საქართველოს სასოფლო-სამეურნეო სავარგულების პრივატიზაციისა და არენდით გაცემის რეგიონალური თავისებურებანი
სერგო იაკობიძე, ეკ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი
მსოფლიო პრაქტიკით ცნობილია, რომ ყველა ქვეყანაში დამოუკიდებელი სისტემის შექმნა-ჩამოყალიბებაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს (მით უმეტეს საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ ეტაპე) მიწის პრივატიზება (განსახელმწიფოებრივება) და მისი არენდით გაცემა წარმოადგენს, რამდენადაც ეს პრობლემა მიჩნეულია ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანისა და მოსახლეობის გაუსაძლისი საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების ერთ-ერთ ატრიბუტად.
აქედან გამომდინარე, სხვა პოსტსოციალისტური ქვეყნების ანალოგიურად, საქართველოში გასული საუკუნის ბოლო ათწლეულში მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული დაწესებულიყო ქვეყანაში სასოფლო-სამეურნეო სავარგულების განსახელმწიფოებრივებისა და არენდით გაცემის პროცესი, რომელსაც წინასწარ შემუშავებული აგრარული რეფორმა ითვალისწინებდა.
ამჟამად, როცა საქართველოში მიწის პრივატიზებისა და არენდით გაცემის შედეგებს ვაანალიზებთ, უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ დღეისათვის იგი ძირითადად დამთავრებულია. ახლა მთავარია ვნახოთ, თუ რა მისცა აგრარული რეფორმის განხორციელებამ ქვეყნის მოსახლეობას. ამის შესახებ ნათელ წარმოდგენას იძლევა ჩვენ მიერ ქვემოთ მოტანილი ზოგიერთი მონაცემები.
როგორც რესპუბლიკის მიწის რეფორმების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებიდან ირკვევა, საქართველოში სოფლად მცხოვრებმა 772,5 ათასმა კომლმა (ოჯახმა) პირად საკუთრებაში მიიღო 690,1 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგული მიწა კომლზე საშუალოდ 0,89 ჰა, ხოლო ქალაქად მცხოვრებმა 332,3 ათასმა კომლმა 72,9 ათასი ჰექტარი (საშუალოდ 0,22 ჰა.) ე.ი. საქართველოში 1104,8 ათასმა კომლმა კერძო საკუთრებაში მიიღო სულ 930,0 ათასი ჰექტარი მიწის ფართობი, რომელთა შორის 763,0 ათასი ჰექტარი არის სასოფლო-სამეურნეო სავარგული მიწის (3022,7 ათასი ჰექტარი) 25,3 პროცენტი. მათ შორის სახნავ მიწებს უჭირავს 436,6 ათასი ჰექტარი ანუ მთელი სახნავი ფართის 54,9%, მრავალწლიან ნარგავებს 29,4% ხოლო საძოვრებს – 4,7%. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის კერძო საკუთრებაში გადაცემული მიწის მთლიან რაოდენობაში 617,7 ათასი ჰექტარი ინტენსიური სავარგულია, რომლის ხვედრითი წილი მთლიანობაში (1 063,2 ათასი ჰექტარი) 58,0 პროცენტს შეადგენს.
ამჯერად ჩვენ ძირითად მიზანს არ შეადგენს ქვეყნის მოსახლეობაზე საკუთრებაში და არენდით გადაცემული მიწების ეკონომიკურ მაჩვენებელთა დეტალური ანალიზი, მაგრამ მაინც უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს იურისდიქციაში მყოფმა მოსახლეობამ, “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის შესახებ” კანონის ამოქმედების შემდეგ (1997 წ.) არენდით მიიღო 903,0 ათასი ჰექტარი მიწა, რომლის ხვედრითი წილი მთელი სასოფლო-სამეურნეო სავარგულის მთლიანობაში 29,9% შეადგენს. მ.შ. სახნავი სულ არენდით გაცემულია 230,5 ათასი ჰექტარი, რაც 29,0% უდრის, მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწების 26,7 ათას ჰექტარს, ანუ შესაბამისის 10 პროცენტს, სათიბი 45,8 ათას ჰექტარს, ანუ 32,1%, ხოლო საძოვარი კი 600,0 ათას ჰექტარს, რაც ქვეყნის მთლინი საძოვრების თითქმის ერთ მესამედს (34,4%) აღემატება.
