ეკონომიკის როგორი მოდელი სჭირდება საქართველოს
ნ. ბაკაშვილი, ეკ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი, დ. მესხიშვილი, ეკ. მეცნ. კანდიდატი
კონომიკის საბაზრო მოდელი ეფექტური არ იქნება თუ სახელმწიფომ არ მოახდინა მისი რეგულირება. ამის დასტური საბაზრო ეკონომიკის განვითარების მსოფლიო ისტორიაა.
საბაზრო ეკონომიკის პირველყოფილი, ადრეული მოდელი, რომელიც XIX საუკუნეში ჩამოყალიბდა იმ ქვეყნებში, რომლებიც მეურნეობის კაპიტალისტურ სისტემაზე გადავიდნენ, ბუნებრივ-ისტორიული პროცესი იყო. ეს მოდელი ხასიათდებოდა თავისუფალი საბაზრო ურთიერთობებით. მისთვის ოპტიმალურად ითვლებოდა სახელმწიფო მინიმალური ჩარცევა ეკონომიკაში. მისი ძირითადი რეგულატორი საბაზრო მექანიზმი, ანუ, ა.სმიტის გამოთქმით, ბაზრის უჩინარი ხელი იყო. დღეს ეს უკვე ისტორიაა. სწორედ ამ უჩინარმა ხელმა, სამეწარმეო საქმის და საერთოდ, ეკონომიკის მართვაში სახელმწიფოს როლის იგნორირებამ არაერთხელ მიიყვანა ეს ქვეყნები კრიზისამდე, საიდანაც გამოსვლა ისევ სახელმწიფოს ჩარევით მოხდა. მაგრამ, მაშინ ეს ქვეყნები საბაზრო ეკონომიკის პირველი მერცხლები, ასე ვთქვათ, პიონერები იყვნენ და მათ უხდებოდათ ამ გზის გაკვალვა “სიბნელეში ხელის ცეცებით”. მაშინ სხვა გამოსავალი ნამდვილად არ იყო. ახლა კი, როცა სახეზეა ეს გამოცდილება, საბაზრო ეკონომიკის გზას დამდგარ ლათინური ამერიკის, აზიისა თუ ევროპის ქვეყნებს უფლება არა აქვთ არ გაითვალისწინონ ეს გამოცდილება, მათი შეცდომები და მიღწევები. იგივე შეიძლება ითქვას საქართველოზეც, რომელიც მტკიცედ დაადგა საბაზრო ეკონომიკის გზას. მართალია განვითარებული საბაზრო ეკონომიკის ქვეყნები საბაზრო ურთიერთობებზე ადმინისტრაციულ-მბრძანებლური ეკონომიკიდან არ გადასულან, როგორც საქართველო, მაგრამ ამას არა აქვს პრინციპული მნიშვნელობა. მთავარი ის არის, რომ როგორც საქართველომ, ისე მათ, ნულიდან დაიწყეს დემოკრატიული ქვეყნის და მისი შესაბამისი საბაზრო ურთიერთობების ჩამოყალიბება. ასე რომ, საქართველოს გზამკვლევად შეუძლია გამოიყენოს მათი გამოცდილება, აღარ გაიმეოროს მათ მიერ დაშვებული შეცდომები და ნაკლები წინააღმდეგობებით, ნაკლები დანახარჯებით და უფრო სწრაფად მიაღწიოს შედეგს.
მაშასადამე, საბაზრო ურთიერთობებზე გარდამავალ პერიოდში სახელმწიფოს ჩარევა სამეწარმეო კონკურენციაში გარდაუვალი და სავალდებულოა. მაგრამ ისმება კითხვა, როგორი უნდა იყოს კონკურენციისა და სახელმწიფო რეგულირების თანაფარდობის ოპტიმალური პარამეტრები? გარდამავალი პერიოდის ეკონომიკაში როგორ როლს უნდა თამაშობდეს სახელმწიფო – უმნიშვნელოს, ზომიერად აქტიურს თუ აქტიურს?
