებულება ქართული ეკონომიკური პოლიტიკის მიმართ, მიუხედავად ვითომ მწვავე განცხადებებისა და პერმანენტული მუქარებისა, მაინც შემწყნარებლურია და არანაირ საჯარიმო სანქციებს არ გულისხმობს. ყოველ შემთხვევაში, პრეცედენტი ჩვენ არ გვახსოვს. თანაც, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ სსფ მთლიანად ოფიციალური მონაცემებით სარგებლობს, მათი კომენტარი ამჯერადაც ზედმეტია. სსფ საქართველოს საგადასახადო პოლიტიკით კმაყოფილია, ვინაიდან მშპ გაიზარდა, ხალხი დასაქმდა, ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბები შემცირდა, ქვეყანა ფეხზე დადგა, სტაბილურობას მიაღწია, ახლა სტაბილურობიდან კეთილდღეობისაკენ მიილტვის და ა.შ.
ბალცეროვიჩის ჯგუფი შრომის გადასახადის გაზრდას ეწინააღმდეგება
საინტერესოა, რას ამბობს მისი ოპონენეტი ე.წ. ბალცეროვიჩის ჯგუფი. სიტყვა ოპონენტი, ვფიქრობ, საკმაოდ დროული შეფასებაა იმ დამოკიდებულებისა, რაც ჯერ კულუარულად, შემდეგ კი, ოდნავ ოფიციალურადაც გამოიკვეთა ბალცეროვიჩის ჯგუფსა და სსფ-ის შორის. ეს სიტყვა, გარკვეულწილად, კონკურენციასაც მოიცავს და, ამდენად, კულუარული კონკურენცია, რომელსაც აზრი არა აქვს ნებისმიერ შემთხვევაში უშედეგობის გამო, მცირე ზომის აშკარა ოპონირებაში გადაიზარდა. მესამე ეტაპი პოლიტიკური და კულუარული კანონების თანახმად, დაპირისპირებაში უნდა აისახოს. ამას დრო გვიჩვენებს. იმავე და, განსაკუთრებით ქართული, პოლიტიკის კანონების მიხედვით, პრობლემა ხშირ შემთხვევაში სატელეფონო ზარით ან სუფრასთან წყდება, რაც საზოგადოებამ ყურად უნდა იღოს!
მე სწორედ ამ საკითხებთან დაკავშირებით “ქეის კავკასიის” (ბალცეროვიჩის ჯგუფი) ექსპერტს საქართველოში, იეჟი მილერს ესაუბრა, რომლის პოზიცია ცალსახაა: კეთილდღეობისთვის აუცილებელია არალეგალურ და ლეგალურ მხარეებს შორის მოვაწყოთ კონკურსი.
– რამდენად ეფექტური იქნება ნოღაიდელის მიერ წარმოდგენილი ინიციატივა საქართველოსთვის?
– ჩემი აზრით, ეს პროექტი რეალურობას და არსებულ ცხოვრებას უფრო უახლოვდება. დღეს მოქმედი საგადასახდო კოდექსი თეორიულად კარგია, მაგრამ პრაქტიკაში შესაბამისად რეალიზაციას ვერ პოულობს. გადამხდელები გადასახადების დამალვის უამრავ საშუალებას პოულობენ, ამდენად, სერიოზულად ზრდიან ჩრდილოვანი ეკონომიკის მასშტაბებს ქვეყანაში. პროექტის მიმართულება ასეთია: საერთო სქემაში, მცირე და საშუალო ზომის საწარმოთათვის უნდა მომზადდეს მხარდამჭერი პროგრამები, შეიქმნას რეინვესტირების შესაბამისი ფონი. შემოღებულ უნდა იქნეს ფიქსირებული გადასახადი, რათა მათ, სპეციალური დანახარჯების (საბუღალტრო, იურიდიული და ა,შ.) გარეშე შეძლონ ბიზნესის წარმოება კომპაქტურ პირობებში. უნდა იცოდნენ, რომ გადასახადი ყოვეთვიურადაა განსაზღვრული და მოსული შემმოწმებელი არ დაიწყებს რაიმე საჯარიმო მიზნის ძიებას. გარდა ამისა, სერიოზული შეღავათია დღგ-ის დაუბეგრავი ბრუნვის 24-იდან 100 ათასამდე გაზრდა და მის ნაცვლად ერთი ფიქსირებული გადასახადის შემოღება.
