მოსახლეობის მაღალსიჩქარიანი ინტერნატით უზრუნველყოფის მიზნით გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვა დასრულდა
საქართველოს მოსახლეობის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფის მიზნით გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვა დასრულდა. განაცხადი ოთხმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ – შპს „ოპტიკურ–ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი–ფოპტნეტმა“, შპს „გრიინეტმა“, სს „სილქნეტმა“ და შპს „დელტა-კომმა“ წარმოადგინა.
6 მაისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გაიმართა სამთავრობო კომისიის სხდომა, რომელმაც „საქართველოს მოსახლეობის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფის მიზნით, ღია დაშვების პრინციპზე დამყარებული ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის შექმნისა და მომსახურების მიწოდების შესახებ“ პროექტთან დაკავშირებით ინტერესთა გამოხატვის თაობაზე წარდგენილი განაცხადები განიხილა. სხდომას ხელმძღვანელობდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია მიქელაძე.
სამთავრობო კომისიამ სამუშაო შეხვედრებზე 2015 წლის 15 მაისამდე უნდა განიხილოს წარმოდგენილი განაცხადები და მათგან ე.წ. „მოკლე სია“ შეადგინოს. აღნიშნული პროცესის დასრულების შემდეგ „მოკლე სიაში“ შესულ კანდიდატებს მიეცემათ საშუალება, რომ 2015 წლის 30 მაისამდე კომისიას განსახილველად წარმოუდგინონ პროექტთან დაკავშირებული საბოლოო წინადადებები, რომლებსაც განიხილავს სამთავრობო კომისია და რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს მთავრობას გამარჯვებული კომპანიის გამოსავლენად.