საქართველოს სუვერენული რეიტინგები და განვითარების პროგნოზები


მოამზადა მაკა ღანიაშვილმა

მსოფლიოს წამყვანი სარეიტინგო სააგენტოებიდან ერთ-ერთმა, კერძოდ კი, Fitch Ratings-მა, გასულ კვირას საქართველოს სუვერენული რეიტინგი შეუმცირა. ის Standard and Poor’s-სა და Moody’s-სთან ერთად მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს სარეიტინგო სააგენტოდ ითვლება. Fitch ადგენს რეიტინგებს კრედიტორებისთვის, რომლის დროსაც ითვალისწინებს ფინანსურ რისკებს და მოსალოდნელ ზარალს ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში. ამიტომაც ამ სამეულის მიერ მინიჭებულ რეიტინგებს დიდი მნიშვნელობა აქვს როგორც ქვეყნისთვის, ასევე სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტებისთვის.

სარეიტინგო სააგენტომ საქართველოს გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი უცხოურ და ეროვნულ ვალუტებში „BB-“-ის დონეზე დატოვა, თუმცა პროგნოზი „პოზიტიური“, „სტაბილურამდე“ შეამცირა. რაც იმას ნიშავს, რომ კომპანია გრძელვადიან პერიოდში საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან წინსვლას არ ვარაუდობს. იმავდროულად, Fitch-მა დაადასტურა ქვეყნის „ჭერი“ – „BB“-ის დონეზე, ხოლო მოკლევადიანი რეიტინგი უცხოურ ვალუტაში – „B“-ის დონეზე. როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზშია ნათქვამი, საქართველოს სუვერენული რეიტინგის პროგნოზის შემცირება უკავშირდება რამდენიმე საგარეო შოკს, რომელიც ქვეყანამ გადაიტანა. ერთ-ერთი მთავარი საგარეო ფაქტორი კი რუსეთში არსებული ვითარებაა. რუსეთში შექმნილმა რთულმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ, რომელიც გამოიწვია მსოფლიოში ნავთობის ფასის მკვეთრმა ვარდნამ და დასავლეთის მიერ დაწესებულმა სანქციებმა, გავლენა იქონია მისი სავაჭრო პარტნიორების ვალუტებზე, მათ შორის ქართულ ლარზეც და მისი დევალვაცია გამოიწვია. Fitch-ის შეფასებით, ეს მოვლენები უარყოფითად აისახა საქართველოს საგარეო ვაჭრობის და საერთაშორისო ფულადი გადარიცხვების მაჩვენებლებზე: მკვეთრად შემცირდა ექსპორტი, ფულადი გზავნილების მოცულობამ კი 25%-ით იკლო.

პრეს-რელიზში ასევე აღნიშნულია, რომ 2014 წლის ნოემბრიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 30%-ით გაუფასურდა, თუმცა ეროვნული ვალუტის ეფექტური გაცვლითი კურსი კვლავ სტაბილური რჩება, რასაც ხელს უწყობს ლარის მცურავი გაცვლითი კურსი. ანგარიშში ნათქვამია, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ დოლარში გამოსახული მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ სულ მოსახლესთან ფარდობა გააუარესა, რის გამოც ერთ სულ მოსახლეზე ადრე არსებული $3,623-ის ნაცვლად დღეს $2,923-ს შეადგენს, რაც რეიტინგის გაუარსების ერთ-ერთი მიზეზია.

Fitch-ი საქართველოში ფისკალური სტაბილურობის კორექტირებას ელოდება და ლიკვიდობის რისკებზეც საუბრობს. „ქვეყანამ კიდევ ერთხელ გამოხატა მზადყოფნა ფისკალური მხარის შენარჩუნების კუთხით, საკუთარი ამბიციური საინვესტიციო პროგრამის გაგრძელებით. მიუხედავად ხელისუფლების მოლოდინებისა, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ქვეყანა ბიუჯეტის ფისკალურ მონაცემებს დააკორექტირებს“ – წერია სააგენტოს მიერ გავრცელებულ რელიზში.

