შავი ნავთობი – მსოფლიო ინტერესების ჭითელი ხაზი
სოფიკო სიჭინავა
დღითი დღე უფრო და უფრო აშკარა ხდება, რომ ომი ერაყში გარდაუვალია. დავა ამ ქვეყანაში მივლინებული გაეროს სამხედრო ინსპექტორებისთვის მუშაობის ვადის გაზრდისა თუ იმ მეცნიერებთან შეხვედრის თაობაზე, რომლებიც ერაყის შეიარაღებაზე მუშაობენ, მხოლოდ დროის გაჭიანურებას ემსახურება. მოვლენების ლოგიკური დასასრული, როგორც მსოფლიოში ყველა თანხმდება, ომია.
იმ დაძაბულობის პარალელურად, რომელიც ამ საკითხის გამო მსოფლიოში არსებობს, განიხილება მეორე თანამდევი საკითხიც. რას ნიშნავს ამერიკისა და სხვა ძლიერი სახელმწიფოების ასეთი ინტერესი სპარსეთის ყურისადმი და ზეწოლა მასზე? ყველაფერი “შავი ოქროს” რეზერვებით ხომ არ აიხსნება, რომლითაც ერაყი მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ბევრი მიიჩნევს, რომ ამ პროცესების ფესვები, მართლაც სტრატეგიული სტაბილურობის პრობლემაში უნდა ვეძებოთ, ხოლო ნავთობის საკითხი აქ უმთავრესია.
2003 წელი არა მხოლოდ საქართველოსთვის იქნება რთული და მტკივნეული, ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ რყევებს მთელი მსოფლიო დაძაბულად მოელის. აშშ-ერაყის, რუსეთ-საქართველოს, ევროპა-აზიის და არაბეთ-ისრაელის კონფლიქტები ერთიანი ჯაჭვით არის გადაბმული და წითელ ზოლად შავი ნავთობი გასდევს.
შშ-ის სახელმწიფო მდივანმა, კოლინ პაუელმა, თავისი მისიის ბოლო ეტაპი დაიწყო, რომლის მიზანი, ომის შემთხვევაში, სხვა ქვეყნებისგან მხადაჭერის მოპოვებაა. თვითონ ერაყში გაეროს ინსპექტორები ბაღდადის ერთ-ერთ ოტელში ერაყელ მეცნიერებთან საუბარს აწარმოებენ, რომელთა ვინაობა არ სახელდება. ვიდრე მეცნიერებთან საუბარი შედგებოდა, აშშ-ის მხრიდან ბრალდების კასკადი მოდიოდა იმასთან დაკავშირებით, რომ ერაყი ამ შეხვედრას ბლოკირებას უკეთებდა. ერაყმა განაცხადა, რომ ქვეყნის შეიარაღებაზე, დაახლოებით, 500 მეცნიერი მუშაობს, მაგრამ ყოველ მათგანს ბაღდადი საგულდაგულოდ “მალავს”.
25 იანვარს, დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი შედგა. როგორც ვარაუდობდნენ, აშშ ამ შეკრებას ერაყის პრობლემასთან დაკავშირებული მოლაპარაკებებისთვის გამოიყენებდა. ფორუმზე სიტყვით გამოსვლამდე პაუელმა განაცხადა, რომ ვაშინგტონს უშიშროების საბჭოს სანქციის არ არსებობის შემთხვევაშიც მრავალი სახელმწიფოს მხარდაჭერის იმედი აქვს – “მე არ შემიძლია დაგისახელოთ ჩვენი მხარდამჭერი სახელმწიფოები, მაგრამ გარწმუნებთ, რომ მარტონი არ ვიქნებით” – განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.
