რას ზეიმობდნენ ეკონომისტები
სოფიკო სოჭინავა
საერთაშორისო სამხედრო სიტუაციების დაძაბვის და ეკონომიკური სიდუხჭირის მეტისმეტად გამწვავების ფონზე, საქართველოში არავის ეპიტნავება პროფესიული დღესასწაულების ფანფარები. მით უმეტეს, ეკონომისტების პროფესიული ზეიმი თავზედამხობილი ეკონომიკის ფონზე, ალბათ, შეუთავსებელიცაა. ამიტომ ჩვენში უკვე ტრადიციად ქცეული ეკონომისტთა 5-ე პროფესიულ დღესასწაულზე მსჯელობა შეიძლება ერთგვარ მიკერძოებაშიც კი ჩაგვითვალონ.
მეორე მხრივ, თუ სრულად გავიაზრებთ ჩვენ წინაშე მდგარ პრობლებს, უახლოესი ისტორიის გამოცდილებას და მსოფლიოში მიღებულ თამაშის წესებს, ალბათ, ამ მოვლენას მეტად საჭიროს და დროულს ჩავთლით.
თუ არ გავითვალისწინებთ შოთა რუსთაველის უკვდავ პოემაში მოცემულ ზოგ ეკონომიკურ პასაჟებს და აღმაშენებლის ეკონომიკურ რეფორმებს, საქართველოში ნაციონალური ეკონომიკური სკოლა მე-19 საუკუნის ბოლოსა და 20-ე საუკუნის დასაწყისამდე არ გვქონია. დიდმა ილიამ უცებ აუღო ალღო და გააცნობიერა, რომ მსოფლიო თამაშის წესები იცვლება და ერი, რომელსაც არ ექნება კომერციის და ეკონომიკური პოლიტიკის ასევე მყარი საბანკო სისტემის შექმნის ნიჭი, თანამედროვე სახელმწიფოს ვერ ააშენებს და გადაშენებისათვის განწირულია. ამიტომ დაუთმო მან სავაჭრო პოლიტიკის, საბანკო აღმშენებლობის და მიწის მოწყობის თუ ახალი კადრების აღზრდის საკითხებს თავისი შრომების და პრაქტიკული საქმიანობის დიდი ნაწილი.
ილიას წამოწყება ევროპაში განათლებულმა ფილიპე გოგიჩაიშვილმა განაგრძო და საქართველოში წარმოიშვა ნაციონალური ეკონომიკური სკოლა, რომელშიც გაჩნდნენ ისეთი სახელები როგორც პაატა გუგუშვილი, ალექსანდრე გუნია, ვასილ ჩანტლაძე თუ სხვები არიან. მაშინაც და დღესაც ნაკლებად ფასდებოდა ეკონომიკური სკოლის ცოდნა და ნიჭი. ფილიპე გოგიჩაიშვილს არ აპატიეს დამოუკიდებელი საქართველოს მინისტრობა და ამიტომაც დღემდე არ იყო დასვენებული მისი ნეშთი უნივერსიტეტში, იმ გოლიათების პანთეონში, რომელთა თანამოაზრე და თანატოლიც იყო. სწორედ ახლა, 13 სექტემბერს ყველა თაობის ეკონომისტთა ოცნება აღსრულდა და ეს ბუმბერაზი ქართველი უნივერსიტეტის ეზოში გადმოასვენეს. იქნებ ეს იყოს ნიშანი საქართველოში ეკონომისტთა, ეკონომიკური აზრის მიმართ ახლებური საქმიანი დამოკიდებულების დაწყებისა, მიუხედავად ამისა, გაჭირვებაში და ეკონომიკურ სიდუხჭირეში მყოფ საქართველოს არა აქვს მათი არდაფასების უფლება. სოციალიზმის ეპოქაში ეკონომიკური საღი აზრის გაუთვალისწინებლობა გასაგები იყო, რადგან მეტროპოლიას არ აინტერესებდა კოლონიის განვითარება. ახლა ეს ქვეყანა ჩვენ უნდა ვაშენოთ. მტერი იქნება თუ მოყვარე, საერთაშორისო საფინანსო დონორი, თუ კერძო ინვესტორი, მათ ნაციონალური ეკონომიკური ინტერესებით გაჟღენთილი სტრატეგია უნდა დავახვედროთ და დაქსაქსული ქართული ეკონომიკური აზრი გავაერთიანოთ, მათში ეროვნულობის და ქმედითობის იდეა უფრო გავაღვივოთ. გვინდა დავიჯეროთ, რომ ამას ემსახურებოდა სექტემბრის მეორე პარასკევს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართული ეკონომისტის დღე, რომლის დღის წესრიგში, თაობის პატივისცემის სახით ფილიპე გოგიჩაიშვილის ნეშტის გადმოსვენება, ეკონომიკის მინისტრის მოხსენება მომდინარე ეკონომიკურ პრობლემებზე, ამავე პრობლემებზე სამეცნიერო კონფერენცია და ეკონომისტთა სახელმწიფო ჯილდოებით დაჯილდოება იყო. ღირსების ორდენით დაჯილდოვდა ცხრა მუშაკი, ღირსების მედლით – თექვსმეტი, ხოლო პრეზიდენტის მადლობა გამოეცხადა ოცდაცამეტ მუშაკს.
