განვითარებადი ქვეყნების დისკრიმინაცია გრძელდება
სოფიკო სიჭინავა
ზაფხულის ბოლოს, იოჰანესბურგში, მსოფლიო ფორუმი დემონსტრაციების, მდიდარი და ღარიბი ქვეყნების მკვეთრი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. ფორუმს მსოფლიოს თითქმის ყველა პოლიტიკური ლიდერი ესწრებოდა, ამერიკის პრეზიდენტის გარდა. უთანხმოება, ძირითადად, ენერგიის ალტერნატიული, არატრადიციული წყაროების გამოყენების გააქტიურებას (მზისა და ქარის ენერგია), შეეხებოდა რასაც ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნები ეწინააღმდეგებოდნენ.
გარემოს დამცველები შეერთებულ შტატებს იმაში ადანაშაულებდნენ, რომ ისინი ენერგომატარებლებით ღარიბ ქვეყნებთან ვაჭრობენ და სანაცვლოდ კომუნალური მეურნეობის განვითარებას სთავაზობენ. რთულ საკითხთა შორის გახლდათ წყლის რესურსების პრობლემა. მესამე ქვეყნებს სურდათ, ამერიკის შეერთებული შტატებისთვის გამოეტყუათ ერთგვარი დაპირება იმასთან დაკავშირებით, რომ 2015წლისათვის ნახევრამდე შემცირდეს იმ ქვეყანათა რაოდენობა, რომელთაც სუფთა წყალზე და კანალიზაციის სისტემაზე ხელი არ მიუწვდებათ. შეერთებული შტატები გაურბოდა მიეღო რამე მკვეთრი ორიენტირი იმ არგუმენტით, რომ არ შეუძლიათ დასვან ამერიკის ხელმოწერა იმ Eშეთანხმებაზე, რომელიც მონაწილე ქვეყნების სიმრავლის გამო მხოლოდ სიმბოლური გახდებოდა. ამის სანაცვლოდ ღარიბ სახელმწიფოებს სთავაზობდა გაეზიარებინა თავისი გამოცდილება და დახმარებოდა კორუფციასთან ბრძოლასა და ადამიანთა უფლებების დაცვის საკითხში არსებული კონკრეტული მიღწევებით. ამერიკის დელეგაცია ჰუმანიტარულ საკითხებში უყურადღებობაში ამხილა გაეროს კომისარმა, ადამიანის უფლებების დაცვის საკითხში მერი რობინსონმა. მან ხმამაღალი სკანდალი მოაწყო და განაცხადა, რომ ამერიკა “კულუარულ ბრძოლებში” ცდილობს შემაჯამებელ დეკლარაციაში გამორიცხოს პუნქტი, რომელიც ადამიანის უფლებებს შეეხება:
ყველაფერი დახურულ კარს მიღმა ხდება, მაცნობეს, რომ იქმნება მეტად თავისებური ალიანსები. ვფიქრობ, რომ აშშ თანამშრომლობს ფრიად უცნაურ პარტნიორებთან და არ სურთ ისაუბრონ კანონის დამცველთა ენაზე, – განაცხადა მან “ბი-ბი-სი”-ს კორესპონდენტთან საუბრისას. აშშ-მა უარი თქვა ამ განცხადების კომენტირებაზე. მართალია, ასეთი მწვავე გამოსვლები ხშირია, მაგრამ ამ დონის დიპლომატის ასეთი გამძვინვარებული გამოსვლა რომელიმე ქვეყნის მისამართით, მართლაც იშვიათობაა.
პირველივე დღეს გაიმართა დებატები იმასთან დაკავშირებით, თუ რა პრობლემები უნდა იქნას გადაწყვეტილი სიღარიბის დასაძლევად, ყურადღება გაამახვილეს ჯანმრთელობის, ცხოველთა და მცენარეთა ჯიშების დაცვაზე მთელი პლანეტის მასშტაბით. არასამთავრობოები მთელი ფორუმის მიმდინარეობის განმავლობაში ეჭვობდნენ, რომ შეკრება ვერ მიიღებდა ვერანაირ შემაჯამებელ დოკუმენტს და უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ, იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა გამომსვლელი წინასწარ მომზადებული სიტყვით გამოდიოდა, რასაც დებატი ნაკლებად ერქვა.
