ქაღალდის ფულიდან პლასტმასის ფულზე
ეკა ლომიძე
პლასტიკური ბარათების ბაზარი საქართველოში ფართო არ არის, რაც ბუნებრივია და ჩვენი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური დონით არის გამოწვეული.
ევროპულ “მასტერქარდ”-ს გადაუსწრო ამერიკულმა “ვიზამ”. ამჟამად მსოფლიოში “ვიზა” ბარათი უფრო მეტია, ვიდრე “მასტერქარდი”, მაგრამ სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ პლასტიკური ბარათების ბაზარზე ორივე კომპანია განვითარების თანაბარ დონეზე იმყოფება. “მასტერქარდის” წარმომადგენლების განცხადებით, მსოფლიო ბაზარზე თუ “ვიზა” ბარათი 1 ან 2 მილიონით მეტია გამოსული, ეს სულაც არ მიუთითებს იმას, რომ “მასტერქარდმა” პოზიციები დათმო.
ქართულ ბაზარზე “მასტერქარდი” დაახლოებით 60%-ით, ხოლო ვიზა 40%-ითაა წარმოდგენილი. მსოფლიოში კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, პირიქით.
დავით ბეჟიაშვილი საქართველოს ბანკი, საგადამხდელო საშუალებათა მართვის დეპარტამენტის დირექტორი: საქართველოს ბანკი 1997 წლიდან “მასტერქარდის” ძირითადი წევრია. მისი ასოცირებული წევრები არიან: “საფოსტო ბანკი”,”გაერთიანებული ქართული ბანკი” და “თი-ბი-სი”. საქართველოში პლასტიკურ ბარათებთან დაკავშირებით კანონმდებლობა არ არსებობს და მას საერთაშორისო დებულება არეგულირებს.
ჩვენთან პლასტიკური ბარათების მოხმარების კულტურა დაბალია. ბაზრის 80% ასათვისებელია.
ვინ არის თქვენი ძირითადი კლიენტურა?
ძირითადი კლიენტურა, მაინც, სახელფასო პროგრამაზე მოდის, ანუ ის კლიენტები, რომლებიც ხელფასს პლასტიკური ბარათით იღებენ. ეს უფრო ცივილური და მისაღები ფორმაა. ჩვენთან ამ ფორმით თანამშრომლობენ როგორც უცხოური, ისე ქართული ორგანიზაციები და კომპანიები. ხელფასების გაცემის ეს ფორმა ორგანიზაციისთვისაც უფრო მომგებიანია: უმცირდებათ საშტატო ერთეულები, ინკასაციის ხარჯები. ამასთან, თუ ბარათზე ირიცხება თანხა, მას წლიურად 24% ემატება. ამასთან ერთად, არსებობს ბიზნეს-ბარათი, თუ ვთქვათ ორგანიზაციიდან თანამშრომელს მივლინებაში უშვებენ და არ აქვთ სამივლინებო თანხა, ბანკი უნაზღაურებს იმ ხარჯებს, რომელსაც შემდეგ ორგანიზაცია ფარავს. ფიზიკური პირებიდან ჩვენი მომხმარებელი ძირითადად ისინი არიან, ვისაც ხშირად უწევთ საზღვარგარეთ მიმოსვლა. მოგეხსენებათ, თანხის ხელით ტარება უხერხულია, ამიტომ, ქვეყნიდან გამსვლელთათვის პლასტიკური ბარათით მომსახურება უფრო ცივილური და მოსახერხებელი ფორმაა.
საქართველოში “მასტერქარდი” სჭარბობს “ვიზას”, უცხოეთში კი “ვიზაზე” მოთხოვნა გაცილებით დიდია. რით ახსნიდით ამ ტენდენციას?
ვერ გეტყვით ასე დაბეჯითებით, მაგრამ თავიდანვე საქართველოში “მასტერქარდი” შემოვიდა და დამკვიდრდა ბაზარზე. “ვიზასთან” ლიცენზირების პროცესი უფრო რთულია. შესაძლოა, ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყოს, თუმცა, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, რომ საქართველოში შეიმჩნევა პლასტიკური ბარათების ბაზრის ზრდის ტენდენცია. დღეს ბაზრის 80% ასათვისებელია, მაგრამ ყველა ბანკი საქართველოში გრძნობს რომ აუცილებელია ბაზრის ათვისება და ბარათებს ემისიას უკეთებენ.