მსოფლიოში ამ საკითხთან დაკავშირებით უთანხმოება საკმაოდ თვალსაჩინოდ წარმოიშვა – უშიშროების საბჭოს რამდენიმე მუდმივმა წევრმა, მათ შორის, ევროპელებმაც სამხედრო ინსპექტორებისთვის სამუშაოების დასასრულებლად დამატებითი დროის გამოყოფა მოითხოვეს. – “დამატებითი დრო რისთვის? რა უნდა გააკეთონ ინსპექტორებმა დამატებით?” – გაღიზიანებით იკითხა პაუელმა და დასძინა – “ევროპელ კოლეგებს ჯერ არ უთქვამთ, თუ როდის სურთ ინსპექტორების მოსმენა. რა უნდა მოვისმინოთ უახლოესი ორი-სამი თვის მანძილზე, მაშინ, როცა ერაყი არ მოდის თანამშრომლობაზე”.
სავარაუდოა, რომ ბუშის ადმინისტაცია დათანხმდება ინსპექტორებისთვის სამუშაო ვადის გაგრძელებას, მაგრამ არა უმეტეს რამდენიმე კვირისა. თავისი დამოკიდებულება ამერიკის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემაც გამოხატა, რომ ინსპექტორებისთვის დროის მიცემა აუცილებელია. დავოსში პაუელმა განმარტა, რომ აშშ ინსპექტორების ანგარიშის შემდეგაც არ იჩქარებს ერაყზე იერიშის მიტანას, მაგრამ, როგორც ვთქვით, ეს დროის საკითხია.
ბაღდადში ყველა მიიჩნევს, რომ სპარსეთის ყურეში ამერიკის ერთადერთი ინტერესი ნავთობია. ნავთობის მარაგის მიხედვით ერაყი მხოლოდ საუდის არაბეთს ჩამორჩება. სპეციალური გამოცემა “Pლატტს Gუიდე” წერს, რომ მარტო მოძიებული მარაგები ერაყს 112 მილიარდი ბარელი აქვს. ნავთობის საბადოები, ძირითადად, ქვეყნის სამხრეთით არის განლაგებული. თუმცა, თვითონ ერაყში ამბობენ, რომ ეს ციფრი გაცილებით დიდია და იგი 300 მილიარდ ბარელს უდრის.
მოსაზრებას იმის შესახებ, რომ აშშ-ს ერაყში მხოლოდ იქაური ნავთობი აინტერესებს, გამოხმაურება არაბულ სამყაროშიც და მის ფარგლებს გარეთაც აქვს. 1991 წელს, სპარსეთის ყურეში ომის დროს ერაყი ამტკიცებდა, რომ ამერიკელები კუვეიტს არ დაიცავდნენ, თუკი ეს ქვეყანა, ვთქვათ, კომბოსტოს ექსპორტიორი იქნებოდა. პარადოქსია, მაგრამ მაშინ იგივე განცხადება გააკეთა საგამოძიებო კომისიამ, რომელმაც არაოფიციალური სასამართლო ჩაატარა. გაასამართლეს ისინი, ვინც ერაყის დაბობმვის შესახებ ბრძანებას გასცემდნენ. კომისიას აშშ-ის იუსტიციის ყოფილი მინისტრი, გენერალი რემსი კლარკი ხელმძღვანელობდა, სასამართლოს სხვა ქვეყნებიდან წარგზავნილი იურისტები და სამართალდამცავები ესწრებოდნენ.
სასამართლო განაჩენში ეწერა: “ვფიქრობთ, რომ ერაყში დაწყებული ომის ნამდვილი მიზეზი იმ ოქროს ხანის ნოსტალგია გახდა, როცა ამერიკა და რამდენიმე ევროპის ქვეყანა ახლო აღმოსავლეთის რესურსებს აშკარად უწევდნენ ექსპლოატაციას. მსხვილი ნავთობკომპანიები კარგ ურთიერთობაში არიან თანამედროვეობის ყველა იმ ფეოდალთან, რომლებიც საუდის არაბეთს, გაერთიანებულ ემირატებს და რამდენიმე სხვა ქვეყანას მთლიანად მართავს, მაგრამ ამასთან, მათ ერაყზე, ირანზე, იემენზე, ლივიასა და ალჟირზე გავლენა არ აქვთ”.
