სიღარიბის მტერი კაპიტალიზმია
ამბროსი გრიშიკაშვილი
სწორედ კაპიტალიზმის დამსახურებაა ჩინეთსა და ინდოეთში სიღარიბის მასშტაბების ასეთი მკვეთრი შემცირება, სწორედ მისი და არა კომუნიზმის ან სხვა რომელიმე უტოპიური მემარცხენე იდეოლოგიის წყალობითაა, რომ ნახევარ მილიარდ ადამიანზე მეტი გამოვიდა სიღარიბიდან – ამბობს მიხაელ ნოვაკი.
“Gazeta Wyborcza: ალბათ ცოტა ფილოსოფოსი თუ თეოლოგი აქებს ასე მხურვალედ კაპიტალიზმს, როგორც თქვენ. ხომ არ აიდეალებთ ამ სისტემას? განა ვერ ამჩნვევთ, თუ როგორ აღრმავებს იგი სოციალურ უთანასწორობას, ადამიანებში ბადებს ბრმა და წამბაძველობით მომხმარებლურ თვისებებს, ხოლო სუპერმარკეტები თანამედროვე წმინდა ადგილებად იქცა?
მიხაელ ნოვაკი: ახლავე აგიხსნით ჩემი ასეთი ოპტიმიზმის მიზეზებს. დაბადებით ცენტრალური ევროპიდან ვარ, ანუ სისხლსა და ძვალში უნდა მქონდეს გამჯდარი პესიმიზმის გრძნობა, არა? სწორედ ამიტომ ყოველი კარგი ახალი ცნობა ჩემში უდიდეს სიამოვნებას იწვევს. ბოლო 20 წელიწადში კი ასეთი ცნობა ცოტა როდი ყოფილა. 25 წლის წინათ ვინ წარმოიდგენდა, რომ სწორი იყო რონალდ რეიგანი, რომელმაც თქვა, რომ კომუნიზმის ადგილი ისტორიის სანაგვეშიაო? ხუთი წელიწადიც არ გასულა და ეს წინასწარმეტყველება ახდა. ღმერთის წყალობით, 70-80-იან წლებში მრავალ ტოტალიტარულ ქვეყანაში დიქტატურა დემოკრატიულმა ხელისუფლებამ შეცვალა. როგორ უნდა იყო პესიმისტი, როდესაც ასეთი მოვლენების მოწმე ხდები?!
თქვენ სუპერმარკეტების, მოხმარებით გატაცების შესახებაც მკითხეთ. ვაღიარებ, რომ მე საერთოდ მომწონს ისინი. ჩემი ახალგაზრდობის დროს, მაცივარი მხოლოდ მაცივარი იყო. ეს ახლა შეუძლია მას გააციოს, მოგვიმზადოს ცივი წყალი და ყინული. ეს ხომ საოცარი რამაა. თქვენ გეცინებათ, მაგრამ მე ეს ნამდვილად მსიამოვნებს. სუპერმარკეტები იმ ფუნქციას ასრულებენ, როგორც შუა საუკუნეებში ბაზრები. მიდის იქ რაინდი ან მოქალაქე და რას ხედავს, საოცრად ლამაზი ხანჯალი ჰკიდია გასაყიდად, მას ასეთი ადრე არ უნახავს. საოცრად მოუნდა მისი შეძენა. ამ სურვილმა მას ამბიცია გაუღვიძა და იგი იძულებული გახდა უფრო მეტი ემუშავა. როდესაც ეს ხანჯალი გაიყიდა, სხვა მწარმოებლებსაც მოუნდათ მიებაძათ ამ ოსტატისათვის და მსგავსი ლამაზი ხანჯლები დაემზადებინათ. ამან კი, თავის მხრივ, კონკურენცია გამოიწვია მთელი თავისი დადებითი შედეგებით.