Fitch-ის პროგნოზის მიხედვით, 2015 წელს საქართველოს ექსპორტის 20%- ით შემცირებაა მოსალოდნელი. 2015 წელს სააგენტო მიმდინარე ანგარიშების დეფიციტის მშპ-სთან მიმართებაში 14 პროცენტამდე გაზრდას ვარაუდობს, 2014 წლის 9%-ის ნაცვლად. Fitch-ი საგარეო ვალის მშპ-ს 80%-მდე გაზრდასაც პროგნოზირებს, 2014 წლის 58%-ის ნაცვლად. რაც შეეხება საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპებს, Fitch-ის ანალიტიკოსათა შეფასებით, 2015 წელს ის 2%-იანი იქნება. Fitch-ის ექსპერტთა შეფასებით, ქართულ ბანკებს მნიშველოვანი ლიკვიდობა აქვთ, რაც მკაცრი რეგულაციების დამსახურებაა. ქვეყნის ეკონომიკა საკმაოდ დოლარიზებულია. ქართული ბანკების საკრედიტო პორტფელის 60%-ზე მეტი დოლარშია დენომინირებული. ლარის დაცემამ შესაძლოა, აქტივებზე ზეწოლა და საზედამხედველო კაპიტალის კოეფიციენტის უმნიშვნელო შემცირება გამოიწვიოს, აქტივების ინფლაციის გამო. მათივე განცხადებით, საქართველო აგრძელებს ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმების გატარებას, სავალუტო ფონდის პროგრამების ფარგლებში, მათ შორის სამწლიანი Standby arrangement-ის ფარგლებში, რომელსაც ხელი 2014 წლის ივლისში მოეწერა. ასევე, ევროკავშირთან ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში. ევროკავშირის ბაზარზე მარტივად შეღწევადობა კი ქვეყანას დაეხმარება გრძელვადიან პერიოდში გაზარდოს მისი მიმზიდველობა, როგორც საინვესტიციოდ ხელსაყრელი მდებარეობა. Fitch-ი ელის, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება საქართველოში ძლიერი იქნება, ისევე როგორც კერძო ინვესტორების მაღალი ინტერესი. მომავალ წლებში, ზოგიერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი კი ინვესტიციებს გააქტიურებს, განსაკუთრებით ისეთები, როგორიცაა: სარკინიგზო, საგზაო, ენერგეტიკული და საზღვაო ტრანსპორტის სფეროებში. თუმცა იმპორტის დიდი მოცულობა ზღუდავს ინვესტიციების მოკლევადიან გავლენას ეკონომიკურ ზრდაზე. ბოლო პერიოდში განხორციელებულმა რეფორმამ – გამკაცრებულმა საიმიგრაციო რეგულაციებმა ბიზნესს სირთულეები შეუქმნა და კვალიფიციური კადრების დეფიციტის წინაშე დადგნენ. თუმცა სააგენტო აღნიშნავს, რომ აღნიშნული სირთულეების მოხსნა 2015 წელსაა მოსალოდნელი.

სარეიტინგო სააგენტოს ანალიტიკოსთა შეფასებით, საქართველოსთვის მთავარი რისკი უახლოეს მომავალში ისევ საგარეო ფაქტორები იქნება. საქართველოს სუვერენული რეიტინგის შემცირების ძირითადი ფაქტორი შესაძლოა გახდეს სავალუტო რეზერვებზე და გაცვლით კურსზე ზეწოლის განახლება, სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში. ასევე, კონსერვატიულ საბიუჯეტო და ფულად- საკრედიტო პოლიტიკაზე უარის თქმა და, როგორც შიდა, ასევე საგარეო პოლიტიკური კლიმატის გაუარესება.

რეიტინგის გაუმჯობესების ფაქტორებად სააგენტოს ანალიტიკოსები მიიჩნევენ საგარეო ვალის სტაბილიზაციას, ექსპორტისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდასა და დოლარიზაციის კოეფიციენტის შემცირებას.

