ინტერნეტ პროვაიდერების დანახარჯის 20% უცხოურ ვალუტაშია, დანარჩენი – ლარში – რამდენად ადექვატურია ინტერნეტის ფასის ზრდა

გვანცა არევაძე

2014 წლის დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს 3421 სოფლიდან (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 1122 სოფელშიარის Wi-Fi ინტერნეტი 32509 მომხმარებლით, 81 სოფელში არის ოპტიკური ინტერნეტი 8123 მომხმარებელით. ქალაქებში კი DSL ინტერნეტს ჯამში 193 537, ხოლო Fiber Optic-ს 270 732 ადამიანი მოიხმარს.
თუმცა, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება საქართველოს ავალდებულებს მთელი ქვეყნის მასშტაბით გაზარდოს ინტერნეტზე წვდომა. 2017 წლამდე ის სოფლები, სადაც 200-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს ოპტიკური ინტერნეტით იქნება უზრუნველყოფილი. ეს კი იმას მოწმობს, რომ რამდენიმე წელიწადში სრულიად რეალური იქნება ყველა სოფელსა თუ ქალაქში იყოს ინტერნეტი; თუმცა, ბოლო თვეებში განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით და ინტერნეტზე მოთხოვნის მიუხედავად, კვლავ გაურკვეველი რჩება ძვირად ყიდულობს თუ არა საქართველოს მოსახლეობა ინტერნეტს, არის თუ არა ხარისხი ფასის ადექვატური და როგორ უნდა გადაწყდეს დავა, როცა მომხმარებელი თავს დაზარალებულად და მოტყუებულად მიიჩნევს.

ჯერ კიდევ 2010 წელს სოციალურ ქსელებში მოქალაქეები ინტერნეტის მაღალ ფასსა და დაბალ სიჩქარეს აპროტესტებდნენ. მათი აზრით, საქართველოში ინტერნეტის ფასები სრულიად არაადეკვატური იყო და ქვეყანა ამის გამო ერთ-ერთ მოწინავე ადგილზე იდგა. როგორც ჩანს, პრობლემა 5 წლის შემდეგაც აქტუალურია და შეიძლება ითქვას, მეტიც – ის უფრო გამწვავდა იმ თვალსაზრისით, რომ ინტერნეტის ფასი სულ უფრო მატულობს, ხოლო ხარისხი ნამდვილად არ არის სახარბიელო.
საინტერესოა, საერთოდ რატომ მივიჩნევთ, რომ ინტერნეტის ტარიფები მაღალია? როგორია მისი ფასები სხვა ქვეყნებში? CaucasusOffline შემდეგ მონაცემებს აქვეყნებს:
ინგლისი 20 მგბ/წმ £12.50
სლოვაკეთი 25 მგბ/წმ 9.90 EUR
საქართველო 10 მგბ/წმ 26 GEL(სილქ ოპტიკი)
ესტონეთი 10 მგბ/წმ გლობალი (ღამე 20 ) 7 ევრო
ბულგარეთი 25 მგბ/წმ 9.95 BGN
ლატვია 100 მგბ/წმ 14.90 EUR
საქართველო 100 მგბ/წმ 100 GEL (სილქნეტი)
ლარის კურსი ბოლო რამდენიმე თვეა მერყეობს, შესაბამისად, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის დანახარჯებმა იმატა. ამ ყველაფრის ფონზე, 2015 წლის 3 მარტს „სილქნეტმა“ მომხმარებლებს შეატყობინა ინტერნეტზე ფასის ზრდის შესახებ. კომპანიაში აცხადებენ, რომ ისინი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ ბაზარზე არსებულზე ნაკლები ფასი შეენარჩუნებინათ, თუმცა საბოლოოდ „სილქნეტის“ ინტერნეტის საფასური ბაზარს გაუთანაბრდა, რაც, მათი თქმით, ლარის კურსის ცვლილებამ გამოიწვია, სანაცვლოდ კი მოიმატა ინტერნეტის სიჩქარემ. „ტარიფების გაზრდის შემდეგ მოხდა სიჩქარის გაზრდა. ფასების ცვლილებასთან დაკავშირებით აბონენტების ინფორმირება ხდება ერთი თვით ადრე, ამ ეტაპზე ფასების ზრდა აღარ იგეგმება კომპანიაში“.