გარდა ამისა, დიდი სურვილი მაქვს, რომ ადამიანები მოხმარებით უფრო იყვნენ დაკავებული, ვიდრე ომით. ერთმა ჩემმა ახლობელმა მითხრა, გერმანელები ყველაფერში მაგრები არიან. მათ სულელური ომი რომ არ წამოეწყო, ახლა მთელ მსოფლიოზე გაბატონებულები იქნებოდნენო.
აი, ყოველივე ამის გამო მახარებს კაპიტალიზმის განვითარება. თუმცა ისიც ვიცი, რომ ამქვეყნად სამოთხე არ არსებობს და დემოკრატიული კაპიტალიზმიც არაა ასეთი.
“Gazeta Wyborcza: ნახევარი საუკუნის წინათ თქვენს გახმაურებულ წიგნში “დემოკრატიული კაპიტალიზმის სული, წერდით, რომ იმის მიზეზი, თუ რატომ ეკიდებიან კაპიტალიზმს ყველგან ასე უარყოფითად, ისაა, რომ მას ერთი უბრალო წესი ახასიათებს: “რაც შეიძლება მეტი მოგების მიღება�. დღეისათვის ამ მხრივ ხომ ბევრი არაფერი შეცვლილა?
მიხაელ ნოვაკი: პირველად პოლონეთში 70-იან წლებში ვიყავი. საშინლად გამოიყურებოდა მაშინდელი ვარშავა – რუხი ქალაქი, ადამიანები როგორც შავი თაგვები, ისე დადიოდნენ. ყველაფერი უსიცოცხლოდ გამოიყურებოდა. 90-იანი წლების შემდეგ, რამდენჯერაც კი იქ ჩავედი, ქალაქი სულ შეცვლილი მხვდებოდა, სხვადასხვა ფერად იყო შეღებილი, ადამიანები იღიმებოდნენ, თუმცა ყველას სადღაც მიეჩქარებოდა, რაც იმის მომასწავებელია, რომ მათ ცხოვრებაში რაღაც შეიცვალა. გოგონების კაბებიც თანდათან მოკლდება, რაც ასევე ოპტიმიზმის ნიშანია.
ამასთან ისიც ვიცი, თუ რამდენი ცინიზმია აქაურ ბიზნესში. ამერიკასა თუ ინგლისში, როდესაც ფირმათა ხელმძღვანელები მოილაპარაკებენ და ერთმანეთს ხელს ჩამოართმევენ, მორჩა – ჩათვალეთ რომ ხელშეკრულება დაცულია. დაწერილი კონტრაქტი უკვე ფორმალობად იქცევა, მისით მხოლოდ იურისტები დაინტერესდებიან. თქვენთან კი ამდენი გადაგდება, ამდენი უნდობლობაა.
“Gazeta Wyborcza�: შეერთებულ შტატებშიც ხდება დიდი აფიორები. Eნრონ-ის “ორმაგი ბუღალტერია ამის ნათელი დადასტურებაა…
მიხაელ ნოვაკი: ზოგიერთ ბიზნესმენს თუ მენეჯერს უბრალოდ მორალი არ გააჩნია. Worldcom da Enron-ი ამის საოცხოო მაგალითია. მაგრამ როგორ გინდა ადამიანები ცოდვას აარიდო? საბედნიეროდ დემოკრატიული კაპიტალიზმი გამჭვირვალედ მოქმედებს, ამიტომ ყოველგვარი შეცდომები თუ ცოდვები ადრე თუ გვიან გამჟღავნდება. ის სრულიად განსხვავდება კომუნიზმის თუ სხვა დიქტატურისაგან, სადაც მმართველი წრეები იპარავენ, მაგრამ საზოგადოებამ ამის შესახებ არაფერი იცის, ან არაფერს ამბობს.
