რისკ-სცენარები იაპონიის ეკონომიკისთვის, მუშაობს თუ არა „აბენომიკა“


მოამზადა ნათია დვალმა

2014 წელს იაპონიის სავაჭრო ბალანსის დეფიციტმა 109,2 მილიარდ დოლარს მიაღწია. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 1979 წლიდან მოყოლებული და 11,4%-ით მეტი, ვიდრე 2013 წელს. თუმცა, დეფიციტის ძირითადი მიზეზი ატომური ელექტროსადგურის – „ფუკუშიმა-1“ – გაჩერების შემდეგ ენერგომატარებლების გაზრდილი შესყიდვებია.
2012 წელს ხელისუფლებაში სინძო აბეს მოსვლისა და იაპონიის ეკონომიკის სტიმულირების ამბიციური პროგრამის ჩაშვების შემდეგ, ქვეყნის ეკონომიკამ ზრდის მნიშვნელოვანი სტიმული მიიღო. მათ შორის, „აბენომიკამ“ გადაწყვიტა გასული ათწლეულის მანძილზე დაგროვილი არაერთი პრობლემა: ინფლაციური და დეფლაციური მოლოდინების ეტაპობრივი ცვლა; საბანკო ბალანსების განტვირთვა, მათ შორის სახელმწიფო ვალისაგანაც; იენის კურსის მკვეთრი შემცირება და საგარეო საფასო კონკურენტუნარიანობის გაზრდა; ინვესტიციებისა და შინამეურნეობების მოთხოვნის სტიმულირება; საბიუჯეტო კონსოლიდაციისკენ გადაიდგა პირველი ნაბიჯები. თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, სტრუქტურულ რეფორმებში წინსვლის არარსებობას შეუძლია იმ უპირატესობების დაკარგვის რისკის შექმნა, რომელიც იენის გაუფასურებისა და ინფლაციური მოლოდინებისგან არის მიღებული.

გადაუწყვეტელი სტრუქტურული წინააღმდეგობის პირობებში, საბიუჯეტო კონსოლიდაციის დაწყებამ შესაძლოა სერიოზული კომპლექსური პრობლემები შექმნას. იმპორტის ზრდასა და ინფლაციური მოლოდინების ზრდის პარალელურად, შიდა მოთხოვნის ზრდას შეუძლია მოახდინოს სახელმწიფო ვალის არამდგრადი ტრაექტორიის ფორმირება. ეს მაშინ, როცა ასეთი ტრაექტორიის ფორმირება და მასთან დაკავშირებით კოლოსალური სახელმწიფო ვალის კრიზისის მოლოდონი ამის გარეშეც იაპონიის ეკონომიკისთვის ძირითადი რისკია, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში ნარჩუნდებოდა არარეზიდენტი ინვესტორების არც ისეთი მაღალი წილის (7,9%) მიუხედავად.

2012 წლის ბოლოს ჩაშვებული მასტიმულირებელი პროგრამა, რომელსაც „აბეს სამი ისარი“ ეწოდა, შედგებოდა მონეტარული, ფისკალური და სტრუქტურული მდგენელისაგან. უფრო კონკრეტულად: 1. უპრეცენდენტო რაოდენობრივი შერბილება იაპონიის ბანკის მიერ აქტივების გამოსყივის გზით; 2. მნიშვნელოვანი საბიუჯეტო შერბილება, რომელიც ორი წლის შემდეგ უნდა შეცვლილიყო კონსოლიდაციით; 3. სტრუქტურული რეფორმების პაკეტი, რომლის გატარებაც ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ჭიანურდებოდა.

ჩამოთვლილი აბეს „სამი ისრის“ ძირითად რისკებად საერთაშორისო სავალუტო ფონდი და სხვა ექსპერტები დაუსრულებელ სტრუქტურულ რეფორმებს ასახელებენ. მოთხოვნის სტიმულირებისას არასაკმარისად მაღალი კონკურენტუნარიანობა შესაძლოა შემობრუნებულიყო არა შიდა წარმოების, არამედ იმპორტის ზრდად, ინფლაციის ზრდას სახელმწიფო ვალის შემცირების მკვეთრი გეგმის გარეშე შესაძლოა ვალის მომსახურების ღირებულების გაძვირება გამოეწვია. რა მდგომარეობაშია აბეს ორწლიანი აგრესიული რეფორმების შემდეგ იაპონიის ეკონომიკა? მოახერხეს თუ არა ძირითადი მიზნის მიღწევა და როგორია ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მოკლე და საშუალოვადიანი რისკები და პერსპექტივები?