დღეს ამერიკის ადმინისტრაციის მისამართით მსგავს ბრალდებას აყენებენ. აი, რას ამბობდა ერთ-ერთი ბრიტანელი პარლამენტარი: “საჭირო არ არის იყო გენიოსი, მიხვდე, რომ აშშ-ისა და ისრაელის გეგმები ერთიანობის დანგრევით, არაბული სამყაროს დასუსტებისკენაა მიმართული. შემდეგ ამით ისარგებლოს და ქურდობით დაიცვას თავისი “არაკანონიერი შვილი” ისრაელის სახელმწიფოს სახით”.
ჟურნალ “ეკონომისტის” ანალიტიკოსები, რომლებიც ძნელია დაადანაშაულო სადამ ჰუსეინის რეჟიმისადმი სიმპატიებში, ასეთ დასკვნამდე მივიდნენ: “ანტიერაყულ კამპანიაში ამერიკის მთავარი მიზანი დღესავით ნათელია – მსოფლიო იხსნან მასობრივი განადგურების იარაღისგან, რომელიც მას გააჩნია ან შესაძლებელია, რომ გააჩნდეს, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია ისიც, თუ რა მოხდება მსოფლიო ბაზარზე, როცა ერაყის ნავთობი იხუვლებს. თუ ერაყი შეძლებს ნავთობის დიდი რაოდენობით მოპოვებას, ამ ბაზარზე საუდის არაბეთის დომინირების ეპოქა წარსულს ჩაბარდება. ამერიკისთვის ეს მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება, იგი ნავთობის მსხვილი მომხმარებელია – აშშ-ში მსოფლიოში მოპოვებული ნავთობის ყოველ მეოთხე ბარელს ისინი მოიხმარენ, აქედან გამომდინარე ამერიკელები მიხვდნენ, რომ უშიშროების უზრუნველყოფის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა სხვადასხვა ქვეყნებში არსებული ნავთობის მარაგები მისთვის ხელმისაწვდომი იქნება”. ასე რომ, გულუბრყვილობა იქნებოდა გვეთქვა, ნავთობი დასავლეთის ქვეყნებს საერთოდ არ აინტერესებთო.
არსებობს მეორე მოსაზრებაც, რომ სადამ ჰუსეინს სწორედ მსოფლიოს უსაფრთხოების დასაცავად უზღუდავენ ნავთობისკენ მისასვლელ გზას. ამ მოსაზრების მომხრეები მიიჩნევენ, რომ ანტიერაყულ კამპანიაში მთავარი ფაქტორი თვით ჰუსეინია და არა ნავთობი. მათი თქმით, ნავთობის რეალიზაციის შედეგად მიღებული მოგება კეთილ მიზნებს რომ ხმარდებოდეს, ბუშის ადმინისტრაცია ხმაურს არ ატეხდა და ამტკიცებენ, რომ ნავთობის ბაზარი გადატვირთულია და აშშ-ს შეუძლია როგორმე ერაყის ნავთობის გარეშეც გაძლოს, თანაც, ნედლეულის ნაწილი ახლაც შედის ამერიკაში.
ასეა თუ ისე, ამერიკა ახლა იმას აკეთებს, რასაც თავის დროზე უინსტონ ჩერჩილი ქადაგებდა – ენერგიის წყაროების დივერსიფიცირება, ანუ საწვავი სხვადასხვა ქვეყნებიდან მათ ქვეყანაში უნდა შევიდეს. ანალიტიკოსები დარწმუნებული არიან, რომ დღეს მსოფლიოში ნავთობი გაცილებით მეტია, ვიდრე 10 წლის წინ და ვარაუდობენ, რომ მარაგი მალე არ ამოიწურება.