მიუხედავად ყოველივე ზემოთ აღნიშნულისა, იმისათვის, რომ უფრო თვალსაჩინო გაგვეხადა ქვეყნის რეგიონული თავისებურებები თუ რა ზეგავლენას ახდენენ როგორც კერძო საკუთრებაში, ისე იჯარით გაცემული მიწების კომლების (ოჯახების) უზრუნველყოფაზე, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ გაგვეანგარიშებინა შესაბამისი მონაცემები რეგიონების მიხედვით, რაზედაც ნათელ წარმოდგენას იძლევა ცხრილი 1.
ცხრილის ანალიზიდან ირკვევა, რომ საქართველოში ძალზე მკვეთრად იგრძნობა რეგიონული თავისებურებანი, რაც იმაში გამოიხატება, რომ ერთ კომლზე გაანგარიშებით საგრძნობი განსხვავებაა ცალკეული სახის სასოფლო-სამეურნეო სავარგული მიწით უზრუნველყოფის თვალსაზრისით, როგორც კერძო საკუთრებაში გადაცემული, ისე არენდით გაცემული მიწების მხრივ.
აღნიშნულ მდგომარეობაზე საკმაოდ მრავალი ფაქტორი ახდენს ზეგავლენას, რომელთა შორის ძირითადი და განმსაზღვრელია რეგიონის (ადმინისტრაციული რაიონის) ვერტიკალურ-ჰორიზონტალური ზონალობა, მისი სასოფლო-სამეურნეო სპეციალიზაცია, მოსახლეობის (კომლების) რიცხოვნობა, დემოგრაფიული, თუ მიგრაციული პროცესები და სხვა.
მეტად საყურადღებო ფაქტია, რომ საქართველოში აგრარული რეფორმის განხორციელების თანამედროვე ეტაპზე, საკუთრებაში გადაცემული სასოფლო-სამეურნეო სავარგული მიწა საშუალოდ ერთ კომლზე მოდის 0,69 ჰექტარი და მ.შ. სოფლად მცხოვრებზე 0,89 ჰექტარი, მაშინ, როცა შესაბამისი მაჩვენებელი ცალკეულ რეგიონებში გაცილებით მაღალია. ასე, მაგ: იგი სამეგრელო-ზემო სვანეთისა და კახეთის რეგიონებში 0,93-0,94 ჰექტარს შეადგენს, სამცხე-ჯავახეთში – 1,19 ჰექტარს, ხოლო რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში – 1,24 ჰა-ს აღწევს, თუმცა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის საშუალოზე საგრძნობ დაბალი მიწით უზრუნველყოფა შეინიშნება იმერეთის (0,6 ჰა), ქვემო ქართლის (0.43 ჰა), აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (0,42 ჰა) და სამაჩაბლოს ცალკეულ (ერედვისა და ქურთის 0,35 ჰა) თემებში. ისიც მნიშვნელოვანი და საყურადღებო ფაქტია, რომ უკანასკნელი მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობაზე არენდით გაცემულია 903,0 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგული მიწა, საიდანაც ერთ კომლზე გაანგარიშებით საშუალოდ 0,89 ჰექტარი (8895 კვ. მეტრი) მოდის. აღნიშნულთან შედარებით მკვეთრად შესამჩნევია რეგიონული თავისებურებების გავლენა ცალკეულ რეგიონებში. ასე, მაგ: არენდით გაცემულ მთლიან საშუალო მაჩვენებლებთან შედარებით თითქმის ორჯერ ნაკლებია შესაბამისი მაჩვენებელი შიდა ქართლის (0,47 ჰა) და მცხეთა-მთიანეთის (0,41 ჰა) რეგიონებში, ხოლო შესაბამისი 4-ჯერ და 6-ჯერ ნაკლებია გურიის (0,18 ჰა) და იმერეთის (0,13 ჰა) რეგიონებში, მაშინ როცა, შესაბამისი მაჩვენებელი თითქმის 25-ჯერ ნაკლებია რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემი სვანეთში (0,035 ჰა). თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ საქართველოში ისეთი რეგიონებიცაა, სადაც ამ უკანასკნელ რეგიონთან შედარებით 50-ჯერ და 100-ჯერ მეტია ერთ კომლზე საშუალოდ არენდით გაცემული მიწის რაოდენობა. ასეთ რეგიონებს მიეკუთვნებიან: კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონები, სადაც, საშუალოდ, კომლზე გაცემულია პირველში 1,88 ჰექტარი, ხოლო მეორეში კი 3,38 ჰექტარი. აქვე არ შეიძლება არ აღვნიშნოთ ისიც, რომ რეგიონული თავისებურებების გავლენა კიდევ უფრო მკვეთრად შესამჩნევია ინტენსიური სავარგულით (სახნავი და მრავალწლიანი ნარგავები) და სათიბ-საძოვრებით უზრუნველყოფის მხრივ. მაგალითად, სახნავი არენდით კომლზე, საშუალოდ, 0,4 ჰექტარია გაცემული, მაშინ, როცა, შესაბამის აჭარის ა.რ-ში გაცემულია 0,15 ჰა, სამაჩაბლოში 0,23 ჰა. ასევე საშუალოზე შედარებით დაბალია ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებში, რასაც ვერ ვიტყვით კახეთისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებზე, სადაც შესაბამისი ერთნახევარჯერ აღემატება ქვეყნის საშუალო მაჩვენებელს. თითქმის ასეთივე ანალოგიური მდგომარეობა შეიმჩნევა მრავალწლიანი ნარგავებით დაკავებული მიწით უზრუნველყოფის მხრივ, რომელიც საკამოდ მაღალ ხვედრით წილად მოდის კომლზე საშუალოდ გურიის, შიდა ქართლის და კახეთის რეგიონებში. ამ მხრივ, დაბალი შესაბამისი მაჩვენებლებით ხასიათდებიან სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, მცხეთა-მთიანეთის და სამაჩაბლოს რეგიონები, სადაც კომლზე საშუალოდ 0,04-0,08 ჰა-ს არ აღემატება. აქვე ისიც შეიძლება დავამატოთ, რომ საქართველოში ისეთი ადმინისტრაციული რაიონებიცაა (კავკასიონის მთიანეთი), სადაც მრავალწლიანი ნარგავები სრულებით არ არის წარმოდგენილი. აღარაფერს ვამბობთ სათიბისა და საძოვრების საკუთრებასა და არენდაში გადაცემის შესახებ, რამდენადაც თითქმის ყველა რეგიონში მოსახლეობის ძირითადი ნაწილი (80-90%) ინტენსიური სავარგულითაა დაკმაყოფილებული. თუმცა, აქვე არ შეიძლება არ აღვნიშნოთ, რომ საკუთრებაში გადაცემულ მიწებთან შედარებით, უფრო მაღალ ხვედრით წილად მოდის სათიბი და საძოვარი არენდით გადაცემულ მიწებში, რომელთა მთლიანი რაოდენობა, შესაბამის მთლიანობაში 71,5 პროცენტს აღემატება, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ მოსახლეობა საკმაოდ დიდ მზრუნველობას და ყურადღებას იჩენს მათ პირად საკუთრებაში არსებული მეცხოველეობის, როგორც სულადობის ზრდისათვის, ისე პროდუქტიულობის ამაღლებისათვის, რისთვისაც, ბუნებრივია, სათიბი და საძოვარი ესაჭიროებათ.
