ინვესტიციები ენერგეტიკის სფეროში 2,5-ჯერ შემცირდა – მოახერხებს თუ არა ქვეყანა გახდეს ელექტროენერგიის ექსპორტიორი

გვანცა არევაძე

საქართველოში ელექტროენერგიის დაახლოებით 90% არსებული რესურსებით გამომუშავდება. ქვეყნის მთავარი მდინარეების ენერგეტიკული პოტენციალი დაახლოებით 140 მილიარდ კვტ.სთ-ს შეადგენს, ტექნიკურად განხორციელებადი რესურსი კი, სხვადასხვა შეფასებებით, 70-80 მილიარდ კვტ.სთ-ს, საიდანაც დღესდღეობით მხოლოდ 12-15% არის ათვისებული. შედარებისთვის, აშშ-ში ჰიდრორესურსი არის 276240 გგვტ.სთ, ხოლო ინგლისში 5232 გგვტ.სთ, მაშინ როცა საქართველოში – 7151 გგვტ.სთ-ია. ამჟამად საქართველოში 10 მგვტ-ზე მეტი სიმძლავრის 20 ჰესი მოქმედებს. მათი ნომინალური ჯამური სიმძლავრეა 2,752 მგვტ.

ქვეყანა მდიდარია წყლის რესურსებით, შესაბამისად, მას აქვს საშუალება ინვესტიციების წყალობით ენერგეტიკა ერთ-ერთ მოწინავე სფეროდ აქციოს. მიუხედავად ამ დიდი პოტენციალისა და რამდენიმე სერიოზული ინვესტიციისა, „საქსტატის“ ინფორმაცია ქვეყნის სულ სხვა მდგომარეობას წარმოაჩენს: 2014 წელს 2013 წელთან შედარებით ინვესტიციები ენერგეტიკის სფეროში 2,5-ჯერ შემცირდა. „სტატისტიკის ეროვნული სამსახურის“ ინფორმაციით, 2013 წელს ენერგეტიკაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 244 მილიონ 745 ათასი ლარი იყო. ამ მაჩვენებლით ენერგეტიკა პირველ ადგილს იკავებდა. 2014 წელს კი ენერგეტიკაში ჩადებული ინვესტიცია 98 მილიონ 740 ათას ლარს არ აჭარბებდა. 2014 წლის ინვესტიციების მხოლოდ 8% განხორციელდა ენერგეტიკაში.

„ენერგეტიკის სამინისტროს“ მივმართეთ კითხვით, რამ გამოიწვია ინვესტიციების კლება ამ სექტორში, პასუხად კი მივიღეთ, რომ ინვესტიციები არ შემცირებულა და ენერგეტიკა ისევ ყველაზე მიმზდიველ სფეროდ რჩება ინვესტორისთვის. „2014 წელს ენერგეტიკის მიმართულებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების (FDI-ს) ხილული შემცირება სპეციფიკურია და ვერ ასახავს სრულ საინვესტიციო სურათს ენერგო სექტორში. მთლიანი ინვესტიციები ენერგეტიკაში გაცილებით უფრო მეტია. რაც შეეხება კონკრეტულად პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს, მისი გამოთვლა მხოლოდ იმით არ განისაზღვრება, უცხოურმა კომპანიამ გარკვეული თანხა დააბანდა თუ არა. ეს მაჩვენებელი იმასაც ითვალისწინებს, რომ საქართველოში მოქმედი კომპანიები ზარალს განიცდიან ან დივიდენდი გააქვთ, რაც უკვე მინუსია. ძირითადი შემცირებები სადისტრიბუციო კომპანიებზე მოდის, რომლებმაც ლარის კურსის ცვლილების გამო იზარალეს. რა თქმა უნდა, ეს მაჩვენებელი სასიამოვნო არ არის. თუმცა, ჰიდროენერგო პროექტების თვალსაზრისით, ინვესტიციები არ შემცირებულა.“

ენერგეტიკულ საკითხებზე მომუშავე ფონდის „მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“ წარმომადგენელი გიორგი მუხიგულაშვილი ინვესტიციების კლების გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად მიწოდებისა და განაწილების სფეროში მონოპოლიების არსებობობას ასახელებს. თავის მხრივ, „ენერგეტიკის სამინისტროში“ კი აცხადებენ, რომ ენერგომატარებლების დისტრიბუციის სფერო ბუნებრივი მონოპოლიური სექტორია და ექვემდებარე მკაცრ რეგულირებას: „ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე, ერთსა და იმავე არეალში რამდენიმე ლიცენზიანტის არსებობა შეუძლებელია. სწორედ ამიტომ არის, რომ „თელასი“ ამარაგებს თბილისს და მის შემოგარენს; რეგიონებს (კახეთის გარდა) – „ენერგო პრო ჯორჯია“; კახეთს – „კახეთის სადისტრიბუციო კომპანია“ და ისინი ერთმანეთთან თავისუფალ კონკურენციაში ვერ შედიან.“