ფორუმში მონაწილე დელეგატების გასაოცარი სიმრავლის მიუხედავად, როგორც მივლინებული კორესპონდენტები აღნიშნავდნენ, შეხვედრის კურსს დელეგატთა გარკვეული ფენა განსაზღვრავდა, რომელიც დახურულ კარს მიღმა მუშაობდა.
ერთი პერიოდი მოლაპარაკებები აშკარა ჩიხში შევიდა, ვერ ხერხდებოდა წინააღმდეგობის დაძლევა განვითარებულ და განვითარებად ქვეყნებს შორის. ორგანიზატორების განცხადებით, მსგავსი ფორმატის შეხვედრა პირველად მიმდინარეობდა და მომდევნო დღეებში საქმე უფრო გამარტივდებოდა. კოფი ანანმა განვითარებულ ქვეყნებს მოუწოდა სიღარიბის დაძლევას სათავეში ჩადგომოდნენ და განაცხადა, რომ სურსათის მზარდი უკმარისობა სამხრეთ აფრიკში მწვავე შეხსენებაა, რომ კონკრეტული მოქმედებების დრო მოვიდა. ევროპელი ლიდერები, ტონი ბლერი, ჟაკ შირაკი და გერჰარდ შროდერი მხოლოდ იმას უსვამდნენ ხაზს, რომ იოჰანესბურგში არ იმყოფებოდა ჯორჯ ბუში.
საერთაშორისო ორგანიზაციებმა, “ოქსაფმა” და “გრინპისმა” (ბუნების დაცვის საერთაშორისო ფონდი) ერთობლივი განცხადება გააკეთეს, სადაც აღნიშნეს, რომ სამიტი უუნარო აღმოჩნდა, ენერგიით უზრუნველყოს ღარიბი ქვეყნები და აქტიურად გამოვიდეს ალტერნატიული ენერგეტიკული წყაროების მხარდასაჭერად, ფორუმი ისტორიაში Aშევა, რომელმაც შესაძლებლობა ხელიდან გაუშვა.
მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოსთვის აღნიშნული ფორუმი მეტად მნიშვნელოვანი იყო. ამ საკითხებზე გვესაუბრება საქართველოს ეკონომიკის, ვაჭრობისა და მრეწველობის მინისტრი, გიორგი გაჩეჩილაძე.
თქვენი აზრით, მსოფლიო ეკონომიკის კრიზისის ფონზე, რაში მდგომარეობდა იოჰანესბურგის ფორუმის მთავარი აზრი?
მთავარი აზრი ამ უდიდესი და წარმომადგენლობითი ფორუმისა არის მსოფლიოს მდგრადი გნვითარების გლობალური სტრატეგიის გამომუშავება, რომელიც აუცილებლად უნდა შეიცავდეს სამ ძირითად კომპონენტს: ეკონომიკურ, სოციალურ და გარემოს დაცვით სტრატეგიებს. ყველა ეს კომპონენტი ურთიერთადკავშირებულია: ეკონომიკურ სტაბილურობას და განვითარებას თან უნდა სდევდეს სოციალური პრობლემების მოგვარება და პირველ რიგში, სიღარიბის დაძლევა, ხოლო ყოველივე ეს გარემოს დაცვის ძირითად პრინციპებზე დაყრდნობით და არსებული ბუნებრივი რესურსების რაციონალური მოხმარებით უნდა მოხერხდეს. ამდენად, მსგავსი გლობალური სტრატეგიის შემუშავებაში სხვადასხვა ქვეყნების ერთობლივი ნების გამომჟღავნება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი გახლავთ.
რატომ გამახვილდა ასე დეტალურად ყურადღება წყლით მომარაგების და კანალიზაციის საკითხებსა და ალტერნატიულ ენერგოწყაროებზე?