ეკონომიკაში სახელმწიფოებრივი რეგულირების დონეს, ქვეყანაში წარმოებული ზედმეტი პროდუქტის საწარმოებსა და სახელმწიფოს შორის განაწილების თანაფარდობა განსაზღვრავს. ეს არის თანაფარდობა საწარმოებში დატოვებულ შემოსავლებსა და მათ მიერ გადასახადების სახით სახელმწიფოსთვის გადახდილ შემოსავლებს შორის. ავღნიშნოთ ქვეყანაში წარმოებული ზედმეტი პროდუქტი თ-თი, მისი საწარმოებში დატოვებული ნაწილი თ1-ით, ხოლო სახელმწიფოსთვის გადაცემული – თ2-ით, მაშინ აღმოჩნდება, რომ თ = თ1 + თ2. შეფარდება თ1 : თ2 , ანუ შეფარდება კონკურენციის პოლუსსა და სახელმწიფო რეგულირების პოლუსს შორის შეიძლება იყოს მრავალვარიანტული. თუ თ-ს სიდიდეს 100-ად მივიჩნევთ, მაშინ ამ ვარიანტების (ამ მოდელების) რიცხვი იქნება 100. მათ შორის, ორი – საწყისი და საბოლოო – იქნება უკიდურესი ვარიანტები, ხოლო შუათანა – შუალედური.
დიაგრამებზე 1, 2, 3 მოცემული გვაქვს სწორედ ეს ვარიანტები. ისინი გვიჩვენებენ სამეწარმეო კონკურენციასა და მის სახელმწიფოებრივ რეგულირების სხვადასხვა დონეებს. დიაგრამებზე B-თი აღნიშნულია მათი თანაშეფარდების ცენტრი.
#1 დიაგრამაზე ასახულია პირველყოფილი, ადრეული საბაზრო ეკონომიკის მოდელი, როდესაც მთელი შექმნილი ზედმეტი პროდუქტი რჩება საწარმოებში (თ1 = თ, ხოლო თ2 = 0), ასეთ დროს სახელმწიფოს არა აქვს რესურსები მეწარმეობის რეგულირებისთვის, ბატონობს კონკურენცია, თავისუფალია ფასწარმოქმნა და სახელმწიფო, როგორც ა. სმიტი ამბობს, მხოლოდ “ღამის დარაჯის” როლს ასრულებს.
#2 დიაგრამა ასახავს პირველი დიაგრამის საწინააღმდეგო სიტუაციას (ე.ი. მეორე უკიდურესობას), როდესაც მთელი ზედმეტი პროდუქტი სახელმწიფოს ხელშია (თ2 = თ, თ1 = 0), რის შედეგადაც ეკონომიკის სახელმწიფო რეგულირება გააბსოლიტებულია. ეს, ფაქტობრივად, არის დირექტიულ-მბრძანებლობითი ეკონომიკა, ანუ ის, რაც იყო ყოფილ საბჭოთა კავშირში. ასეთ დროს საწარმოებს აღარა აქვთ სახსრები რეალური დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად. აღარ არსებობს კონკურენციაც.
#3 დიაგრამაზე მოცემულია “50 : 50”-ის მოდელი. ამ მოდელით მუშაობის დროს ქვეყანაში შექმნილი ზედმეტი პროდუქტის 50% საწარმოებს რჩებათ, დანარჩენი 50% კი სახელმწიფოს გადაეცემა. მას თანასწორ მოდელს უწოდებენ (თ1 =50% თ2 = 50%.), ეს მოდელი (მცირეოდენი გადახრებით) ბატონობს ამჟამად განვითარებულ ქვეყნებში მაგ. აშშ-ში (თ1 = 55%, თ2 = 45%), შვედეთში (თ1 = 44%, თ2 = 56%-ს), ჩინეთში (თ1=43%, თ2 = 57 %-ს) და ა.შ. თუმცა, არიან ქვეყნები (მაგ. კორეა, ტაივანი, თურქეთი), რომლებშიც საწარმოთა წილი ზედმეტ პროდუქტში უფრო მეტი – თითქმის 80%-ია.