მაგრამ ჩვენ უფრო მეტი უნდა ვთქვათ კაპიტალიზმის ეთიკაზე, ბიზნესის მორალზე. მეტად ვნანობ, რომ ჩემს ქვეყანაში ეკლესიებსა თუ სინაგოგებში ამის შესახებ ცოტას საუბრობენ. ძველი და ახალი ბიბლია იყენებს რა მეტაფორებს სოფლის მეურნეობიდან, რადგან სწორედ ეს იყო მაშინ ადამიანის საქმიანობის მთავარი დარგი, მორალურ საკითხებზე ბევრს მიგვანიშნებს. დღეს აუცილებელია ეს ბიბლიური იგავები ბიზნესმენებს მათთვის გასაგებ ენაზე გადავუთარგმნოთ. ჯერ კიდევ ძველ სირიაში ქრისტიანი მოაზროვნეები ბევრს წერდნენ ვაჭრობის ეთიკაზე. ისინი იმასაც კი ფიქრობდნენ, რომ ვაჭრობის იდეა ყველაზე უკეთ გვეხმარება გავიგოთ ეკლესია – ქრისტეს მისტიკური სხეული. არც ერთ ქვეყანას არ ძალუძს ყველაფრით თავი დაიკმაყოფილოს, ამიტომ ადამიანებმა უნდა ერთმანეთთან ივაჭრონ, ანუ ისინი ერთმანეთთან არიან დაკავშირებული, უერთმანეთოდ არ შეუძლიათ. ეს ადამიანთა მთელი რასის ერთიანობის მშვენიერი მაგალითია.
ჩვენ დღეს ბევრს ვყვირივართ გლობალიზაციაზე. იგი დღეს მართლაც ძალზე დაჩქარებულია, მაგრამ იგი ხომ დღეს არ დაწყებულა, ათასწლეულებია, რაც დაიწყო. ეს ძალზე ნორმალური და ქრისტიანული პროცესია.
“Gazeta Wyborcza: მაგრამ ბევრი ეპისკოპოსი და ასევე პაპი იოან-პავლე მეორე აკრიტიკებენ მომხმარებლობას, რომელიც კაპიტალიზმის შედეგია. მათ მიაჩნდათ, რომ სახელდობრ, ამის გამო დაცარიელდა ეკლესიები დასავლეთ ევროპაში…
მიხაელ ნოვაკი: ვერ დავეთანხმები მათ. საერთოდ ევროპა მართლაც ძალიან მიექანება ჰედონიზმისა და მატერიალიზმისაკენ. მაგრამ ეს კაპიტალიზმის გამო როდი ხდება. პირიქით – ყოვლის შემძლე სახელმწიფოს გამო, რომელიც ადამიანის ცხოვრების ყოველ სფეროში ჩარევას ცდილობს. ეს კი ადამიანში აქტიურობისა და ახლის შექმნისადმი მისწრაფებას სპობს. ადამიანები იძულებული აღარ არიან თავს ძალა დაატანონ, გაისარჯონ, მძიმედ იმუშაონ, რათა უკეთ იცხოვრონ. სახელმწიფო ზრუნავს მათ ჯანმრთელობაზე, სწავლა-განათლებაზე, პენსიაზე… ევროპაში ადამიანი გადაეჩვია საკუთარი ანგარიშით ცხოვრებას.
აი, შეხედეთ ამ ფართომასშტაბიან გაფიცვებს, დემონსტრაციებს, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ ეწყობა, რომ დამქირავებელმა თანამშრომლები არ გაანთავისუფლოს, რომ მათ მთელი ცხოვრების მანძილზე სინეკურა (სხვის ანაბარა ყოფნა) შეიქმნან. ეს ის ფილოსოფიაა, კომუნიზმის დროს რომ იყო პოლონეთში (და აქ ნოვაკს იმდროინდელი პოლონური გამოთქმა მოჰყავს: “Czy si stoi, Czy si le¦y… ქართულად ეს ასე ითარგმება: ვდგავართ თუ ვწევართ, სულ ერთია – ხელფასი მაინც გვეკუთვნიხ).