გიორგი სულამანიძე, გაერთიანებული ქართული ბანკი, პლასტიკური ბარათების დეპარტამენტის დირექტორი.
საქართველოს მდგომარეობიდან გამომდინარე პლასტიკური ბარათების დიდი ბაზარი არ გვაქვს, თუმცა, უფრო გაიზარდა, რაც იყო 3 წლის წინათ. ბაზარის მომხმარებელი ძირითადად მსხვილი კომპანიები არიან: “მაგთიკომი”, “ჯეოსელი” და ა.შ. ეს ორგანიზაციები პლასტიკური სახელფასო პროექტებით სარგებლობენ. ამ კომპანიების ხარჯზე პლასტიკური ბარათების ბიზნესი ცოტა განვითარდა. ეს არ არის პატარა რიცხვი. აგრეთვე არის ბევრი პიროვნება, რომელთაც მოძრაობა უწევთ საზღვარგარეთ, ითხოვენ პლასტიკურ ბარათს. რაც შეეხება ქვეყნის შიგნით, ჯერჯერობით, ვერ ვთავაზობთ კლიენტს უფრო ფართო სავაჭრო ქსელს. თბილისში არის რამდენიმე სავაჭრო ობიექტი, სადაც ანგარიშსწორება ხდება პლასტიკური ბარათით. მაგალითად, როდესაც კლიენტი, რომელსაც თავის თანხა პლასტიკურ ბარათზე აქვს და უნდა რაიმეს შეძენა, სავაჭრო ქსელში უნდა წავიდეს, ჯერ უნდა გაანაღდოს, რომელიც ძვირად ღირებული სიამოვნებაა, რადგან განაღდებისას არსებობს საკომისიო გადასახადი და შემდეგ უნდა იყიდოს, ანუ კარგავს დროს და შენაძენი უფრო ძვირი უჯდება. მაშინ, როდესაც პლასტიკური ბარათიდან პირდაპირ ყიდვისას ამ საკომისიო გადასახადს აღარ იხდის და მას აწყობს ანგარიშსწორების ასეთი ფორმა, მაგრამ ეს ძირითადად უცხოელ მომხმარებელს ეხება. მაგალითისთვის, საქართველოს მოქალაქე, რომელსაც 14 ლარი პენსია აქვს, ბუნებრივია, სავაჭრო ოპერაციას ვერ განახორციელებს პალსტიკური ბარათით.
თქვენ “ვიზაც” გაქვთ და “მასთერქარდიც”?
ჩვენ, პრინციპში, ვართ “მასტერქარდის” ასოცირებული წევრები და მათი ბარათების, როგორც ემიტენტები, ისე ექვაიერები. რაც შეეხება “ვიზას” ჩვენ სერტიფიცირება დამთავრებული გავქვს და დაგვრჩა II ეტაპი. სულ მალე ჩვენ კლიენტებს “ვიზათი” მომსახურებასაც შევთავაზებთ. ამასთან, ვმუშაობთ პროგრამაზე, რომელიც საშუალებას მისცემს მოქალაქეებს ტელეფონით და ინტერნეტის საშუალებით განახორციელონ ოპერაციები “ეი-ი-ეს-ის”, “ჯეოსელის” და “მაგთის” გადასახადებზე. მიუხედავად ასეთი სიტუაციისა, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენში პლასტიკური ბარათების ბიზნესი წარმატებულად ვითარდება.
ეკა ვერულაშვილი. “თი-ბი-სი ბანკი”, პლასტიკური ბარათების სერვისებისა და განვითარების განყოფილების უფროსი: – პლასტიკური ბარათების შესახებ ჩვენში კანონმდებლობა არ არსებობს. ინფორმაციას გამოშვებულ პლასტიკურ ბარათებზე და მათ ბრუნვაზე ზედამხედველობს ეროვნული ბანკი. U
UFC ინტერნეტ გვერდიდან სხვადასხვა სერვისებით შესაძლებელია “მაგთის” მონო ბარათის შეძენა, “ეი-ი-ეს თელასის” გადასახადის გადახდა. “აიეტი თV??-ის დავალიანების დაფარვა, “ჯეოსელის ლაი-ლაი” ბარათის შეძენა, საქართველოს “ტელეკომის” გადასახადების გადახდა.