ერაყს, როგორც ნავთობის მარაგების მიხედვით მეორე ადგილზე მყოფ ქვეყანას თავისუფლად, შეუძლია მსოფლიოს ნავთობის წყურვილი დააკმაყოფილოს, მაგრამ ორი ათეული წლის ომისა და მთელი რიგი სანქციების გამო ნავთობმოპოვების ინდუსტრია ისეთ ცუდ მდგომარეობაშია, რომ მისი შველა მხოლოდ უცხოურ ინევსტიციებს შეუძლიათ. ომის მოწინააღმდეგეები იმავე კითხვას სვამენ – ხომ არ გახდა ძლიერი ქვეყნების ნავთობის მიმართ ინტერესები ბაღდადზე ასეთი ზეწოლის მიზეზი?
1970-იანი წლების ბოლოს ერაყი დღეში 3.5 მლნ ბარელ ნავთობს მოიპოვებდა. ანალიტიკოსები ამტკიცებენ, რომ ინტენსიური ინვესტიციების შემთხვევაში აქ შეიძლება მოპოვებულ იქნას 6 მლნ-იც კი. თუკი ასე მოხდება, ერაყი მსოფლიოში ნავთობის მოპოვების თვალსაზრისით რიგით მეოთხე ქვეყანა გახდება საუდის არაბეთის (8.8 მლნ ბარელი), აშშ-სა (7.2 მლნ ბარელი) და რუსეთის (7.1 მლნ ბარელი) შემდეგ.
უცხოურმა კომოპანიებმა ერაყში ნავთობის მოპოვება 1920 წლიდან დაიწყეს. ერაყი მას შემდეგ მოგებიდან დიდი წილისთვის და საერთო ჯამში, ერაყული ნავთობის კონტროლის უფლებისთვის იბრძვის. ერაყში შეიარაღებული გადატრიალების შემდეგ მოსულმა პარტიამ 1973 წელს მოახდინა კომპანია “Iraqi Petroleum”-ის ნაციონალიზაცია, რომელიც ნავთობმოპოვებას აწარმოებდა.
ნავთობის მოპოვებიდან ბაღდადის მოგება ხუთჯერ გაიზარდა, რამაც სადამ ჰუსეინს საშუალება მისცა გაეტარებინა მთელი რიგი რეფორმები და ფართოდ ეწარმოებინა შეიარაღება. 1991 წლის ომის შემდეგ დადებული სანქციების გამო ნავთობმოპოვება ერაყში ჩაკვდა. ერაყის ჯარების კუვეიტში შეჭრის შემდეგ ნავთობმოპოვება კიდევ 90%-ით შემცირდა. გაეროს სანქციები ითვალისწინებდა ერაყში ექსპორტ-იმპორტის და მრეწველობაში ყოველგვარი ინვესტიციების აკრძალვას. 1996 წელს, ერაყი, ფაქტობრივად, ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშე დადგა, ამიტომ გაერომ ბაღდადს წელიწადში 4 მლრდ-ის ღირებულების ნავთობის ექსპორტირების ნება დართო, რათა ამით საზღვარგარეთ მედიკამენტების, საკვები პროდუქტების და სამედიცინო დანადგარების შეძენა შეძლებოდათ. ეს პროგრამა ცნობილი გახდა სახელით – ნავთობი სურსათის სანაცვლოდ.
1998 წლისთვის ერაყს ახალი უსიამოვნება ელოდა – ნავთობის ფასი ბარელზე 10 დოლარის ქვემოთ დაეცა. ამჯერად, გაერომ ერაყს ნება დართო საზღვარგარეთ ნავთობსადენების, ნავთობის ტუმბოებისა და საბურღი კოშკურების სათადარიგო ნაწილები შეეძინათ. გარდა ამისა, ბაღდადის საექსპორტო ქვოტა წელიწადში 10.4 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. 2000 წლისთვის იგი მთლიანად მოიხსნა, 1990 წლის მაჩვენებელთან შედარებით, ნავთობის მოპოვება 75%-ით გაიზარდა.