საქართველოს მთავრობის მიზანია მოიზიდოს ინვესტორები და ჭარბი ჰიდრორესურსების მოპოვების წყალობით გახდეს ექსპორტიორი ქვეყანა. „საქართველოს უხვი ჰიდრორესურსების მაქსიმალური ათვისება სახელმწიფოს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. შედეგად, დაგეგმილია საკუთარი ჰიდრორესურსებით ქვეყანაში არსებული მოთხოვნის სრული დაკმაყოფილება ეტაპობრივად: ჯერ იმპორტის, შემდეგ კი – თბოგენერაციის ჩანაცვლებით. საქართველოში არსებული ელექტროენერგიის მაღალი გამომუშავების პოტენციალისა და რეგიონში მზარდი მოთხოვნის გამო იგეგმება ახლადაშენებული და არსებული ჰესების მიერ გამომუშავებული ჭარბი ელექტროენერგიის ექსპორტზე გატანა.“ – აცხადებენ „ენერგეტიკის სამინისტროში.

ელექტროენერგიის (სიმძლავრის) საპროგნოზო ბალანსში აღნიშნულია, რომ 2015 წელს სულ გამომუშავდება 10951.9 მლნ.კვტსთ ელექტროენერგია. მოსახლეობას სულ მიეწოდება 10442.5 მლნ.კვტსთ; ხოლო ექსპორტზე გავა 501.0 მლნ.კვტსთ ენერგია. ექსპორტი ქვეყნიდან რამდენიმე თვის განმავლობაში ხორციელდება, ძირითადად მაშინ, როცა სახელმწიფო თავისთვის საკმარისი რაოდენობის ენერგიას მოიპოვებს. პიკური მოხმარების პერიოდში კი საჭიროა ელექტროენერგიის იმპორტი. აქედან გამომდინარე, ჰესების მშენებლობა მნიშვნელოვანია, პირველ რიგში, ქვეყნის ელექტროენერგიით სრულყოფილად დაკმაყოფილებისათვის და შემდეგ სრულფასოვან ექსპორტიორად გახდომისთვის.
2008 წლის 18 აპრილს საქართველოს მთავრობამ მიიღო N107 დადგენილება, რომლითაც დაამტკიცა სახელმწიფო პროგრამა „განახლებადი ენერგია 2008“. ამ დადგენილების საფუძველზე დამტკიცდა პოტენციური ჰესების ნუსხა და გამოცხადდა „ინტერესთა გამოხატვა“ მათი მშენებლობის მიზნით. N214 დადგენილებამ ჩაანაცვლა ეს უკანასკნელი, რის შედეგადაც ინვესტორებისთვის შემცირდა პროექტის განვითარების ეტაპზე წარმოსადგენი საბანკო გარანტიის ოდენობა. ახალი დადგენილების მიხედვით, საბანკო გარანტია ორ ნაწილად დაიყო: წინასამშენებლო საბანკო გარანტია (ყოველ მეგავატზე 5 000 აშშ დოლარი) და სამშენებლო გარანტია (ყოველ მეგავატზე 100 000 აშშ დოლარი; თუ პროექტის დადგმული სიმძლავრე აღემატება 100 მეგვატს, მაშინ ყოველ მეგავატზე ინვესტორმა 50 000 აშშ დოლარი უნდა წარმოადგინოს). ასევე შეიცვალა დაჯარიმების სისტემა და ის დღიურ ათვლის მეთოდზე გადავიდა. N214 დადგენილების შესაბამისად, თავდაპირველად ენერგეტიკის სამინისტრო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტითამტკიცებს და თავის ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსებს ასაშენებელი პოტენციური ელექტროსადგურების ნუსხას. „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციულ ოპერატორსა“ (ესკო) და გამარჯვებულს შორის იდება მემორანდუმი. ინტერესთა გამოხატვაში გამარჯვებული გამოვლინდება „ესკოსთვის“ ზამთრის პერიოდში მისაყიდი ელექტრენერგიის ყველაზე დაბალი ფასით. გამარჯვებულის მიერ ელექტროსადგურის მშენებლობის, ოპერირების და ფლობის აუცილებელი პირობაა ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვებიდან 10 წლის განმავლობაში, ყოველწლიურად, მემორანდუმით შეთანხმებული პერიოდის განმავლობაში, ელექტროსადგურის წლიური გამომუშავების 20% ელექტროენერგიის რეალიზაციასს „ესკოსთან“ გაფორმებული გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებით.
ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე დიდი ინვესტორი აფინანსებს ჰესების მშენებლობას. თურქულმა კომპანიამ „Calik Enerji”, გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში, მდინარე რიონზე ჰიდროელექტროსადგურების კასკადის (“ალპანა” და “სადმელი”) მშენებლობის ვალდებულება აიღო. ჰიდროელექტროსადგურების კასკადის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 485 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. მშენებლობა 2017 წელს დაიწყება და 2021 წელს დასრულდება. კომპანია საქართველოში გარდაბნის თბოელექტროსადგურის საინვესტიციო პროექტით შემოვიდა.

