წამლის ბიზნესი
ქეთი მიქელაძე
საქართველოში ყველა წამლის დამზადება შესაძლებელი არ არის. ეს ზოგს
გაუკვირდება, ზოგს გაუხარდება, ზოგიც ინდიფერენტულად მიიღებს. ეს აპათია ან უცხოურ წამალთა მასშტაბების შემხედვარე, ან ძველი სტერეოტიპით “ჩვენი და კარგი?” გაჩნდა. დღეს რეგისტრირებულია 3500-მდე დასახელების პრეპარატი, მათ შორის, ადგილობრივად წარმოებული 200-მდეა, რაც მთლიანი ბაზრის 2-3%-ს არ აღემატება.
სამწუხაროდ, სამედიცინო საქმიანობის ისტორია საზოგადოებისთვის კარგად არ არის ცნობილი. ინდუსტრიულად წარმოება ფარმაციაში XX საუკუნეში იწყება, მაგრამ მსჯელობა რომ არ იყოს საუკუნის ჩარჩოებში ჩაკეტილი და ცალსახა, აუცილებელია, ამ სფეროს ყველა რაკურსის ცნობა, რაზეც ეკონომიკური, სამეცნიერო და ისტორიული მიზეზები მოქმედებს.
ქართული სამედიცინო საქმიანობის უძველესი წყაროები 15 საუკუნეს ითვლის. ურბნისის არქეოლოგიური გათხრების დროს ნაპოვნია მინის კოლბები; ურეკში ნაპოვნია მენზურა დოზების ნიშნულებით. ეს ნაშთები I-V საუკუნეებს ეკუთვნის. უფლისციხესა და ვარძიაში აღმოჩენილია თაღჩებიანი ოთახები, რაც უძველესი აფთიაქების ნაშთია. სასულიერო პირის, მალიალაძის აფთიაქის ნანგრევებში ნაპოვნია სამედიცინო მაშა (ბორწკალი) და ა.შ.
ავადმყოფებზე ზრუნვის და სოცუზრუნველყოფის ნიმუშად შეიძლება ჩაითვალოს XII საუკუნეში გელათის კომპლექსში დავით აღმაშენებლის მიერ საავადმყოფოს (ქსენონის) აშენება. ასევე XIV საუკუნის დოკუმენტი უცნობი კარისკაცის მიერ შედგენილი “სახელმწიფო კარის გარიგება”. აქ სახელმწიფო მოხელეთა ფუნქციებია მოყვანილი. მე-8 მუხლი ამაზე აშკარად მეტყველებს: “…ჭყონდიდელი ორშაბათსა დღესა ყოველი საწოლის მწიგნობარს (ყველა დაავადების ექიმი. ქ.მ) გზავნის და მათი პირით მოახსენებს მეფეს, ვის რა სჭირს”. ერთი სიტყვით, ჭყონდიდელს “ღია კარის” დღეც ჰქონია.
XV საუკუნეში ზაზა ფანასკერტელი-ციციშვილის მიერ დაწერილი “სამკურნალო წიგნი – კარაბადინი” წინამორბედზე სრულყოფილია. 70%-ით შედგება ნედლეულის აღწერის, წამალთა მომზადების, მათი დანიშნულებისაგან ანუ სახელმძღვანელოა წამალთმცოდნეებისთვის, როგორც ფარმაკოპეა (სახელმწიფო დოკუმენტი წამალთა სტანდარტების, დოზების, წამალთა დამზადების შესახებ). კარაბადინების გადაწერა-გადათარგმნა მეფეების მიერ (ვახტანგ VI, როსტომ მეფე) არაა მხოლოდ ლიტერატურული გატაცება. საჭირო ხდებოდა წამლის ფორმების მომზადების წესების განახლება, რაც სახელმწიფო სტანდარტების შემოღების ნიმუშებია, ხოლო დემოკრატიზმის გამოვლინებაა ვახტანგ VI-ის ანდერძში ნათქვამი: “…კარაბადინი შევაკრვევინეთ სასარგებლოდ კაცთათვის და სახმარად ყოველთა”. ვიდრე ეს წიგნი მეფესთან მოხვდებოდა, ფანასკერტელ-ციციშვილების საგვარეულო საცავში ინახებოდა 200 წელი.
