რა უჯდება საუდის არაბეთს ნავთობის გლობალურ ბაზარზე დომინანტური პოზიცია
მოამზადა მაკა ღანიაშვილმა
საუდის არაბეთი გლობალური ნავთობის ბაზარზე პოზიციებს იბრუნებს. აპრილში მის მიერ ნავთობის წარმოების დღიურმა მაჩვენებელმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია და 10.3 მილიონი ბარელი შეადგინა და არც იმის ნიშნები ჩანს, რომ საუდის არაბეთი აპირებს გააკეთოს განცხადება, ნავთობის მოპოვების შემცირებასთან დაკავშირებით, ოპეკის მომავალ თვეში დაგეგმილ შეხვედრაზე.
ეჭვგარეშეა, რომ ბოლო თვეების განმავლობაში ნავთობზე ფასების ვარდნამ ინვესტორების მხრიდან ძვირ ნავთობზე მოთხოვნა შეამცირა, როგორიცაა მაგალითად, აშშ-ს შელი, ოფშორებიდან მიღებული ნედლეული და მძიმე ნავთობი. საუდის არაბეთის სტრატეგია უკვე გამოკვეთილია – გლობალურ ბაზარზე აშშ-ს ნავთობ ექსპორტიორების წილის შემცირება.
ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, ნავთობზე ფასის შემცირებამ ზარალი მიაყენა აშშ-ს ნავთობის მწარმოებლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ ოპეკმა მოიგო ბრძოლა ბაზრის წილისთვის. ანგარიშში ნათქვამია, რომ გლობალური ნავთობის მიწოდება გაიზარდა, მაღალ დანახარჯებიანი ადგილებიდანაც კი, როგორიცაა, მაგალითად, ბრაზილია, რომ არაფერი ვთქვათ ირანსა და ერაყზე.
საუდის არაბეთი კი იმედოვნებს, რომ მისი წილი ბაზარზე კვლავ გაიზრდება, მიუხედავად მძაფრი კონკურენციისა, როგორც ოპეკის ქვეყნებიდან, ასევე სხვა ნავთობმწარმოებელი ქვეყნების მხრიდან. როგორც საუდის არაბეთის წარმომადგენლები აცხადებენ, მათი მიზანია მსოფლიოში ნავთობი კვლავ იყოს ტოპ მოხმარებაში, საუდის არაბეთი კი ნედლეულის მსოფლიოს ნომერ პირველი მიმწოდებელი.
6 თვის წინ თითქმის ყველა ელოდა, რომ ოპეკი ტრადიციულ ბერკეტს გამოიყენებდა ნავთობზე ფასების ვარდნის შესამცირებლად და წარმოებას შეამცირებდა, მაგრამ ასე არ მოხდა. როგორც საუდის არაბეთის წარმომადგენლები ხსნიან, ამ ნაბიჯის მიზანი იყო კარტელის გარეთ არსებულ კონკურენტებისთვის დარტყმის მიყენება, მაგალითად, იმ ოფშორული ამერიკული კომპანიებისთვის, რომლებიც ნავთობს ბრაზილიაში მოიპოვებენ.
ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს წარმომადგენელები მაინც ელოდებიან, რომ ბაზარი შემჭიდროვდება, რადგან „ნავთობის ფასებმა უკვე მიაღწია ფსკერს“. გასული წლის ივნისში 115 დოლარიდან ბრენტის ტიპის ნავთობის ფასი იანვრისთვის 45 დოლარამდე შემცირდა, ამჟამად ფასი დაახლოებით 68 დოლარია.
თუმცა აშშ-ს შელის მწარმოებელები არ ეთანხმებიან იმ ფაქტს, რომ საუდის არაბეთმა მათი „გზიდან ჩამოშორება“ შეძლო. მართალია, ნავთობის წარმოება აშშ-ში შემცირდა, მაგრამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელი EOG პროგნოზირებს, რომ უახლოეს მომავალში წარმოება გაორმაგდება, აშშ-ს შელის ტიპის ნავთობზე ფასი კი დაახლოებთ 65 დოლარს მიაღწევს, ამჟამად მისი ფასი 61 აშშ დოლარია. წარმოების გაზრდილი მაჩვენებლის დაანონსება, როგორც ჩანს, იმას ნიშნავს, რომ ამერიკული და სხვა ქვეყნების კომპანიებმაც მოახერხეს უკვე შემცირებულ ფასებზე გადაწყობა და ტენდენციისთვის ფეხის აყოლა. თუმცა ჯერ მაინც ბევრი რამეა ბუნდოვანი, მაგალითად, მოთხოვნა-მიწოდების მრუდი.