რადგან საზოგადოების ეკონომიკური განვითარების მოდელს, მნიშვნელოვანწილად ზედმეტი პროდუქტის განაწილების სქემა განსაზღვრავს, არ უნდა შეგვექმნას იმის ილუზია, რომ ამ სქემის შეცვლა ძალიან იოლია. პირიქით, იგი წინააღმდეგობებით სავსე, რთული და ძნელი პროცესია. სახელმწიფოს მუდმივად დიდძალი სახსრები სჭირდება (არმიის, პოლიციის, ადმინისტრაციული ორგანოების, ეკოლოგიური ღონისძიებების, კულტურის, ხელოვნების, სამეცნიერო აღმოჩენათა და სხვათა დასაფინანსებლად) და მათ მოპოვებას ცდილობს გადასახადებით. ეს არის მისი წილი ქვეყანაში შექმნილ ზედმეტ პროდუქტში (თ2). მეწარმისთვის კი არსებობს გადასახადების რაღაც ზღვარი, რომლის იქით იგი ვეღარ იხდის გადასახადებს და/ან ჩრდილოვან ეკონომიკაში გადაინაცვლებს, ანდაც, საერთოდ დახურავს საწარმოს. ეს დიდ დაპირისპირებას იწვევს ქვეყნის მთავრობასა და მეწარმეთა ფენას შორის. ამიტომ ზედმეტი პროდუქტის განაწილების ზემოთდასახელებული სქემის შეცვლა არც ისე იოლია.
ასეთი მდგომარეობაა ამჟამად საქართველოში. მისი მეწარმეთა 50% (ზოგიერთი გამოკვლევით 70%) არალეგალურად მუშაობს და ეს ხდება იმიტომ, რომ ქვეყანაში შექმნილი ზედმეტი პროდუქტის, თითქმის 85% ოფიციალური და არაოფიციალური გადასახადების სახით საწარმოებიდან გადის და მათ, მხოლოდ 15% რჩებათ. ეს იწვევს მეწარმეთა დიდ უკმაყოფილებას, აპათიას, მთავრობისადმი უნდობლობას და ა.შ.
საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობაში 200-ზე მეტი ცვლილება და დამატება შევიდა, მაგრამ იგი მაინც არ არის მეწარმეთათვის მისაღები. საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის სრულყოფისადმი მიძღვნილ ერთ-ერთ დიდ ფორუმზე, საქართველოს ყოფილმა ფინანსთა მინისტრმა თავისი გამოსვლა ასე დაიწყო – “ნურავის ეგონება, რომ საგადასახადო კოდექსი არის მასტიმულირებელი დოკუმენტი, ეს არის ფისკალური დოკუმენტიო”. ასეთი აზროვნება ქვეყნისთვის დამღუპველია. საგადასახადო კოდექსი უპირველესად და უმთავრესად მეწარმეობის მასტიმულირებელი უნდა იყოს. ამის შედეგად გაიზრდება და გაფართოვდება საგადასახადო ბაზა და შესრულდება კოდექსის ფისკალური ფუნქციაც. სამწუხაროდ, მინისტრები იცვლებიან, მაგრამ საგადასახადო კოდექსი მაინც მხოლოდ ფისკალურ დოკუმენტად რჩება.
მეორე მხრივ, თუ საკითხს სახელმწიფოს პოზიციიდან შევხედავთ, დავინახავთ, რომ მას ფულადი სახსრების ისეთი მუდმივი კატასტროფული ნაკლებობა აქვს, რომ იძულებულია აქცენტი მოკლევადიან ეფექტებზე გააკეთოს (მეწარმეობის სტიმულირება მას ასეთ ეფექტს ვერ მისცემს). მაშასადამე, შექმნილია ჩაკეტილი წრე: თუ საქართველოს მთავრობა გადასახადებს შეამცირებს, მაშინ სად იშოვოს სახსრები საერთო-სახემწიფოებრივ ღონისძიებათა დასაფინანსებლად, ხოლო თუ არ შეამცირებს, მაშინ როგორ გადაიხადონ იგი მეწარმეებმა?
ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვანი პასუხის გაცემა ძნელია. ყველაზე საუკეთესო იქნებოდა, რომ მსოფლიოში არსებობდეს რაღაც საერთაშორისო ორგანო, რომელიც ყველა ქვეყნისთვის, რომლებიც ახლა იწყებენ საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლას, მისი პირობებიდან გამომდინარე, დაამუშავებდა ეკონომიკის ოპტიმალურ მოდელს, რადგანაც ამ მოდელის შესაქმნელად თითოეულ ქვეყანაში იმდენი ფაქტორია გასათვალისწინებელი, რომ ეს სამუშაო ერთი და ორი მეცნიერის ძალებს აღემატება.