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა „საქართველოს ბიზნეს პალატის“, „საქართელოს ეკონომისტთა ასოციაციისა“ და „თავისუფალი ეკონომიკის ინსტიტუტის (FEBI)“ მიერ ორგანიზებულ თბილისის მეოთხე ეკონომიკურ ფორმუზე სიტყვით გამოსვლისას ყურადღება რეიტინგებზეც გაამახვილა: „Moody’s-მა შეგვინარჩუნა სრულად როგორც რეიტინგი, ისე პერსპექტივა, Fitch-მაც იგივე რეიტინგი დაგვიტოვა, თუმცა, მიმოხილვა პოზიტიურიდან სტაბილურისკენ შეცვალა. თუმცა იქვე განმარტა, რომ ეს არის მხოლოდ რუსეთისაგან გამოწვეული და არც ერთი შიდა პრობლემა არ არის დასახელებული. პირიქით, განცხადებაში ნათქვამია, რომ ფისკალური კონსოლიდაცია, ფისკალური პოლიტიკა არის სწორი, რაც ძალიან კარგია და კარგი იქნება, რომ ადამიანები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში აკეთებენ კომენტარებს ამ საკითხებთან დაკავშირებით, გაეცნონ ხოლმე რას წერენ იგივე სარეიტინგო სააგენტოები. მე მქონდა ვაშინგტონში შეხვედრა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტთან სერ სუმა ჩაკრაბარტისთან, ინტერვიუში მან პირდაპირ განაცხადა, რომ საქართველო არის ძალიან კარგი მაგალითი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან თანამშრომლობის და რომ საქართველო არის ძალიან კარგი და საინტერესო ქვეყანა ინვესტიციებისთვის. ეს ციფრებითაც დასტურდება, შარშან საქართველოში განხორციელდა მილიარდ 272 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია და ამხელა ინვესტიცია ჩვენ ომის შემდგომ არ გვქონია“.

