ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-8-ე საერთაშორისო გამოფენა
სალომე ძაგნიძე
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საგამოფენო ცენტრ „ექსპო-ჯორჯიაში“ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-8-ე საერთაშორისო გამოფენა გაიმარათა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საუკეთესო ქართული ღვინო, ქართული ტრადიციებით დამზადებული ყველი, ღვინის სხვადასხვა აქსესუარები და ქართული რეწვის უნიკალური ნიმუშები. გამოფენის გახსნას ესწრებოდნენ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და სხვა ოფიციალური პირები.
,,ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად ხელი შევუწყოთ საქართველოში მეღვინეობა-მევენახეობის განვითარებას. დღევანდელი ღონისძიება, ისევე როგორც სხვა მსგავსი საერთაშორისო გამოფენები, მნიშვნელოვანია დარგის საერთაშორისო დონეზე პოპულარიზაციის თვალსაზრისით. დღეს ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ, რომ საქართველო არის ღვინის სამშობლო და ვიამაყოთ ჩვენი ღვინის წარმოების მრავალსაუკუნოვან ტრადიციით“ – განაცხადა ოთარ დანელიამ.
გამოფენაზე, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა ქვეყნების (საქართველო, გერმანია, იტალია, უკრაინა, პორტუგალია, მოლდოვა) 100-მდე კომპანია, წარმოდგენილი იყო როგორც ღვინო, ასევე შუშხუნა ღვინოები, სპირტიანი სასმელები, საწარმოო დანადგარები, შესაფუთი ტექნოლოგიები, ინგრედიენტები, დანამატები, სასუქები, ვაზისა და ვენახის მოვლის სხვადასხვა ტექნიკა, ნერგები, მინის ტარა და აქსესუარები. დამთვალიერებელს საშუალება ჰქონდა ადგილზე დაეგემოვნებინა სხვადასხვა სახის პროდუქცია, მე-8-ე საერთაშორისო გამოფენა წელს განსაკუთრებული იმით არის, რომ ცნობილი ღვინის მწარმოებლების გვერდით წარმოდგენილია მცირე და ოჯახური მარნები, ქვევრის ღვინო და ა.შ.
გამოფენის ფარგლებში, ღვინისა და ვაზის საერთაშორისო ორგანიზაციის OIV-ის ოფიციალური პატრონაჟით, ღვინის მე-7-ე საერთაშორისო კონკურსი „International Wine Competition“ ჩატარდა. კონკურსის ჟიურის წევრები საერთაშორისო ექსპერტები, ენოლოგები და ღვინის ცნობილი ჟურნალისტები არიან. კონკურსში მონაწილეობა მიიღო 80-მდე ღვინის მწარმოებელმა კომპანიამ და მცირე მარანმა. დაჯილდოების ცერემონია 7 ივნისს გაიმართება.
გამოფენაზე წარმოდგენილნი იყვნენ კომპანიები, რომლებთაც მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების დიდი გამოცდილება აქვთ, ასევე – ისეთი კომპანიები, რომლებიც წელს პირველად იღებდნენ მონაწილეობას. ერთ-ერთი ასეთი კომპანია „სტორი“ აქტიურად არის ჩართული ტრადიციული ქვევრის ღვინის წარმოებაში. კომპანიის წარმომადგენლის თქმით, როგორც მისი, ასევე ღვინის ინდუსტრიაში მოღვაწე ყველა კომპანიისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს მსგავსს გამოფენებს, რადგან ის ახალი ბაზრების მოძიებისა და ახალი პარტნიორების შეძენის საშუალებას იძლევა. „სტორის“ წარმომადგენელმა ასევე ყურადღება გაამახვილა ქართული ღვინის პოპულარობაზე, როგორც მან აღნიშნა, ქართულ ღვინოზე სტატიებს წერენ ისეთი გამოცემები, როგორიცაა, მაგალითად, „Forbes“.
გამოფენაში მონაწილეობას იღებდნენ ასევე კერძო მეღვინეები, მაგალითად, ერთ-ერთი ბაღდათელი კერძო მეღვინე, რომელიც საქართველოსა თუ მის ფარგლებს გარეთ მოწყობილ მსგავს ღონისძიებებში ჩართულია 2010 წლიდან.
გამოფენაზე მონაწილეობას იღებდა „Schuchmann Wine Georgia“, რომლის მთავარ ფილოსოფიას წარმოადგენს – ევროპული მენეჯმენტი-ქართული პროდუქცია. კომპანიის მთლიანი გუნდი დასავლურ განათლებას იყენებს იმისთვის, რომ აწარმოოს სუფთა ქართული პროდუქცია. კომპანიის მთავარი სტრატეგიაა „ვაწარმოებთ არა რაოდენობას, არამედ ხარისხსს“. როგორც წარმომადგენელმა აღნიშნა, მათ გამოფენაში მონაწილეობის მიღების საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვთ, რაც ეხმარებათ ახალი პარტნიორების მოძიებაში. კომპანია ეწევა ღვინის ექსპორტს ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში. გამოფენაზე ასევე მონაწილეობას იღებდა კომპანია „Geo Solution“, რომელიც წარმოადგენს საქართველოში წამყვან პოლიგრაფულ წარმოებას, მას გააჩნია თანამედროვე სტამბები და პოლიგრაფიულ-დიზაინერული სტუდიები თურქეთის რესპუბლიკაში. ისინი აწარმოებენ: ეტიკეტებს, სააჩუქრე ყუთებსა და ჩანთებს, ბოთლის საცობებს, სატრანსპორტო ყუთებს და ა.შ. ისინი დღესდღეობით უამრავ კოპმანიასთან თანამშრომობენ, მაგალითად: „ასკანელი ძმები“, „სნო“, „ქინძმარაული“ და ა.შ. როგორც წარმომადგენელმა აღნიშნა, მსგავსი გამოფენები დიდი რეკლამის საშუალებას აძლევს კომპანიებს და დიდი იმედი აქვთ, როგორც წინა წლებში, წელსაც საერთაშორისო გამოფენა დაეხმარებათ ახალი ბაზრის ათვისებაში.
ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მე-8-ე საერთაშორისო გამოფენა თბილისში 5-დან 7 ივნისამდე გასტანს.