– როგორი იქნება კონკრეტული შედეგი?
– საგადასახადო ინსპექციას დღეს უამრავი გადამხდელის შემოწმება უწევს, რისი საშუალებაც პრაქტიკულად, არ გააჩნია. ამდენად, გადასახადების დამალვის საშუალებაც მეტია. ამ გეგმით, დღგ-ის გადამხდელთა რაოდენობა მცირდება და კონტროლიც ბევრად იოლი ხდება. ამრიგად, ეს კონკრეტული ცვლილება სასარგებლოა ორივე მხარისთვის.
– მოიცავს თუ არა პროექტი ისეთ ნაწილს, რომლესაც თქვენ არ ეთანხმებით?
– ერთადერთი, საშემოსავლო გადასახადის ადმინისტრირების შეცვლა გახლავთ. საქმე იმაშია, რომ საქართველოში ხალხი გაცილებით მეტს გამოიმუშავებს, ვიდრე ეს ოფიციალური სტატისტიკითაა ცნობილი. ამ პროექტით, გადასახადი გარკვეული ჯგუფისთვის იზრდება 25%-მდე, რაც, ჩემი აზრით, საშემოსავლო გადასახადის კიდევ უფრო მეტი მასშტაბით დამალვას გამოიწვევს. ზღვრის გაზრდა არაა დოგმა, ჩვენი მიზანი მეტი თანხის ამოღებაა და, ამიტომაც, გადასახადი 25%-მდე კი არ უნდა გავზარდოთ, არამედ, პირიქით, უნდა შევამციროთ. ვფიქრობ, სხვა გზა არ არსებობს.
– არცთუ დიდი ხნის წინ, დაახლოებით იგივე ინიციატივა საქართველოს სახელმწიფო შემოსავლების მინისტრმა, მიხეილ მაჭავარიანმა წარმოადგინა, თუმცა, მას მხარი არ დაუჭირეს იმ მიზეზით, რომ ინიციატივა სავალუტო ფონდმა არ მოიწონა. თქვენი აზრით, რატომ დაუჭირა ამ ინიციატივას მხარი სავალუტო ფონდმა ახლა, როცა იგი ნოღაიდელმა წარმოადგინა?
– ჩემი აზრით, სავალუტო ფონდზე ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენებზე ბევრად უფრო კომპეტენტური თავად საქართველოს ფინანსთა და შემოსავლების მინისტრია, სვალუტო ფონდი კი, დარწმუნებული ვარ, იმას მოიწონებს და გაამართლებს, რაც მომავალში საქართველოსთვის შედეგიანი იქნება.
– რას იტყოდით იმაზე, რომ ხშირად ფონდის მიერ მოწონებული წინადადებები პოზიტიური შედეგის გარეშე რჩება?
– იმისათვის, რომ სერიოზული შედეგი იქნას მიღწეული, სწორი ანალიტიკა და ზუსტი წინასწარი გათვლებია საჭირო.
– ბალცეროვიჩის ჯგუფი თუ ეთანხმება სსფ-ის პოზიციებს?
– მეტწილად კი. თუმცა, აზრთა სხვადასხვაობა მხოლოდ ერთეული პრეცედენტია და არა წინააღმდეგობის პრინციპი .
– კონკრეტულ შემთხვევაში, რაში მდგომარეობს აზრთა სხვადასხვაობის არსი?
– წლიურად საქართველოში ხელფასი სტატისტიკის დეპარტამენტის ანალიზის მიხედვით, 700 მილიონი ლარია, მშპ კი მხოლოდ 6 მილიარდი. შეუძლებელია ხელფასი მშპ-ის ასეთ მცირე ნაწილს შეადგენდეს. მარტო ამ მიზეზის გამო, შეიძლება ვთქვათ, რომ ოფიციალურად, ხელფასის ფონდი საქართველოში გაცილებით მაღალია, ვიდრე 700 მილიონი. რაც შეეხება დისპროპორციას, საქმე იმაშია, რომ სსფ მთლიანად სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციას ეყრდნობა, ჩვენ კი რეალურ მდგომარეობასაც ვსწავლობთ და საკითხს ორივე ჭრილში მათგან განსხვავებით განვიხილავთ.
– რა ღონისძიება იქნებოდა შესაფერისი ამ სიტუაციისთვის?