განსხვავებული შეხედულება აქვთ ექსპერტთა ნაწილს. რომან გოცირიძემ ტელეკომპანია „ტაბულას“ ეთერში კომენტარი გააკეთა Fitch-ის მიერ საქართველოსთვის მინიჭებულ რეიტინგზე. „პირველად ამ დოკუმენტში გაჩნდა პოლიტიკური ხასიათის ჩანაწერი – „თუ ქვეყანაში არ იქნება მიღწეული შიდა და გარე პოლიტიკური სტაბილურობა.“ ის დაძაბული ვითარება, რაც ქვეყანაშია, მუდმივი კონფრონტაცია, ხელისუფლებასა და ოპოზიციას თუ საზოგადოებას შორის და ამ ფონს ხელისუფლება უფრო აღვივებს, შურისძიებისა თუ სხვა თემებით, პოლიტიკურ კლიმატს ძაბავს და, რა თქმა უნდა, საგარეო ფონიც არ არის კარგი, ქვეყნის საგარეო მხარდაჭერა რომ კლებულობს ეს ცალსახაა, ამიტომ თავისთავად პოლიტიკური ფაქტორი გადაიქცევა ეკონომიკურ ფაქტორად. ამან შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე და ასევე რეიტინგებზე. თუ რეიტინგი გაუარსედა ეს არის ძალიან ცუდი, რადგან რეიტინგი ფაქტობრივად განსაზღვრავს ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას, რეიტინგი არის პირველი სიგნალი და შუქურა, რომელსაც უყურებს როგორც გარე, ასევე შიდა ინვესტორი. ბიზნეს აქტიურობა რეიტინგის გაუარესების შემთხვევაში კლებულობს.
მეორე ფაქტორი ის არის, რომ ქვეყანას უმძიმდება საგარეო კრედიტების მოზიდვის ტვირთი. ეს გადაეცემა შემდეგ ბიზნესს. თუ დღეს ჩვენ კომერციულ ბანკებს ან სხვა არასახელმწიფო ფინანსურ ინსტიტუტებს უცხოეთში სესხის მიღება უადვილდებათ, რეიტინგის გაუარესების შემთხვევაში, ეს იქნება უფრო ძნელი და ძვირი. რაც იმას ნიშნავს, რომ ქვეყანაში ისედაც მწირი სავალუტო ნაკადების შემოდინება კიდევ უფრო მოიკლებს, რაც შემდგომ უკვე ისევ უარყოფით გავლენას ახდენს ფინანსურ სტაბილურობაზე. ამ განცხადებაში არის ნათქვამი, რომ მომავალში ვითარების გაუარესება შეიძლება დამოკიდებული იყოს მთავრობის არასწორ პოლიტიკაზე, ეს არ არის პირდაპირ ნათქვამი, მაგრამ ეკონომიკური ტექსტი ყოველთვის არ არის ღია და ის შეფარვით უნდა წავიკითხოთ, იქ წერია ასეთი სიტყვები „თუ მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ძველებურად გააგრძელა არაკონსერვატიული ფულად-საკრედიტო და საბიუჯეტო პოლიტიკა“. ეს იმას ნიშნავს, რომ მკაცრ პოლიტიკას საქართველოს ხელისუფება არ ატარებს. ეს ის მესიჯია, რასაც ამბობდა 2 თვის წინ საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომ მთავრობამ აუცილებლად უნდა მოახდინოს ბიუჯეტის კორექტირება. თუნდაც ის, რომ ბიუჯეტის დეფიციტი არის 3% და მთავრობა თავს იმართლებს, რომ ეს დეფიციტი 3% იყო შარშან, შარშანწინ, იმისწინ და რაიმე განსაკუთრებული ხომ არ ხდება, რატომ უნდა შევამციროთ დეფიციტი და ბიუჯეტის ხარჯები, როდესაც ჩვენ ბოლო წლების სტანდარტში ვჯდებითო, მაგრამ წინა წლებში აბსოლუტურად განსხვავებული ეკონომიკური ვითარება იყო. წინა წლებში შემოდიოდა უზარმაზარი რაოდენობის ვალუტა, უცხოური ინვესტიციების, ტურიზმის, გადმორიცხვების თუ სხვა სახით, ამიტომ ამ პერიოდში ეროვნულმა ბანკმა შეძლო დიდი რაოდენობით უცხოური რეზერვების დაგროვება, ეროვნული ბანკი ყიდულობდა უცხოურ ვალუტას ნაცვლად იმისა, რომ მას დღეს გაყიდვა უწევს, ანუ ფაქტობრივად, ეროვნული ბანკი ლარის გამყარებაზე კი არ ზრუნდავდა, პირიქით ლარის დასუსტების პოლიტიკას ატარებდა ბოლო 5 წლის განმავლობაში.
უცხოური ვალუტის რეზერვებმა 2 წლის წინ შეადგინა 3.1 მილიარდი დოლარი. დღეს ის დაახლოებით 2.4 მილიარდის ფარგლებშია, წელს დგება ასევე საგარეო ვალის გასტუმრების პერიოდი, ხოლო როგორც ხედავთ, ეროვნულ ბანკს უწევს ინტერვენციების განხორციელება, ის იძულებულია ასე მოიქცეს, მიუხედავად იმისა, რომ მწირი რეზერვები აქვს და ინტერვენციები დიდად არ ცვლის სიტუაციას. ეროვნულმა ბანკმა ნოემბრიდან მოყოლებული დახარჯა 240 მილიონი დოლარი, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. Fitch-ის განცხადებაში რაიმე შენიშნვა ეროვნული ბანკის მიმართ, რომ ის არ ახორციელებს უფრო დიდ ინტერვენციებს, არ არის ნათქვამი. პირიქით, აქ არის საუბარი იმაზე, რომ თუ არ გაუმჯობესდა საგარეო ვითარება და ის მარეგულირებელი ნორმები, რაც მთავრობამ მიიღო, ტურიზმთან თუ ბიზნესის სხვადასხვა მარეგულირებელ ნორმებთან დაკავშირებით, თუ არ შერბილდა და ქვეყანას არ გაუჩნდა უცხოური ვალუტის დამატებითი წყარო, როგორც ჩანს, ეროვნულ ბანკს კურსის შენარჩუნებისთვის კვლავ მოუწევს ინტერვენციების განხორციელება. ამ დოკუმენტში სწორედ საუბარია იმ რისკებზე, რომ ინტერვენციების საშუალებით ვერ მოხერხდება ეროვნული ვალუტს დასტაბილურება, თუ ამაში არ შეეშველა მთავრობა. მთავრობას შეუძლია ბიუჯეტით ზემოქმედება. სწრაფი ზემოქმედების მექანიზმი არის ბიუჯეტი, ხანგრძლივი ზემოქმედების მექანიზმი (3-5 წელი) არის სხვადასხვა მასტიმულირბელი ზომების მიღება, მაგალითად, საგადასახადო განაკვეთების შემცირება ან უფრო ლიბერალიზაციისკენ წასვლა, მაგრამ სწრაფი ზემოქმედების ერთადერთი გზა არის ბიუჯეტის კორექტირება, ანუ ფისკალური ზემოქმედება. და, რა თქმა უნდა, შემდეგ ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება იმისათვის, რომ ქვეყანა კვლავ გახდეს ტურისტულად და საინვესტიციოდ მიმზიდველი“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.

