ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორ მერაბ კაკულიას წიგნი “სავალუტო სისტემის განვითარების პრობლემები საქართველოში”
გოჩა თუთბერიძე
საქართველო მიეკუთვნება იმ ქვეყნების რიცხვს, სადაც მიმდინარეობს ეკონომიკის ტრანსფორმაციის პროცესი, რაც გულისხმობს ერთი სოციალ-ეკონომიკური სისტემიდან მეორეში, სრულიად ახალში, გადასვლას. გარდამავალი პერიოდისათვის დამახასიათებელია ისეთი თავისებურებები, რომლებიც არ გვხვდება ტრადიციული ეკონომიკის (საბაზრო ან ადმინისტრაციული) ქვეყნებში.
ეკონომიკური პროცესები ყოველთვის მიმდინარეობენ განსაზღვრული ფორმის, ანუ რაც იგივეა სამეურნეო წყობის შიგნით, რომელიც მუდმივად იცვლება და კონკრეტულ დროსა და სივრცეში მას სრულიად კონკრეტული მახასიათებლები გააჩნია. გარდამავალი ეტაპის სამეურნეო წყობისთვის, აგრეთვე, დამახასიათებელია ახალი ეკონომიკური ურთიერთობების, კავშირების, ინსტიტუტების წარმოშობა, რომლებიც ხშირ შემთხვევაში წინააღმდეგობაში მოდიან ძველ, ჩამოყალიბებულ ურთიერთობებთან, კავშირებთან და ინსტიტუტებთან. ყოველივე აღნიშნულს თან ახლავს პოლიტიკური და სოციალური ხასიათის სერიოზული ცვლილებები, რომლებიც სრულიად ახალ ამოცანებს აყენებენ ეკონომიკური პოლიტიკის წინაშე. მართალია გარდამავალი ეკონომიკური წყობა არ ცვლის მიკრო და მაკროეკონომიკურ კანონზომიერებებს, მაგრამ ეკონომიკური პოლიტიკის წინაშე დგება არაორდინარული ამოცანები, რომლებიც თითქოსდა ერთი შეხედვით არ გამომდინარეობენ ასეთი კანონზომიერებებიდან. ეს კი, უდავოდ, ართულებს ეკონომიკურ კვლევას და მკვლევარისაგან მოითხოვს არა მხოლოდ მაღალ თეორიულ მომზადებას, არამედ პრაქტიკული უნარჩვევების და ინდუქციური აზროვნების მაღალი კულტურის ქონასაც.
საქართველოში, სამწუხაროდ, ასეთი მკვლევარები თითქმის არა გვყავს. ყოველ შემთხვევაში, ბოლო პერიოდში დასტამბული წიგნების გაცნობა ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ საბჭოური ეკონომიკური სკოლის ტრადიციები ჯერ კიდევ მძლავრობს. მისთვის კი ყოველთვის დამახასიათებელი იყო არა ეკონომიკური სინამდვილის, კონკრეტული ეკონომიკური წყობების კვლევა, არამედ უსარგებლო, ზოგჯერ უაზრობამდე მისული კამათი ცნებებისა და კატეგორიების შესახებ.
ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორ მერაბ კაკულიას სარეცენზიო წიგნი, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, წარმოადგენს გამონაკლისს, სადაც საქართველოს სავალუტო სისტემის ურთულესი საკითხები განიხილება არა რაღაც აბსტრაქტული, რეალური შინაარსისაგან მოწყვეტილი თეორიული კონსტრუქცია, არამედ, სრულიად კონკრეტული, მრავალი ელემენტებისაგან და მათი ურთიერთკავშირებისაგან შედგენილი მთელი.