23 მარტს „კავკასუს ონლაინმაც“ დააანონსა ინტერნეტისა და ტელევიზიის პაკეტებზე ტარიფების ცვლილების შესახებ. მათი თქმით, სერვისების მომწოდებლები უცხოური კომპანიები არიან და პირობების შეცვლის გამო მათაც მოუხდათ ფასების გაზრდა.„დიდხანს ვცდილობდით შეგვენარჩუნებინა არსებული ტარიფები, მაგრამ, სამწუხაროდ, შექმნილი ვითარების გამო, უკვე მოგვიწია ცვლილება განგვეხორცილებინა. ინტერნეტის სიჩქარე უცვლელი დარჩა.“
ინტერნეტის ფასების ცვლილებების შესახებ დავუკავშირდით „ახალ ქსელებსაც“. კომპანიაში 1-ლი მაისიდან 19 და 29-ლარიანი პაკეტების საფასური 3 ლარით გაიზრდება. ამის მთავარ მიზეზად „ახალი ქსელებში“ საქართველოში ლარის კურსის მერყეობას ასახელებენ. „კურსის ცვლილების გამო, როგორც იცით, ყველა იტერნეტ პროვაიდერმა გაზარდა ფასი, ჩვენმა კომპანიამ შეძლო და 2 თვის განმავლობაში შეინარჩუნა იგივე ტარიფი. მომსახურებას ჩვენც ვყიდულობთ უცხოური კომაპიებისაგან და, რა თქმა უნდა, დოლაში, შესაბამისად დოლარის გაძვირებამ გამოიწვია ჩვენი ტარიფის გაზრდაც.“
ახალი ფასის შესაბამისად „სილქნეტის“ (Silk Optic) Start პაკეტის ღირებულება 20 ლარიდან 26 ლარამდე გაიზარდა, რის შედეგადაც სიჩქარე 5 მბ/წმ-ის მაგივრად 10 მბ/წმ გახდა. DSL ინტერნეტის სტანდარტული პაკეტის ღირებულება 37 ლარი იყო, ახალი ტარიფით კი იგივე პაკეტი 45 ლარი ღირს. სერვისის სიჩქარე 3 მბ/წმ იყო, რომელიც 6 მბ/წმ-მდე გაიზარდა. „კავკასუს ონლაინის“ პაკეტ ოპტიმალის ღირებულება 25 ლარიდან 27 ლარამდე გაიზარდა; ექსპრესის 35-დან 37-მდე; ექსტრიმის 45-დან 50-მდე, ხოლო ინფინიტის ღირებულება 100 ლარი გახდა.
დავინტერესდით, რამდენად შეესაბამება სიმართლეს პროვაიდერების განცხადებები და რეალურად რა თანხაში იძენენ ისინი მომსახურებას, ან რა მოგება რჩებათ. ვთხოვეთ კონკრეტული თანხები დაესახელებინათ ჩვენთვის, თუმცა პასუხად მივიღეთ, რომ ეს საჯარო ინფორმაცია არ არის.
CaucasusOffline „კომუნიკაციებისეროვნული კომისიისგან“ გამოთხოვილ საკმაოდ საინტერესო მონაცემებს აქვეყნებს: „კავკაუსონლაინს“ 2014 წელს 2013 წელთან შედარებით ხარჯი 5 მილიონ ლარზე მეტით შეუმცირდა; სილქნეტს ხარჯები დაახლოებით 2 მილიონით გაეზარდა, თუმცა მან მეტი მოცულობის ინტერნეტი გაყიდა.