შეერთებულ შტატებში კაპიტალიზმი გაცილებით ძლიერია, ვიდრე ევროპაში, სავაჭრო ობიექტებიც სავსეა, მაგრამ ჰედონიზმი იქ ნაკლებია, იქ შრომის პათოსი შემორჩენილია. ჩვენ, შტატებში, გაცილებით ცოტას ვისვენებთ, ამდენ ფულს არ ვხარჯავთ გართობაზე, სამაგიეროდ მეტს გავიღებთ ბავშვების აღზრდაზე, ან საქველმოქმედო ღონისძიებებზე, უცხო ღარიბი ბავშვების სტიპენდიებზე და სხვ.
ჩვენ ქვეყანაში საქველმოქმედო საქმიანობა ყვავის. ერთი ნაცნობი მყავს კონეკტიკუმში, იტალიელია, რომელიც უბრალო ტაქსისტიდან იქცა პრეზიდენტად დიდი სატრანსპორტო ფირმისა, რომელიც ამ რამდენიმე წლის წინათ 50 მილიონ დოლარად გაყიდა. და იცით რაში მოიხმარა მან ის ფული? რამდენიმე ფონდს გაუნაწილა – კათოლიკურ სკოლებს და თირკმელების მკურნალობის ცენტრებს, რადგან მისი ქალიშვილი სწორედ თირკმელების ავადმყოფობით გარდაიცვალა. უახლოეს 20 წელიწადში ამერიკელები საქველმოქმედო მიზნებისათვის 20 მილიარდ დოლარზე მეტს გაიღებენ. ეს კი უდიდესი ძალაა.
ცხადია, ქველმოქმედებას აქვს კავშირი ამერიკელთა რელიგიურობასთან. თავის დროზე ჩვენმა მქადაგებლებმა ასწავლეს ამერიკელებს, რომ ღმერთს მიმართონ, როდესაც უჭირთ – ავად არიან, კოტრდებიან თუ სხვ. მაგრამ დღეს მილიონობით ადამიანი მიმართავს ღმერთს მაშინაც, როდესაც მას ყველაფერი აქვს – სახლი, იახტა, სამი ავტომანქანა და მაშინ აკეთებს დასკვნას, რომ სურს კიდევ რაღაც მეტი ჰქონდეს.
“Gazeta Wyborcza: როგორ პასუხს გასცემდით ანტიგლობალისტების კრიტიკას, რომ კაპიტალიზმს არ შეუძლია ადამიანების სიღარიბიდან გამოყვანა? ერთ-ერთ ყველაზე მდიდარ კაპიტალისტურ ქვეყანაში – შეერთებულ შტატებშიც კი, მილიონობით ღარიბი ადამიანია.
მიხაელ ნოვაკი: 50-იან წლებში კათოლიკურ კოლეჯში ვსწავლობდი რამდენიმე ათეულ სხვა მოსწავლესთან ერთად. ჩვენი უმრავლესობა ღარიბი იყო � პირველი თუ მეორე თაობის ემიგრანტები ვიყავით. სწავლა მხოლოდ იმის წყალობით შეგვეძლო, რომ სტიპენდია გვქონდა მიღებული. დღეს იმ სტუდენტების 90 პროცენტი შეძლებული ადამიანია. გვყავს ავტომანქანა, გვაქვს სახლი, ხშირად მეორე სახლიც ფლორიდაში.
შეერთებულ შტატებში ოფიციალურად მოსახლეობის 13 პროცენტს წელიწადში 16 ათას დოლარზე ნაკლები შემოსავალი აქვს ერთ ოჯახზე გაანგარიშებით. მაგრამ ჩვენი ეს სიღარიბე განსხვავდება აფრიკაში სიღარიბისაგან. ჩვენს ღარიბებს აქვთ ავტომანქანა, ორი ტელევიზორი, ზოგჯერ ძველი, მაგრამ აქვთ… მართლაც ღარიბები არიან მექსიკელი და პუერტორიკოელი ემიგრანტები, რომლებსაც შტატებში ჩამოსვლისას არაფერი გააჩნდათ, დაახლოებით ისევე, როგორ ევროპელ ემიგრანტებს გასული საუკუნის დასაწყისში. მაგრამ ხუთი, მაქსიმუმ ათი წლის გასვლის შემდეგ მათი 90 პროცენტი სიღარიბეს სძლევს. და სწორედ ესაა უაღრესად მნიშვნელოვანი მაჩვენებელი, რომელიც იმაზე მეტყველებს, რომ სისტემა ამართლებს, რომ მათი უმრავლესობა, რომელთაც მუშაობა არ ეზარებათ, კეთილდღეობას აღწევს.