ამის მიუხედავად, ჩვენი ახლანდელი ვარაუდი ამ საკითხში, ზედმეტი პროდუქტის განაწილების თითქმის თანასწორ ვარიანტზე ჩერდება. ეს ვარიანტი არის “60 : 40” (თ1 = 60 %, თ2 = 40 %).
ნახაზზე იგი ასე გამოისახება:
შინ სახელმწიფო ბიუჯეტი მიიღებს ქვეყანაში შექმნილი ზედმეტი პროდუქტის არა 85%-ს, არამედ მხოლოდ 40%-ს. ეს, რა თქმა უნდა, დიდი დარტყმა იქნება საქართველოს ისედაც მწირი ბიუჯეტისთვის, მაგრამ თუ ეს ღონისძიება ეტაპობრივად განხორციელდება, მაშინ იგი აღარ იქნება ისე მტკივნეული.
კერძოდ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ პირველ ეტაპზე, გადასახადები შეუმცირდეთ მხოლოდ მცირე საწარმოებს, რადგანაც მათი წილი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებში ამჟამად არ არის მაინცდამაინც მნიშვნელოვანი. სამაგიეროდ, მათთან გადასახადების შემცირება გამოიწვევს ფარულად მომუშავე მცირე საწარმოთა ლეგალიზაციას, სტიმული მიეცემა ახალ მცირე საწარმოთა გახსნას, არსებული მცირე საწარმოებიც ფინანსურად გაძლიერდებიან და დაიწყებენ მოგების რეინვესტიციას. ყოველივე აქედან ბიუჯეტს იმდენი შემოსავალი შემოუვა, რომ იგი გადაფარავს გადასახადების შემცირებით გამოწვეულ ზარალს.
მეორე ეტაპზე, ყურადღება უნდა გამახვილდეს საშუალო და მსხვილ მეწარმეთა გადასახადების შემცირებაზე. ეს ეტაპი უნდა დაიწყოს მაშინ, როცა პირველი ღონისძიება დაიწყებს შედეგის მოცემას (გაფართოვდება მცირე მეწარმეობის დასაბეგრი საგადასახადო ბაზა და მათი წილი ბიუჯეტის შემოსავლებში მნიშვნელოვანი გახდება). ამ შემთხვევაში, საშუალო და მსხვილი ბიზნესისათვის გადასახადების შემცირებით გამოწვეულ ზარალს ბიუჯეტს მცირე მეწარმეობიდან შემოსული გადასახადები გადაუფარავს და, ფაქტობრივად, სახელმწიფო ამ დიდი, მეწარმეობის მასტიმულირებელი ღონისძიებით არაფერს დაკარგავს.
ეკონომიკის ჩვენს მიერ რეკომენდებული მოდელი, რომელიც ეფუძნება ზედმეტი პროდუქტის “60 : 40” განაწილებას, ქვეყანას 8-10 წელიწადში შეიყვანს ცივილიზებულ საბაზრო ურთიერთობათა სამყაროში.
ჩვენი წინადადება აბსტრაქტული არ არის. იგი ეფუძნება ჩინეთის მაგალითს. ჩინეთმა უკვე 1986 წელს, მოგების 43% დაუტოვა საწარმოებს (შედარებისთვის: 1978 წელს უტოვებდნენ 3-4%-ს) და ამით მათ თვითდაფინანსების პრობლემა მთლიანად მოუხსნა. შედეგად, დაჩქარდა ტექნიკური პროგრესი და მთელ რიგ პროდუქციათა წარმოებით (ელენერგია, ტელევიზორები, ცემენტი, ბამბის ქსოვილები და სხვა). ჩინეთი მსოფლიოში პირველ ოთხეულში მოხვდა. კიდევ უფრო დიდი წარმატებები აქვს ჩინეთს დღეისათვის. ამას მან მიაღწია მოგების განაწილების (“43 : 57”) მოდელზე გადასვლით.