მოგეხსენებათ, რომ მსოფლიოს ეკონომიკური და სოციალური განვითარება, საზოგადოების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება ხდება შეზღუდული რესურსების პიროებებში. აქედან გამომდინარე, უაღრესად აქტუალურია ბუნებრივი რესურსებით (და რასაკვირველია წყლით მოხმარების) სწორი და რაციონალური სარგებლობის მექანიზმების დანერგვა, ასევე მნიშვნელოვანი საკითხია, თუ როგორ შეეწყოს (მით უფრო გლობალური დათბობის ეფექტის გათვალისწინებით) უნარჩენო ტექნოლოგიების დანერგვას და არატრადიციული ენერგოწყაროების ამოქმედებას ხელი. სხვათა შორის, ეს საკითხები საკმაოდ მწვავედ დგას საქართველოს სინამდვილეშიც, განსაკუთრებით ალტერნატული ენერგეტიკის განვითარების ამოცანები (როგორიცაა ქარის, მზის და ა.შ.). ვფიქრობ, რომ საერთაშორისო გამოცდილება ბევრად წაადგება ჩვენს ქვეყანას მსგავსი პრობლემების გადაწყვეტაში. ხოლო, რაც შეეხება, წყლის რესურსს, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რათა მსოფლიოს ცალკეულმა რეგიონებმა აღარ განიცადონ მტკნარი წყლის დეფიციტი.
რა იყო განხეთქილების მიზეზი განვითარებად და განვითარებულ ქვეყნებს შორის?
ეს პროცესი ლოგიკურად გამომდინარეობს განვითარების სხვადასხვა დონეზე მყოფი ქვეყნების წინაშე მდგარი განსხვავებული ამოცანებიდან. ტრადიციულად, განვითრებადი სამყარო, სადაც თავმოყრილია პრობლემების გაცილებით ფართო სპექტრი, მეტ ყურადღებას და მეტ რესურსულ დახმარებას მოითხოვს განვითარებული სამყაროსგან. თავის მხრივ, განვითარებული ქვეყნები ცდილობენ იმ დანახარჯების ოპტიმიზაცია მოახდინონ, რომლებიც შედარებით ღარიბი ქვეყნების დასახმარებლად უნდა იქნას გამოყენებული. მათი მოთხოვნაა – განვითარებადი სამყაროს მხრიდან “მომხმარებლური” მიდგომების შეცვლა და საკუთარი რესურსების უკეთ გამოყენება. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ ცალკე ჯგუფს განვეკუთვნებით, რომელსაც ახალი დამოუკიდებელი სახელმწიფოთა ჯგუფი ეწოდა. ჩვენთან არსებული პრობლემები ზოგადად გარდამავალ პერიოდში მყოფი ქვეყნებისთვის დამახასიათებელი სპეციფიკითაა განპირობებული, ამდენად მიდგომებიც ჩვენ მიმართ განსხვავებულია.
როგორ ფიქრობთ, ფორუმის შემდგომ შეიცვლება თუ არა დამოკიდებულება განვითარებადი ქვეყნების მიმართ და შეიცვლება თუ არა ეკონომიკური ბალანსი?
ვინაიდან მსოფლიოს წინაშე მდგარი ზოგადი ამოცანაა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის განვითარების დონეთა თანდათანობითი გამოთანაბრება, სიღარიბის დაძლევა და მისი უკიდურესი ფორმების სრული აღმოფხვრა. რა თქმა უნდა, ეკონომიკური ბალანსიც ამ განვითარების გლობალური სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი იქნება. მნიშვნელოვანია მსოფლიოს წინაშე მდგარი ეკოლოგიური კატასტროფის საკითხის შემცირება.
საქართველოს ადგილი ფორუმში.
ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსათვის ამ ფორუმში მონაწილეობის თვით ფაქტი, რადგან ჩვენ ვიწყებთ აქტიურ ინტეგრირებას მსოფლიო თანამეგობრობაში ყველა მიმართულებით და მათ შორის, ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებით, როგორიცაა მდგრადი განვითარების გლობალური სტრატეგიის შემუშავება. როგორც უკვე მოგახსენეთ, რიგი საკითხებისა, რომელიც წამოიჭრა ამ ფორუმზე, ჩვენთვისაც ძალიან აქტუალურია, იგივე სიღარიბის დაძლევის სტრატეგიის დახვეწა. შეზღუდული რესურსის ყაირათიანად მოხმარება, მსოფლიოს თანადგომა ჩვენდამი ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებაში. ზოგადად გლობალური, მდგრადი განვითარების სტრატეგიის აუცილებლობა უნდა აისახოს ჩვენს შესაბამის ეროვნულ სტრატეგიაში, რომელიც უახლოეს პერიოდში შემუშავდება ჩვენი (ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს) აგრეთვე გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, სოფლის მეურნეობის და სხვა დაინტერესებული სამინისტროებისა და უწყებების მონაწილეობით.