ეკონომისტის დღე, რას ნიშნავს ის თითოეული პროფესიონალისათვის?
ლადო პაპავა – ეს არის ჩვენი პროფესიული დღესასწაული, ეს ის დღეა, როდესაც ჩვენ წელიწადში ერთხელ უნდა შევხვდეთ ერთმანეთს, თვალი გავუსწოროთ, ვთქვათ, რა პრობლემები გვაწუხებს და რა და როგორ უნდა გადაწყდეს. დღევანდელი დღე კიდევ უფრო გალამაზებულია იმ ფაქტით, რომ ფილიპე გოგიჩაიშვილის ნეშტს მოეძებნა მისი ღირსეული ადგილი. ალბათ, სიმბოლურია, რომ სწორედ დამოუკიდებელ საქართველოში მოხერხდა ეს და ასევე, ეკონომისტის პროფესიის დაფასება ისე, როგორც ეს არასდროს ყოფილა ჩვენი ქვეყნის განვლილ ისტორიაში. მიხარია, რომ დღეს ჩვენი პროფესია ფასდება უფრო მეტად, ვიდრე გუშინ და მით უფრო, ვიდრე გუშინწინ.
გიორგი გაჩეჩილაძე – ეს დღე ტრადიციულად ყოველწლიურად აღინიშნება და რა თქმა უნდა, მიეძღვნება როგორც დღევანდელი პრობლემების განხილვას და მათ მიმართ ეკონომისტთა საზოგადოების ერთიანი ხედვის გამომუშავებას, ისე ჩვენი მეცნიერ-ეკონომისტებისადმი პატივის მიგებასაც. საერთოდ, მიმაჩნია, რომ რაც უფრო მეტად დაფასებულნი იქნებიან საქართველოში პროფესიონალი ეკონომისტები, ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა მით უფრო მოიგებს. მით უფრო დათვლილი და დასაბუთებული იქნება ჩვენი ცალკეული გადაწყვეტილებანი ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში. ჩვენ ვართ ეკონომიკის სამინისტრო და ჩვენი ეფექტიანი მუშაობა წარმოუდგენელია მეცნიერ-ეკონომისტთა საზოგადოებასთან მჭიდრო კავშირის გარეშე. ჩვენ, როგორც ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი უწყება, მაქსიმალურად შევეცდებით მის ღირსეულ და არატრაფარეტულ აღნიშვნას. მერწმუნეთ, ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, სწორედ მეცნიერებისა და პრაქტიკის ორგანულ შერწყმაში ვხედავთ ჩვენი სამინისტროს სამომავლო როლს. მიგვაჩნია, რომ ყველა დარგში გასატარებელი პოლიტიკა უნდა იყრიდეს თავს ერთიან, სტრატეგიულ ჩარჩოში, რასაც საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მრავალწლიანი ინდიკატური გეგმა ეწოდება და რომლის შექმნის მთავარი კოორდინატორი, კანონის თანახმად, სწორედ ეკონომიკის, მრეწველობის და ვაჭრობის სამინისტროა.