„მონეტარული ისარი“ თითქმის მიზანშია – დეფლაციას ბოლო მოეღო, ძირითადად სავალუტო გზებით ზემოქმედების ხარჯზე. 2014 წელზე ასევე აისახა გაყიდვებიდან გადასახადის განაკვეთის ზრდა. ფულადი მასა М3, 2014 წლის პირველ-მესამე კვარტალში 3%-ზე მეტით გაიზარდა ფულის ბაზის 35%-იანი მატების პირობებში. 2013 წლის ანალოგიურ პერიოდში ფულადი მასა 4%-ზე მეტად გაიზარდა ფულის ბაზის 40%-იანი ზრდის პირობებში. იენას ნომინალური კურსი 2012-13 წლებში მკვეთრად შემცირდა (ჯამში 35%-ით), ის 2014 წელს 11%-ით შესუსტდა. ამავე წელს ინფლაციის ტემპი 3,5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა, საბაზისო ინფლაცია 2 პ.პ.-ით. ბევრი რამით ეს კავშირშია იენას დასუსტებასთან 15%-ით 2013 წელს და გაყიდვებიდან გადასახადის განაკვეთის გაზრდასთან 3 პროცენტული პუნქტით 2014 წლის აპრილიდან.

ტრანსმისიური არხის აღდგენა (ცენტრალური ბანკიდან „მმართველი იმპულსების“ გადაცემა საფინანსო სექტორის გავლით რეალურისთვის) დაიწყო, მაგრამ ჯერ სრულ ხასიათს არ ატარებს და ხდება კურსის შემცირების გავლენისა და სახელმწიფო ობლიგაციებში დაბანდებული ბანკების სახსრების გამოთავისუფლების ქვეშ.
2001 წლიდან პირველად გაიზარდა საწარმოებსა და მოსახლეობის მიმართ მოთხოვნის მოცულობა: 2012 წლის ბოლოდან 2014 წლის დასაწყისამდე პერიოდში ზრდამ 3% შეადგინა (2001-2012 წლებში შემცირდა 24%-ით), ამ მაჩვენებლის მშპ-სთან შეფარდება არ შეცვლილა. 2013-14 წლებში იაპონიის ბანკმა დაახლოებით 80 ტრილიონი იენას სახელმწიფო ობლიგაციბი გამოისყიდა (690 მილიარდი დოლარი) და გახდა სახელმწიფო ვალის 18%-ის ხელმჭერი. ამავე პერიოდში, არარეზიდენტებისადმი (მათ შორის, იაპონური კომპანიების შვილობილები) მოთხოვნა გაიზარდა 21%-ით (პირველი „რაოდენობრივი შერბილების“ პერიოში 2001-2006 წლებში არარეზიდენტებისთვის კრედიტი 18,6%-ით გაიზარდა), ანუ 44 ტრილიონი იენით (380 მილიარდი დოლარი). ბანკების კრედიტი სახელმწიფოსადმი შემცირდა 33 ტრილიონი იენით, საწარმოებისა და მოსახლეობის კრედიტი მხოლოდ 23 ტრილიონი იენით გაიზარდა.

მეორე, ფისკალური ისრის ეფექტი ბოლო 2,5 წლის განმავლობაში შთამბეჭდავად გამოიყურება, მაგრამ მის მდგრადობას ექსპერტები ეჭვის თვალით უყურებენ. საშუალოწლიურ ექვივალენტში იაპონიის მშპ-ის ზრდამ ე.წ. „აბენომიკის“ პერიოდში 3,9% შეადგინა. ეს უპირატესად განპირობებულია კერძო მოთხოვნის ზრდით და სახელმწიფო ხარჯებით.

ამასთან, წმინდა ექსპორტის მოცულობა არ შეცვლილა (მშპ-ის ზრდაში ექსპორტის შენატანი 3,2 პროცენტული პუნქტია, ხოლო იმპორტისა – 3,1). ამასთან, სამრეწველო წარმოების ზრდამ შეადგინა 7,5% საშუალოწლიურ ექვივალენტში.

2014 წლის მეორე კვარტალში იაპონიის ეკონომიკამ საგადასახადო პოლიტიკის შოკი განიცადა (გაყიდვებიდან გადასახადის განაკვეთი 5% გახდა), რომლის ეფექტმაც შესაძლოა გადააჭარბოს „ფისკალური ისრით“ მიღებულ მოგებას. 2013 წლის დასასრულს დაწყებული აჟიოტაჟური შესყიდვები, 2014 წლის მეორე და მესამე კვარტალში მოთხოვნის ვარდნით შეიცვალა და შინამეურნეობების მოთხოვნის შენატანმა ზრდაში ამ კვარტლების მანძილზე შეადგინა 2,0 პროცენტული პუნქტი. უარყოფითი გავლენა იქონია საგადასახადო შეღავათებმა ბინათმშენებლობაში და მისმა წილმა მცირე, 0,5 პროცენტული პუნქტი შეადგინა. მშპ-ის ორი კვარტალის მანძილზე ვარდნის პერიოდში საქმიანი აქტივობის ზრდის მოლოდინი, იაპონიის ბანკის გამოკითხვის თანახმად, მნიშვნელოვნად შემცირდა, თუმცა, ახლოს არის ხუთწლიან მაქსიმუმთან. ეს შესაძლოა კავშირშია იმასთან, რომ 2015 წლის ოქტომბერში გაყიდვებიდან გადასახადის განაკვეთი ისევ გაიზრდება 8%-დან 10%-მდე. 2014 წლის მესამე კვარტალში მშპ-ს ვარდნა ინვესტიციებისა და მარაგების კლების ხარჯზე იმის შიშის საფუძველს იძლევა, რომ საგადასახადო შოკის ეფექტი უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