ცარიზმის პერიოდში საქართველოში ფარმაკო-ქიმიური მრეწველობის ჩანასახები გაჩნდა. მე-19 საუკუნეში დაიწყო სამკურნალო მცენარეთა ბაღის გაშენება პირველ აფთიაქთან. მოგვიანებით შეიქმნა სპირტის სახდელი წერტილები. ზუგდიდში 1903 წელს აშენდა ასეთი ტიპის დიდი ქარხანა. ძმებმა კარლინსკებმა ზეთსახდელი და საპნის სახარში ქარხნები გახსნეს, სადაც ბამბის და რაცინის ზეთებს ამზადებენ, 1912 წელს კი იგივე კარლინსკებმა ბორჯომში ნახშირორჟანგის მისაღები ქარხანა ჩამოაყალიბეს.
იყო ცდები საქართველოს ნედლეული შეძლებისდაგვარად ათვისებულიყო. რევოლუციამდე ორი წლით ადრე ამ საქმის მობილიზაციისათვის კომიტეტიც შექმნილა ამიერკავკასიის სამხედრო-სანიტარულ სამმართველოსთან. ამ ყოველივეს ხელი “პატარა” მიზეზებმა შეუშალა: დიდი საკვლევი დაწესებულებების არქონა, ნედლეულის შემკრებთა არასრული ცოდნა და სხვა.
ასე იყო თუ ისე, საბჭოებმა ფარმაციის დარგს სიმპათიით შეხედეს. როგორც ჩანს, იგი სტალინის დაჩქარებული ინდუსტრიალიზაციის გეგმაში მოხვდა. იყო შემთხვევები, როცა უცხოეთი რუსეთიდან შეძენილ ნედლეულს გადაამუშავებდა და უკან მაღალ ფასებში შემოჰქონდა. მაგ: 1913 წელს მარტო გერმანიამ რუსეთიდან 3 მილიონი ფუთი მცენარე გაიტანა, იქ გადაამუშავა კარგი ტექნოლოგიების წყალობით და რუსეთს ძვირად მიჰყიდა. 20-იან წლებში კავშირში ერთ სულ მოსახლეზე წარმოებული პროდუქტი (სხვადასხვა დარგის) 5-10-ჯერ ნაკლები იყო, ვიდრე განვითარებულ ინდუსტრიულ ქვეყნებში. სტალინმა დახურა საზღვრები და ევროპასთან რამდენიმე ათეულწლიანი ჩამორჩენის დაწევას შეუდგა. საქართველოში ფარმაცევტული ქარხნები 1923-36 წლებში შენდებოდა. 1932 წელს ჩამოყალიბდა ამ საქმის გენერატორი, ფარმაკო-ქიმიის ინსტიტუტი, რომელმაც ბათუმის ფარმაცევტული და თბილისის “საქბიოფარმპრეპარატი” დაარსა. ამათ გარდა, მუშაობდა “ბაქტერიოფაგი”, ახმეტის ბიო-ქიმიური ქარხანა (ამჟამად არ მუშაობს).
სახელმწიფომ სოლიდური თანხა გადაიხადა გერმანული ფირმების – “ზანაზი”, “შტრუნგკი”, “ჰეპლიგერკარგი”-ის დაზგების შესაძენად. ესენი ფარმაციულ წარმოებას ძალზე დაეხმარებოდა, სამეცნიერო პოტენციალს მაღალი ტექნოლოგიაც შეემატებოდა, მაგრამ ისინი ექსპლუატაციაში არ თუ ვერ გაიშვა. მათი შესაძენად თანხა რომ ყოფილიყო, არ გაჭირდებოდა რუსეთიდან სპეციალისტი მოეწვიათ დასამონტაჟებლად. მოვლენის სიძველის გამო, ეს მიზეზები გაურკვეველი დარჩა.
წიგნში “რა იყო ეს?” (30-40-იანი წლების ანალიზი) ავტორები გორდონი და კლოპოვი აღიარებენ, რომ კავშირში დამონტაჟებული ტექნიკის 75%-ზე მეტი უცხოური იყო. სხვა საკითხია, მათი შეძენა არნახულად მოკლე ტემპებში რის და ვის ხარჯზე ხდებოდა. მძიმე ინდუსტრიის მოწყობამ ყველაფერი გადაფარა: სოციალური სფერო, მსუბუქი მრეწველობა, სოფლის მეურნეობა, განათლება და სხვა.
ძნელია თქმა, წამლების დამზადება-შემოწმება-გაცემის სტანდარტები ევროპის სტანდარტებზე ნაკლებად მკაცრი ყოფილიყოს. ყველა ქარხანასთან არსებობდა ლაბორატორია. მის მიერ შემოწმებულ ადგილობრივ წამლებს თავიდან ამოწმებდა 1964 წელს შექმნილი საკონტროლო სააფთიაქო ლაბორატორია. კავშირში იმ ქვეყნების 2000-მდე უცხოური პრეპარატი შემოდიოდა, რომელთაც ინდუსტრია შედარებით უმსხვერპლოდ განავითარეს და იდეოლოგია მხოლოდ საკუთარ ბაზარზე ორიენტაციას არ უკიჟინებდა. ესენი იყო: “პოლფა” (პოლონეთი); “სპოფა” (ჩეხეთი); “გედეონ რიხტერი”, “ხინოინი” (უნგრეთი); “KRK”, “პლივა” (იუგოსლავია); “მაიზელბახი” (გდრ) და სხვა მრავალი.