ნოდარ ჭითანავა – ბევრია სათქმელი, მაგრამ რთულია ადამიანმა ფორმა შეარჩიოს. ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების ტრანსფორმაციის ტენდენციების შესახებ, ბუნებრივია, განსხვავებული ტენდენციები ჩამოყალიბდა. ხშირად ურთიერთგამომრიცხავიც. დღემდე ჩვენი საზოგადოებრიობა მზად არ იყო იმისთვის, რომ ფართომასშტაბიანი დისკუსია ჩაეტარებინა. ახლა მომწიფდა ეს პირობები. ამიტომ ეკონომისტთა დღეს ვაყენებ საკითხს, რომ უახლოეს პერიოდში, და ვისურვებდი ამ აუდიტორიაშიც კი, დავიწყოთ დისკუსია იმასთან დაკავშირებით, როგორ მიმდინარეობს ეკონომიკური რეფორმები, როგორია რეფორმების მოდელი და ა.შ. მიმაჩნდა და მიმაჩნია, რომ თავად ეკონომიკური რეფორმების მოდელშია ჩადებული ეროვნული ეკონომიკის კრიზისის გახანგრძლივების ფუძემდებლური იდეა-პრინციპი. დადგა დრო, რომ ამ საკითხებზე სერიოზულად ვიმსჯელოთ.
ჩემს ობიექტურობას უნდა ენდოთ, საქართველოში არც ერთ პერიოდში მთავრობის მაღალი ჯილდოებით არ აღნიშნულა ეკონომისტების შრომა, დამსახურება და თავდადება, როგორც ბოლო პერიოდში. ამით, როგორც იტყვიან, ქართული მოფერების ერთი წახნაგი განათდა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ შემდგომში მოფერების მატერიალური საფუძველიც განმტკიცდება. ის, რაც გუშინ მოხდა და დღეს აქ ხდება, აუდიტორიაში, რომელიც ამიერიდან ფილიპე გოგიჩაიშვილის სახელობისაა, ჩვეულებრივი მოვლენა არ არის, მას მივაკუთვნებ უნიკალურ მოვლენათა რიგს. მიმდინარე წელს აღვნიშნავთ ავთანდილ გუნიას, ვალერიან მელქაძის, ირაკლი მიქელაძის და სხვა თვალსაჩინო ეკონომისტთა იუბილეს. ამასთან დაკავშირებით, ჩემს სასიამოვნო მოვალეობად მიმაჩნია ერთ საკითხზე გაგიზიაროთ ჩემი აზრი. უკანასკნელ პერიოდში, ეკონომიკური აზროვნების სივრცეში მეტად საინტერესო, უაღრესად საიმედო აჩრდილი დადის და იგი საბედნიეროდ გვიახლოვდება. მხედველობაში მაქვს ის, რომ ეკონომისტთა წრეებში ერთმანეთის მოფერების ხელოვნებას ვეუფლებით, თქვენ გახსოვთ რა გამოვიარეთ სხვადასხვა წლებში ამასთან დაკავშირებით. მოფერების ფენომენს გაგება უნდა, თუ ეკონომისტების ენაზე ვიტყვით, მოფერების ერთობლივი მოთხოვნის ფორმირებაა საჭირო და ჩვენ ეკონომისტებმა ვიცით – როცა არის ერთობლივი მოთხოვნა, ერთობლივი მიწოდება იქნება. მინდა მოგიწოდოთ, გვიყვარდეს ერთმანეთი, გავუფრთხილდეთ, ნუ დაგვზარდება ერთმანეთზე თბილი სიტყვა ვთქვათ. მოფერების ქართულ ფენომენს განსაკუთრებული ძალა ჰქონდა, აქვს და ექნება, იგი ფაქიზიც არის და როგორც აღმოჩნდა, ჭირვეულიც. ეს ფენომენი დაიმკვიდრებს ადგილს ეკონომისტთა და სხვა მეცნიერთა წრეებში, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლას. ამავდროულად, მოფერებას, ამ დალოცვილს, ერთი განსაკუთრებული უპირატესობა ჰქონია – მისი გამოყენებისათვის ევროპისა და ამერიკის მდიდარ ქვეყნებში კაბალური კრედიტების ასაღებად ხეტიალი არ არის საჭირო. თავად მოფერებაა კრედიტი, ამ კრედიტს გავუფრთხილდეთ.
იმედია, მოვა დრო, როდესაც საღ ეკონომიკურ აზრს ამ ქვეყანაში ყურს დაუგდებენ, ანგარიშს გაუწევენ და ეს ვიწრო პროფესიული დღესასწაული თავისი მნიშვნელობით ჩარჩოებს გასცდება, რადგან, პრინციპში, ჩვენი გადარჩენის გასაღებიც მათ პროფსიონალიზმშია.