თუმცა ამერიკელთა რამდენიმე პროცენტი გამუდმებით, თაობიდან თაობამდე, სიღარიბეში ცხოვრობს. ისინი ძირითადად ზანგები არიან, თუმცა არა მხოლოდ ისინი. რატომ ვერ აღწევენ ისინი თავს სიღარიბეს? სამწუხაროდ, ამის მიზეზია არა ჩვენი საზოგადოებრივი სისტემა, ამის მიზეზი მათი ცუდი წეს-ჩვეულებაა – ალკოჰოლი, ნარკოტიკები, უპასუხისმგებლობა, ის, რომ სიცოცხლის უმეტეს ნაწილს ციხეში ატარებენ და სხვ.
ბოლო ათწლეულების განმავლობაში კაპიტალიზმმა მნიშვნელოვნად შეამცირა მთელ მსოფლიოში სიღარიბის მასშტაბები. ჩინეთსა და ინდოეთში სიღარიბის მნიშვნელოვნად დამარცხება სწორედ მისი და არა კომუნიზმის ან სხვა რომელიმე უტოპიური მემარცხენე იდეოლოგიის დამსახურებაა. მისი წყალობითაა, რომ ნახევარ მილიარდ ადამიანზე მეტი გამოვიდა სიღარიბიდან.
“Gazeta Wyborcza: მაშ რატომ დაემშვიდობა სამხრეთ ამერიკის მილიონობით მცხოვრები ლამაზ ლიბერალურ სიზმრებს დემოკრატიულ კაპიტალიზმზე?…..
მიხაელ ნოვაკი: ლათინური ამერიკის ძირითად პრობლემას კაუდილიოს – ანუ ბელადის, ძლიერი ხელმძღვანელის კულტი წარმოადგენს. სამყაროს ამ ნაწილში ადამიანები პოპულისტური ხასიათის ნახევრად დიქტატორზე ოცნებობენ. ასეთი ძლიერი თვითმპყრობელის არქეიტიპია ხუან დომინგო პერონი (1946-55 წლებში არგენტინის პრეზიდენტი). მან სახელმწიფოს და ეროვნული მეურნეობის მართვის მოდელი – ფაშიზმი და ეტატიზმი – იტალიიდან, მუსოლინიდან გადაიღო. ასეთ პირობებში კი ბიზნესი კარგად ვერ ვითარდება, ასეთ ქვეყანაში ინვესტიციები არ შემოდის.
ჩემმა პროტესტანტმა მეგობარმა მითხრა, რომ ასეთი კულტის ფესვები კათოლიკურ ავტორიტარიზმშია საძებნი. ამაში არის ჭეშმარიტების მარცვლები, მაგრამ მეორე მხრივ, პოლონურ თუ ირლანდიურ კათოლიციზმს ეს არ ახასიათებს. ეს, როგორც ჩანს, უფრო ესპანელი და პორტუგალიელი მეფეების ძლიერი ხელისუფლების ტრადიცია უნდა იყოს. რამდენიმე ასეული წლის წინ ამ კონტინენტზე არსებობდა ძლიერი სახელისუფლებო კონტროლი ეროვნულ მეურნეობაზე და მკაცრი ფისკალური სისტემა. მოგვიანებით ლათინური ამერიკის ქვეყნებმა გადაიღეს მმართველობისათვის დამახასიათებელი ეს ნიშნები.