რამდენადაც წინამდებარე ნაშრომში აქცენტი ძირითადად მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო სავარგული მიწის საკუთრებაში გადაცემისა და მათი უზრუნველყოფის რეგიონულ თავისებურებებზეა ყურადღება გამახვილებული, ამდენად, მიზანშეწონილად ვცანით გაგვეანგარიშებინა მოსახლეობის კერძო საკუთრებაში გადაცემული სავარგული მიწის რაოდენობა ცალკეული სოციალური სფეროების მიხედვით, რაზედაც სრულყოფილ წარმოდგენას იძლევა ცხრილი 2.
ცხრილის მონაცემებიდან, პირველ რიგში, უნდა შევნიშნოთ, რომ ქვეყნის მოსახლეობის კომლთა საერთო რაოდენობაში, რამდენადაც მაღალი ხვედრითი წილითაა წარმოდგენილი ყოფილი კოლწევრებისა და სახელმწიფო მეურნეობების მუშა-მოსამსახურეთა კომლების რაოდენობა (68,0%-ს აღწევს), იმდენად მაღალია აღნიშნული სფეროს კომლებზე საკუთრებაში გადაცემული მიწის მთლიანი ფართობი (632,3 ათასი ჰა.). ისე, საშუალოდ, კომლზე (0,89 ჰა) გაანგარიშებით. შესაბამისი მაჩვენებელი შედარებით მცირეა იმერეთის (0,84 ჰა), ქვემო ქართლის (0,78 ჰა), აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის (0,44 ჰა) და სამაჩაბლოს (0,35 ჰა) რეგიონებში. აღნიშნულთან შედარებით, შესაბამისი მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის (0,94-0,94 ჰა), კახეთის და სამეგრელო-ზემო სვანეთის (1,13-1,13 ჰა) რეგიონებში. რაც შეეხება დანარჩენი სფეროს მუშაკთა კომლებს (განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, კულტურის და სხვა დანარჩენი სფეროს მუშაკთა ოჯახებს), უნდა შევნიშნოთ, რომ მათ საკუთრებაში გადაცემული მიწების საშუალო რაოდენობა (იხ ცხრილი 2), მართალია შედარებითY ნაკლებია ყოფილი კოლწევრებისა და სახელმწიფო მეურნეობების მუშა-მოსამსახურეთა სფეროს კომლთა საკუთრებაში გადაცემული მიწის რაოდენობასთან შედარებით, მაგრამ ცალკეული რეგიონების მიხედვით არის იმის გამონაკლისი შემთხვევებიც, რომ ცალკეული სფეროების საშუალო შესაბამისი მაჩვენებელი არა მარტო ამავე რესპუბლიკურ საშუალოზე, არამედ ყოფილი კოლწევრებისა და სახელმწიფო მეურნეობების მუშა-მოსამსახურეთა შესაბამის საშუალოზე მაღალია, რომელთა ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა. თუმცა, ყოველივე ამის გარეშეც შეგვიძლია ზოგადი დასკვნა გავაკეთოთ. კერძოდ, ის რომ საკუთრებაში გადაცემული მიწებით ოჯახების დაკმაყოფილება ძირითადად დაკავშირებულია რეგიონალურ თავისებურებებთან, რომლის შეცვლა, სრულყოფა ან უფრო მიზანსწრაფულად წარმართვა საკმაოდ დიდ დროსა და რიგი წინასწარ გააზრებული ღონისძიებების გატარებას მოითხოვს. რაც შეეხება წარმოდგენილ მონაცემებს, რა თქმა უნდა, იგი თავისთავად ბევრის მთქმელია, რომელიც გარკვეულ შთაბეჭდილებას გვაძლევს (გვიქმნის), როგორც მთლიანად საქართველოს, ისე მისი ცალკეული რეგიონების თავისებურებებზე და შესაბამისად ამ რეგიონებში მცხოვრები კომლების სხვადასხვა სახის სასოფლო-სამეურნეო სავარგულებით უზრუნველყოფაზე, თუმცა, ეს მაინც არაა მთავარი, თუ რა მიიღეს კომლებმა მიწის პრივატიზაციით და არენდით, არამედ ახლა მთავარი ისაა, თუ როგორ რაციონალურად იყენებდნენ ისინი (კომლები) თავიანთ კომპეტენციაში არსებულ მიწებს. როგორ ცდილობდნენ მიწის ნაყოფიერების ამაღლებას. რა ხერხებით და მეთოდების გამოყენებით მიაღწიონ ფართობის ერთეულზე, რომ მეტი სასურსათო პროდუქტები აწარმოონ, რითაც შესაძლებელი გახადონ დაიკმაყოფილონ არა მარტო თავიანთი მოთხოვნილება, არამედ შექმნან ჭარბი მარაგი, როგორც მეცხოველეობის განვითარებისათვის, ისე საზღვარგარეთ ექსპორტისათვის.
