რა საიდუმლოს მალავენ “ჯორჯიან თაიმსი” და “გორბი”?
რუსიკო უშიკაშვილი
მეშვიდე წელია, რაც საქართველოში ტარდება მედია ჰოლდინგ “The Georgian Times”-ის მიერ დამკვიდრებული ბიზნეს რეიტინგი, საქართველოს წლის საუკეთესო კომპანიის და ბიზნესმენის გამოსავლენად. ბიზნეს რეიტინგის კვლევას ატარებს საქართველოს საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევების ასოციაცია “GORBI”.
კომპანიების შერჩევა მოხდა საქართველოს საგადასახადო დეპარტამენტის მიერ კომპანიების საქმიანობის შესახებ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. შერჩევის კრიტერიუმი ასეთია: კერძო კომპანიების შენატანი სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა იყოს 500 ათასი ლარი და მეტი, ხოლო სახელმწიფო კომპანიების შენატანი – მილიონი ლარი და მეტი.
გამოკვლევას ატარებენ შესაბამისი ექსპერტები, რომელთაც ასოციაცია “GORBI” აწვდის კერძო და სახელმწიფო კომპანიების სიას. აქედან, ექსპერტები, რომელთა რაოდენობაც 40-ს აღწევს, ირჩევენ 11 კერძო და 11 სახელმწიფო კომპანიას. შესაბამისად, შეირჩევა საუკეთესო კომპანიები როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორში. ექსპერტები კომპანიებს აფასებენ 12 კრიტერიუმის მიხედვით. ესენია:
1. ბიუჯეტში შენატანი თანხა; 2. მეწარმეთა ინტერესების დაცვა; 3. საზოგადოებრივი იმიჯი;
4. ეფექტური მენეჯმენტი;
5. ქველმოქმედება, მეცენატობა;
6. სარეკლამო კამპანიის ეფექტურობა;
7. ახალი ტექნოლოგიები;
8. ახალი სამუშაო ადგილები;
9. კომპანიის საქმიანობის სტაბილურობა; 10. კომპანიის ზრდა, წარმატებულობა;
11. აღიარება საზღვარგარეთ;
12. საზოგადოებასთან ურთიერთობა.
გამოკვლევის დასკვნით ეტაპზე გამოვლინდება საუკეთესო კერძო და სახელმწიფო კომპანია (ბიზნესმენი). ასევე მოხდება კერძო და სახელმწიფო კომპანიების (ბიზნესმენების) დაჯილდოება სხვადასხვა ნომინაციაში. ეს ცერემონიალი თავდაპირველად მაისის ბოლოსათვის იყო დაგეგმილი, მაგრამ შემდეგ გადაწყდა, რომ ჩატარდებოდა 13 ივნისს, სარაჯიშვილის კომპლექსში. გარდამავალი ორდენები გადაეცემათ ბიზნესმენებს, ხოლო კომპანიებს თანაბრად გადაეცემათ ოქროს ნახევარივარსკვლავი.
ცერემონიალზე კომპანიები თავად აირჩევენ თავიანთი რიგებიდან საუკეთესოს. ცერემონიალს დაესწრებიან საქართველოს პარლამენტისა და ხელისუფლების, ინტელიგენციის, საქართველოში აკრედიტირებული უცხოური მისიებისა და ფონდების წარმომადგენლები, კერძო და სახელმწიფო სექტორში მოღვაწე ბიზნესმენები, ადგილობრივი და უცხოური მასმედია.
ამ ეტაპზე უკვე გამოვლენილია ის 22 კომპანია, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ რეიტინგის დასკვნით ეტაპში. 2001 წლის საუკეთესო კომპანიისა და ბიზნესმენის ტიტულის მოსაპოვებლად იბრძოლებენ შემდეგი კომპანიები (იხ. ცხრილი).
რაც შეეხება ბიზნეს-რეიტინგის იდეას, ამის შესახებ რეიტინგის ერთ-ერთ ორგანიზატორს, მედია ჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” პრეზიდენტს, ბატონ მალხაზგულაშვილს გავესაუბრეთ.
მალხაზ გულაშვილი: “საქართველოში არ არის ბიზნესისადმი ხელშეწყობა. ამიტომ ბევრი ბიზნესმენი პოლიტიკაში გადადის, ვინაიდან ქვეყანაში არანაირი პირობა არ არის შექმნილი, ბიზნესის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ქვეყნის პრიორიტეტი უნდა იყოს ის, რომ ბიზნესი თავის სახედ, თავის იმიჯად აქციოს. განვითარებულ ქვეყნებში ამ საკითხისადმი მიდგომა სწორედ ასეთია. მაგალითად, რაც კარგია გერმანიისათვის და ა.შ. თუ საქართველოშიც ასე დადგა საკითხი, მაშინ უკვე თვით საზოგადოება დააყენებს ბიზნესმენებს იმ აუცილებლობის წინაშე, რომ მათ თავიანთი თანხის გარკვეული ნაწილი დაახარჯონსაზოგადოებას.რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელისუფლებაში მოსვლისას პირველი ნაბიჯი გადადგა იმისათვის, რომ ეკონომიკას მისცემოდა ამოსუნთქვის საშუალება. ამის შემდეგ რუსეთში ეკონომიკური აღმავლობა დაიწყო. საქართველოშიც სწორედ ასე უნდა მოხდეს. საქართველოს მოქალაქეებს შვეიცარიის ბანკებში აქვთ გახსნილი ანგარიშები. ხომ შეიძლება ეს თანხები ისევ საქართველოში მოვიზიდოთ და ჩვენი ქვეყანა საბანკო ქვეყნად ვაქციოთ.
ჩვენი ბიზნეს რეიტინგი ემსახურება იმას, რომ ბიზნესმენებს დაანახვოს ამ კრიტერიუმების აუცილებლობა. სწორედ ეს კრიტერიუმები უნდა დაედოს საფუძვლად სახელმწიფო ფისკალურ პოლიტიკას. საქართველოს ხელისუფლება ვერ ადგენს სტრატეგიას ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის. ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა, პრიორიტეტების გამოკვეთა. სწორედ ამ იდეოლოგიას ემსახურება ჩვენი ბიზნეს რეიტინგი.
სამწუხაროდ, საქართველოში ჯერ არ დამდგარა ის დრო, როდესაც ამ რეიტინგს შესაბამისი ყურადღება მიექცევა. მართალია, ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრაფვიან ცერემონიალს, აფასებენ რეიტინგს, მაგრამ ცხოვრებაში ამის ასახვა არ ხდება. ბიზნესმენების უმეტესობა იმდენად შევიწროებულია უამრავი მაკონტროლებელი ორგანოს მხრიდან რომ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, იძულებით ხდებიან პოლიტიკოსები. მსოლოდ ასეთი გზით შეუძლიათ მათ საკუთარი ბიზნესის დაცვა.
ჩვენ არ გვინდა, რომ ამ რეიტინგის შედეგი მხოლოდ დაჯილდოება იყოს. რეიტინგის იდეა უნდა ჩაიდოს ქართული ეკონომიკის იდეოლოგიაში. ამისთვის საჭიროა, ქვეყნის ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა გონმა ერთად გააანალიზონ ქვეყნის მდგომარეობა და ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლაში შესაბამისი პრიორიტეტები ჩადონ.