“თი-ბი-სი ბანკი” არის “მასტერქარდის” ასოცირებული და “ვიზას” ძირითადი წევრი.სტრუქტურულად “ვიზასთან” ურთიერთობა უფრო მარტივი და ეფექტურია. ალბათ, ეს ფაქტორი განაპირობებს იმას, რომ მსოფლიოში “ვიზას” უფრო მეტი მომხმარებელი ჰყავს, ვიდრე “მასტერქარდს”.
“თი-ბი-სი ბანკს” აქვს 4 სხვადასხვა ტიპის ვიზა: “ვიზა ელექტრონი”, რომლის საშუალებით კლიენტი თავის ანგარიშზე არსებულ თანხებს იყენებს, როგორც საქართველოს ისე მსოფლიოს ნებისმიერ კუთხის იმ ობიექტებში ანგარიშსწორებისას, რომლებიც აღჭურვილია სპეციალური ელექტრონული ტერმინალით. გვაქვს სახელფასო ბარათი, რომლის საშუალებით შესაძლებელია თანხის განაღდება, როგორც “თი-ბი-სი ბანკის” ფილიალებში, ასევე ბანკომატებში. კიდევ არსებობს “ვიზა კლასიკი”, “ვიზა ბიზნესი”, და “ვიზა გოლდი”. ძირითადად, ჩვენი მომხმარებლები მაინც საერთაშორისო ორგანიზაციები არიან და ძირითადი პროცენტი სახელფასო პროგრამებზე მოდის. მაგალითად, მოლდოვა რომ ავიღოთ, იქ ლიდერი ბანკი დაახლოებით 10000 ბარათს უშვებს თვეში, როცა საქართველოში წლის განმავლობაში, ყველა ბანკი ერთად ამის ნახევარსაც ვერ უშვებს. აქ რა თქმა უნდა, მუშაობს რამდენიმე ფაქტორი, ერთი რომ მოქალაქეების ცხოვრების სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი ძალიან დაბალია, მეორე – ავიღოთ ორგანიზაციები, ისინი ნაკლებად მოდიან თუნდაც სახელფასო პროგრამაზე, რაც დაბალი მომსახურების კულტურაზე მეტყველებს. ამასთან, ბანკთან ურთიერთობა გამჭვირვალობას მოითხოვს, რაც, რა თქმა უნდა, ყველას არ აწყობს.
დღეს საქართველოში პლასტიკური ბარათების შესახებ კანონპროექტი არ არსებობს და ბაზრის მხოლოდ 80%-ია ათვისებული. ბუნებრივია, ეს მონაცემები მოსახლეობის ხარჯზე ვერ შეიცვლება, ძირითადი მომხმარებელი კი (დაწესებულებები, რომლებიც სახელფასო პროგრამის მონაწილენი არიან) თავს იკავებს დანერგოს ფულის განაღდების ეს ცივილური ფორმა. ალბათ, მათთვის გამჭვირვალობა ნაკლებად ხელსაყრელია, თუმცა, ეს პროცესი გაიარა ამერიკამ და ევროპამაც. პოსტსაბჭოური სივრცის ქვეყნებში დღემდე მიმდინარეობს პლასტიკური ბარათების ბაზრის გაფართოება. რუსეთის დუმაში წარმოდგენილია კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს პლასტიკური ბარათებით ანგარიშსწორებისას საგადასახადო სისტემაში ცვლილებებს. თუ დუმაში აღნიშნული კანონპროექტი დამტკიცდა, რუსეთში პლასტიკური ბარათების ბუმია მოსალოდნელი. საქართველოში პლასტიკური ბარათების ბაზრის გასაფართოებლად, ჯერჯერობით, მხოლოდ ბანკები იღწვიან. რამდენად მხარში ამუდგება მათ კანონი ამ საქმიანობის დასახვეწად და დასარეგულირებლად, ამაზე ჯერ საუბარიც არ არის.