ამ შრომაში არ ვაპირებთ და ვერც შევძლებთ ჩამოვთვალოთ საქართველოს სინამდვილეში ის ფერმერები და ცალკეული საოჯახო მეურნეობები, რომლებიც მართლაც კარგად ართმევენ თავს მათ წინაშე დასმულ ამოცანებს. კერძოდ, იმის გათვალისწინებით, რომ ისინი წინასწარ მოფიქრებული და კარგად ჩამოყალიბებული ბიზნეს-გეგმის მიხედვითა და თავიანთი დაუღალავი შრომის შედეგად მნიშვნელოვან წარმატებებს აღწევენ, რომლის მრავალი მაგალითი გაგვაჩნია კახეთის, იმერეთის, გურიის, სამეგრელო-სვანეთის, შიდა ქართლის და ა.შ. თითქმის ყველა ცალკეულ რეგიონებში, თუ ადმინისტრაციულ რეგიონებში, მაგრამ, ჩვენდა სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ მათ გვერდით მრავლად არიან ისეთებიც (მათი რაოდენობა თანდათან მატულობს) რომლებიც არ ცდილობენ გამონახონ და აამოქმედონ ყველა შესაძლებლობა, რათა მიაღწიონ მაღალ შედეგებს, არამედ შეგნებულად თავს არიდებენ მიწის მოვლა-პატრონობას და შედარებით უფრო იოლი გზით, ეგრეთწოდებული თვითდასაქმებით (ხელზე ვაჭრობით, შუამავლობით, ოჯახებში მომსახურებით და რიგი სხვა სამუშაოების შესრულებით) ცდილობენ თავიანთი თავისა და ოჯახების დაპურებას.
ქვეყნის ასეთ მტკივნეულ პრობლემას როცა ვაანალიზებთ (თუ ვეხებით) მიზანშეწონილად ვთვლით (მიგვაჩნია) გავიხსენოთ ჩვენი ყოფა-ცხოვრების უახლესი წარსული (1990 წ.), სტატისტიკური მონაცემები, რომელიც მიგვანიშნებს, თუ როგორი მაღალი იყო მოსახლეობის დაინტერესება და სიყვარული მათ პირად (დროებით) სარგებლობაში (არა კერძო საკუთრებაში) არსებული იმ შედარებით მცირე (211,0 ათასი ჰა.) სასოფლო-სამეურნეო სავარგული მიწისადმი, საიდანაც მოწეული საკვები პროდუქტები თუ მთლინად არა, სანახევროდ მაინც აკმაყოფილებდა მათი ოჯახების მოთხოვნილებას და რომელიც ასევე შეიძლება ითქვას საერთოდ რესპუბლიკაში მთლიანად წარმოებული სასურსათო-სამეურნეო სავარგულზე მოწეული მოსავლისას, რომელიც ყოფილ კოლმეურნეობებში და ს/მეურნეობებში იწარმოებოდა მთლიანად.
ამჟამად, როცა საქართველოს მოსახლეობამ 4-ჯერ მეტი სასოფლო-სამეურნეო სავარგული მიწა მიიღო კერძო საკუთრებაში და თითქმის ამდენივე არენდით სარგებლობაში აქვს გადაცემული, თუ არა ის ობიექტური და სუბიექტური მიზეზების მოუგვარებლობა, რომელიც დღემდე მძვინვარებს ქვეყანაში და არც გაუმჯობესების რეალური გზები არ ჩანს მდგომარეობიდან გამოსვლისა, ნებისმიერი მკითხველისათვის ადვილი წარმოსადგენია, თუ როგორი უნდა იყოს ფაქტიურად სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების დონე და მოსახლეობის ადგილობრივი სასურსათო პროდუქციით უზრუნველყოფა.
