ცვლილება რეკლამის შესახებ კანონში
ეკა ლომიძე
საქართველოს კულტურის სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის ერთობლივი ინიციატივით მომზადდა პროექტი, “რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე. ანონ-პროექტში შეტანილ იქნა შემდეგი სახის დამატებები და ცვლილებები: “აკრძალულია საესტრადო-საკონცერტო ღონისძიებების რეკლამა მათში მონაწილე შემსრულებლების მიერ ფონოგრამის გამოყენების შესახებ ინფორმაციის მითითების (ფონოგრამით ან ფონოგრამის გარეშე) გარეშე. ამგვარი ინფორმაცია უნდა ავსებდეს რეკლამის მთელი მოცულობის არანაკლებ 5 პროცენტს.
საესტრადო-საკონცერტო ღონისძიების ელექტრონული საშუალებებით რეკლამირებისას უნდა იყოს მითითებული, როგორც ხმოვანი, ასევე ვიზუალური ინფორმაცია ფონოგრამის გამოყენების შესახებ.
თუ საესტრადო-საკონცერტო ღონისძიება სრულდება შერეული ფორმით (როგორც ფონოგრამით, ისე ფონოგრამის გარეშე) რეკლამაში კეთდება აღნიშვნა თითოეული შემსრულებლის მიერ საესტრადო-საკონცერტო ღონისძიებების შესაბამისი შესრულების ფორმის გამოყენების შესახებ.
საესტრადო-საკონცერტო ღონისძიებებში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში სავალდებულოა, დაუყოვნებლივ გავრცელდეს კონტრრეკლამა.
გიორგი მელაძე – საქართველოს სახელმწიფო ანტიმონოპოლიური სამსახურის უფროსის მოადგილე:
“რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონში დამატებებისა და ცვლილებების შეტანა ემსახურება, როგორც მომხმარებლის ინტერესების დაცვას, ასევე მომღერალთა საშემსრულებლო კულტურის ამაღლებას. არ ვიქნებით მართალნი თუ მომხმარებელს არჩევნის საშუალებას არ მივცემთ. არსებობს მსმენელი, რომელიც მზად არის გადაიხადოს ცოტა მეტი და მოუსმინოს ცოცხალ მუსიკას. ამ დროს კი ჩვენ მას ვთავაზობთ ფონოგრამაზე გაჟღერებულ შესრულებას. ამ შემთხვევაში, მომხმარებლის უფლებები დარღვეულია.
მომღერლების გარკვეული ნაწილი თვითონ მიესალმნენ ამ ფაქტს. ბუნებრივია, ოპონენტებიც არიან, გარკვეული მიზეზების გამო თავს შევიკავებდი მათი დასახელებისგან. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ “რეკლამის შესახებ კანონში” შეტანილი ეს ცვლილება არ უკრძალავს მომღერალს იმღეროს ფონოგრამით, უბრალოდ, რეკლამირებისას მითითებულ უნდა იქნეს ინფორმაცია ფონოგრამის გამოყენების შესახებ, რომელიც რეკლამის მთელი მოცულობის არანაკლებ 5%-ს უნდა შეადგენდეს. თუ მომღერალს სურს იმღეროს ფონოგრამით, მას არავინ უშლის ხელს. მიუთითოს, რომ იგი მსმენელს შესთავაზებს ფონოგრამით შესრულებულ მუსიკას და თუ მომხმარებელი მოისურვებს, მივა და მოუსმენს. ყოველ შემთხვევაში, მსმენელი შეცდომაში არ უნდა შევიყვანოთ.
ბუნებრივია, იარსებებს გაკონტროლების ბერკეტიც. კულტურის სამინისტროსა და ჩვენი სამსახურის თანამშრომლებისგან შედგება კომისია, რომელიც უზრუნველყოფს კანონის შესაბამისობაში მოყვანას. რა თქმა უნდა, აქ დიდ როლს შეასრულებს მომხმარებლის პოზიციაც. იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელმა აღიქვა, ის უსმენს მუსიკასAარა ცოცხალი შესრულებით, არამედ ფონოგრამით, მსმენელს შეუძლია მიმართოს ანტიმონოპოლიურ სამსახურს, რომელიც აღნიშნულ შემთხვევაში კონკურსის ორგანიზატორს დაადებს საჯარიმო სანქციას. არასათანადო რეკლამის გავრცელება ისჯება საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, რეკლამის ღირებულების შვიდმაგი ღირებულებით.
დამეთანხმებით, მომხმარებელს უნდა ჰქონდეს არჩევანის საშუალება.