„კავკასუს ონლაინის“ მიერ შესყიდული ინტერნეტის მოცულობა და ხარჯები:
2013 წელი
ყიდვა – 1096705 მბ. ხარჯი – 9 420 439 ლარი;
2014 წელი
ყიდვა – 915778 მბ. ხარჯი – 3 693 002 ლარი;
„სილქნეტის“ მიერ შესყიდული ინტერნეტის მოცულობა და ხარჯები:
2013 წელი
ყიდვა – 378 344 მბ. ხარჯი – 2 482 559 ლარი;
2014 წელი
ყიდვა – 915778 მბ. ხარჯი – 4 539 101 ლარი.
აქვე ვიპოვეთ ინფორმაცია ინტერნეტ პროვაიდერების მიერ გაყიდული საბითუმო ინტერნეტის მოცულობასა და მიღებულ შემოსავლებზე 2013 წლიდან 2014 წლის ივნისის ჩათვლით:
ადგილობრივი პროვაიდერებისთვის მიყიდული ინტერნეტი:
„კავკასუსი“
გაყიდული ინტერნეტის მოცულობა – 35153მბ. მიღებული შემოსავალი – 1 441 487ლ.
„სილქნეტი“
გაყიდული ინტერნეტის მოცულობა – 35460მბ. შემოსავალი – 1 600 075ლ.
რაც შეეხება სხვა ქვეყნისთვის მიყიდულ ინტერნეტს:
„კავკასუსი“
გაყიდული ინტერნეტის მოცულობა – 1139,220. შემოსავალი – 19,398,269
„სილქნეტი“
გაყიდული ინტერნეტის მოცულობა – 260,500. შემოსავალი – 4,079,643.
ამ ციფრებით შეგვიძლია დავინახოთ, რა სახის მოგება ჰქონდათ პროვაიდერებს 2013 – 2014 წლებში.
შესაბამისად, მივმართეთ „კომუნიკაციების ეროვნულ სააგენტოს“ კითხვით, კონკრეტულად რა არის მათი საქმიანობა, რას ფიქრობენ ინტერნეტის ტარიფების ცვლილებაზე და დაინტერესდებიან თუ არა საცალო ბაზრით.
დავით გოგიჩაიშვილი, „საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის“ აპარატის კონკურენციის ხელშეწყობის დეპარტამენტის აუდიტორი:
„საქართველოში ინტერნეტის საცალო ბაზარზე წლების განმავლობაში დომინირებს ორი კომპნია სს „სილქნეტი“ (საბაზრო წილი შემოსავლების მიხედვით 38%) და შპს „კავკასუს ონლაინი“ (საბაზრო წილი შემოსავლების მიხედვით 35%). ბაზარზე მონაწილე დანარჩენი სუბიექტების წილი შპს „ახალი ქსელების“ (საბაზრო წილი შემოსავლების მიხედვით 5%) გარდა, 5%-ზე მნიშვნელოვნად ნაკლებია. დღეს საქართველოში ინტერნეტ მომსახურების ბაზრის სეგმენტის სტრუქტურა წარმოდგენილია დუოპოლიის სახით იმ პირობით, რომ ამ ორ კომპანიას შორის არ არის დადებული მონოპოლისტური შეთანხმება გასაღების ბაზრების, ფასების და სხვა პირობების შესახებ. სხვადასხვა ქვეყანაში ინტერნეტის საცალო ბაზარზე განხორცილებულმა დაკვირვებებმა და აკადემიურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ბაზრის შესაბამისი სეგმენტი კონკურენტულია, თუ მისი მნიშვნელოვან მონაწილეთა რაოდენობა 4 ან უფრო მეტია. ჩვენ შემთხვევაში ბაზარზე ახალი შემსვლელისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან დამაბრკოლებელ გარემოებას წარმოადგენს ბაზრის უკვე არსებული მონაწილეების მიერ მომსახურებაზე დაწესებული დანახარჯებზე არაორიენტირებული