ქართული მეცნიერული ფარმაციის აღორძინებას საფუძველი იოველ ქუთათელაძემ ჩაუყარა. დიდი საქმიანობა გაიშალა მზა წამალთა ფორმების კოეფიციენტის გაზრდისთვის. ხდებოდა ყველა ნედლეულის შესწავლა. მცენარეულის: ქობულეთში, ხობის რაიონში, შირაქის ველზე. ცხოველური წარმოშობის ნედლეულის (პიტუიტრინი, თვალის ბიოლოგიური სითხე და ა.შ.) შესწავლა-გამოყენება; მინერალური წყლების (ბაგიათა, სვარე, ბორჯომი) გამოყენება: რაჭაში და ურავში დარიშხანის გამოყენება, ასკანეს თიხა გურიაში და ა.შ.
ინსტიტუტში დაამუშავეს აქამდე შეუცვლელი კაკაოს ზეთის თვისებების მქონე იაპონური დარიჩინის ნაყოფისგან ზეთის მიღების ტექნოლოგია. სამწუხაროდ, ეს აღმოჩენა ამ მცენარის დიდი მასივების არქონის, ასევე დამუშავების სიძვირის გამო, ვერ დაინერგა.
შორს წაგვიყვანს იმ პრეპარატების ჩამოთვლა, რაც იწარმოებოდა. ბოლო წლებში, 1991 წლიდან ჩამოყალიბდა 38 დიდი და მცირე ფარმაცევტული წარმოება. საერთოდ, ძნელია ქვეყანას პრეპარატის დამზადების სრული ციკლი ჰქონდეს. რთულია სინთეზური პრეპარატების, ანტიბიოტიკების წარმოება, გარკვეული დანამატები ყოველთვის არის შესაძენი. თუმცა, მარტო ჩვენ არ გვიწევს მათი შეძენა, ხან რუსეთი იძენდა ბევრ რამეს უცხოეთიდან, ხან უცხოეთი – ჩვენგან. მაგ: საბჭოთა პერიოდში “საქბიოფარმპრეპარატიდან” (ამჟამად, “თბილქიმფარმი”) გფრ-მ შეიძინა ელეუტერაკოკას ნაყენი.
დღეს მომუშავე მწარმოებლები, ძირითადად, აკეთებენ, იმას, რაც საწარმოებლად იაფია. უდიდესი გამოცდილების “ბაქტერიოფაგი” (იგი ახლა 4 სააქციო საზოგადოებისგან შედგება) თუ მრავალი ინფექციური დაავადების სამკურნალო ფაგებს ამზადებდა და ცხენების რემაც ჰქონდა, დღეს პოტენციალის მცირე ნაწილს იყენებს.
მუშაობს “ფარმიმპექსი”. აწარმოებს 12 პრეპარატს. თუმცა, შესაძლებლობა მეტია. მწარმოებლები გულს არ იტეხენ და ამ სიტუაციაში მიღწევად 2000 წლის აგვისტოში უცხოეთიდან შემოტანილ აქტიურ ნედლეულზე არსებული 34%-იანი დაბეგვრის 5%-მდე დაწევას თვლიან (თუმცა, ზოგ ნედლეულზე, მასალაზე კვლავ 34% დარჩა). მანამდე ისეთი დაბეგვრა, წამლის ღირებულებას 25%-ით ზრდიდა. არსებული პროპორცია წამალთა გამოშვების ენთუზიაზმს კლავდა. იმპორტული მზა წამალი კი – 5%-ით იბეგრება.
მუშაობას განაგრძობს ფარმაკო-ქიმიის ინსტიტუტი (ძირითადად, მცენარეული ნედლეულის ბაზაზე) და ზოგიერთ პრეპარატს რუსეთშიც ყიდის.
რაც შეეხება ჩეხეთ-საქართველოს ერთობლივ წარმოება “ლეჩივა-გეოს”, აქ 1997 წელს ჩეხეთმა 35 მილიონი დოლარის ინვესტიცია ჩადო. საწარმო 8 პრეპარატს უშვებს და, 10 წლის მანძილზე, მათი რიცხვის გაზრდას 250-მდე აპირებს.