ზურაბ ოიკაშვილი, საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელოვნებისა და მუზეუმების დეპარტამენტის დირექტორი:
ფონოგრამების გამოყენებასთან დაკავშირებით თავიდან იდეაში იყო გამოსულიყო მინისტრის ბრძანება, რომელიც დაარეგულირებდა ამ საკითხს. ანტიმონოპოლიური სამსახურის მიერ რეკლამის შესახებ კანონში მზადდებოდა ცვლილებები. დრო რომ არ დაკარგულიყო, ჩვენ შევთავაზეთ ანტიმონოპოლიურ სამსახურს თანამშრომლობა და ერთობლივად ვიმუშავეთ კანონში ცვლილებების მოსამზადებლად. მანამდე, ბუნებრივია, უმოკლეს დროში შესრულდა მოსამზადებელი სამუშაოები. ჩვენ, რა თქმა უნდა, გვაინტერესებდა საზღვარგარეთელი კოლეგების აზრი, მაგრამ მათ ჩვენს მიერ დასმული პრობლემა ვერ გაიგეს. აღმოჩნდა, რომ მსგავსი სიტუაცია მხოლოდ პოსტსაბჭოური ქვეყნებისათვის არის დამახასიათებელი. ზოგან ეს პრობლემა უკვე დარეგულირდა. მაგალითად, აზერბაიჯანში საერთოდ აიკრძალა კონცერტებზე ფონოგრამით შესრულება. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ აგვიკრძალავს. უბრალოდ მითითებული უნდა იქნას რა სახის შესრულებას ვთავაზობთ მსმენელს. პროფესიონალი მომღერლები მიესალმნენ ამ ფაქტს. ხშირია ფონოგრამით მუსიცირების ფორმები ესტრადაზე. კლასიკას ეს არ ეხება. ხანდახან ფოლკლორული ანსამბლები ცდილობენ გამოიყენონ ფონოგრამით შესრულება. ანზორ ერქომაიშვილმა განაცხადა, რომ ერთ-ერთი ფოლკლორული ანსამბლის გამოსვლის დროს ტექნიკურად რაღაც დაზიანდა და სიმღერაც შეწყდა.
ხარისხობრივად შეიძლება ფონოგრამით შესრულება უკეთესია, მაგრამ ცოცხლად შესრულების დროსაც თუ მომღერალი პროფესიონალია ხარვეზი აღარ არსებობს. ჩემთვის გაუგებარია თუ მერაბ სეფაშვილს შეუძლია ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გამოვიდეს და ცოცხლად იმღეროს, რატომ არ შეუძლია იგივე სხვას? თუ მსმენელს უნდა მოუსმინოს შესრულებას ფონოგრამით, მას ამის საშუალება აქვს სხვა გზებით. იყიდის კასეტას ან დისკს, წაიღებს სახლში და მოუსმენს. ყველა პროფესიონალი მომღერალი აღიარებს, რომ უკეთესია ცოცხალი შესრულება. თუ ადგილი ექნება დარღვევას იარსებებს მაკონტროლებელი სისტემაც. კონკურსის ორგანიზატორს დაეკისრება სერიოზული საჯარიმო სანქციები. თუ დღეს უხარისხო პროდუქციის გასაღება ითვლება ბიზნესად, ასევეა ხელოვნებაშიც. ქართული ესტრადა უნდა განვითარდეს და ყველას უნდა დაერქვას თავის სახელი.
დავით ოქიტაშვილი, თბილისის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი:
იდეა, მითითებულიყო რა ფორმით მღერის მომღერალი ჩემია, რომელმაც პოლემიკა გამოიწვია. იცით, მე არ შემეძლო შევჭრილიყავი კულტურის სამინისტროს ფუნქციებში და ამ ღონისძიების გატარებას ვითხოვდი თბილისის მასშტაბით, რასაც აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. საზღვარგარეთელ კოლეგებს, რომ მივმართეთ რჩევისათვის, მათ დასმული პრობლემა ვერ გაიგეს. რა თქმა უნდა, დასავლეთმაც გაიარა ანალოგიური პროცესი. ამგვარი სახის “მომღერლებს” იქ “პირის ცმაცუნის იმიტატორებს” ეძახიან და დღეს ისინი, რაღაც მეათე რანგის ღონისძიებებზე თუ გამოდიან. ყოველ შემთხვევაში, უცხოეთში ამ კატეგორიას მომღერლებს არ უწოდებენ. გავრცელდა ჭორები, თითქოს ქართველ მომღერლებს ტექნიკურად არ აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ ცოცხალი შესრულებით წარსდგენ მაყურებლის წინაშე. არ დაიჯეროთ, ეს არის სიცრუე, თუ უცხოეთიდან ჩამოყვანილ მომღერლებს, ან თუნდაც ალა პუგაჩოვას, რომლის დონეზე ბევრი ქართველი მომღერალი ვერასოდეს ვერ მივა, შეუძლია ცოცხლად იმღერონ ჩვენს აპარატურაზე, ქართველ მომღერლებს რატომ ექმნებათ ეს პრობლემა, ვერ ვხვდები. თანაც, თუ იგივე აპარატურა ვარგისია პლიუსზე შესასრულებლად, რატომ არ ვარგა მინუსზე რომ იმღერონ?
ყველაზე ცუდი ის არის, რომ ეს საშინელი ტენდენცია უკვე კლასიკაში და ფოკლორშიც შეიჭრა. არ მინდა დავკონკრეტდე, მაგრამ ყოფილა შემთხვევა, როდესაც ხალხური მუსიკის შესრულების დროს გაუფუჭდათ ფონოგრამა და გუნდი პირდაღებული დარჩა. კლასიკურ მუსიკის შესრულების დროს ხშირია შემთხვევები, როდესაც აკეთებენ დაკვრის იმიტირებას და ამ დროს მიდის ფონოგრამა. ეს ამაზრზენია. მომხმარებელი არ უნდა მოვატყუოთ. უნდა ამუშავდეს კონტროლის მექანიზმი. თუ ადგილი ექნება მსმენელის მოტყუებას, უნდა დადგეს კონცერტის ორგანიზატორთა და დარბაზის დირექციის პასუხისმგებლობის საკითხი. მთავარია ის ფაქტი, რომ მსმენელისა და ჩვენი პოზიციები ემთხვევა.
ქართული ესტრადა “გადაჭედილია” უსმენო “ვარსკვლავებით”. რამდენად შეურიგდებიან ფულიანი მამიკოები “ვარსკვსლავთცვენას”, ამას მომავალი გვიჩვენებს.