გასული წლების განმავლობაში ბაღდადი აწარმოებდა მოლაპარაკებებს იმ უცხოურ ქვეყნებთან, რომლებთაც გაეროს სანქციების მოხსნის შემდეგ ერაყის ნავთობის სოლიდური წილის ხელში ჩაგდების იმედი ჰქონდათ. ერაყმა შეთანხმება დადო რუსეთთან, ვიეტნამთან, საფრანგეთთან, სირიასთან და რამდენიმე სხვა ქვეყანასთან. ბაღდადმა რუსულ კომპანია “ლუკოილთან” ხელახლა დადო ხელშეკრულება, რომელიც ნავთობის მინისტრის მიერ დეკემბრის თვეში ანულირებული იყო (ხელახალი ხელშეკრულება იანვარში დაიდო). ამ ნაბიჯს ბევრი განიხილავს, როგორც რუსეთის მიმართ მადლიერების გამოხატულებას, იმის გამო, რომ რუსეთმა უარი განაცხადა გაეროს უშიშროების საბჭოზე აშშ-სა და ინგლისის მიერ შემოთავაზებულ ერაყის შესახებ რეზოლუციის მხარდაჭერაზე.
მზარდი ომის გამო რუსები შიშობენ, რომ ახალი მთავრობა, რომელიც აშშ-ის მხარდაჭერით შეიქმნება, სადამ ჰუსეინის დროს მიღწეულ შეთანხმებებს აღარ დაიცავს და უპირატესობას ამერიკულ კომპანიებს მიანიჭებს. გარდა ამისა მენავთობეები და ეკოლოგები ფიქრობენ, რომ ახალი ომის შემთხვევაში კუვეიტის კატასტროფა განმეორდება (1991 წელი), როცა ჰუსეინის ბრძანებით, ერაყის ჯარმა 600 ნავთობის ჭაბურღილი ააფეთქა და ნავთობსადენები გახსნა. სპარსეთის ყურეში 8 მლნ ბარელი ნავთობი ჩაიღვარა. ამერიკელები ამბობენ, რომ იგივე შეცდომას აღარ გაიმეორებენ და ომის გეგმის მიხედვით ნავთობის საბადოებს ხელში ჩაიგდებენ, რათა იგი “ერაყელ ხალხს” შეუნარჩუნონ.
რაც შეხება რუსეთს, იმ განსხვავებული პოლიტიკური თუ საომარი ვითარებების მიუხედავად, რომლებიც წინ უსწრებდა რუსეთ-ჩეჩნეთის ორივე ომს, ერთი თვალის შევლებითაც ჩანს ერთი მნიშვნელოვანი მსგავსება – მოვლენათა ჯაჭვში, რომელიც წინ უსწრებდა რუსული საჯარისო ნაწილების ჩეჩნეთის ტერიტორიაზე შეყვანას, მეორდება ერთი და იგივე გარემოება – 1994 წელს და 1999-შიც მოსკოვში, ვაშინგტონში, ევროპისა და კავკასიის ქვეყნების დედაქალაქებში ერთ-ერთ პირველ ადგილზე, ასე ვთქვათ, საარსებო ეკონომიკური ამოცანა კასპიის ნავთობთან დაკავშირებული კითხვა ხვდებოდა – თუ რომელი მიმართულებით წავიდოდა ბაქოს ნავთობი – რუსეთის (ნოვოროსიისკი) თუ თურქეთის (ჯეიჰანი)?
ბასაევისა და ხატაბის აბსოლუტურად უიმედო და კრახისთვის განწირული რეიდი დაღესტანში კასპიის ნავთობის შემოვლითი გზით, დაღესტნის გავლით პროექტის დამტკიცების პერიოდს დაემთხვა. (პროექტი 2000 წლის აგვისტოში დამტკიცდა). ჩეჩენი საველე მეთაურებისთვის ამ გზის ფუნქციონირებას ერთი მნიშვნელობა ჰქონდა – ჩეჩნური მილი მათ კერძო ბიუჯეტებს აღარ შეავსებდა და შეარაღებული რაზმების დასჯას აღარ მოხმარდებოდა.
