ჩინური ამბიციები და საქართველოს გეოპოლიტიკური მომავალი

მოამზადა მაკა ღანიაშვილმა

მსოფლიოში ძალთა გადანაწილება იცვლება. ჩინეთი სულ უფრო ძლიერდება და აშშ-ს, როგორც მსოფლიოს უპირობო ჰეგემონის რეალური კონკურენტი ხდება. ჩინეთი მიღწეული შედეგებით არ კმაყოფილდება და საერთაშორისო ასპარეზზე პოზიციების განმტკიცების ახალ გზებზე ფიქრობს. ჩინეთის ლიდერების ერთ-ერთი მთავარი გეგმა „აბრეშუმის გზას“ და მის რეაბილიტაციას უკავშირდება. როგორია მსოფლიოში ძალთა გადანაწილება? როგორია „აბრეშუმის გზის“ ისტორიული როლი და მისი მნიშვნელობა თანამედროვე მსოფლიოში, შეიცვალა თუ არა მან ფუნქცია და როგორი შეიძლება იყოს საქართველოს როლი მიმდინარე პროცესებში?

„აბრეშუმის გზის“ რეაბილიტაცია

აბრეშუმის დიდი გზა არის ტრანსკონტინენტური სავაჭრო-საქარავნო გზა, რომელიც ჩინეთს ხმელთაშუა და შავი ზღვების სანაპიროებთან აკავშირებდა. ამ გზით ვაჭრობას დასაბამი მიეცა ძვ. წ. II საუკუნეში. აბრეშუმის დიდი გზა იწყებოდა სიანში. ქ. დუნხუანიდან იგი ორ განშტოებად მიემართებოდა დასავლეთისაკენ. ორივე გზა – პირველი ლობნორის ტბის ჩრდილოეთით ქ. ტურფანის, მეორე კი იმავე ტბის სამხრეთით ქ. ხოტანისა და ქ. იარქენდის გავლით – ქ. კაშგარში იყრიდა თავს. აქედან ჩრდილოეთის გზა კასპიის ზღვით უკავშირდებოდა ამიერკავკასიას, გადაკვეთდა საქართველოს და ფაზისიდან შავი ზღვით ბიზანტიანსა და რომს აღწევდა. მეორე გზა კაშგარიდან ბალხსა და ჩრდილოეთ ირანზე გავლით შუამდინარეთისაკენ, იქიდან კი ხმელთაშუა ზღვის ნაპირებისაკენ მიემართებოდა. აბრეშუმის დიდი გზით უმთავრესად გაჰქონდათ მაღალხარისხოვანი ჩინური აბრეშუმი, რომლის მთავარი მომხმარებელი რომის წარჩინებულები იყვნენ. ჩინეთიდან შეჰქონდათ აგრეთვე ოქრო. ვაჭრობის, საქონლის გაცვლა-გამოცვლის გარდა, ეს სამხედრო გზაც გახლდათ. ირანსა და საბერძნეთს, რომსა და სპარსეთს შორის უშველებელი ომები იყო სწორედ მსოფლიოს ბატონობისთვის. აბრეშუმის დიდმა გზამ მნიშვნელობა დაკარგა XVII საუკუნის მიწურულში, როდესაც ევროპელებმა საბოლოოდ აითვისეს საოკეანო გზა აფრიკის შემოვლით. 21-ე საუკუნეში კი ჩინეთი ცდილობს უკუპროცესებს მისცეს დასაბამი და ოკეანე ისევ ხმელეთით, მსოფლიო ჰეგემონი აშშ კი ჩინეთით ჩაანაცვლოს.

