თაღლითობები სავალუტო ბაზარზე და ახალი ჯარიმები

მოამზადა მაკა ღანიაშვილმა

მსოფლიოს 6 უმსხვილესი ბანკი სავალუტო ბაზარზე მანიპულირებისთვის 5,7 მილიარდი დოლარით დააჯარიმეს აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მარეგულირებელმა ორგანოებმა. JPMorgan-მა, Citigroup-მა, Barclays-მა და RBS-მა დანაშაული აღიარეს. UBS თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, მას ბრალად საპროცენტო განაკვეთების გაყალბება ედება. ყველაზე დიდი ჯარიმის გადახდა Barclays-ს დაევალა, ბანკს 2,4 მილიარდი დოლარის გადახდა მოუწევს. ბანკმა ნოემბერში საგამოძიებო სამსახურთან თანამშრომლობაზე უარი განაცხადა.

როგორც ცნობილი გახდა, 2007 წლიდან მოყოლებული ყოველდღე, აღნიშნული ბანკები კერძო ელექტრონული ჩატის გამოყენებით, ტრეიდერების მეშვეობით კურსზე ხელოვნურ მანიპულირებას ახდენდნენ. მათმა ქმედებამ ზიანი მიაყენა მსოფლიოს უამრავ ფინანსურ ინსტიტუტს, ინვესტორსა და მომხმარებელს. ბანკები საკუთარი მოგების გაზრდის მიზნით, ერთმანეთთან სხვადასხვა გარიგებებს დებდნენ. Citigroup, JP Morgan, Barclays და Royal Bank of Scotland კოდირებული ენის გამოყენებით, 2007 წლის დეკემბრიდან, 2013 წლის იანვრის ჩათვლით, ამერიკული დოლარისა და ევროპული ევროს კურსის დადგენაში მანიპულირებაში არიან დადანაშაულებულები. ბანკების – Barclays, Royal Bank of Scotland, JPMorgan, UBS, Citigroup და Bank of America – ახალი ჯარიმა სავალუტო სკანდალთან დაკავშირებით ისტორიული მოცულობისაა საბანკო ისტორიაში.

2013 წლიდან მოყოლებული დღემდე უმსხვილესი ფინანსური ინსტიტუტებისთვის დაკისრებული ჯარიმა დაახლოებით 10 მილიარდი აშშ დოლარის მოცულობისაა, რომელიც მათ ევროპულმა და ამერიკულმა მარეგულირებლებმა დააკსირეს. Barclays, RBS, JPMorgan და Citigroup ბრალი ედებათ კრიმინალურ დანაშაულში, UBS-ს კი ლიბორთან დაკავშირებულ თაღლითობაში. 6 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც RBS, HSBC, JPMorgan, UBS, Citigroup და Bank of America დაჯარიმდნენ 4.3 მილიარდი აშშ დოლარით სავალუტო მანიპულაციებისთვის. Barclays-თვის Financial Conduct Authority-ის მიერ დაწესებული ჯარიმა შეადგენდა 284.4 მილიონ ფუნტს, რაც ყველაზე დიდი ჯარიმაა დიდი ბრიტანეთის ისტორიაში. ჯარიმის დანარჩენი ნაწილი მოდის აშშ-ს მარეგულირებლებზე. ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ ბანკები 1.8 მილიარდი აშშ დოლარით დააჯარიმა, იუსტიციის დეპარტამენტმა კი 2.5 მილიარდი აშშ დოლარით. გარდა ამისა, Barclays-მ უნდა გადაუხადოს 400 მილიონი აშშ დოლარი სასაქონლო ფიუჩერსებით ვაჭრობის კომისიას და 485 მილიონი აშშ დოლარი ნიუ-იორკის ფინანსური მომსახურების დეპარტამენტს. კატასტროფული ჯარიმების მიუხედავად, ახალი ინფორმაციის გასაჯაროების შემდეგ Barclays აქციების 3 პუნქტით, RBS-ისა კი 2 პუნქტით გაიზარდა.