ხაზგასასმელია, რომ განვითარებული ქვეყნის მწარმოებლებს რეკლამა უმაღლეს დონეზე, მისი აუცილებლობის გამო აქვს დაყენებული, რაშიც ჩვენთან ერთგვარი ინერტულობაა. მართალია, რეკლამას სახსრები სჭირდება, მაგრამ იაფი პოლიგრაფიული ნაბეჭდი აუცილებელია. ჩვენი სამკურნალო დაწესებულებების ექიმების თქმით, უცხოურ ფირმათა წარმომადგენლებს აქტიური სარეკლამო კომპანია აქვთ გაჩაღებული და ყველა ახალი პრეპარატის ბროშურებს ავრცელებენ. მათი თქმით, ქართულ წამლებსაც სიამოვნებით გაეცნობოდნენ და დაუნიშნავდნენ.
ქართულ ფარმაციაში ინოვაციის დარეგისტრირება 350 დოლარია, უცხოური პრეპარატისა – 1500 დოლარი. ეს ქართული წარმოებისათვის შეღავათით იყო ნაკარნახევი. თუმცა, დსთ-ს ქვეყნებს მაინც “გავუსწარით”. არც ერთი მათგანი არ ბეგრავს ფარმაციას მოგების 20%-ით. მრეწველობის სამინისტროს ინფორმაციით, არალეგალურად შემოსული სამკურნალო საშუალებები 30%-ს წარმოადგენს. არაა გასაკვირი, ამ მომენტებით გაღიზიანებული “თბილქიმფარმის” ხელმძღვანელის თ. სხულუხიას ანტიპათია ინსპექტორებისა და ჟურნალისტების მიმართ. ადრე 70-მდე პრეპარატის გამომშვები ქარხანა დღეს პრობლემების წინაშე დგას და ჟურნალისტის გულწრფელი დაინტერესებაც უშედეგოდ ითვლება, რადგან დირექტორი კონტაქტზე არ თანხმდება.
უნდა ითქვას ფალსიფიკაციაზეც, რომელსაც უბრალო მყიდველი ვერაფრით გაარჩევს ხარისხიანი ნაწარმისაგან. 1998-99 წლებში ფარმინსპექციამ ამპიცილინის ფალსიფიცირებული კაფსულები აღმოაჩინა. ამ შემთხვევაში, “ბრინცალო-ფერეინის” ხარისხიან წარმოებას ფალსიფიკატორები ამოეფარნენ; იყო აღმოჩენილი ერითრომიცინის ტაბლეტები, რომლებიც “ურალ-სინთეზის” ნაწარმს არ შეესაბამებოდა. “ნიჭიერი?? ფალსიფიკაცია არაა იოლი და იაფი. ამდენად, ქართული ფარმაცია ასეთი ილეთებით ვერ გარისკავს, თუმცა, ზოგიერთი ქართული შპს ვერ გამოვიდა “დაკლების” ჩვეულებიდან. მაგ, ქაცვის ზეთში ამ ზეთის ოდენობის დაკლება და მისთ.
უცნაური კამათი გაიმართა აფთიაქებს შორის მანძილის დადგენაზე, 1997 წელს კანონის “წამლისა და ფარმაციული საქმიანობის?? განხილვისას. ჯანდაცვის ფარმაკოპეის კომიტეტმა მინიმალურ მანძილად ნახევარი კილომეტრი დაასახელა, რაზეც უმრავლესობამ წინააღმდეგობა გამოხატა. დღეს აფთიაქებს შორის მინიმალურ მანძილად ნული გვაქვს. რა მოგება მოაქვს ამას მეპატრონეებისათვის? ან რატომ არიან პარლამენტარები მანძილის დაწესების წინააღმდეგნი? (ცნობისათვის, პოლონეთში ნორმად მიჩნეულია 10 ათას კაცზე ერთი აფთიაქი). “კულუალური ენებით”, პარლამენტარებს აფთიაქების საქმეში იტერესები აქვთ. თუ აფთიაქთა შორის მანძილი ნახევარი კილომეტრი მაინც იქნებოდა, ისინი ქალაქის გარეუბნებში და ქალაქგარეთაც “გავიდოდნენ”. თუმცა, აფთიაქების მესვეურთა თქმით, ეს მომგებიანი ბიზნესია და აფთიაქები ახლო თანაარსებობით ხელს სულაც არ უშლიან ერთმანეთს. ამასთან, არავის აწყობს ორი ძირითადი საბითუმო ბაზისაგან – “ავერსისა” და “პსპ”-გან ტერიტორიული დაშორება. ხოლო ფარმაცევტულ წარმოებებს (დღეისათვის შედარებით აქტიურად 7-მდე ფუნქციონირებს), რომლებიც სხვადასხვა უბნებში მდებარეობენ, კანონის მიხედვით, უშუალოდ აფთიაქებისთვის და კერძო პირებისთვის აკრძალული აქვთ წამლის გაყიდვა. მხოლოდ ბაზებისთვის შეუძლიათ მიყიდვა ბითუმად. თუ წარმოება წამლის გაყიდვას გადაწყვეტს, აფთიაქი უნდა გახსნას, რაც გვარიან თანხასთან არის დაკავშირებული.