ასევე თურქული კომპანია “Ahlatci Enerji” სამეგრელო-ზემო სვანეთში მდინარე დოლრაზე ჰიდროელექტროსადგურს ააშენებს. პროექტის სავარაუდო საინვესტიციო ღირებულება 41 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. მშენებლობა 2015 წელს დაიწყება და 2019 წელს დასრულდება.

უმსხვილესი ინდური ტრანსნაციონალური კომპანია-კონგლომერატი „Tata group“ საქართველოში 2013 წელს შემოვიდა. მისმა შვილობილმა კომპანიამ, “Tata Power International”-მა ამავე წელს ხელი მოაწერა ხელშეკრულებას კომპანია Clean Energy-სთან და ფონდ IFC InfraVentures-სთან ერთად აჭარაში ჰიდროელექტროსადგურების კასკადის აშენების შესახებ. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 700 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
საქართველოს ასევე ემატება უკვე მშენებარე შუახევჰესი, რომელიც 178 მეგავატიანია, წლიური გამომუშავებით 445 მლნ კვ საათი. ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა 2016 წლის მეორე ნახევარში დასრულდება.

2014 წელს საქართველოში ჰესების მშენებლობაში ინვესტირება კორეულმა კომპანია „K Water“-მა დაიწყო. კომპანია საპარტნიორო ფონდთან ერთად, სვანეთში, მდინარე ნენსკრაზე 280 მგვტ-იან ჰიდროელექტროსადგურს ააშენებს. პროექტის საინვესტიციო მოცულობა 1 მილიარდი აშშ დოლარია.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი ინვესტიცია ენერგეტიკის სფეროში ხუდონის ჰიდროელექტროსადგურია. ხუდონჰესიგაშენდება მდინარე ენგურზე. მისი სიმძლავრე 704 მეგავატი, ხოლო გამომუშავება წელიწადში 1,5 მილიარდი კვ/სთ იქნება, კაშხლის სიმაღლე კი – 202 მეტრი.

2007 წლის ივნისში გაფორმდა საწყისი ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოს მთავრობასა და ინდურ კომპანია Continental Energy International-ს (რომელმაც შემდგომ სახელი შეიცვალა და გახდა შპს „ტრანს-ელექტრიკა“) შორის. „ტრანს-ელექტრიკამ“ მშენებლობის უფლება 2011 წელს მოიპოვა. ადგილობრივმა მოსახლეობამ გამართული აქციებით ხუდონჰესის მშენებლობის შეჩერება მოითხოვა. „ტრანს-ელექტრიკა ჯორჯიამ“ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ ხუდონჰესის მშენებლობა საერთაშორისო სტანდარტების დაცვით განხორციელდება და პროექტის განვითარებაში ჩართულები არიან გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციები, კონსულტანტები და ექსპერტები, მათ შორის – მსოფლიო ბანკიც.

მოლაპარაკება ხუდონის მშენებლობაზე „ტრანს-ელექტრიკა ჯორჯიასა“ და საქართველოს მთავრობას შორის 2014 წლისზაფხულიდან მიმდინარეობს. ამ ეტაპზე პროცესი დასასრულს მიუახლოვდა და მემორანდუმს ხელი უახლოეს მომავალში მოეწერება. „ენერგეტიკის სამინისტროს“ ინფორმაციით, მემორანდუმით გაწერილი გრაფიკის მიხედვით ხუდონჰესის მშენებლობა 2016 წლის მესამე კვარტალში უნდა დაიწყოს.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად ხუდონჰესის პროექტზე მხარეებს შორის სადავო იყო ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის და კომპანიის ოფშორიდან გამოსვლის საკითხი. საქართველოს მთავრობასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ხუდონჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია ოთხი თვის (ზამთრის თვეები) განმავლობაში ადგილობრივ ბაზარზე 5,84 აშშ ცენტად გაიყიდება, ხოლო ექსპლუატაციის პირველი წლიდან (2018) ჩაანაცვლებს დაახლოებით 13,4 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების იმპორტირებულ ენერგიას. ადგილობრივ ბაზარზე ხუდონჰესი გაყიდის წელიწადში 7,8 მლნ. აშშ დოლარის ელექტროენერგიას.

„საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს“ ინფორმაციით, ხუდონჰესის პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 1.2 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

ქვეყანა სავარაუდოდ მეტად მიმზიდველი გახდება ინვესტორებისთვის, თუ მათ სათანადოდ კომფორტულ პირობებს შეუქმნის. სამინისტროში კი აცხადებენ, რომ N214 დადგენილება სწორედ ამიტომ შეიქმნა. ამასთან, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ შეიმუშავა ელექტროგადამცემი ქსელის განვითარების 10-წლიანი გეგმა, რომლის მიზანია განავითაროს ეკონომიკურად მდგრადი და ეფექტიანი ელექტროგადამცემი სისტემა. ასევე, საქართველოს ახალი ენერგეტიკული პოლიტიკის დოკუმენტზე მუშაობა დასრულდა და წარდგენილია პარლამენტში დასამტკიცებლად.

ქვეყანა „ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში” გაწევრიანებასაც გეგმავს. „ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების“ მიზანია სტაბილური ერთიანი მარეგულირებელი და საბაზრო სივრცის შექმნა არაწევრი ქვეყნების ტერიტორიაზე; ინვესტიციების გაზრდა ელექტროენერგიის წარმოებისა და ქსელურ სექტროში, რაც უზურნველყოფს ენერგიის უწყვეტ და სტაბილურ მიწოდებას და შესაბამისად, ეკონომიკურ განვითარებასა და სოციალურ სტაბილურობას.

საქართველომ 2013 წლის დასაწყისში გაწევრიანების მოთხოვნით მიმართა ორგანიზაცია „ენერგეტიკულ გაერთიანებას“. შეხვედრაზე მხარეები სამომავლო ურთიერთობაზე შეთანხმდნენ. გაერთიანება წევრი სახელმწიფოსაგან ხელშეკრულების დებულებების შესრულებას მოითხოვს, ძირითადად ენერგეტიკისა და გარემოსდაცვის სფეროებში. 2014 წლის სექტემბერში გაწევრიანება იგეგმებოდა, თუმცა თითქმის ერთი წლის შემდეგაც ეს არ მომხდარა. ამის საფუძველზე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ქვეყანა საერთოდ აღარ აპირებდა გაერთიანების წევრი გამხდარიყო, თუმცა ენერგეტიკის სამინისტროში გვითხრეს: „მოლაპარაკებები ამ ეტაპზე წარმატებით მიმდინარეობს. მოლაპარაკებების მესამე რაუნდი მიმდინარე წლის აპრილში გაიმართა. საქართველოს ენერგეტიკულ გართიანებაში გაწევრიანების ოფციის გამოყენების ვადა 2016 წლის სექტემბრამდე აქვს.“

მიუხედავად იმისა, რომ „საქსტატის“ 2014 წლის მაჩვენებლით ენერგეტიკის სფერო განხორციელებული ინვესტიციებით სხვა სფეროებს საკმაოდ ჩამორჩება, აღსანიშნავია, რომ დიდი ჰესების მშენებლობები წარმატებით მიმდინარეობს. ეს კი იმას მოწმობს, რომ პროექტების სრულყოფილად დასრულების შემთხვევაში, რამდენიმე წელში საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტიც განხორციელდება. „ენერგეტიკის სამინისტროში“ ვარაუდობენ, რომ ჰიდროენერეგო პროექტებში 4-დან 5 მილიარდ დოლარამდე ინვესტიციები უნდა განხორციელდეს შემდეგი 5-6 წლის განმავლობაში.

წყარო:
http://moe.gov.ge
www.gnerc.org
http://www.for.ge
http://www.liberali.ge
http://www.tabula.ge
http://topnews.mediamall.ge
http://ibusiness.ge
https://ici.ge
https://genergynews.wordpress.com
http://ipress.ge
http://commersant.ge
http://www.geostat.ge
http://w3.cenn.org
http://www.energy.gov.ge