საველე მეთაურების და მათი მფარველების წინაშე, რომლებიც, როგორც ცნობილია, მოსკოვში ძალიან მშვიდად ცხოვრობენ, ორი ამოცანა დადგა – დაღესტანში გამოეწვიათ დესტაბიილზაცია და ალტერნატიული გზის ფუნქციონირება შეუძლებელი გაეხადათ. ასევე, გამოენახათ ფულის სხვა წყარო. ამ დროს უსამა ბინ ლადენის ლანდმაც კი გაიელვა, რომლის შესახებაც წინა კონფლიქტის დროს კავკასიაში არაფერი ისმოდა.
ბინ ლადენი თანახმა იყო დაეფინანსებინა მხოლოდ ფუნდამენტალური ისლამის დამკვიდრება ჩეჩნეთში. ბევრი ექსპერტის აზრით, ჩეჩნეთში ასეთი რეჟიმის დამკვიდრების წინაპირობა არ არსებობს, სხვა საქმეა გამანთავისუფლებელი მოძრაობა. ბინ ლადენს გაცილებით ნაკლები აინტერესებდა, ამიტომ ისინი ვერ შეთანხმდენ.
ეს იყო ჩეჩენი საველე მეთაურების პირველი სერიოზული არასწორი გათვლა, ნავთობის მარშრუტი ცენტრალური თემა გახდა. ომის მსვლელობისას მათ მოუწიათ დაემტკიცებინათ, რომ ისინი ამა თუ იმ მარშრუტის ხაზს აკონტროლებდნენ და რომ რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნება მათზეა დამოკიდებული, მათ შორის, ეკონომიკურიც. საჭირო გახდა ჩეჩნური მარშრუტისადმი რუსი ნავთობკომპანიებისთვის ინტერესი დაებრუნებინათ. ამისთვის აუცილებელი იყო შეექმნათ სიტუაცია, როცა რუსული ნავთობის გიგანტებისათვისაც მარშრუტი ბაქო-ჯეიჰანის უპირატესობა თვალსაჩინო იქნებოდა.
ეს გათვლა აბსოლუტურად გამართლდა. ჩეჩნეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, ეუთოს სამიტის წინა დღეებში, სტამბოლში აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ჰეიდარ ალიევმა, ისევ წამოწია სამხრეთის მარშუტის მიზანშეწონილობის თემა. ასევე განაცხადა, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობის კონცერნი, კერძოდ კი, “BP Aმოცო”, მზადაა, ბოლოს და ბოლოს, მხარი დაუჭიროს ბაქო-ჯეიჰანის მილსადენის მშენებლობას. ამ პროექტის რეალიზაცია რუსეთს იმის იმედს ჩამოართმევს, რომ იგი ნებისმიერი მილსადენიდან რაიმე მნიშვნელოვანი რაოდენობის ნავთობის გადმოქაჩვას შეძლებს.
1999 წლის შემოდგომაზე ჩეჩნეთში მეომარი რუსეთი დადგა სამი არჩევანის წინაშე – შეგუებოდა იმ რეალობას, რომელიც შეიქმნა და მცირედით დაკმაყოფილებულიყო, აღედგინა ნოვოროსიისკის მარშრუტი ან შემოვლითი ნავთობსადენი აეშენებინა დაღესტნის გავლით.
მეორე ვარიანტის ყველაზე მთავარი დაბრკოლება ჩეჩნეთში ომის გაჭიანურება გახდა. რაც შეეხება დაღესტანს, აქ დესტაბილიზაციის გამოწვევის არა ერთი მცდელობის მიუხედავად, მილსადენის მშენებლობა დასრულდა.
მაშ ასე, როგორია კასპიური ნავთობის მარაგის და მისი გადმოქაჩვის კომერციული ხასიათი, რომელიც ჩეჩნეთში სისხლისღვრის ძირითადი მიზეზი იყო? – როგორც რუსი ექსპერტები ამტკიცებენ, აზერაბაიჯანი 2005 წელს შეძლებს აწარმოოს 0.8 მლნ ბარელი დღეში, 2010 წელს კი – 1.6. არაბეთის ნახევარკუნძულის მარაგებთან შედარებით ეს მცირეა, მაგრამ საკმარისია იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში, ნავთობის მსოფლიო ფასების ცვლილებაზე გარკვეული ზემოქმედება მოახდინოს.