– აუცილებელია ხელფასის მთლიანად ლეგალიზება. უნდა შეიქმნას ისეთი პირობები, რომელიც აიძულებს მეწარმეს, ლეგალურ სექტორში იმუშაოს. ანუ, ჩემი აზრით, უნდა გაიზარდოს დანახარჯები არალეგალურ სექტორში (ქრთამები და ა.შ.) და შემცირდეს დანახარჯები ლეგალურში, რათა ოფიციალური გადასახადის გადახდა ბევრად უფრო რენტაბელური იყოს მათთვის, ვიდრე არაოფიციალურის.
– თქვენ ამბობთ, რომ ოფიციალური სტატისტიკა საქართველოში მცდარია, თავად თუ ატარებთ საკუთარ გამოკვლევებს, რომლებიც რეალურ სიტუაციას ასახავს?
– ოფიციალური სტატისტიკა საქართველოში მართლაც მცდარია. ეს მათი საუბრიდანაც ჩანს. რაც შეეხება ჩვენ გამოკვლევებს, გარდა ოფიციალური უწყებებისა, ჩვენ საზოგადოების სხვადასხვა ფენებთან, მათ შორის, ბიზნესმენებთანაც ვკონტაქტობთ.
– კონკრეტულად რომელთან?
– ამ ეტაპზე, თავს შევიკავებ ამ კითხვაზე პასუხის გაცემისგან.
– რაში მდგომარეობს მათი პრეტენზიები?
– ჩვენი გამოკვლევების მიხედვით პრეტენზიები, უფრო სწორად, ამ საკითხისადმი მიდგომა საზოგადოებას ორგვარი გააჩნია. პირველი ითხოვს გადასახადების შემცირებას, საბიუჯეტო დოტაციების გაზრდას და სხვა ამ ტიპის პირობებს. მეორე, პრეტენზიას აცხადებს საგადასახადო კოდექსის სირთულესა და არასტაბილურობაზე.
– შეუშლის თუ არა ხელს მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა მსხვილ ბიზნესს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ისინი სხავადასხვა რეჟიმში დაიბეგრებიან?
– არანაირად არ შეუშლის. იმიტომ, რომ მცირე და საშუალო ბიზნესს, ამ პროექტით, ამორჩევის საშუალება ეძლევა. მათ შეუძლიათ აირჩიონ ჩვეულებრივ რეჟიმში დაბეგვრა ან ახალი რეჟიმი, რომელიც მხოლოდ ბრუნვის გადასახადს გულისხმობს გარკვეულ ზღვრამდე.
– ავიღოთ, მაგალითად, მსხვილი საწარმო, მეტრო, რომელიც წვრილ ნაწილებს მცირე საწარმოებისგან იძენს, ეს უკანასკნელი კი სხვა რეჟიმით იბეგრება, ამ დისპროპორციას რითი ახსნით?
– ასეთი შემთხვევისთვის პროექტი ცალკეული პირობების შექმნას ითვალისწინებს, რომელიც ისევ არჩევითობის პრინციპს ეფუძნება.
– თქვენი აზრით, საქართველოს რომელიმე ნაწილის თავისუფალ ეკონომიკურ ზონად გამოცხადება თუ იქნებოდა ეფექტური?
– მე ამის კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ.
– რით ახსნით ამას?
– ინვესტორები საქართველოში იმიტომ არ მოდიან, რომ აქ ოფშორული ზონა არსებობს ან არა. არავინ მოითხოვს აქ სპეციალური ზონის არსებობას. ყველა ელის იმას, რომ ქვეყანა უზრუნველყოფს სტაბილურობას, მაკროეკონომიკური პოლიტიკის უსაფრთხო პირობებს და გარანტიას, რომ მათი ინვესტიცია 10 წლის შემდეგაც რენტაბელური იქნება, რაც დღეს, პრაქტიკულად, არ არსებობს საქართველოში. გარდა ამისა, ოფშორულ ზონად გამოცხადება, მაგალითად, აჭარის რეგიონის, კონკურენციას გაუწევს არა მეზობელ ქვეყნებს, არამედ ქვეყნის შიგნით სხვა რეგიონებს. შიდა კონკურენცია კი საქართველოს ხელს ნამდვილად არ აძლევს. ინვესტორი უნდა მოვიდეს საქართველოში და არა მის რომელიმე რეგიონში.