ერთი რამ ფაქტია, რომ გავლენიანი სარეიტინგო სააგენტოს მიერ საქართველოს ეკონომიკის პროგნოზის გაუარესება კარგი სიგნალი ნამდვილად არ არის ინვესტორებისა და კრედიტორებისთვის. მით უმეტეს, რომ სპეციალისტთა ნაწილის შეფასებით, Fitch-ის შემდეგ, საქართველოს რეიტინგი, შესაძლოა, S&P-იმ და Moody’s-მაც შეუმციროს. თუმცა მარტში კიდევ ერთმა გავლენიანმა სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა უცვლელი დატოვა საქართველოს რეიტინგი Ba3 და პერსპექტივა კვლავ პოზიტიური მიანიჭა. რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, Moody’s-მა 3.5%-ით განსაზღვრა. მანამდე Moody’s-მა საქართველოს რეიტინგი 2014 წლის 22 აგვისტოში შეცვალა და ის „სტაბილურიდან“ „პოზიტიურში“ (BA3) გადაიყვანა. ამის განმსაზღვრელ ფაქტორებად Moody’s-მა დაასახელა: საქართველოში მყარი ეკონომიკური ზრდის ტენდენცია და პერსპექტივა; პროგრესი პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური ინიციატივების განვითარებაში; ქმედითუნარიანი ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა. რეიტინგის შეცვლის დასაბუთებაში ვკითხულობთ, რომ „საქართველოს რეიტინგის შეცვლის საფუძველი 2014 წლის 27 ივნისს ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა გახდა, აგრეთვე, ქვეყანაში გატარებული სწორი ეკონომიკური რეფორმები და ინსტიტუციური მიმზიდველობა, რაც განსაკუთრებით 2003 წლის (ვარდების რევოლუციის) შემდეგ გაიზარდა.

სარეიტინგო სააგენტოს ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ „საქართველოს მთავრობის სწორმა რეფორმებმა (2003 წლის შემდეგ) განაპირობა მსოფლიო რეიტინგებში საქართველოს ადგილის გაუმჯობესება. „Doing Business”-ის კვლევის მიხედვით, საქართველო მე-8-ე ადგილზეა 189 ქვეყანას შორის (2005 წელს მე-100 ადგილს იკავებდა 155 ქვეყნიდან). მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კონკურენტუნარიანობის ინდექსში, 2013-2014 წლებში, საქართველო 72-ე ადგილზეა (148 ქვეყანას შორის), 2012-2013 წლებში კი 77-ე იყო. Moody’s მიერ წარმოებული კვლევის მიხედვით, რომელიც 122 ქვეყანაში ჩატარდა, მთავრობის მმართველობის ეფექტიანობის, კანონის უზენაესობის და კორუფციასთან ბრძოლის მიხედვით, საქართველო შესაბამისად 48, 63 და 50 ადგილებზეა. Moody’s ექპსერტების აზრით, საქართველოს საგარეო ვალი საშუალოვადიან პერიოდში უცხოური ინვესტიციების ზრდის და საგადასახადო დეფიციტის შემცირების ხარჯზე სტაბილური გახდება. Moody’s-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს რეიტინგის გაუარესების მიზეზი შეიძლება გახდეს: პერსპექტივის შეცვლაზე შესაძლოა გავლენა მოახდინოს საგარეო მოწყვლადობამ ან გეოპოლიტიკურმა სიტუაციამ, რაც გავლენას ახდენს საქართველოს ეკონომიკაზე და საგარეო პოზიციაზე.

