Fitch-მა საქართველოს რეიტინგის პროგნოზი შეამცირა
საერთაშორისო საკრედიტო სააგენტომ Fitch Ratings-მა, საქართველოს გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი უცხოურ და ეროვნულ ვალუტებში”BB-“-ის დონეზე დატოვა, თუმცა პროგნოზი „პოზიტიური“, „სტაბილურამდე“ შეამცირა.
იმავდროულად, Fitch-მა დაადასტურა ქვეყნის „ჭერი“ – “BB”-ის დონეზე, ხოლო მოკლევადიანი რეიტინგი უცხოურ ვალუტაში – “B”-ის დონეზე.
როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზშია ნათქვამი, საქართველოს სუვერენული რეიტინგის პროგნოზის შემცირება უკავშირდება ქვეყანის მიერ გადაიტანილ რამდენიმე საგარეო შოკს. ერთ-ერთი მთავარი საგარეო ფაქტორი კი რუსეთში არსებული ვითარებაა. რუსეთში შექმნილმა რთულმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ, რომელიც გამოიწვია მსოფლიოში ნავთობის ფასის მკვეთრმა ვარდნამ და დასავლეთის მიერ დაწესებულმა სანქციებმა, გავლენა იქონია მისი სავაჭრო პარტნიორების ვალუტებზე, მათ შორის ქართულ ლარზეც და მათი დევალვაცია გამოიწვია.
Fitch -ის შეფასებით, ეს მოვლენები უარყოფითად აისახა საქართველოს საგარეო ვაჭრობის და საერთაშორისო ფულადი გადარიცხვების მაჩვენებლებზე: მკვეთრად შემცირდა ექსპორტი, ფულადი გზავნილების მოცულობამ კი 25%-ით იკლო.
პრესრელიზში ასევე აღნიშნულია, რომ 2014 წლის ნოემბრიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 30%-ით გაუფასურდა, თუმცა ეროვნული ვალუტის ეფექტური გაცვლითი კურსი კვლავ სტაბილური რჩება, რასაც ხელს უწყობს ლარის მცურავი გაცვლითი კურსი.
სარეიტინგო სააგენტოს ანალიტიკოსთა შეფასებით, საქართველოსთვის მთავარი რისკი უახლოეს მომავალში ისევ საგარეო ფაქტორები იქნება. საქართველოს სუვერენული რეიტინგის შემცირების ძირითადი ფაქტორი შესაძლოა გახდეს სავალუტო რეზერვებზე და გაცვლით კურსზე ზეწოლის განახლება, სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში. ასევე კონსერვატიულ საბიუჯეტო და ფულად-საკრედიტო პოლიტიკაზე უარის თქმა და, როგორც შიდა ასევე საგარეო პოლიტიკური კლიმატის გაუარესება.
Fitch-ის პროგნოზის მიხედვით 2015 წელს საქართველოს ექსპორტის 20%-ით შემცირებაა მოსალოდნელი. 2015 წელს სააგენტო მიმდინარე ანგარიშების დეფიციტის მშპ-თან მიმართებაში 14 პროცენტამდე გაზრდას ვარაუდობს, 2014 წლის 9%-ის ნაცვლად. Fitch-ი საგარეო ვალის მშპ-ს 80%-მდე გაზრდასაც პროგნოზირებს, 2014 წლის 58 %-ის ნაცვლად. რაც შეეხება საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპებს, Fitch-ის ანალიტიკოსათა შეფასებით ის 2%-იანი იქნება.
რეიტინგის გაუმჯობესების ფაქტორებად სააგენტოს ანალიტიკოსები მიიჩნევენ საგარეო ვალის სტაბილიზაციას, ექსპორტისა და პირადპირი უცხოური ინვესტიციების ზრდასა და დოლარიზაციის კოეფიციენტის შემცირებას.