კონკრეტულის, სინამდვილის ანალიზიდან გამომდინარეობს კაკულიასეული თვით “უცხოური ვალუტის” ცნების დეფინიციაც. მან ერთ-ერთმა პირველმა მიაგნო იმ არსემკვლევარი ერთმანეთისგან ასხვავებს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკას: სავალუტო პოლიტიკა მოიცავს უშუალოდ შიდა სავალუტო ბაზრის რეგულირებასთან დაკავშირებულ ქმედებებს. მისი მთავარი ინსტრუმენტია სავალუტო ინტერვენციები, რაც ნიშნავს ცენტრალური ბანკის მიერ ღია ბაზარზე უცხოური ვალუტის შესყიდვას ან გაყიდვას გაცვლითი კურსის დინამიკაზე ზემოქმედების მიზნით. ფულად-საკრედიტო პოლიტიკა კი გულისხმობს ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფას. სავალუტო პოლიტიკის მიზანია ქვეყნის ეკონომიკის კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა, მაშინ როდესაც, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მიზანი ფასების სტაბილურობაა. შესაბამისად, ეს მიზნები ზოგჯერ წინააღმდეგობაში მოდიან ერთმანეთთან4 . ასეთ შემთხვევაში, ოპტიმალური გადაწყვეტილების პოვნის ამოცანა ეკისრება საქართველოს ეროვნულ ბანკს, რომელიც წარმოადგენს ქვეყანაში ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის გამტარებელ ორგანოს.
განიხილავს რა ეროვნულ ბანკს, როგორც საქართველოში სავალუტო რეგულირების ორგანოს როლს მ. კაკულია სამართლიანად ასკვნის, რომ ეროვნული ბანკი ამ თვალსაზრისით უნივერსალური ორგანოა, ვინაიდან ის ერთდროულად ეწევა სავალუტო ურთიერთობების პრუდენციულ რეგულირებას და სავალუტო პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას. ეროვნულ ბანკს ეს ფუნქცია კანონმდებლობით აქვს მონიჭებული, მაგრამ არ შეიძლება არ აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ კანონმდებლებმა თავის დროზე დაუშვეს შეცდომა და ეროვნულ ბანკს ჩამოართვეს ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის მიღების უფლება. ეს უფლება გადაეცა პარლამენტს, რაც პარადოქსია, ვინაიდან, პარლამენტი არ არის ის პროფესიული ორგანო, რომელიც სრულყოფილად ერკვევა ასეთ საკითხებში. მართალია, მ. კაკულია ხელაღებით არ აკრიტიკებს შექმნილ ვითარებას, მაგრამ მისი შენიშვნა, რომ ეს ეწინააღმდეგება ცენტრალური ბანკების ავტონომიურობის პრინციპს5 , მიუთითებს ამ საკითხში მის გამოკვეთილ პოზიციაზე.
სამწუხაროდ, საქართველოში მეორადი ბაზრის და რიგი სხვა საბაზრო ინსტიტუტების განუვითარებლობის გამო ფულადი მასის რაოდენობრივი რეგულირების ინსტრუმენტები მეტად შეზღუდულია. ამჟამად, ფაქტობრივად, ასეთი რეგულირების ერთადერთ მექანიზმს, თუ მხედველობაში არ მივიღებთ მინიმალურ რეზერვებს, სავალუტო ბაზარზე ინტერვენცია წარმოადგენს. ნორმალურ პირობებში, ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ძირითად ინსტრუმენტებს უნდა წარმოადგენდეს ოპერაციები ღია ბაზარზე და მასტერილიზებელი ინტერვენციები სავალუტო ბაზარზე. ასეთი ბაზრის პირობებში, სავალუტო პოლიტიკა ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ნაწილია და ის არ შეიძლება მთელთან წინააღმდეგობაში მოდიოდეს, მაგრამ საქართველო მიეკუთვნება, როგორც ზემოთ აღინიშნა, გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებს და აქ ბევრი რამ არ ემორჩილება ზოგად კანოზომიერებას. კერძოდ, ღია ბაზარი ჯერ არ არსებობს, ხოლო მცურავი სავალუტო კურსი კრძალავს სრულმასშტაბიან სავალუტო ინტერვენციას. ასეთ პირობებში რჩება მხოლოდ ცალმხრივი ინტერვენციის შესაძლებლობა, რომელიც გულისხმობს ჭარბი უცხოური ვალუტის შესყიდვას. ჭარბი ვალუტის მიწოდება ბაზარზე იწვევს ლარის იძულებით რევალვაციას, რაც აიძულებს ეროვნულ ბანკს გააფართოოს ლარული ინტერვენცია, მიუხედავად იმისა, რომ ფულადი ემისიის ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს ინფლაციური პროცესების სტიმულირება. ეს არ არის თეორიული კონსტრუქცია, რომელზეც შეიძლება ვიდავოთ. ის, სამწუხაროდ, ობიექტური რეალობაა. მკვლევარის მოვალეობაში არ შედის იმსჯელოს ამა თუ იმ მოვლენის მორალურ-ესთეტიკურ მხარეზე, არამედ, მან, უბრალოდ, უნდა ასახოს ეს მოვლენა და მ. კაკულია აფიქსირებს რა ამ რეალობას, იქვე სამართლიანად მიუთითებს იმ საშიშროებაზე, რომელიც შეიძლება ასეთ ვითარებას მოჰყვეს: “პრობლემა ის კი არ არის, რომ არა რეზიდენტებს ჰქონდეთ უცხოური ვალუტის თავისუფალი წვდომა, არამედ ის, რომ მათ მიერ ეროვნული ვალუტის უცხოურ ვალუტაზე თავისუფალი გაცვლის უფლების გამოყენებას არ მოჰყვეს ფინანსური დესტაბილიზაცია”6 .