ჩვენ გვესმის, რომ ამჟამად ქვეყანაში მართლაც არის შექმნილი რიგი სიძნელეები სოფლის მეურნეობაში, რომელიც განსაკუთრებით გამოიკვეთა ბოლო პერიოდში, როგორც მიწის სავარგულების მოვლა-დამუშავების, ასევე სასოფლო-სამეურნეო მავნებელ დაავადებებთან ბრძოლის ღონისძიებების გატარების, მინერალური სასუქების, შხამ-ქიმიკატების, თუ საწვავ-საცხები და საპოხი მასალების, როგორც გამოშვების, ისე მათი შეძენის მხრივ, რამდენადაც ძვირია მათი საცალო ფასები, მაგრამ ისიც გვწამს, ურო მეტ დაინტერესებას რომ იჩენდეს შესაბამისი სამინისტრო, ქვეყნის პარლამენტი, შესაბამის დარგის მეცნიერების მრავალრიცხოვანი დიდი კოლექტივი და ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლება, მდგომარეობა თანდათანობით გაუმჯობესდებოდა. არადა, თუ კვლავ ისევ თვითდინებაზე დარჩა მიშვებული, როგორც სადღეისოდ არის, შეიძლება კვლავ მივიღოთ საზღვარგარეთის მეგობარი ქვეყნების დახმარება (დიდი რაოდენობით გვაქვს მიღებული) ვალებიც კვლავ ავიღოთ დარგში არსებული მდგომარეობის გაჯანსაღებისათვის, მაგრამ მწამს იგივე მდგომარეობაში დავრჩებით, თუმცა, ხომ შეიძლება ერთ მშვენიერ დღეს ვინმე გამოჩნდეს ამ დარგის ბედით დაინტერესებული, მომკითხველი (პიროვნება თუ კომპეტენტური უწყება), რომელიც დეტალურად შეისწავლის, თუ სად წავიდა და რაში დაიხარჯა იმდენი თანხა. წინასწარ შეიძლება დარწმუნებული ვიყოთ, სწორ პასუხს ვერავინ გასცემს, თუმცა, შექმნილი მდგომარეობის გამო განაწყენებულმა და იმედგაცრუებულმა საზოგადოების ერთმა ნაწილმა პასუხი უკვე იმით გამოხატა, რომ მიწისადმი სიყვარული და პატივისცემა, რომლითაც ჩვენი წინაპრები საუკუნეების განმავლობაში იყვნენ გარემოსილნი, გამსჭვალულნი და რომელმაც შეაძლებინა მათ ჩვენი პატარა ქვეყნის სახელი დღემდე შეურცხვენლად შემოენახათ. დღეს კი ფაქტის წინაშე ვდგავართ, ქართველების გარკვეულმა ნაწილმა დაკარგა მიწისადმი არა მარტო სიყვარული, არამედ ის დიდი ოცნების გრძნობაც “ოდესმე მშობლიური მიწა მათი კერძო საკუთრება გამხდარიყო”. თუმცა, ეს “ოცნება” სინამდვილე გახდა საქართველოში და მათ მართლაც მიიღეს აგრარული რეფორმის შედეგად მიწა საკუთრებაში, მაგრამ იგი ზოგიერთისათვის ფუჭი აღმოჩნდა, რამდენადაც 1998-1999 წლებში თავიანთ კერძო საკუთრებაში მიღებული 39,7 ათასი ჰექტარი, სასოფლო-სამეურნეო სავარგული მიწა უკანვე დაუბრუნეს იმ უწყებებს, საიდანაც იგი მიიღეს.
ვფიქრობთ, აღნიშნული ფაქტი კომენტარს არ საჭიროებს და იგი მეტად საყურადღებო და საშურ საქმეს წარმოადგენს.