სოფლის მეურნეობა დღეს
სოფო გოგოლაძე
უკვე ორი თვეა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობა ჰყავს, რომელიც მთლიანად აპირებს მთელი სისტემის რეფორმირებას
ჩვენ გავესაუბრეთ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეს ბატონ მირიან დეკანოსიძეს.
რაში მდგომარეობს ახალი აგრარული პროგრამა და მისი პრიორიტეტები?
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყველა რეგიონში აქვს თავისი სამმართველოები, რომლებიც გაყვანილი იყო სამინისტროს სტრუქტურიდან და ფაქტიურად იყო გამგეობის დაქვემდებარებაში და მხოლოდ სიმბოლურად ექვემდებარებოდა სამინისტროს. 1 მარტიდან ეს სამმართველოები გადავა ისევ სამინისტროს შემადგენლობაში, რაც აუცილებელია სისტემის ეფექტური მუშაობისთვის. სამმართველოების პირვანდელი სახის დაბრუნება გაკეთდა იმისათვის, რომ ისინი ერთგვარად ოპერატიული სამსახურივით უნდა მუშაობდნენ, გვაწვდიდნენ ყველანაირ ინფორმაციას დაწყებული ამინდიდან, დამთავრებული ნიადაგის მოხვნამდე და საბოლოო პროდუქტის მიღებამდე. ეს სისტემა მოშლილი იყო და გვაწვდიდა ჰაერიდან აღებულ მონაცემებს. ამას ყველაფერს უნდა ინვენტარიზაციის მაგვარი ღონისძიების ჩატარება.
რაც შეეხება სასოფლო სამეურნეო მიწის მართვას, ვიცით, რომ მიწა დაყოფილია სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებად. ამას ადრე მიწის მართვის დეპარტამენტი ზედამხედველობდა. შემდეგ გასულ წელს მოხდა გამიჯვნა, როდესაც შეიქმნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, რომელიც აკეთებს საკუთრების დელეგირებას, და სასოფლო-სამეურნეო და არასასოფლო-სამეურნეო მიწები გადაეცა გარემოს დაცვის სამინისტროს. უკვე მზადაა კანონპროექტი, რომლითაც სასოფლო-სამეურნეო მიწაც დაუბრუნდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს. აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ყველა საიჯარო მიწა გადავიდეს საკუთრებაში, ამას შეეხება კანონი “სასოფლო-სამეურნეო მიწის პრივატიზაციის შესახებ”. ეს აუცილებელია, რომ მიწის ბაზარი შეიქმნას და იყოს მეტი დაინტერესება მიწის მიმართ. გლეხის ხელში არ მოხვედრილა ის სავარგულები, რაც აუცილებელია საქართველოში სოფლის მეურნეობის პრობლემის გადაჭრისთვის; ეს გამოიხატება მიწაზე წარმოებული პროდუქციით. მაგალითად საჰექტარო მოსავალი მარცვლეულ კულტურებში ეცემა კატასტროფულად – 1 ჰა-ზე გლეხი 1,5 ტონა მოსავალს რომ იღებს, უბრალოდ სამარცხვინოა. მიწის მართვა და განკარგვა ასე არ შეიძლება, იმიტომ რომ კონტროლი რჩება გარემოს დაცვის სამინისტროს, ჩვენ უბრალოდ გვექნება მიწის ბალანსი. კარგია, რომ საიჯარო მიწები წავიდეს პრივატიზაციაში, რადგან მიწა უძრავი ქონებაა, მაგრამ ბანკისთვის ეს არ არის სესხის ლიკვიდურობის გარანტი. ამდენად, სასოფლო-სამეურნეო მიწის მოქცევა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში აუცილებელი ნორმა იყო, იმისთვის, რომ სამინისტროს ნათელი სურათი ჰქონდეს თუ რა ხდება სასოფლო-სამეურნეო მიწების ირგვლივ.
თუ შეიძლება რამდენიმე სიტყვით თანამედროვე ქართული მეღვინეობის შესახებ.