ავტორის სიფრთხილე გამომდინარეობს იმ მწირი ინსტრუმენტებიდან, რომელიც ფულად-საკრედიტო და სავალუტო რეგულირების ორგანოს გააჩნია. გარდა ამისა, მართალია, წიგნში არ არის დეტალურად განხილული ხელისუფლების ფისკალური პოლიტიკა, მაგრამ ავტორისეული შენიშვნები მიუთითებს, რომ ის დიდი ნდობით არ უნდა იყოს გამსჭვალული აღმასრულებელი ხელისუფლების ფისკალური ეფექტების მიმართ. მთავრობის დაუბალანსებელი საბიუჯეტო პოლიტიკა კი, მართლაც, რთული ამოცანების წინაშე აყენებს ეროვნულ ბანკს. საქართველოს სინამდვილეში, თუ ავიღებთ კლასიკურ კეინსიანურ IS-LM მოდელს, და მივუსადაგებთ მას ეკონომიკის მიმდინარე სიტუაციას, დავინახავთ, რომ ამ მოდელის ისეთი კომპონენტი, როგორიცაა საპროცენტო განაკვეთი, პრაქტიკულად არავითარ როლს არ თამაშობს, რასაც ვერ ვიტყვით სავალუტო კურსზე ან მთავრობის საბიუჯეტო პოლიტიკაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ მიღწეული იქნას გაცვლითი კურსის და ფასების სტაბილურობა, არ კმარა მხოლოდ ეროვნული ბანკის ძალისხმევა. აუცილებელია, ფისკალური ორგანოებიდან მხარდაჭერაც, რაც, პირველ რიგში, უნდა გამოიხატოს დაბალანსებულ ბიუჯეტში, შემდეგ კი ფისკალური წნეხის შემცირებაში, რომელიც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს დამატებითი შემოსავლების დაზოგვას და საბანკო ინსტიტუტების საშუალებით მის ინვესტიციებად გარდაქმნას. შიდა ინვესტიციების წახალისება შეამცირებს სავალუტო ბაზარზე ლარის მოთხოვნას და მოახდენს ექსპორტის წახალისებას. თუკი ასეთი ღონისძიებები დროულად არ გატარდება, მაშინ, როგორც მ. კაკულია სამართლიანად შენიშნავს, “შორს არ არის ის დრო, როდესაც უცხოური ინვესტიციების მოცულობის მკვეთრი ზრდა დღის წესრიგში დააყენებს ჭარბი ვალუტის შემოდინების ნეიტრალიზაციის ავტომატური მექანიზმების შემუშავების აუცილებლობას”7 . აქ კი მხოლოდ ეკონომიკური მეთოდებით მნიშვნელოვანი შედეგის მიღწევა, ქართული ეკონომიკის სპეციფიკის გამო, გაძნელდება.
მართალია, მ. კაკულია თავისი მსოფლმხედველობით ეკონომისტთა ლიბერალურ ფრთას უნდა მივაკუთვნოთ, რომლისთვის უცხოა ადმინისტრაციული მექანიზმები, მაგრამ მდიდარი პრაქტიკული გამოცდილება და ისტორიულ-ემპირიული მიდგომები მას კარნახობს ისეთი ნაბიჯების აუცილებლობას, რომელიც, გარკვეულწილად, გამოდის ლიბერალიზმის ჩარჩოებიდან. კერძოდ, წიგნის 84-ე გვერდზე იგი სავსებით სამართლიანად შენიშნავს, რომ “აუცილებელია უცხოეთის ბანკებში საქართველოს რეზიდენტების მიერ ანგარიშების გახსნის სახელმწიფო რეგულირების მექანიზმის აღდგენა”. ვფიქრობთ, რომ სავსებით სამართლიანია მ. კაკულიას მხრიდან იურიდიულ პირთა მიერ ნაღდი ვალუტით სალაროს ოპერაციების რეგლამენტაციის მოთხოვნაც. დღეს მოქმედი წესი, ფაქტობრივად, ეწინააღმდეგება ლარის, როგორც ერთადერთი კანონიერი საგადასახადო საშუალების პრინციპს.