“Gazeta Wyborcza: კი მაგრამ, ახლო აღმოსავლეთი?
მიხაელ ნოვაკი: ეს რეგიონი მართლაც ყველაზე დიდი თავის ტკივილია მთელი მსოფლიოსათვის. აქ მთავარი პრობლემა ისაა, რომ არაბული ქვეყნების უმრავლესობა უკვე ნავთობზეა დამოკიდებული. საკმარისია რამდენიმე ნავთობსადენი გაიყვანო, რომ უკვე მილიარდობით დოლარი შემოგივიდეს. ეს კი დაავადებულ სისტემას წარმოშობს, სადაც უამრავ ახალგაზრდა ადამიანს სკოლის დასრულების შემდეგ სამუშაო ვერ უპოვია. ახალგაზრდა არაბთა, უიმედო ადამიანების იმედგაცრუება ძალზე უტეხავს გულს იქაურ საზოგადოებას და თავიანთ გულის წყრომას ხშირად გარეთ მიმართავენ. ამიტომაა ბუშის მიერ ერაყში შესვლის გადაწყვეტილების მიღება ასე მნიშვნელოვანი. ესაა არაბთათვის დემოკრატიული ალტერნატივის ჩვენების მცდელობა. თუ ეს ღონისძიება წარმატებით დასრულდება, თუ ერაყში არა თუ კარგი, უბრალოდ, რაც იყო, იმაზე უკეთესი პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოდელი შეიქმნება, მთელი არაბული სამყარო ფერს იცვლის. სამწუხაროდ, არის იმის საშიშროება, რომ ამ ნაბიჯმა ვერ გაამართლოს.
“Gazeta Wyborcza: იქნებ დემოკრატიული კაპიტალიზმი არაა უნივერსალური მოდელი? ხომ შეიძლება, რომ აფრიკასა და ლათინურ ამერიკას იგი უბრალოდ არ მიესადაგოს?
მიხაელ ნოვაკი: დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ქვეყანას შეუძლია კაპიტალიზმისა და დემოკრატიის შემოღება, რადგან ის არის ყველაზე უფრო ბუნებრივი სისტემა ყველა არსებულ სისტემათა შორის. ბუნებრივია, იმიტომ, რომ პირად ცხოვრებაში ადამიანი თავადაა თავისი თავის ბატონ-პატრონი, ხოლო საზოგადოებრივ საქმეებს სწყვეტს ხელისუფლება, რომელიც ზრუნავს შენს პრობლემებზე, იმიტომ, რომ ხალხისგანაა არჩეული. როდესაც ორივე ეს თავისუფლება – პირადი და ხელისუფლების არჩევის – შეზღუდულია, ყოველი ადამიანი რაღაცნაირად დათრგუნვილია, თავს თავისუფლად ვერ გრძნობს და არა მხოლოდ ევროპასა თუ ამერიკაში.
ისმება კითხვა: რატომ არ გავრცელდა დემოკრატიული კაპიტალიზმი საყოველთაოდ? დემოკრატიული დაწესებულებების არარსებობის გამო მსოფლიოს მრავალ ადგილას – ვენესუელასა თუ პარაგვაიში, ბიზნესის წარმოწყება რომ გინდოდეს, ვერ წამოიწყებ, იმიტომ, რომ იქ არ არსებობს კრედიტის აღების საშუალება, არაა შესაბამისი დაწესებულებები. ღარიბებს ფინანსურ წყაროებზე ხელი არ მიუწვდებათ. ჩემმა მეგობარმა, პანამის ეპისკოპოსმა, ერთი მშვენიერი შვეიცარიელი ქალბატონისაგან საჩუქრად 5 მილიონი დოლარი მიიღო. მან ის ფული 1000 მცირე ნაწილად გაყო და კრედიტის სახით ღარიბებს დაურიგა. ზოგიერთმა ღარიბმა ადამიანმა ამ ფულით სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა შეიძინა, სხვამ – პატარა სატვირთო ავტომანქანა, რათა ქალაქში გასაყიდად სოფლის პროდუქცია წაეღო. ამ გზით მრავალმა ოჯახმა მატერიალური მდგომარეობა გაიუმჯობესა.