დავიწყოთ მევენახეობიდან. ეს ისეთი დარგია, რომ გარკვეული ხელშეწყობა სჭირდება ერთწლიან კულტურებთან შედარებით. მევენახეობა საქართველოში თავისით განვითარდება. თავად მეღვინეობის პრობლემა ძირითადად ფალსიფიკაციაა, რაც დღესდღეობით სისტემატურ ხასიათს ატარებს და ქართული ღვინო თავის ფასს კარგავს. შეიძლება ითქვას, ღვინო სპირტზე მზადდება და თურმე, ყურძენი საერთოდ არ სჭირდება. გასულ წელს ქარხნებმა მევენახეებს ვერ გადაუხადეს ყურძნის საფასური და სახელმწიფომ გარკვეული რაოდენობა შეისყიდა რათა გლეხი უსახსროდ არ დარჩენილიყო. მაგრამ ეს არ შეიძლება სისტემატურად გაგრძელდეს. ჩვენ ვპირდებით გლეხებს, რომ თუ ფალსიფიკაცია მოისპობა, ერთი გრამი ყურძენი არ დარჩება გაუსაღებელი. გერმანელების პროგრამის დახმარებით და სამინისტროს ხელშეწყობით გაკეთდა ღვინის ხარისხის დამდგენი, მართლაც კარგი, ლაბორატორია, რომელიც იძლევა სერტიფიკატს და ამის საშუალებით შეიძლება ბრძოლა ფალსიფიცირების წინააღმდეგ. თუმცა, გარკვეული პერიოდია საჭირო, რომ ქართული ღვინო გამოვიდეს ბაზარზე, როგორც კეთილშობილი სითხე. აუცილებლად უნდა შეიქმნას ქართული ბრენდი, რომ გავიდეს ერთი სამარკო ნიშნით. ხარისხის სერტიფიკატები ხელს შეუწყობს ქართული ღვინის მსოფლიო ბაზარზე გასვლას.
ხორციელდება თუ არა რაიმე პროგრამები ფერმერული მეურნეობების განვითარებისათვის?
ბევრი დონორი ორგანიზაცია მუშაობს სოფლის მეურნეობის კუთხით. მაგალითად, მსოფლიო ბანკი. არის პროექტები, მაგალითად, IFAD-ის პროექტი, რომელიც ნათლად გვაჩვენებს მის წარმოებულ პროდუქტს, თუ რა გააკეთა მან, ვთქვათ, მაღალმთიან რეგიონებში. ეს მთლიანობაში შეიძლება დადებითად შეფასდეს; შეიძლებოდა უკეთესადაც გაკეთებულიყო, მაგრამ, ალბათ, ამისთვის ხელისშემშლელი მიზეზებიც არსებობდა. ასევე არის მსოფლიო ბანკის პროექტები, რომლებიც მუშაობენ ირიგაციაზე. მართლაც ამ პროექტების დახმარებით ბევრი საქმე გაკეთდა: ქვემო ალაზნის სათავო ნაგებობა, ტაშისკარის სამელიორაციო გვირაბის აღდგენა. ახლა კეთდება ჩამკეტი ნაგებობების რეაბილიტაცია, ეს მართლაც დიდი საქმეა; მაგრამ ჩვენ გვინდა დონორი ქვეყნების საქმიანობა გავხადოთ უფრო გამჭვირვალე და საჯარო. ვაპირებთ შევქმნათ სამინისტროს ან მის გარეთ რაღაც კუთხე, სადაც იქნება თავმოყრილი ყველა პროექტი, მიმართული ჩვენი ქვეყნისთვის, ფერმერების დახმარებისთვის, საერთოდ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის და ეს იყოს მისაწვდომი ყველა დაინტერესებული ფერმერისთვის. ამ პროექტების მიუწვდომლობით მათთვის, ვისაც ეს სჭირდება, იკარგება სოფლის მეურნეობის განვითარების ეფექტი.
შეუძლია თუ არა კონკრეტულ ფერმერულ მეურნეობას რაიმე დახმარების იმედი ჰქონდეს?
დღესდღეობით საწვავის ფასი ძალიან მაღალია და აწვება იმ ფასს, რომლითაც უნდა მოხდეს რეალიზაცია, ვთქვათ ერთწლიანი კულტურების. ამ მხრივ ფერმერი ვერანაირ დახმარებას ვერ მიიღებს. მაგრამ, რამდენიმე რაიონში არის შექმნილი სერვის-ცენტრები, სადაც თავმოყრილია სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, ცენტრები მომარაგდება სასუქებით და გვინდა, რომ სერვის-ცენტრების მეშვეობით როგორმე უფრო დაბალ ფასში მიეწოდოს გლეხს საწვავი, თუ ეს არ გამოიწვევს რაიმე პრობლემებს, ან ბიუჯეტის ხარჯვას.
როგორი სიტუაციაა დღეს ფიტო და ვეტსანიტარიაში?
ბიუჯეტში გამოყოფილია 774 000 ლარი, რაც ხმარდება ფერმერებს კულტურული მცენარეების მავნებლებისაგან დაცვის მიზნით. არის ფირმები, რომლებიც ახორციელებენ მინდვრების შეწამლვას ავიაციის საშუალებით, რაც საკმაოდ ძვირი ჯდება. საერთოდ, თავად ფერმერის ინტერესებში უნდა შედიოდეს ეს ღონისძიებები, მაგრამ დღესდღეობით ფერმერი ვერ დგას ფეხზე მყარად და სახელმწიფო გარკვეულწილად თავის თავზე იღებს ფერმერის დახმარებას. საერთოდ, უნდა შეიქმნას მეტეოროლოგიური სამსახურები, რომლებიც 100%-ან პროგნოზსს მისცემენ ფერმერებს, მაგალითად, შეწამლვის ვადების შესახებ. ასეთი სამსახურები არსებობს და მუშაობს მსოფლიოში.