მთელი წიგნი, მისი ყველა თავი და პარაგრაფი შეიძლება ჩაითვალოს თეორიული და ისტორიულ-ემპირიული მიდგომების სინთეზის იშვიათ ნიმუშად. ავტორისათვის უცხოა აბსტრაქტული, სამეურნეო პრაქტიკისაგან მოწყვეტილი და არაისტორიული მოდელირება. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა, როცა ეცნობი საქართველოში 1998-1999 წლებში განხორციელებული სავალუტო კრიზისის გამომწვევი მიზეზების ავტორისეულ შეფასებას. მ. კაკულია სტატისტიკურ-ფაქტობრივი და დედუქციური მეთოდების ადეკვატური გამოყენებით იძლევა კრიზისის სიღრმისეული მიზეზების ორიგინალურ და, ჩემი აზრით, სარწმუნო ვერსიას. სხვადასხვა შეხედულებების ზომიერი კრიტიკის და ფაქტობრივი მონაცემების ანალიზის საფუძველზე ის მიდის დასკვნამდე, რომ 1998 წლის სავალუტო კრიზისი გამოიწვია მრავალმა ფაქტორმა, რომელთა შორის გარეგადამწვდომი როლი ითამაშა ექსპორტის ვარდნამ, ტრანსფერტების ნაკადის მკვეთრმა შესუსტებამ და კროსკურსულმა განსხვავებებმა. მკვლევარის აზრით, “1998-99 წლების სავალუტო კრიზისი საქართველოში ორ ფაზას მოიცავდა. პირველი ფაზა (1998 წლის სექტემბერ-დეკემბერი) მთლიანად კრიზისული დაავადების კლასიკური სქემით წარიმართა, რომელიც ეკონომიკურ ლიტერატურაში გადადინების ეფექტის (spillover effect) (რუსეთის 1998 წლის ფინანსური კრიზისი გ.თ.) სახელით არის ცნობილი. კრიზისის მეორე ფაზა (1999 წლის იანვარ-მაისი) უკვე მცურავი კურსის პირობებში განვითარდა, რომლის ფარგლებშიც ვერ მოხერხდა საგადამხდელო ბალანსის კაპიტალური ანგარიშისა და საერთაშორისო ფინანსური დახმარების ხაზით მოდენილი მსხვილი სავალუტო სახსრების ბიუჯეტის დეფიციტის შევსების მიზნით მონეტიზაციის მკვეთრად უარყოფითი ეფექტის ნეიტრალიზაცია”8 . ამ ნაწილში ყურადღებას იპყრობს ავტორისეული გათვლები, ბლოკ-სქემები და სხვა თვალსაჩინოებანი, რომლითაც ის ასაბუთებს თავისი მოსაზრების მეცნიერულობას. მისი უნარი, შექმნას ლოგიკური სქემები და დაარწმუნოს ამ სქემების სისწორეში მკითხველი, უდავოდ, პატივისცემას იმსახურებს.
