რა ღირს თქვენი ქვეყნის რეკლამა?
საქართველოსთვის ტურიზმის განვითარებისა და ტურისტების რიცხვის ზრდის მნიშვნელობაზე ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე „კვალიფიციურად“ გაგესაუბრებათ, მაგრამ როდესაც ლაპარაკი იწყება ამ საქმისთვის თანხების ხარჯვაზე, ხალხში სკეპტიციზმი იღვიძებს, რასაც ალბათ საფუძველი აქვს, რადგან ხარჯვას შედეგი უნდა ჰქონოდა – წლების განმავლობაში, ჯამში, საქართველომ ქვეყნის რეკლამირებისთვის მრავალი მილიონი დახარჯა, თუმცა, იმ შედეგის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რომელიც დღეს ამ მიმართულებით სახეზეა, რთულია ვთქვათ, რომ მილიონებმა კარგად „იმუშავეს“. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სინამდვილეში ტურიზმის შემცირებაზე სხვა ფაქტორებმაც დიდი გავლენა იქონიეს (სავიზო რეგულაციები, სამიზნე ბაზრებზე არსებული არასტაბილური პოლიტიკური ვითარება და ა.შ.).
2013 წელს საქართველომ უარი თქვა CNN-სა და BBC-ზე ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ხასიათის რეკლამების განთავსებაზე, რომელსაც მართლაც შეიძლება ძვირადღირებული დავარქვათ – წინა ხელისუფლებამ მხოლოდ CNN-ზე რეკლამისთვის 27 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა. ტურიზმის დეპარტამენტის აწ უკვე გადამდგარი ხელმძღვანელი გიორგი სიგუა ამ ფულს ქარს გატანებულს უწოდებდა და იმით ასაბუთებდა, რომ ეს ფულის იხარჯებოდა ამერიკულ სატელევიზიო სივრცეში, საიდანაც საშუალოდ წელიწადში 20 ათასი საერთაშორისო მოგზაური შემოდიოდა, რომლიდანაც ტურისტი შესაძლოა მხოლოდ 7-8 ათასი ყოფილიყო. მაშინ აქცენტი სამიზნე ბაზრებზე ე.წ. წერტილოვან მარკეტინგულ დარტყმებზე გაკეთდა, რომელმაც ვერ იმუშავა და შედეგად 2013 წელს ტურისტების კლება შეინიშნებოდა, რომელიც მანამდე დამაჯერებელი ზრდით გამოირჩეოდა.
2014 წელი განსხვავებულად დაიგეგმა და ქვეყნის რეკლამირებისთვის გაცილებით მეტი აქტივობა განხორციელდა, ვიდრე წინა წელს. შარშან ქვეყნის მარკეტინგის სხვადასხვა პროგრამაზე დაახლოებით 8.9 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც თითქმის სამჯერ აღემატებოდა 2013 წელს გაწეულ ხარჯს. მეტი რეკლამა განთავსდა უცხოურ მედიასაშუალებებში, მოეწყო ბევრად მეტი პრესტური, გამოფენები საქართველოს ცნობადობის ასამაღლებლად.
როგორც ცნობილია, თბილისი აქტიურად ემზადება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნეს-ფორუმის ჩასატარებლად, რომელიც კავკასიის რეგიონში პირველად, მიმდინარე წლის 13-15 მაისს გაიმართება. ბუნებრივია, ღონისძიება, რომელიც 60-ზე მეტი ქვეყნის მაღალი დონის დელეგაციას, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და 1500-მდე ბიზნესმენს მანსპინძლობს, იაფი არ დაჯდება. ჩასატარებელი სამუშაოებისთვის ამ ეტაპისთვის სულ გათვალისწინებულია 12,451,400 ლარი. პროექტის ძვირმა ფასმა, ხარჯებში რამდენიმე მუხლმა და განსაკუთრებით სტუმრების მომსახურებისთვის „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომობილებისთვის დახარჯულმა თანხამ საზოგადოების განსაკუთრებული აღშფოთება გამოწივია. უნდა აღინიშნოს, რომ თბილისში დაგეგმილ ყოველწლიურ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ EBRD-ის მმართველები, აგრეთვე – ალტერნატიული მმართველები, ბიზნესისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სხვა ოფიციალური პირები – სულ დაახლოებით 2000 მონაწილე, რადგან წინა წელს ვარშავაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოში ღონისძიებაზე დასწრებასთან და მონაწილეობასთან დაკავშირებით განსაკუთრებული ინტერესი და სურვილი დაფიქსირდა. გარდა ამისა, საქართველო საკუთარ საინვესტიციო, ტურისტულ და კულტურულ პოტენციალს თითქმის ყველა წამყვანი საერთაშორისო მედიის საშუალებით წარმოაჩენს.