დსთ-ს ქვეყნები ჯერჯერობით არ ჩქარობენ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანებას. რუსეთი ამას 2008 წლიდან გეგმავს. საქართველო მსო-ში 2000 წელს გაწევრიანდა. ეს ფარმაციასაც კონკრეტულად შეეხება. წამლების რეგისტრაციის ფასები უცხოური და ქართული ფირმებისათვის უნდა გათანაბრდეს. ან $350 აიწევს მაღლა, ან $1500 დაბლა ჩამოიწევს. ორივე შემთხვევაში, განვითარებული, მყიდველუნარიანი სხვადასხვა ბაზრების მქონე ევროპის და საქართველოს ერთ პოზიციაზე დაყენება, თუნდაც 5 წელიწადში, ქართულ ფარმაციას კიდევ ერთხელ მიაყენებს დარტყმას. ამას არ მალავენ არც მწარმოებლები, არც ჯანდაცვის სამინისტრო, რომლის დეპარტამენტებში იგრძნობა ადგილობრივისადმი სიმპათიები, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ არის, ანუ თავს ზემოთ პარლამენტია და მისი მსოფლმხედველობით წყდება ყველაფერი.
ამის გარდა, მსო ახლო მომავალში მოითხოვს საქართველოს ფარმაციაშიც ახალი სტანდარტების დანერგვას. GMP (ეხება ფარმაციულ საქმიანობას). (საბითუმო ბაზების თანამედროვე პრაქტიკა) და GPP (სააფთიაქო პრაქტიკა). გასაგებია, რომ ვისაც ინვესტიციები გააჩნია, ის მალე გადავა ახალ სტანდარტებზე და ევროპაში ვაჭრობის უფლებაც ექნება, მაგრამ გამჭრიახმა ევროპამ კარგად იცის, ასეთი კაპიტალდაბანდება ჩვენთან არ არის და რომც იყოს, ძნელად გაწვდება წამალთა თვითღირებულების, ნედლეულის, სპეციალისტის, წამლის რეგისტრირების, წარმოების ყველა გადასახადის და რეკლამის ხარჯების გასტუმრებას.
ქართველები გერმანიაში გაკვირვებას ვერ მალავენ, თუ ვერ იპოვიან ფრანგულ პარფიუმერიას ან ჰოლანდიურ ტკბილეულს. ამის გამო, გამყიდველების ანტაგონიზმსაც აწყდებიან. როგორც გერმანიის, ისე სხვა ქვეყნების კანონმდებლები ისწრაფვიან, მწარმოებლებს ჩაკეტილი საწარმოო ციკლი ჰქონდეთ, რომ პროდუქციისთვის საჭირო რომელიმე რგოლი მონოპოლიურად ძვირ ფასებში არ შეიძინონ მეზობლისაგან. (თუმცა, რაიმეს შეძენა ყოველთვის გარდაუვალია). ეს გერმანელისთვის ნორმაა და ის ჰიტლერის პერიოდიდან შემორჩენილი ნაციონალიზმი არაა, არამედ ნაციონალისტური ნიშნით სავსე ეკონომიკური აზროვნება, რომლის გარეშე ვერც გერმანელი და ვერც ფრანგი საკუთარ კეთილდღეობას ვერ წარმოიდგენს. ისინი აღარ დაობენ იმაზე, რისი პრეცედენტიც ჯერ არ ყოფილა: სხვა სახელმწიფო არ ფიქრობს მეზობელი თუ შორეული ერის გამდიდრებაზე.
ტერმინი – ინტეგრაცია ევროპის ცივილიზაციასთან მიახლოების ასოციაციას გვიქმნის. ინგლისური (ინტეგრატიონ) მთლიანთან შეერთებას ნიშნავს. ევროპამ “შეერთებაში” ჩვენი გაბედნიერების აზრი არ ჩადო, ეს გლობალური მონოპოლიზაციაა და არა თანაბარშესაძლებლობიანი ქვეყნების ურთიერთობა.