საქართველო იყო ერთ-ერთი რგოლი სიმბიოზური ჯაჭვისა, რომელსაც ერქვა აბრეშუმის გზა. საქართველოს ჰქონდა ტრანზიტორისა და გამტარაბელის სახელმწიფოს ნიშა, რაც ქვეყანას საშუალებას აძლევდა სცოდნოდა იმ პროცესების შესახებ, რაც მიმდინარეობდა იმდროინდელ ევროპასა თუ აზიაში. საფუძველს არაა მოკლებული ის აზრი, რომ საქართველომ დაკარგა სახელმწიფოებრივი ფუნქცია მაშინ, როდესაც თავად აბრეშუმის გზამ დაკარგა ფუნქცია. შეიძლება თუ არა საქართველომ დაიბრუნოს ეს ისტორიული როლი? საქართველოში უკვე ხორციელდება რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი, რომლებმაც ქვეყნის გეოპოლიტიკური სტატუსის გაძლიერებას უნდა შეუწყოს ხელი, ამ პროცესებში კი ჩინეთი სულ უფრო აქტიური მოკავშირე და პარტნიორი ხდება. ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი პროექტები როგორიცაა ყარსი-ახალქალაქის რკინიზა, „აბრეშუმის გზის“ რეაბილიტაციის გეგმა, ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით სარკინიგზო ხაზის ამუშავება და ანაკლიიის პორტის მშენებლობა.

ჩინეთის ამბიციური გეგმები

სხვადასხვა სახის იმპორტირებული საქონლის ჩინეთიდან გატანა გასული წლის ნოემბრიდან საზღვაო გზებთან ერთად, სახმელეთო მარშრუტებითაც დაიწყო. ჩინეთის გეგმა, ძირითადად, სატვირთო მატარებლს უკავშირდება, რომლის მარშრუტიც ჩინეთიდან იწყება და მადრიდში მთავრდება. მსოფლიოს ყველაზე გრძელი სარკინიგზო ხაზი (8000 მილი) ანტიკური აბრეშუმის გზის გამეორებაა. მისი რეაბილიტაცია ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის ახალი კონტინენტური ოცნება და ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური სატრანსპორტო და ინფრასტრუქტურული პროექტია. წყნარ ოკეანეზე გამავალი მარშუტი სარისკოა, ჩინეთი დაზღვევის გზებზე იწყებს ფიქრს.

ჩინეთი განიცდის ზეწოლას აშშ-ის სამხედრო ძალებისგან, რომლებიც განლაგებულნი არიან სამხრეთ კორეიდან ავსტრალიამდე. მიუხედავად იმისა, რომ პეკინი ეკონომიკასთან ერთად, შეიარაღებულ ძალებსაც აძლიერებს, აშშ ამ სფეროში უპირობო ლიდერად რჩება. სიტუაციის გამწვავების და დაძაბვის შემთხვევაში, ამერიკის სამხედრო გემებსა და ხომალდებს დიდი დარტყმა შეუძლიათ მიაყენონ ჩინეთის ეკონომიკას და ბლოკადაში მოაქციოს ის. გარდა ამისა, ჩინეთისთვის სარისკოა რეგიონის ახალი სავაჭრო წესრიგი, რომლის მიღწევასაც აშშ ცდილობს. აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა ახლოსაა მიაღწიოს საბოლოო შეთანხმებას ტრანს-წყნარი ოკეანიის პარტნიორობის შექმნის შესახებ. ეს იქნება თავისუფალი ვაჭრობის უდიდესი შეთანხმება, რომელშიც ჩართული იქნება 12 ქვეყანა, რაც გლობალური მშპ-ს 40%-ს შეადგენს, მაგრამ ამ 12 ქვეყანაში არ არის ჩინეთი. ეს პროგრამა ობამას აზიური პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია, ოფიციალური ჩინეთი აშშ-ს ქმედებებს მეორე ცივ ომს უწოდებს, იმისათვის, რომ დაბლოკოს კონკურენტის ეკონომიკური ზრდა.

