საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 0.5 პროცენტული პუნქტით 5.0 პროცენტამდე ზრდის
საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2015 წლის 6 მაისს მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით გაზრდის შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 5.0 პროცენტს შეადგენს. ამასთან, მუდმივმოქმედ რეფინანსირების სესხზე საპროცენტო განაკვეთი იზრდება პოლიტიკის განაკვეთს პლიუს 150 საბაზისო პუნქტამდე.
ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების ფონზე გაზრდილია ინფლაციის მოლოდინები, რაც შესაძლოა აისახოს ინფლაციის მიზნობრივი დონიდან გადახრის რისკებზე საშუალოვადიანი პერიოდისთვის. აღნიშნულის ფონზე, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს საპროცენტო განაკვეთის ეტაპობრივ ზრდას წლის ბოლოსთვის 5.5 პროცენტამდე.
აპრილში წლიურმა ინფლაციამ 2.5 პროცენტი შეადგინა. ლარის გაცვლითი კურსის გაუფასურების ფონზე უცხოური ვალუტით დენომინირებული სესხების მომსახურებასთან დაკავშირებული შუალედური ხარჯების ზრდის გავლენას ინფლაციაზე საწვავზე ფასების კლება ნაწილობრივ აბალანსებდა. ჩვენს ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში არსებული ნეგატიური ეკონომიკური ტენდენციები განაგრძობს უარყოფითი გავლენის გადმოცემას საქართველოს ეკონომიკაზე. შემცირებულია საქონლის ექსპორტი, ფულადი გზავნილები და ტურისტული შემოდინებები. თუმცა გაცვლითი კურსის ბოლოდროინდელი ცვლილება უკვე იწყებს ასახვას იმპორტის მოთხოვნაზე, რაც, თავის მხრივ, საგარეო დისბალანსის აღმოფხვრას უზრუნველყოფს და ადგილობრივ მოთხოვნას უწყობს ხელს. წინასწარი ინფორმაციით, პირველ კვარტალში ეკონომიკური აქტივობა პროგნოზირებულზე მაღალი იყო. მიუხედავად ამისა, აპრილში გამოიკვეთა დაკრედიტების მნიშვნელოვანი შენელება. მიმდინარე პროგნოზის მიხედვით, ინფლაცია ზომიერად გაიზრდება სამიზნე ნიშნულამდე და 5 პროცენტიან მაჩვენებელს 2015 წლის ბოლოს მიაღწევს.
საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც დააკვირდება მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს და გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა საშუალებას ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. მონეტარული პოლიტიკის შემდგომი ცვლილების დინამიკა დამოკიდებული იქნება მოსალოდნელი ინფლაციის დინამიკაზე, ეკონომიკური აქტივობის ზრდის ტენდენციებზე, გლობალურ და რეგიონალურ ეკონომიკურ გარემოზე.
მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2015 წლის 1 ივლისს გაიმართება.