აისახება თუ არა ნავთობის შემცირებული ფასები ცუდად საუდის არაბეთის ეკონომიკაზე? ყოველ შემთხვევაში, გარეგნულად არა. ერ-რიადში მიდის გაცხარებული მშენებლობის სპროცესი. დედაქალაქი სავსეა ამწეებით, იმიგრანტი მუშებით, უძრავი ქონების მშენებარე ფართებით. ასევე მიმდინარეობს ახალი მეტროს სისტემებისთვის გზების გაყვანა. ქალაქი აშკარა ტრანსფორმაციას განიცდის, ტალახიანი, აგურებით ნაშენი სავაჭრო გზიდან და გაპარტახებული დასახლებიდან ის ნელ-ნელა გარდაიქმნა 21-ე საუკუნის ცათამბჯენებიან დედაქალაქად, რომელიც სავსეა უნივერსიტეტებით, ბრენდული ბაღაზიებით და 5-ვარსკვლავიანი სასტუმროებით.
მაგრამ ამ აყვავებული ქალაქის უკან იმალება პრობლემები. თუმცა საუდის არაბეთი ცდილობს არ შეიმჩნიოს გლობალურ ბაზრებზე მიმდინარე მოვლენები. მართალია, ივნისიდან მოყოლებული ფასების რეკორდული ვარდნის შემდეგ ამჟამად დაახლოებით 68 დოლარამდე გაიზარდა ბრენტის ტიპის ნავთობზე ფასი, მაგრამ 1 წლის წინ არსებულ მაჩვენებელთან შედარებით ეს მაინც 40%-ით შემცირებული ფასია.
ერ-რიადის 5.7-მილიონიან მოსახლეობაზე, როგორც ჯერჯერობით ჩანს, ფასების შემცირება არ ასახულა ან ამის შესახებ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი არ საუბრობს. ბევრი მათგანი აცხადებს, რომ ნავთობის ფასები მხოლოდ ბიზნესია და ამას მათ ცხოვრებასთან კავშირი არ აქვს. თუმცა ფაქტია, რომ ნავთობის ექსპორტიდან შემოსავალი სამეფოს მშპ-ს 43%-ია.
ყველაზე დიდი ირონია იმაშია, რომ საუდის არაბეთმა თვითონ შეასრულა დიდი როლი ნავთობის ფასების შემცირებაში. თავიდან ბრენტის ტიპის ნავთობის ფასებზე გავლენა მოახდინა აშშ-ს მწარმოებლების მხრიდან შელის წარმოების ზრდამ. მაგრამ ფასები კიდევ უფრო შემცირდა მას შემდეგ, რაც ნოემბერში ოპეკმა მიიღო გადაწყვეტილება, არ შეემცირებინა ნავთობის მოპოვების მაჩვენებელი. საუდის არაბეთმა რამდენიმე დღის წინ ღიად დააფიქსირა თავის პოზიცია – ნავთობზე ფასების ვარდნით, მას სურდა ბაზრის წილის შენარჩუნება ან გაზრდა, სხვა მომწოდებლებზე ზეწოლის გაძლიერების გზით.
მაგრამ ფაქტია ისიც, რომ საუდის არაბეთი, გაცილებით მეტადაა დამოკიდებული ნავთობის ფასებზე, ვიდრე სხვა დივერსიფიცირებული ეკონომიკები: გასულ წლებში, ნავთობიდან შემოსავალი სამთავრობო შემოსავლების დაახლოებით 90%-ს შეადგენდა. ამიტომ მისი ეკონომიკის სიჯანსაღე პირდაპირ უკავშირდება ნავთობის ფასებს. საუდის არაბეთის ბიუჯეტის დაბალანსება შავ ოქროზე არსებული გლობალური ფასების მიხედვით ხდება – 2012 წელს არსებული 68 დოლარიდან ფასები 106 დოლარამდე გაიზარდა, გასული წელს კი რეკორდულად შემცირდა, ასე რომ, შეუძლებელია ამას გავლენა არ მოეხდინა საუდის არაბეთის ეკონომიკაზე.
საუდის არაბეთის ოფიციალური წარმომადგენლები ჯიუტად ამტკიცებენ, რომ მათი ეკონომიკა დაცულია ნავთობის ფასების ვარდნის შოკისგან. თუმცა ფაქტია, რომ შემცირდა უცხოური რეზერვები, 2014 წლის შუაწელისთვის საუდის არაბეთის უცხოურმა რეზერვებმა 800 მილიარდ დოლარს მიაღწია, თუმცა მხოლოდ მიმდინარე წლის მარტ-აპრილში ის 36 მილიარდით შემცირდა. თუ ასე გაგრძელდა, სპეციალისტები რეზერვების 500 მილიარდამდე შემცირებას პროგნოზირებენ უახლოესი 2 წლის განმავლობაში.