ამ სურათის გათვალისწინებით, ჩინეთი ცდილობს გზა ევროპისკენ გაიკვალოს. მაგრამ „აბრეშუმის გზის“ თავიდან გაჭრა არის დიდი გამოწვევა დიდი მანძილისა და გეოგრაფიული პირობების გათვალისწინებით. ჩინური გეგმის მიხედვით, გზა გადის ყაზახეთზე, რუსეთზე, ბელარუსზე, პოლონეთზე, გერმანიაზე და ბოლოს საფრანგეთის გავლით მიდის ესპანეთში. მარშრუტი გადის სუბტროპიკულ კლიმატზე, მანამდე უდაბნოსა და სტეპებზე, სადაც ტემპერატურა შეიძლება მინუს 40 გრადუსამდე დაეცეს ზამთარში. მარშრუტის სხვადასხვა მონაკვეთებს შორის დიდი სხვაობის გამო, მძიმე ტვირთის ამწეების საშუალებით გადატვირთვა სამჯერ არის საჭირო, ყაზახეთში, პოლონეთში და შემდეგ ესპანეთში. გარდა ამისა, ჩინეთს უკვე აქვს ორი სატვირთო მატარებელი, რომელიც გერმანიის ორ ქალაქს ჰამბურგსა და დიუსბურგს უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ სარკინიგზო გადაზიდვებს რამდენიმე უარყოფითი მახასიათებელი აქვს საზღვაო გადაზიდვებთან შედარებით, ჩინეთი უკან დახევას არ აპირებს. მატარებელით რამდენიმე ასეული კონტეინერის დატვირთვაა შესაძლებელი, გემზე კი 18 000-ის. სარკინიგზო გადაზიდვა უფრო სწრაფია, მაგრამ გემით ტვირთის გადატანა უფრო იაფი. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მაღალღირებული ტვირთებისთვის მატარებლით გადატანა უფრო მომგებიანია, მაგალითად, ლეპტოპებისთვის, რომელთაც ჩინეთი ევროპაში აგზავნის და ავტომობილების ნაწილებისთვის, რომლის იმპორტსაც ჩინეთი ევროპიდან ახორციელებს.

ჩინეთი გრძელვადიან პერიოდში განიხილავს სხვა გრძელი სარკინიგზო მარშრუტების შექმნის შესაძლებლობასაც. ასეთი შეიძლება იყოს სწრაფმავალი მატარებელი პეკინიდან მოსკოვამდე და კიდევ ერთი ცოტა უტოპიური პროექტი – მატარებელი არქტიკიდან ნიუ-იორკამდე, კანადის გავლით. ასეთია ჩინეთის მპრეზიდენტის სი ძინპინის ამბიციური გეგმები, ეკონომიკური ზრდის კიდევ უფრო მეტად ხელშესაწყობად. მან აბრეშუმის გზის ინფრაქტრუქტურის გასამართად აბრეშუმის გზის ფონდში 40 მილიარდი აშშ დოლარი უკვე ჩადო.

ჩინეთისათვის საფრთხე მხოლოდ ზემოთ ხსნებეული ტრანს-წყნარი ოკეანიის პროექტი არ არის. აზიაში სხვა სახელმწიფოების ფაქტორიც გასათვალისწინებელია. განსაკუთრებით საბჭოთა კავშირის დაშლისა და დამოუკიდებელი სახელმწიფოების გაჩენის შემდეგ. ყაზახეთის, უზბეკეთის, ყირგიზეთის, ტაჯიკეთისა და თურქმენეთის მმართველობა კრემლის პოლიტიკის გავლენის ქვეშაა. თუმცა მათი ეკონომიკური მომავალი ჩინეთზეა დამოკიდებული. ჩინეთის საინვესტიციო პოლიტიკა განვითარებად ქვეყნებში უკვე გამოკვეთილია: დიდ ინვესტიციები ენერგო სექტორში, მეტალურგიასა და მძიმე მრეწველობა. ამის საპირისპიროდ ტრანს-წყნარი ოკეანიის თანამშრომლობა კონცენტრირებულია ვაჭრობაზე სერვისში და მოითხოვს მაღალ სტანდარტებს სამუშაო ძალასა და გარემოზე მოქმედ ფაქტორებზე.