დაბალი ტარიფები. აქედან გამომდინარე, როდესაც ბაზარზე არის მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე საბაზრო ოპერატორი, მას აქვს შესაძლებლობა, თავისი ძალაუფლების ფარგლებში, მომსახურებაზე გაზარდოს ტარიფები. კომისია არ ერევა საცალო ბაზარზე სატარიფო რეგულირების დაწესების თვალსაზრისით, თუმცა ცდილობს კანონით განსაზღვრული რეგულაციების დაწესებით ხელი შეუწყოს ინტერნეტის კონკურენციის განვითარებას. საქართველოში ამ ბაზარზე კონკურენცია სუსტია, წლების განმავლობაში აქ წარმოდგენილია მხოლოდ ორი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორი, მესამე ინტერნეტ მომსახურების ოპერატორი ბაზარზე მნიშვნელობვანი საბაზრო წილით არ განვითარდა. ქვეყანაში არ არსებობს ამ სფეროს დარეგულირების ექს პოსტ-რეგულირების შესაბამისი კანონმდებლობა, გვაქვს კონკურენციის შესახებ კანონი, თუმცა ის ვერ ფარავს იმდენად ამ სფეროს, რომ აქ კონკურენცია ჩამოყალიბდეს. როგორც მომხმარებელი, მეც არ ვარ კმაყოფილი ინტერნეტის სიჩქარით. აბსოლუტურ მნიშვნელობაში ჩვენთან არსებული პაკეტის ღირებულება სხვა ქვეყნის იმავე პაკეტის ღირებულებას რომ შეადარო, საქართველოში ასეთი მომსახურების პაკეტის ღირებულება დაბალია. თუ ამ საკითხს განვიხილავთ სხვა ფაქტორებთან ერთად, მაგალითად, შტატებში ერთ სულზე შემოსავალი პირობითად 5 000 ლარია და აქ – 500, შესაბამისად, ფარდობითი წილის შედარებისას, საქართველოს ერთ მოსახლეზე და იქ ერთ მოსახლეზე ჩანს, რომ ჩვენთან ტარიფები უფრო მაღალია. აბსოლუტურ მნიშვნელობაში ტარიფები ჩვენთან ნამდვილად დაბალია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ინფლაციას, ცხოვრების დონეს, მსყიდველობითუნარიანობას, მაშინ ჩვენთან ტარიფი ძალიან მაღალია.“
კითხვაზე, რეალურად იმოქმედა თუ არა დოლარის კურსის ცვლილებამ ინტერნეტმომსახურების გაძვირებაზე, ჩვენმა რესპოდენტმა გვიპასუხა, რომ საერთაშორისო ინტერნეტი არის უცხოურ ვალუტაში და შესაბამისად მომსახურების შეძენა პროვაიდერებს ძვირი უჯდებათ, თუმცა მათი დანახარჯის დაახლოებით 20%-ია წარმოდგენილი უცხოურ ვალუტაში, სხვა ყველაფერი კი ლარშია და დოლარს ასეთი გავლენა არ უნდა მოეხდინა ფასების ცვლილებაზე. გარდა ამისა, პროვაიდერები ინტერნეტს თვითონაც ყიდიან ასევე დოლარში, ანუ გარკვეულწილად შემოსავალიც და ხარჯიც დოლარში აქვთ.
„საცალო ბაზრით დაინტერესების გამოცდილება არ გვაქვს. თუ ყველაფერს გააკეთებ და ნახავ, რომ ფასი მოგების გამო იზრდება, მაშინ დააწესებ მაქსიმალურ ზედა ზღვარს. თუმცა, ფასებს თავად კონკურენცია აწესებს და ჩვენ ამ კუთხით ვმუშაობთ. მალე გამოვაქვეყნებთ უცხოეთში ინტერნეტის ფასების შედარებას საქართვლოსთან“, – დასძინა დავით გოგიჩაიშვილმა.