საუდის არაბეთის ეკონომიკასთან დაკავშირებით არსებული ჭორების გასაქარწყლებლად, საუდის არაბეთის სამეფო ოჯახი უფრო ხელგაშლილიც გახდა. იანვარში მათ გამოაცხადეს ახალი ბონუსების გადახდის შესახებ საჯარო სექტორში დასაქმებულებისა და სამხედრო პირებისთვის. ეს კი დიდი ხარჯია, რადგან საუდის არაბეთის მოსახლეობის მესამედი საჯარო სექტორშია დასაქმებული. ბიუჯეტზე ზეწოლა იყო 6-კვირიანი სამხედრო კამპანია იემენზეც. შედეგად, 2015 წელს საუდის არაბეთის ბიუჯეტის დეფიციტმა 40 მილიონი დოლარი შეადგინა და ის შეიძლება კიდევ გაიზრდოს, თუ ნავთობის ფასები დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდება.
ნავთობზე ფასების ვარდნას ასევე არ უმოქმედია საუდის არაბეთის ამბიციურ გეგმაზე კაპიტალურ დანახარჯებთან დაკავშირებით. საუდის არაბეთის ფინანსთა მინისტრის განცხადებით, „გამოწვევები არსებობს ექსპორტიორი ქვეყნებისთის“ და მთავრობებს მოუწევთ ხარჯების „რაციონალიზება“. მიუხედავად ამისა, იბრაგიმ ალ-ასამი მტკიცედ აცხადებს, რომ მისი ქვეყნის ფინანსური მდგომარეობა მყარია. გასულ წელს საუდის არაბეთში განხორციელდა 2 600 პროექტი ჯამში 50 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობით.
თუმცა ნავთობზე ფასების ვარდნის უარყოფითი გავლენა რამდენიმე სფეროზე უკვე სახეზეა. მთავრობის კონტრაქტორი კომპანიები ელოდებიან, რომ ამ წელს მათი შემოსავალი შემცირდება. ნავთობის სექტორი კი უკვე გრძნობს შედეგს. მაგალითისათვის, საუდის არაბეთის უდიდესმა სახელმწიფო ნავთობ კომპანიამ Saudi Aramco და სხვა კომპანიებმა რამდენიმე პროექტი უკვე შეაჩერეს, მაგრამ ამის შესახებ არ საუბრობენ, ეს ინფორმაცია დასავლელმა დიპლომატებმა გაავრცელეს. მაშინ როდესაც წამყვანი პროექტები გრძელდება, კომპანიებს ამის ხარჯზე უწევთ რამდენიმე სხვა პროექტის გაჩერება. დასავლელი ანალიტიკოსების შეფასებით, შეჩერებულ ან გადავადებულ პროექტებს შორის შეიძლება იყოს წყალქვეშა გაბურღვითი სამუშაოების დაწყების პროექტი წითელ ზღვაში. ამასთანავე, ბევრი უცხოური კომპანია, რომელიც დაიქირავა Saudi Aramco-მ სტადიონების ასაშენებლად ქვეყანაში, ჯერ ისევ ელოდება მწვანე შუქს სამუშაოების დასაწყებად.
ნავთობის ფასების შემცირება ასევე აშფოთებს სტუდენტებს. ცნობილი ხდება, რომ რამდენიმე მსხვილმა კომპანიამ, მათ შორის Saudi Aramco-მ რამდენიმე განყოფილებაში უკვე შეაჩერა ახალი კადრების მიღება. „არსებობს რეალური საფრთხე დასაქმების ბაზართან დაკავშირებით ქვეყანაში“ – აცხადებს საუდის არაბეთის ერთ-ერთი უნივერსიტეტის პროფესორი. როგორც ვხედავთ, მიუხედავად სამეფო ოჯახისა და მთავრობის წარმომადგენლების დაჟინებული მტკიცების, საუდის არაბეთში ყველაფერი არცთუ კარგადაა. მართალია, ჯერჯერობით ქვეყანა ახერხებს ნავთობის გლობალურ ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას, მაგრამ ეს უარყოფიად აისახება ქვეყნის შიგნით ბევრ ეკონომიკურ მაჩვენებელზე.
წყარო: www.ft.com