რაც შეეხება სარეიტინგო სააგენტოების „სამეულის“ მესამე წარმომადგენელს, გასული წლის ნოემბერში Standard & Poor’s-მა საქართველოს მოკლევადიანი და კრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი „BB-/B“ დონეზე, მპროგნოზით „სტაბილური“ დაუდასტურა. როგორც სააგენტოს რელიზში იყო მითითებული, საქართველოს მთავრობის რეიტინგი გამოირჩევა ეკონომიკის მოწყვლადობით, რაც განპირობებულია ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის საკმაოდ დაბალი მაჩვენებლით. სააგენტო ვარაუდობს, რომ შიდა მოთხოვნა კვლავაც გაიზრდება, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას, ამავდროულად არის ალბათობა იმის, რომ ეკონომიკის ზრდა შედარებით დაბალი იქნება, თუმცა სააგენტოში ვარაუდობენ, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში საქართველოს ეკონომიკის აღმავლობა კვლავაც გაგრძელდება. მცირე სახელმწიფო ვალი და საზოგადოებრივი სექტორის ფინანსური კონტროლი ხელს უწყობს ქვეყნის გადახდისუნარიანობას.

ისევე როგორც Fitch-ის ახალ ანგარიშში, S&P-ის მიერ გამოქვეყნებულ ნოემბრის რელიზშიც მითითებულია, რომ საქართველოს ეკონომიკა მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე. Standard & Poor’s-ის შეფასებით, გაზრდილია რეგიონალური პოლიტიკური რისკი, რაც დაკავშირებულია უკრაინის კრიზისთან და რუსეთის ეკონომიკურ ვარდნასთან. ისევე როგორც Moody’s-ის შემთხვევაში, S&P-ის ანალიტიკოსებსაც მიაჩნიათ, რომ საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება განსაზღვრავს ქვეყნის პოლიტიკურ კურსს იმ შემთხვევაშიც კი, თუ რაიმე მიზეზის გამო გართულდება ურთიერთობები ევროკავშირსა და საქართველოს შორის. რეგიონში არსებული რთული პოლიტიკური სიტუაციებიდან გამომდინარე, Standard & Poor’s-ს მიაჩნია, რომ წმინდა ექსპორტის ხვედრითი წილი ეკონომიკურ ზრდაში 2015–2016 წლებში ისევ მცირე იქნება. ზრდის ერთ-ერთ მთავარ ეკონომიკურ წყაროდ კვლავ უცხოური ინვესტიციები რჩება. სააგენტოს ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ქართული ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი წყარო იქნება ენერგეტიკული და აგრო სექტორების, ასევე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება.

სააგენტოს მოსაზრებით, საქართველოს საექსპორტო პოტენციალი კვლავინდებურად სუსტია, რაც პირდაპირ კავშირშია უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე საომარ მოქმედებებთან და აზერბაიჯანის მიერ ავტომობილების ექსპორტზე დაწესებულ რეგულაციებთან.

როგორც ვხედავთ, მსოფლიოს წამყვანი სარეიტინგო სააგენტოები ერთ თემაზე თანხმდებიან – საქართველოს გარშემო არსებული გეოპოლიტიკური ვითარება დიდი რისკია ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის და ამასთანავე, როგორც შიდა, ასევე საგარეო პოლიტიკური დაძაბულობა. რაც შეეხება განვითარების პერსპექტივას, სააგენტოების ანალიტიკოსები ერთმნიშვნელოვნად უსვამენ ხაზს საქართველოსთვის ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერას, რამაც ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობა უნდა გაზარდოს.