საქართველო და ჩინეთი

ჩინეთი რომ საქართველოს კვლავ განიხილავს, როგორც „აბრეშუმის გზის“ ერთ-ერთ ჯაჭვს, ის ღონისძიებებიც მოწმობს, რომელიც გასული წლის ზაფხულში ჩატარდა. 2014 წლის აგვისტოში ჩინეთმა სხვადასხვა მედიასაშუალებების წარმომადგენლებისთვის „აბრეშუმის გზის“ პოპულარიზაციისთვის მასშტაბური ღონისძიება ჩაატარა, რომელშიც საქართველოც მონაწილეობდა. საავტომობილო ტური „მოგზაურობა ათიათასკილომეტრიან აბრეშუმის გზაზე“კულტურულ-ეკონომიკური მედიაღონისძიება იყო, რომელმაც სტარტი 2014 წლის 19 ივლისს ჩინეთის ქალაქ სიანში (ისტორიულად აბრეშუმის გზის სათავე) აიღო. საერთაშორისო საავტომობილო ტურის მონაწილეები საქართველოს ტერიტორიაზე 20 აგვისტოს შემოვიდნენ. ღონისძიებისადმი მიძღვნილ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და ეკონომიკური და მდგრადი განვითარების მინისტრმა საქართველოსთვის „აბრეშუმის გზის“ რეაბილიტაციის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ აბრეშუმის გზა საქართველოს შესაძლებლობას უჩენს, განავითაროს ეკონომიკა, ვაჭრობა, დაამყაროს ახალი კავშირები, უკეთ წარმოაჩინოს ტრადიციები, საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საქართველოს, როგორც სატრანზიტო ქვეყნის პოტენციალის განვითარებას. საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დადებითად შეაფასა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები და განაცხადა, რომ ხელმოწერილია ეკონომიკური ხასიათის არაერთი შეთანხმება, აქტიურად მუშაობს საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისია.

როგორც ჩანს, ჩინეთის აქტიურობა უკვე მოლაპარაკებების მაგიდას გასცდა და სტატისტიკურ მონაცემებშიც აისახა. ჩინეთი წლიდან-წლამდე სულ უფრო მნიშვნელოვან როლს იკავებს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და საქართველოს საერთაშორისო სავაჭრო პარტნიორებს შორის.

1

2014 წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციებიდან (1272 მლნ. აშშ დოლარი) 65% სამ უმსხვილეს ინვესტორზე მოდის, რომელთაგან მესამე ადგილზე ჩინეთია, ნიდერლანდებისა და აზერბაიჯანის შემდეგ. ჩინეთზე გასულ წელს საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 15% მოდის. ბოლო წლების განმავლობაში ჩინეთიდან განხორციელებული ინვესტიციები საქართველოში მნიშვნელოვნად გაიზარდა და 2014 წელს 195 მილიანი აშშ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება საგარეო ვაჭრობას, 2014 წლის მონაცემებით, ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის მეოთხეა საერთო საგარეო სავაჭრო ბრუნვის 7.2%-ით.

2

3

ეს მონაცემები ადასტურებს, რომ საქართველო ჩინური ბიზნეს-სექტორისთვის სულ უფრო საინტერესო და პერსპექტიული ხდება. გარდა ამისა, 2014 წლის 6 თვის მონაცემებით, ჩინეთიდან შემოსული ვიზიტორების რაოდენობა 11%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

საქართველოში განხორციელებული ინვესტიციებისა და სავაჭრო ბრუნვის მოცულობის ზრდის გარდა, ჩინეთი ნელ-ნელა იკავებს მნიშვნელოვან პოზიციებს საქართველოსთვის ისეთ სტრატეგიულ პროექტებში როგორიცაა ანაკლიის პორტის მშენებლობა და ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა. საქართველოს მთავრობის 2014 წლის 5 აგვისტოს №1375-ე განკარგულების შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქართველოს მთავრობის სახელით გამოაცხადა მოწვევა ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და განვითარების პროექტზე ინტერესთა გამოხატვის შესახებ. პროექტთან დაკავშირებით ინტერესი ოფიციალურად გამოხატა თორმეტმა კომპანიამ, რომელთაგან 7 სამთავრობო კომისიის გადწყვეტილებით შევიდა ე.წ. ,,მოკლე სიაში“, რომლებმაც მიმდინარე წლის 16 აპრილს უნდა წარმოადგინონ თავიანთი ტექნიკური და ფინანსური წინადადებები (RFP) პროექტთან დაკავშირებით.