მიუხედავად ყველაფრისა, სინძო აბეს ხელისუფლებისთვის შედარებით დიდი გამოწვევა, როგორც ორი წლის წინ იყო, ახლაც არის იმ მიზნის მიღწევა, რომელსაც „სტრუქტურული ისარი“ უმიზნებს. შესამჩნევი რეფორმები პროდუქტებისა და ფაქტორინგულ ბაზრებზე 2012-2014 წლებში არ გატარებულა. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) რეიტინგის თანახმად, იაპონიის მაჩვენებლები ენერგეტიკული, სატრანსპორტო, კომუნიკაციური და პროდუქტების ბაზრების მიხედვით რჩება ევროზონის „გულის“ დონეზე. ჯერ გამოკვეთილი არ არის შრომის მიწოდების გასაზრდელი პოლიტიკის კონტურები, რომლის დაპირებაც აბეს ხელისუფლებამ გასცა (საიმიგრაციო პოლიტიკა, ქალებისთვის საგადასახადო შეღავათები და სხვა ღონისძიებები). საერთაშორისო სავალუტო ფონდი იაპონიის ეკონომიკაში ერთდროულად რამდენიმე სტრუქტურულ პრობლემას გამოყოფს, ისეთებსაც, რომელიც რეფორმების დღის წესრიგში არც დგას. პირველ რიგში, მცირე და საშუალო ბიზნესის სისუსტე (ამ სექტორზე სამუშაო ადგილების 70% მოდის); მეორეც – უცხოური შვილობილი კომპანიების ექსპორტის ზრდა, რომელსაც იაპონელი მფლობელები ჰყავთ და არა იაპონიის ექსპორტისა; მესამე – უცხოური მიწოდების გაფართოება შიდა ბაზარზე, რომელიც ტრადიციულად იაპონელ მწარმოებლებს ჰქონდათ დაკავებული (ელექტრომოწყობილობების გამოშვება), ეჭვს იწვევს საფასო კონკურენტუნარიონობის მდგრადობა; მეოთხე – ენერგოდანახარჯების ზრდა (ძირითადად, გაზის იმპორტის გამო), რაც წარმოების უცხოეთში გადატანის სტიმულირებას ახდენს. ამ სისუსტეების ანალიზიდან გამომდინარე, „აბენომიკის“ პოლიტიკით პრობლემებიდან წარმატებით გამოსვლის სცენარის პარალელურად არსებობს ორი დიამეტრალურად საწინააღმდეგო რისკ-სცენარები იაპონიის ეკონომიკისთვის სწორედ „აბენომიკის“ პირობებში.

პირველი – „აბენომიკის“ ეფექტების შეზღუდვა სავალუტო შოკებით, აქ ძირითადი რისკი გრძელვადიანი დეფლაციური მოლოდინების დაბრუნებაა, ამ შემთხვევაში ეკონომიკის დინამიკა დაუბრუნდება დეფლაციის სცენარს, რომელშიც ქვეყანა იყო 2001-2006 წლებში. ინფლაციის დინამიკის, სამრეწველო წარმოებისა და გრძელვადიანი საპროცენტო განაკვეთების მიხედვით, ეს სცენარი ნაკლებსავარაუდოა.

მეორე რისკ-სცენარი – გადავადებული სავალე კრიზისის რეალიზაცია სტრუქტურული რეფორმების წარუმატებლობის გამო და იაპონელი მწარმოებლების კონკურენტუნარიანობის დაკარგვა. ამ შემთხვევაში, მშპ-ის სტრუქტურაში გაძლიერდება იმპორტის როლი, ინფლაციური მოლოდინების გავლენის ქვეშ მნიშვნელოვნად გაიზრდება სავალე ბაზრის განაკვეთები (ახლა ვალის მომსახურებაზე მოდის მშპ-ის 0,9%), ხოლო შემცირებულ მშპ-ს ზრდის (იმპორტის გავლენით), შემცირებული საგადასახადო ბაზის, საპენსიო ხარჯებისა (2014 წელს, სსფ-ის შეფასებით დეფიციტი მშპ-ის 7%-ს უდრის) და საპროცენტო გადასახდელების ზრდის ერთობლიობა მოახდენს სახელმწიფო ვალის არამდგრადი ტრაექტორიის შექმნას (2014 წელს მან მშპ-ის 245%-ს მიაღწია) და გამოიწვევს განაკვეთების შემდგომ ზრდას.

Leave a Reply

Your email address will not be published.