ნამდვილად არაა დიდი ფული საჭირო, რომ ადამიანები გაჭირვებიდან ამოიყვანო. მაგრამ ამ ფულის მოპოვებაა ჯერ საჭირო, ხოლო შემდეგ – მისი ადრესატამდე მიტანა.
“Gazeta Wyborcza�: რა თქმა უნდა, ეს რომ ასე ადვილი იყოს, უკვე კარგა ხნის წინათ მოისპობოდა ამქვეყნად სიღარიბე……
მიხაელ ნოვაკი: ეკონომისტებისათვის უმთავრეს პრიორიტეტს მსხვილი ციფრები და არა ღარიბი ადამიანების პრობლემები წარმოადგენს. ამიტომაა, რომ ისეთი დაწესებულებები, როგორებიცაა მსოფლიო ბანკი თუ გაეროს სააგენტო, სადაც მშვენიერი ეკონომისტები არიან დასაქმებულნი, ყურადღების კონცენტრაციას აკეთებენ დიდ ინვესტიციებზე – გზატკეცილების გაყვანაზე, ცენტრალური ბანკების რეფორმირებაზე და არა მიკროკრედიტებზე. ეს კი ძალიან სამწუხაროა. იმიტომ, რომ უფრო მნიშვნელოვანია არა ის, თუ რამდენი ათეული მილიარდი დოლარი მივეცით აფრიკის ამა თუ იმ ქვეყანას, არამედ ის, თუ რამდენი ახალი ფირმა შეიქმნა იქ. სწორედ ეს ციფრი გვიჩვენებს, თუ რამდენმა ადამიანმა დააღწია იქ თავი სიღარიბეს.
დღეს შეერთებულ შტატებში ათასზე მეტი დაწესებულებაა, რომელთა უმეტესობა რელიგიური ხასიათისაა და წვრილი მეწარმეთათვის მიკროკრედიტებს იძლევა. ასე უნდა იქცეოდეს მსოფლიო ბანკიც. იგი სხვადასხვა ქვეყანაში კონკურსებს უნდა აცხადებდეს არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის კრედიტების გაცემაზე. საკრედიტო რესურსების განაწილებაში იმ ორგანიზაციამ უნდა მიიღოს მონაწილეობა, რომელიც შეძლებს უფრო მეტი ეფექტურობით დააფინანსოს ღარიბი მეწარმეები და ასწავლოს მათ მეურნეობის გაძღოლა.
კაპიტალიზმს ქვევიდან უნდა მივცეთ განვითარების საშუალება. უნდა დავუბრუნდეთ ადამ სმიტის ძველ იდეას. სახელდობრ, ასე დაიბადა კაპიტალიზმი შეერთებულ შტატებში. ასე დაიბადა თქვენი, პოლონური კაპიტალიზმიც 1989 წელს – 500 ათასი მწარმოებელი თუ სავაჭრო მცირე ფირმისაგან, რომლებიც სულ რაღაც ნახევარ წელიწადში შეიქმნენ.
ნამდვილად არ შემიძლია პესიმისტი ვიყო, როდესაც ვუყურებ, თუ ჩემი ქვეყენა როგორ შეიცვალა ბოლო 50 წლის მანძილზე, როგორ დამშვენდა მისი ქალაქები. რამდენმა ახალგაზრდამ დაამთავრა უმაღლესი სასწავლებელი, რამდენი ღარიბი ადამიანი გამდიდრდა. და ეს ასე მხოლოდ ამერიკაში როდი ხდება. ამიტომ ისინი, ვინც სულ წუწუნებენ, სცოდავენ.