პორტის გარდა, ანაკლიაში დაგეგმილია ლოჯისტიკური და სამრეწველო ზონის განვითარება, აგრეთვე საერთაშორისო აეროპორტისა და თხევადი გაზის ტერმინალის მშენებლობა. ანაკლიის პორტის მშენებლობა 2016 წელს დაიწყება, ის 7 ფაზად იქნება დაყოფილი. საბოლოო ჯამში, პორტმა 100 მილიონ ტონა გამტარუნარიანობას უნდა მიაღწიოს.

ვრცელდება ინფორმაცია, რომლის თანახმადაც 11 მარტს, პეკინში ხელი მოეწერა შეთანხმებას უმსხვილეს ჩინურ სახელმწიფო ენერგოკომპანია Power China-სა და ქართულ კომპანია Anaklia Industrial Eco Park and Port Ltd-ს შორის. გავრცელებული ინფორმაციით, ჩინური კომპანია 6 თვეში დაიწყებს შავი ზღვის სანაპიროზე, ანაკლიაში უმსხვილესი პორტის მშენებლობას. პორტის სიმძლავრე წელიწადში 100 მილიონი ტონა იქნება. პროექტის განხორციელებისთვის ჩინური მხარე 5 მილიარდი დოლარის ოდენობის ინვესტიციას მოიზიდავს. როგორც ცნობილი ხდება, შეთანხმების ხელმოწერა მოხდა პეკინში საქართველოს და ჩინეთის ოფიციალური დელეგაციების შეხვედრის დროს, აბრეშუმის გზის ეკონომიკური სარტყელის პროექტის ფარგლებში.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლე, რომელიც ბოლო პერიოდში მოხდა და ჩინური და ქართული ეკონომიკების კიდევ უფრო მეტად ინტეგრაციას უწყობს ხელს, არის პირველი სარკინიგზო ტვირთის ტრანსპორტირების ფაქტი ჩინეთიდან საქართველოში. „საქართველოს რკინიგზის“ ცნობით, ტრანსპორტირება განხორციელდა კომპანია WELL-ის (Worldwide Energy Logistics Ltd) და Kedentranservice-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში. სამატარებლო გადაზიდვა, ჩინეთში 2015 წლის 29 იანვარს დაიტვირთა და საქართველოში 6 თებერვალს დაიცალა. პირველივე ეტაპზე ეს პროექტი საქართველოს პორტებისთვის დააგენერირებს დაახლოებით, 50-60 ათასი ახალი კონტეინერის მოცულობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია როგორც პორტებისთვის, ასევე საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის. ამასთანავე, ეს არის ახალი აბრეშუმის გზის პროექტის ნაწილი, რომელიც განხორციელდა საქართველოს რკინიგზის, ყაზახეთის რკინიგზისა და ჩინეთის პროვინცია სინძიანის უშუალო მონაწილეობით. როგორც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ, შემდგომში მთელ ეკონომიკურ სარტყელზე, აზერბაიჯანთან, შუა აზიის ქვეყნებთან, ასევე თურქეთთან, როცა დასრულდება ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი „მთლიანად შეიკვრება ერთიანი, დიდი ინფრასტრუქტურა, რომელიც მთელ რეგიონში საქართველოს როლს ეკონომიკური დანიშნულების კუთხით მნიშვნელოვნად გაზრდის“.