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ამაყია იმით, რომ შევძელით და 2015 წელს თბილისში EBRD-ის ყოველწლიურ შეხვედრას ვმართავთ, რომელიც პირველი ასეთი მასშტაბის შეხვედრაა კავკასიის რეგიონში. „თამამად შეიძლება ვთქვათ, რომ 2015 წლის მაისში საქართველო იქნება მსოფლიო მნიშვნელობის ღონისძიების ეპიცენტრი და ჩვენს ქვეყანას ეძლევა შანსი უპრეცედენტო მნიშვნელობის ინვესტიციების მოზიდვის“, – განაცხადა EBRD-ში საქართველოს მმართველმა, ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.
„ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა და შანსი იმისა, რომ მოვიზიდოთ დამატებითი ინვესტიციები დედაქალაქში. სწორედ ამიტომ, ვამზადებთ საინვესტიციო პაკეტებს და საინტერესო პროექტებს, რომლებსაც ინვესტორებს შევთავაზებთ უძრავი ქონების, სასტუმროების მშენებლობის, ქალაქგანვითარების, ტურიზმის განვითარების და სხვა სფეროებში“, – განაცხადა დავით ნარმანიამ აღნიშნული ღონისძიებისთვის მიმდინარე სამუშაოების პირველი ეტაპის დათვალიერებისას.
საქართველოში ასეთი მასშტაბური ღონისძიება არ ჩატარებულა. EBRD-ის ღონისძიების მნიშვნელოვანი ნაწილი მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართება, რომელსაც 1983 წლიდან არ ჩატარებია რეკონსტრუქცია. გარდა იმისა, რომ მისი ფასადური რეკონსტრუქცია ხდება, შენობის შიგნითაც მიმდინარეობს ინტერიერის შეკეთება და ეს ყველაფერი, ბუნებრივია, ღონისძიების დასრულების შემდეგ ავტომატურად დარჩება მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეს. რაც შეეხება ყბადაღებულ „ტოიოტა ქამრის“ ავტომობილებს, მათი გამოყენება ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის “თბილისი 2015” ფარგლებშია გათვალისწინებული.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ნინო კობახიძე დარწმუნებულია, რომ იმ 6 დღის განმავლობაში, როცა სტუმრები საქართველოში იქნებიან, ჩვენ შევძლებთ იგივე მოცულობის თანხების მიღებას, რომლის დახარჯვაც ხდება, ასევე ტურიზმისა და საინვესტიციო გარემოს კუთხით ნამდვილად გამართლებულია თითოეული თეთრის დახარჯვა.
ცნობილია, რომ ბიზნეს-ტურისტი საშუალოდ 700-800 დოლარს ხარჯავს დღეში, რადგან, როგორც წესი, მას ხარჯებს უნაზღაურებს ის ორგანიზაცია, რომელსაც ის წარმოადგენს. ქვეყნის ცნობადობის გაზრდისა და იმ ინვესტიციების გარდა, რომელიც ქვეყანამ შეიძლება ამ გზით მიიღოს, ღონისძიების წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, საქართველო საქმიანი ტურიზმის ბაზარზე სერიოზულ განაცხადს გააკეთებს, რაც შედარებით ახალი და ერთ-ერთი სწრაფად მზარდი სეგმენტია ტურიზმის სფეროში. საქმიანი ტურიზმის განვითარების მიხედვით, მსოფლიო ლიდერი ჩინეთია, რომელმაც მხოლოდ 2011 წელს 7,9 მილიონი სტუმარი მიიღო. ტურიზმის აღნიშნული სახეობა გულისხმობს საქმიანი შეხვედრების, წამახალისებელი ტურების, კონფერენციებისა და კორპორაციული ღონისძიებების მოწყობას. ჩინეთის შემდეგ, მეორე ადგილზე რეიტინგში საფრანგეთია, რომელსაც საქმიანი ვიზიტით იმავე წელს 5 მილიონი ადამიანი ეწვია. მესამეა ესპანეთი 3,5 მილიონი ტურისტით.
ტურიზმის დარგს მსოფლიო მასშტაბით ზრდის კვლავ დიდი პოტენციალი აქვს, ასევეა საქართველოშიც. სხვადასხვა საერთაშორისო გამოცემებში საქართველო მუდმივად ფიქსირდება, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო, ტურისტულად მიმზიდველი ქვეყანა. ეს იმას ნიშნავს, რომ ტურიზმი არის ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი, სტრატეგიული დარგი, რომელიც ძლიერი მექანიზმია დასაქმების, ქვეყნის უცხოეთში რეკლამირებისა და ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. მთავარია, ქვეყანამ კი არ დაზოგოს, არამედ თავისი მწირი შესაძლებლობის გათვალისწინებით, კარად აწონ-დაწონოს ის პრიორიტეტები, რაშიც ფულს ხარჯავს და გონივრული სვლები გააკეთოს ამ მიმართულებით.