რაც შეეხება ვეტსანიტარიას, მზადდება სურსათის უვნებლობის კანონი, რომელიც ცალსახად მოითხოვს უფრო მკაცრ კონტროლს შემოსული პროდუქციის მიმართ. შეიძლება ითქვას საქართველოში მესაქონლეობა განვითარებულია. ეს პროდუქცია მოწმდება სპეციალურ ლაბორატორიებში. რა თქმა უნდა, ყოფილა ხორცის პროდუქტებით არა მარტო მოწამლვის, არამედ დაღუპვის ფაქტებიც; ეს ლაბორატორიული კონტროლი მნიშვნელოვნად უნდა გამკაცრდეს.
როდესაც ლაპარაკია ევროინტეგრაციაზე და იმაზე, რომ საქართველომ მიიღო ევროკავშირის მეზობელი ქვეყნის სტატუსი და დღეს-ხვალ შეიძლება ევროპის ოჯახის წევრი გავხდეთ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ადამიანის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების საკითხებს.
როგორია სასმელი წყლის ბიზნესის პერსპექტივები საქართველოში?
სასმელი წყლის ბიზნესი არის ძალიან მომგებიანი და საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, ბიზნესის და ბიუჯეტის შევსების კუთხით. ჩამომსხმელი კომპანიებისთვის შიდა ბაზარსაც დიდი შემოსავლები მოაქვს. მენეჯმენტის კუთხით ეს კომპანიები კარგად მუშაობენ. რა თქმა უნდა, საფრანგეთში ძნელია აჯობო “პერიეს”, მაგრამ ჩვენი მინისტრის ბიზნესი ნაბეღლავის წყლებია. შვეიცარიის მთავრობის დახმარებით მოხდა ნაბეღლავის ქარხნის აშენება და კომპანიის დაარსება. ნაბეღლავი გადის შვეიცარიაში, გერმანიაში და პოსტსაბჭოურ სივრცეში და დაფასებაც აქვს.
საინტერესოა მეჩაიეობის მდგომარეობა. იყო აზრი, რომ გურიაში ამდენი პლანტაცია არ არის საჭირო. ეს ჯერ შესასწავლია, რა რაოდენობით გვჭირდება ჩაის ბუჩქი. უკვე მეორე წელია სამინისტრო ხელს უწყობს კერძო მეჩაიეობაში დასაქმებულ კომპანიებს ჩაის ბუჩქის რეაბილიტაციაში. ამას უნდა წლები და ამისათვის გამოყოფილი თანხები მიზნობრივად დაიხარჯება. ჩაი აუცილებლად მიაღწევს ძველებურ დონეს, ან უკეთესიც იქნება. ჩაი არის ასი ათასობით დასაქმებული ადამიანი. ჩაის განვითარებაზეა მიბმული სუბტროპიკული კულტურების განვითარებაც. 1 ჰა-დან 1 ტონა ღირს 120 ლ და ფასი უნდა მივიდეს რეალურ ღირებულებამდე, რომ მეჩაიეს უღირდეს ჩაის წარმოება.
საბოლოოდ, როგორი პერსპექტივები აქვს ახლო მომავალში საქართველოს სოფლის მეურნეობას?
აუცილებლად იქნება ზრდა. ეს არის დარგი, რომელსაც ფრთხილი მიდგომა უნდა. ჩვენ გვაქვს გეგმა, რომ დონორი ქვეყნების დახმარებით შეიქმნას დამამზადებელი საწარმოები. დღეს, მაგალითად მეხილეობაში, ბევრი ხილი ფუჭდება. როდესაც სოფლის მეურნეობის პროდუქტების მიმღები პუნქტები იქნება იმ დონეზე, რომ შეეძლება დახარისხება, შენახვა და სასაქონლო პროდუქციის სახის მიცემა. ბიზნესმენი, რომელიც დაინტერესებულია შესყიდვით, შეეცდება სწორედ მოცემული რეგიონის მიმღები პუნქტიდან შეიძინოს სასურველი პროდუქცია. ეს კი დაეხმარება გლეხს თავისი პროდუქციის ნორმალურად რეალიზებაში, რათა მას ჰქონდეს საარსებო სახსრები და იმის საშუალება, რომ კვლავ თავისი საქმე განაგრძოს.