საქართველოში სავალუტო კრიზისის ლოგიკური შედეგი იყო მცურავი სავალუტო კურსის რეჟიმზე გადასვლა, რომელიც სრულიად ახალ ამოცანებს სვამს, როგორც მონეტარული რეგულირების ორგანოს, ასევე ქვეყნის აღმასრულებელი ხელისუფლების წინაშე. ეროვნული ბანკის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მიუხედავად კრიტიკისა, როგორც რიგი მეცნიერების, ასევე სახელმწიფო მოღვაწეების მხრიდან, მან არ გადაუხვია მცურავი გაცვლითი კურსის რეჟიმის პრინციპიდან, რაშიც წიგნის ავტორის წვლილი, მისი სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, არცთუ უმნიშვნელოა. უნდა ვაღიაროთ, რომ არსებული საგადამხდელო ბალანსის პირობებში ეს ერთადერთი სწორი მიდგომაა და ის საჭიროებს ფისკალური რეგულირების ორგანოს მხრიდან აქტიურ მხარდაჭერას, რაც, სამწუხაროდ, ჯერაც არ ჩანს. ალბათ, სწორედ ეს უნდა ჰქონდეს მხედველობაში წიგნის ავტორს, როცა ის წერს: “ყველაზე უარყოფით შიდა ფაქტორად, რომელსაც შეუძლია საფრთხე შეუქმნას ფასების სტაბილურობას საქართველოში, მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში, უნდა მივიჩნიოთ ბიუჯეტის ქრონიკულად ქცეული დეფიციტი. მისი ეროვნული ბანკის ემისიური კრედიტის ხარჯზე დაფინანსების შესაძლებლობა დამოკლეს მახვილივით აწევს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას, რადგანაც ამ უკანასკნელის იმპორტზე გამოკვეთილი ორიენტაციის პირობებში აღნიშნული შესაძლებლობის რეალიზაცია მყისიერად არღვევს ერთობ მყიფე წონასწორობას შიდა სავალუტო ბაზარზე”9.
წიგნს მკითხველი თანმიმდევრულად და მიზანმიმართულად მიჰყავს აზრამდე, რომ მცურავი გაცვლითი კურსის მექანიზმის პირობებში საკურსო რყევები არ განისაზღვრება მხოლოდ ფუნდამენტალური ეკონომიკური ფაქტორებით, არამედ, რასაც ხშირად არ ექცევა სათანადო ყურადღება, ბევრი რამ დამოკიდებულია ფსიქოლოგიურ გარემოზე და ბაზრის ოპერატორების სუბიექტურ შეფასებებზე: ” … კურსწარმოქმნის პროცესი ინტერვენციების არარსებობის პირობებში ორ განზომილებაში უნდა განვიხილოთ: ერთი ეკონომიკური, რომელიც ფუნდამენტალური ფაქტორების ზემოქმედების ქვეშაა, ხოლო მეორე – ფსიქოლოგიური, რომელსაც უპირატესად საბაზრო სენტიმენტები განსაზღვრავენ. პირველი აყალიბებს, ძირითადად, საკურსო ტენდენციებს, მეორე კი განსაზღვრავს ამ ტენდენციის ფსიქოლოგიურ სიმძაფრეს, რაც, საბოლოო ჯამში, საკურსო რყევების ამპლიტუდაში ვლინდება”10 .
მთლიანობაში, ამ წიგნის წაკითხვით, ეკონომიკის საკითხებით დაინტერესებულ მკითხველს უყალიბდება ნათელი წარმოდგენა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იყოს მოწყობილი სავალუტო სისტემა ქვეყანაში, რომელიც იმყოფება საბაზრო ეკონომიკაზე გარდამავალ პერიოდში, რა უნდა გააკეთოს მონეტარული რეგულირების ორგანომ და რა არ უნდა გააკეთოს ფისკალური რეგულირების ორგანომ, რათა არ დაირღვეს სავალუტო წონასწორობა და ხელახლა არ განმეორდეს სავალუტო კრახი თანამდევი ნეგატიური შედეგებით.
წიგნში დასმული პრობლემები და მათი გადაწყვეტის ავტორისეული გზები იძლევა ფართო მასალას განსჯისათვის, როგორც ფუნდამენტალურ-თეორიული, ასევე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ემპირიულ-პრაქტიკული თვალსაზრისითაც.
ჩვენ შეგვიძლია დაუსრულებლად გავაგრძელოთ ჩამოთვლა ავტორისეული მიგნებების და დებულებების, რომლებიც წიგნში უხვად მოიპოვება სავალუტო ურთიერთობების, სავალუტო და ფულად-საკრედიტო პოლიტიკის საკითხებში. მაგრამ ვფიქრობ, რომ უმჯობესია მკითხველი თავად გაეცნოს მათ ორიგინალში და თავადვე ჩამოუყალიბდეს ამ დებულებების მიმართ საკუთარი დამოკიდებულება. ერთი რამ კი ახლავე შეიძლება ითქვას: ეს წიგნი ბოლო ათწლეულში მიძინებული ქართული ეკონომიკური აზრის გამოღვიძების დამაიმედებელი ნიშანია.