ბაქოს ნავთობის ექსპორტის ვარიანტები ასეთია: ჩრდილოეთისკენ – ბაქოდან ჩეჩნეთში, შემდეგ ნოვოროსიისკში. საწვავის ტრანზიტში ძირითად როლს რუსული კომპანია “ტრანსნეფტი” შეასრულებს.
ნავთობსადენი ბაქოდან სუფსის პორტში წავა, სადაც კონსორციუმი AMOK-ია დომინანტი, ასევე არიან აზერბაიჯანული, ბრიტანული, თურქული და ამერიკული კომპანიები. რუსეთს წარმოადგენს კომპანია “ლუკოილი”. მას მთლიანი მოგების 10% შეხვდება.
სამხრეთი მარშუტი, რომელიც ამერიკის მხარდაჭერით სარგებლობს, თურქეთის პორტიდან, ჯეიჰანიდან მოდის. ამერიკელების აზრით, ამ პროექტის რეალიზაცია კასპიისპირა სახელმწიფოებს რუსეთისგან უფრო დამოუკიდებელს გახდის და ირანის როლს მსოფლიო ნავთობის ბაზარზე შეამცირებს.
ნავთობსადენი “ბაქო-ჯეიჰანი” დასავლეთს მნიშვნელოვან პრობლემებს უწყვეტს, ისეთს, როგორიცაა არაბული სახელმწიფოების ნავთობისაგან და ოპეკის დიქტატისაგან, დასავლეთის ეკონომიკების მეტი დამოუკიდებლობა. ოპეკს ზოგჯერ აშშ-ც კი ვერ ეწინააღმდეგება. მათი გადაწყვეტილებები დარტყმის ქვეშ აყენებს დასავლეთის ქვეყნების ეკონომიკებს. რაც შეეხება თურქეთს, მას ამ პროექტით შეუძლია ახლო აღმოსავლეთში თავისი ეკონომიკური პოზიციები გაამყაროს, რომელიც ირანიდან ექსპორტის შეწყვეტის შემდეგ შესუსტდა.
2000 წელი რუსეთის ბიუჯეტისთვის ნამდვილი ოქროს ხანა გამოდგა. ნავთობის ექსპორტის შედეგად ნიაღვარივით შემოსულმა ვალუტამ რუსეთს საშუალება მისცა ერთი მხრივ, მნიშვნელოვნად გაეუმჯობესებინა ეკონომიკა, ხოლო მეორე მხრივ, აშკარა გახდა რუსეთის ეკონომიკა და მსოფლიოში “შავი ოქროს” ფასები თუ რამდენადაა ურთიერთკავშირიში. თუმცა, რუსეთში ექსპერტები აცხადებენ, რომ არანორმალური სიტუციაა, როცა ქვეყნის ბიუჯეტი ასე მიბმულია მსოფლიოში ნავთობის ფასების კონიუნქტურაზე. ნავთობი, ჯერჯერობით, რუსეთის ბიუჯეტის ბაზად რჩება და ნებისმიერ რყევას ნავთობის ბაზარზე შეუძლია როგორც ერთი ხელის მოსმით გამოიწვიოს აღმასვლა და უამრავი პრობლემის გადაჭრა, ისე მოულოდნელი ვარდნა.
რუსეთში ფიქრობენ, რომ სამხრეთის მარშუტის მიზანი შორს არის ეკონომიკურისგან და მხოლოდ ერთ, პოლიტიკურ მიზანს ემსახურება, რომ ბაქოს ნავთობის ექსპორტირებას რუსეთი ჩამოაშორონ თუნდაც არამომგებიანი პროექტის განხორციელების გზით. ამ მიზანს რუსეთი ყველანაირი მეთოდებით შეეცდება და ცდილობს კიდეც წინ აღუდგეს. მისი პოლიტიკა, ზოგადად, და, კონკრეტულად კი, კავკასიაში, სწორედ ამას ემსახურება.