„ეს არის ის ჯარიმა, რისი გადახდაც ბანკებს იმ არაკონკურენტული ქმედებებისთვის მოუწევს, რაც გააკეთეს“ -განაცხადეს საგამოძიებო ჯგუფის წარმომადგენლებმა ვაშინგტონში გამართულ პრეს-კონფერენციაზე. ყველაფერი 2013 წელს დაიწყო, როდესაც რამდენიმე მსხვილი ბანკი ლიბორის განაკვეთით მანიპულირებაში დაადანაშაულეს. თუმცა, გამოძიების დასრულება ჯერ შორსაა. ამჯერად, მიმდინარეობს კონკრეტული პირების მიმართ გამოძიება. განსაკუთრებით იმ ბანკების შემთხვევაში, რომლებიც გამოძიებასთან არ თანამშრომლობდნენ. ასევე, ჯერ ისევ პასუხგაუცემელია კითხვა, თუ როგორ ახერხებდნენ ბანკები Forex-ის ელექტრონული სისტემის გამოყენებას სხვა მომხმარებლების ხარჯზე.

მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ აშშ-ს იუსტიციიის დეპარტამენტმა ბანკებს კრიმინალური ბრალი წაუყენა. ეს არის პირველი შემთხვევა ბოლო ათწლეულის განმავლობაში, როდესაც აშშ-ს უმსხვილესი ბანკები კრიმინალში არიან მხილებულნი. ბოლო მსხვილი ფინანსური ინსტიტუტი, რომელსაც კრიმინალურ დანაშაულში დასდეს ბრალი, აშშ-ში იყო Drexel Burnham Lambert 1989 წელს. როგორც დასავლელი ანალიტიკოსები წერენ, აშშ-ს ხელისუფლება დიდხანს ცდილობდა საქმისათვის კრიმინალის სტატუსი არ მიენიჭებინა ფინანსური სტაბილურობის შესანარჩუნებლად, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს მაინც საჭირო გახდა. შედეგები უფრო რთული შეიძლება ყოფილიყო იმ შემთხვევაში, თუ ბანკები არ ითანამშრომლებდნენ გამოძიებასთან. თანამშრომლობის სანაცვლოდ JPMorgan-მა აშშ-ს Securities and Exchange Commission-ისგან მიიღო გარანტია იმისა, რომ გამოძიების მსვლელობაში მისი აქციებით ვაჭრობის ბიზნესი არ შეჩერდებოდა. ეს ალბათ ასეც უნდა ყოფილიყო, რადგან ასეთი მსხვილი ბანკებისთვის საქმიანობის შეჩერების მოთხოვნა მთლიანად ფინანსურ სისიტემას შეუქმნიდა დიდ საფრთხეს. Citicorp-მა 925 მილიონი აშშ დოლარი უნდა გადაუხადოს იუსტიციის დეპარტამენტს, რაც ყველაზე დიდი კრიმინალური ჯარიმაა აშშ-ს ისტორიაში. ბანკს ასევე მოუწევს გადაუხადოს 342 მილიონი დოლარი ფედერალურ სარეზერვო სისტემას. მისი ტრეიდერები მონაწილეობდნენ თაღლითობაში 2007 წლიდან 2013 წლამდე.

JPMorgan-ის ჯარიმის წილი კრიმინალურ ბრალში 550 მილიონი დოლარია, ის თაღლითობებში 2010 წლის ივლისიდან ჩაერთო. ფედ-ს კი 342 მილიონი უნდა გადაუხადოს. ბანკის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათი მხრიდან ამ ოპერაციებში ერთი ტერიდერი მონაწილეობდა და ის უკვე გათავისუფლებულია. ევროპული ბანკებისგან განსხვავებით, ახალი ჯარიმის გამოცხადების შემდეგ, JPMorgan-ისა და Citigroup-ის აქციები, შესაბამისად 0.7% და 0.8%-ით შემცირდა.

შვეიცარიული UBS კრიმინალური ბრალისთვის გადაიხდის 203 მილიონ აშშ დოლარს, ლიბორის განაკვეთით მანიპულაციებისთვის. ის ასევე გადაუხდის 342 მილიონ დოლარს ფედს Forex-ზე მანიპულაციებისთვის. UBS-ისთვის დაკისრებული ჯარიმა იმაზე ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო, ამიტომ მისი აქციები ბოლო 6 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ნიშნულამდე გაიზარდა. The Royal Bank of Scotland კრიმინალური ბრალისთვის 395 მილიონ დოლარს გადაიხდის, ფედ-ს კი 274 მილიონს გადაუხდის.

3

12