თავის მხრივ, ორგანიზაციაში „შემცირდეს ინტერნეტის ფასები და გაიზარდოს ინტერნეტის სიჩქარე“ მიიჩნევენ, რომ ინტერნეტზე ფასები ხელოვნურად იზრდება. მათ მიმართეს „ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის“ დავმჯდომარეს, ვახტანგ აბაშიძეს, მოთხოვნით: შეისწავლონ ბაზარი და დაადგინონ კომპანიების რეალური ხარჯები; თუ დადასტურდება ფასების ხელოვნური ზრდა, კომპანიებს დაუწესონ მაქსიმალური ზედა ზღვარი; ხოლო მომხმარებლის უფლებები დაიცვან და საშუალება მისცენ სურვილის შემთხვევაში დარჩნენ ძველ პაკეტებზე ძველი ტარიფითა და სიჩქარით. თუმცა, კომისიის პრეს-სამსახურის უფროსი ხატია ყურაშვილი ტელეკომპანია „კავკასიასთან“ მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ კომისია ეფექტური რეგულაციით ცდილობს უზრუნველყოს საცალო ბაზარზე კონკურენცია. გარდა ამისა, აკვირდება მოვლენების განვითარებას.
ინტერნეტ პროვაიდერების მიერ ფასების ცვლილებას მომხმარებელში კი არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა: „კავკასუსის მომხმარებელი ვარ. ადრე ფასი შეესაბამებოდა ხარისხს, თუმცა ბოლო ერთი თვეა ძალიან ცუდი ინტერნეტი მაქვს, სულ ითიშება. ახლა უკვე ფასიც გაიზარდა და შესაბამისად, უკმაყოფილო ვარ“; „სილქნეტის მომხმარებელი ვარ და ფასი ნამდვილად გაიზარდა, თუმცა სიჩქარით ახლაც კმაყოფილი ვარ და მანამდეც არ ვუჩიოდი. ფასი შეესაბამება სიჩქარეს“; „ახალი ქსელების“ 29-ლარიანი პაკეტი მაქვს და გადასახადი 3 ლარით გამიძვირდა. 3 ლარი არაფერია, მაგრამ როცა ცუდი ინტერნეტი გაქვს და ფასს კიდევ გიძვირებენ, რა თქმა უნდა, უკმაყოფილო რჩები“.
გაურკვეველია, დაუწესდებათ თუ არა პროვაიდერებს საფასურის მაქსიმალური ზედა ზღვარი, შესაბამისად, მომხმარებელს მოუწევს შეეგუოს ახალ პირობებს. მიუხედავად ქვეყანაში ინტერნეტის მაღალი ტარიფებისა და ცუდი ხარისხისა, როგორც აღვნიშნეთ, სოფლების ინტერნეტიზაცია იწყება. საინტერესოა, არის თუ არა სოფლის მოსახლეობის მოთხოვნა ინტერნეტზე და ამ ყველაფრის ფონზე ისინი შეძლებენ თუ არა დაფარონ მისი საფასური.
საქართველოს მოსახლეობის მაღალსიჩქარიანი ინტერნეტით უზრუნველყოფის მიზნით გამოცხადებული ინტერესთა გამოხატვა დასრულდა. განაცხადი ოთხმა სატელეკომუნიკაციო კომპანიამ – შპს „ოპტიკურ-ბოჭკოვანი ტელეკომუნიკაციის ქსელი-ფოპტნეტმა“, შპს „გრიინეტმა“, სს „სილქნეტმა“ და შპს „დელტა-კომმა“ წარმოადგინა. კომპანიები 2015 წლის 30 მაისამდე განსახილველად წარდგენენ პროექტთან დაკავშირებულ საბოლოო წინადადებებს, რომლებსაც განიხილავს სამთავრობო კომისია და რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს მთავრობას გამარჯვებული კომპანიის გამოსავლენად. გამარჯვებული კომპანია საქართველოს მასშტაბით ოპტიკურ-მაგისტრალური საკაბელო სისტემის შექმნას უზრუნველყოფს. 3 წლის ვადაში კომპანია ვალდებული იქნება 1963 დასახლებული პუნქტის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტით დაფარვა უზრუნველყოს. პროექტი 100-150 მლნ დოლარი ჯდება.