ტრანს-აზიურ-კავკასიური მატარებელი იძლევა საშუალებას ხუთჯერ შემცირდეს სატრანზიტო დრო საზღვაო გადაზიდვასთან შედარებით, კერძოდ, თუ ზღვით ტრანსპორტირების შემთხვევაში საჭიროა 40-45 დღე, ამ შემთხვევაში ტვირთი ჩინეთიდან საქართველოში 9 დღეში ჩამოვა. ფაქტი ისტორიულია და აქამდე არსებული საზღვაო კავშირის დამატებით ალტერნატივას წარმოადგენს. პროექტის მეშვეობით ტვირთი უმოკლეს დროში შეუფერხებლად იმოძრავებს ჩინეთიდან საქართველოს შავი ზღვის პორტების მიმართულებით და უზრუნველყოფილი იქნება ტვირთის შემდგომი ტრანსპორტირება როგორც ევროპის, ასევე ხმელთაშუა და შავი ზღვის აუზის სხვა ქვეყნების მიმართულებით. კომპანიებს დაგეგმილი აქვთ თავიდან ორ კვირაში ერთხელ, შემდეგ კი ყოველკვირეულად ერთი ბლოკი მატარებლის გადაზიდვის განხორციელება, რაც საშუალებას მისცემს ტვირთის მფლობელებს, ისარგებლონ რეგულარული და გარანტირებული სახაზო სერვისით. „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის განხორციელებით საქართველოს პორტებისა და საქართველოს რკინიგზის ტვირთბრუნვა, მხოლოდ ერთი მიმართულებიდან, დაახლოებით, 100-120 მილიონი აშშ დოლარის დამატებით ფულად ნაკადს უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკისთვის. მომავალში მატარებლის ორივე მიმართულებით (ჩინეთი-საქართველო, თურქეთი-ყაზახეთი) დატვირთული მუშაობის შედეგად ეს მაჩვენებელი გაორმაგდება.

საქართველოს, ისევე როგორც მთლიანად ეკონომიკური განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა. დათქმული ვადების შესაბამისად, შპს „მარაბდა-კარწახის რკინიგზამ“ დაასრულა ლიანდაგის დაგება მთელ მონაკვეთზე. ყარსი-ახალქალაქის რკინიგზაზე სატესტო მატარებელმა პირველად მიმდინარე წლის იანვრის ბოლოს გაიარა. პროექტი გეგმის მიხედვით, ექსპლუატაციაში 2015 წლის ბოლოს უნდა შევიდეს. პროექტის საინვევესტიციო ღირებულება $775 მილიონია, რომლის 60%-მდე ათვისებულია. აღნიშნული თანხა აზერბაიჯანის ტრანსპორტის სამინისტრომ 25-წლიანი კრედიტის სახით გამოუყო. „მარაბდა-კარწახის რკინიგზა“ მშენებლობის დამკვეთია, სამშენებლო სამუშაოებს კი აზერბაიჯანული კომპანიები ასრულებენ. პროექტისთვის მატარებლები „საქართველოს რკინიგზამ“ უნდა შეისყიდოს და შემდეგ გადასცეს იმ კომპანიას, ვინც ოპერირებას განახორციელებს. მატარებლების შესყიდვაზე კი მოლაპარაკება შვეიცარულ Stadler-სთან და ესპანურ Talgo-სთან მიმდინარეობს. სამინისტროს ცნობით, ახალ რკინიგზას წელიწადში 1 მილიონი მგზავრის გადაყვანისა და, პირველ ეტაპზე, 5 მილიონი ტონა ტვირთის გატარების პოტენციალი ექნება. სატვირთო მოცულობა მუდმივად გაიზრდება და მეორე ეტაპისთვის წელიწადში 15 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვა იგეგმება. ამ პროექტის განხორციელების შედეგად, თურქეთის გავლით, გაიხსნება სარკინიგზო დერეფანი კასპიის ზღვიდან ევროპისკენ, რომელიც საბოლოოდ გამორიცხავს საზღვაო გზით გადაზიდვის საჭიროებას მას მერე, რაც სტამბოლში, ბოსფორის სრუტეში გამავალი რკინიგზის გვირაბის მშენებლობა დასრულდება. ამჟამინდელი ტვირთბრუნვის მიხედვით და სარკინიგზო ხაზის დაგეგმილ დროს გახსნის შემთხვევაში, მენეჯმენტი ფიქრობს, რომ 2015 წლისთვის კომპანიას შეეძლება შეცვალოს ამჟამად არსებული მინიმუმ 2 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვის მარშრუტი (უმთავრესად მშრალი ტვირთის, რომელის გადაზიდვაც ამჟამად სატვირთო მანქანებით ხდება) თურქეთის, კავკასიის, რუსეთისა და ცენტრალური აზიას შორის.

ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის პროექტის განხორციელება 2007 წელს დაიწყო, მშენებლობა კი 2008 წელს და იგი ითვალისწინებს საქართველოს ტერიტორიაზე მარაბდა-ახალქალაქის სარკინიგზო ხაზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას და ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას ახალქალაქიდან თურქეთის საზღვრამდე. თურქეთსა და ცენტრალურ აზიას შორის გაზრდილი ვაჭრობა უზრუნველყოფს მნიშვნელოვან შესაძლებლობას სავაჭრო ნაკადის მისაპოვებლად, კერძოდ, ცენტრალური აზიიდან თურქეთში იმპორტირებული ნედლეულისა და თურქეთიდან ექსპორტირებული პროდუქციის.

საქართველოს გარშემო გეოპოლიტიკური სიტუაცია ნელ-ნელა იცვლება. ჩინეთი გლობალური პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობას წლიდან წლამდე ზრდის და იმყარებს პოზიციებს სხვადასხვა ქვეყნებში, გამონაკლისი არც საქართველოა. როგორც სტატისტიკური მონაცემები ადასტურებს, ჩინეთი ნელ-ნელა საქართველოს ინვესტორებსა და საგარეო სავაჭრო პარტნიორებს შორის სულ უფრო მოწინავე პოზიციას იკავებს. რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს საქართველოს როლი ჩინეთის გეოპოლიტიკურ გეგმებში? საუკუნეების წინ „აბრეშუმის გზამ“ საქართველოს გეოპოლიტიკური როლი მნიშვნელოვნად გაზარდა, ამიტომაც, შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ამოცანა ხდება რეაბილიტირებულ აბრეშუმის მარშრუტში მნიშვნელოვანი ადგილის დაკავება. სატრანსპორტო დერფნით დამატებითი ტვირთების მოზიდვა არა მარტო საქართველოს რკინიგზის ლოკალური ამოცანაა, არამედ სახელმწიფოს სტრატეგიულ პრიორიტეტს წარმოადგენს, ამ თვალსაზრისით ჩინეთიდან საქართველოს დანიშნულებით თუნდაც „საპილოტო“ გადაზიდვის განხორციელება უდაოდ მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია. საქართველო, როგორც ტრანზიტორი ქვეყანა იღებს ტრანზიტის ფულს და ასევე იმ პროდუქტს შეღავათიან ფასში, რომლის ტრანზიტსაც ახორციელებს. მაგრამ ამ სარგებელზე მეტად, მნიშვნელოვანია სახელმწიფოს სტაბილურობა და ინტერესთა ჩართულობა რეგიონში. სტაბილურობა კი ხშირად ასოცირდება კეთილდღებოსათან და ინვესტიციების შემოდინებასთან, რაც საქართველოს დამატებით ფუნქციებს შესძენს. გარდა ამისა, იმ ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ჩვენს რეგიონსა (საომარი ვითარება უკრაინაში, რუსეთისთვის დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები და კრიზისში მყოფი ეკონომიკა) და ევროპაშია, ქართველი ეკონომისტები ხშირად აპელირებენ იმ ფაქტზე, რომ საქართველოს საექსპორტო ორიენტირი აზიური ბაზრები უნდა გახდეს და ასევე გააქტიურდეს მუშაობა ქვეყანაში აზიური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით. წლების განმავლობაში საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორები რუსეთი და ევროპა იყვნენ. დღეს ორივე მათგანს საკუთარი პრობლემები აქვს, ამიტომ ამ ნიშის ჩასანაცვლებლად ახალი ბაზრების ათვისებაა საჭირო. ამიტომ სარკინიგზო მარშრუტების ამოქმედება აზიიდან საქართველოს მიმართულებით არამხოლოდ გეოპოლიტიკური, არამედ წმინდა ეკონომიკური კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.