ქვეყნის განვითარებისა და სოცილური სტაბილურობისათვის სახელმწიფოს როლი მალროეკონომიკურ რეგულირებაში
დ. ვეკუა, ეკ. მეცნ. კანდიდატი
იმ უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ამოცანებიდან, რომელიც საქართველოს უახლოეს მომავალში აქვს გადასაწყვეტი, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია სოციალური თანხმობისა და სტაბილურობის მიღწევა.
სოციალური სტაბილურობის სტრატეგია პირველ რიგში, უნდა ეფუძნებოდეს იმ მაკროეკონომიკურ გარდაქმნათა მამოძრავებელ ძალას, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს და, რაც ძალზე მნიშვნელოვანია, გამოყენებულ უნდა იქნეს ყველა, თუნდაც უმნიშვნელო დადებითი შედეგი, რაც უკავშირდება ამ ძალის გამოყენების მოტივაციას.
ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ამის განხორციელება შეუძლებელი იქნება, თუ არ გაძლიერდა სახელმწიფოს როლი (როგორც მაკროეკონომიკური რეგულატორის), სოციალური სტაბილურობისა და ეკონომიკური ზრდის კონკრეტული პროცესების რეალიზაციის დაჩქარების უზრუნველყოფის საქმეში.
კითხვა, თუ სად უნდა გადიოდეს საზღვარი სახელმწიფოსა და საბაზრო ურთიერთობებს შორის, უწყვეტი განხილვისა და კამათის საგანს წარმოადგენს, თუმცა, ყველასათვის ნათელია ერთი რამ – რადგან საბაზრო ურთიერთობებს ალტერნატივა არა აქვთ, უკვე აღარ არსებობს წარსული, როგორც მომავლისათვის მისაღები ვარიანტი.
მაკროეკონომიკური რეგულირების ფუნქცია, სხვა უამრავი ფაქტორების გათვალისწინებით, ოთხ ძირითად პრიორიტეტს უნდა ითვალისწინებდეს. მათგან პირველია – სახელმწიფო-საბიუჯეტო კრიზისის დაძლევა. მეორე – სახელმწიფო დახმარებების გაცემის აუცილებლობა იმ მოქალაქეებზე, რომლებმაც დაკარგეს შემოსავლის წყარო. (ასეთი შეიძლება იყოს დროებითი ან მყარი შრომისუუნარობა, უმუშევრობა და სხვა.) მესამე – ქვეყანაში განსახელმწიფოებრიობისა და პრივატიზაციის (და არა ეგრედწოდებული “პრიხვატიზაციის”) გონიერი პოლიტიკის გატარება. მეოთხე – განაწილების სფეროში სოციალური სამართლიანობის პრინციპების დამკვიდრება, რადგან ამის გარეშე მხოლოდ ბაზარი ვერ უზრუნველყოფს ცალკეული მოქალაქეების მიზნების თანხვედრას სახელმწიფო ინტერესებთან.
ბევრი ცნობილი სპეციალისტი სვამს კითხვას – უნდა იყოს კი ეკონომიკური პოლიტიკა სოციალური სამართლიანობის პრინციპებთან ჰარმონიზირებული? ამ კითხვაზე, რა თქმა უნდა, ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს, რადგან სამართლებრივ მცნებაში ხშირად სხვადასხვა შინაარსი იდება, ასევე საზოგადოების განვითარებასთან ერთად წარმოდგენები იცვლება. იგი ყალიბდება რთული სოციალური და კულტურული განვითარების ზეგავლენის ქვეშ. მაგრამ, ერთი რამ ცხადია, მოქალაქეებს სახელმწიფო სჭირდებათ არა მარტო იმისათვის, რომ ისინი ფიზიკურად იყვნენ დაცულნი, ასევე იმისათვის, რომ სახელმწიფო ზრუნავდეს მოსახლეობის სოციალურ უზრუნველყოფაზე.
სახელმწიფოს მხრიდან სოციალური სტაბილურობის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა, გატარდეს ისეთ ღონისძიებათა კომპლექსი, რომელიც დააბალანსებს სახელმწიფოს შემოსავლებსა და გასავლებს, ფულად-საკრედიტო პოლიტიკას, შეზღუდავს ბიუჯეტის სოციალური სექტორის “ფეთქებადსაშიშ” ზრდას. ასეთი პრობლემების არსებობის გამო, როგორც უკანასკნელი წლების ანალიზი გვიჩვენებს, პოსტსაბჭოურ ქვეყნებში (მათ შორის საქართველოშიც) მთავრობები დემოგრაფიული და სოციალური პრობლემების გადაწყვეტის მიზნით, სულ უფრო დიდ ძალისხმევას მიმართავენ ეროვნული ეკონომიკის შიგნით, სოციალურ სექტორზე ტრანსფერების და სუბსიდიების ფორმით ფულის გადანაწილებაზე.
თუმცა, ეს მოვლენები გამოსაკვლევია და საჭიროა, საბოლოო ჯამში, აქცენტი მაინც საზოგადოებრივი დოვლათის ზრდაზე გაკეთდეს.
მაკროეკონომიკური სტაბილურობის მიღწევა შეუძლებელი იქნება, თუ საგრძნობი ეფექტი არ იქნა მიღებული ეკონომიკის ზრდის თვალსაზრისით. ამიტომ საჭიროა, რომ სწორედ ფულად-საკრედიტო და საბიუჯეტო პოლიტიკა მიმართული იყოს ინფლაციის თუნდაც დღეს არსებული მდგომარეობის (5% ფარგლებში) შენარჩუნების მიმართულებით.
ფასებისა და სავალუტო კურსის სტაბილურობა უნდა იყოს მდგრადი და თანაბარზომიერი განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა. ამ პროცესს ხელი უნდა შეუწყოს ზომიერად მკაცრმა ფულად საკრედიტო და გონივრულმა საბიუჯეტო პოლიტიკამ. ფულის მასის ზრდა შესაბამისობაში უნდა იქნეს მოყვანილი ფასების სტაბილურობის მიზნებთან, რასაც, თავის მხრივ, ხელი უნდა შეუწყოს ბიუჯეტის დეფიციტის დაფინანსების მიზნით, ეროვნული ბანკის გრძელვადიან კრედიტებზე უარის თქმამ.
საბიუჯეტო პოლიტიკა შესაბამისობაში უნდა მოვიდეს, როგორც გრძელვადიან, ისე საშუალო ვადიან მიზნებთან. იგი ხელს შეუწყობს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებას და დააკმაყოფილებს სიღარიბის დაძლევის პროგრამის მოთხოვნებს. საბიუჯეტო კრიზისის დაძლევა უნდა მოხდეს შემოსავლების მობილიზების გაუმჯობესების ხარჯზე, რაც უნდა უზრუნველყოს საგადასახადო სამსახურში დაწყებული რეფორმის გაგრძელებამ და საბაჟო სამსახურში კარდინალური რეფორმების დაწყებამ.
დღეს არა მარტო ჩვენთან, არამედ, მთელს მსოფლიოში საკმაოდ სერიოზული კამათი და აზრთა სხვადასხვაობაა სოციალურ-ეკონომიკურ პროცესებში სახელმწიფოს აქტიური ჩარევის საკითხში. რევიოზია უტარდება ეგრედწოდებულ “მარშალის გეგმას”, “სახელმწიფო რეგულირების კეინსის თეორიას” და სხვა; თუმცა, სად არის ამ რეგულირების ოპტიმალური ზღვარი და რა დოზით უნდა მონაწილეობდეს სახელმწიფო საზოგადოებრივი ცხოვრების რეგულირებაში, ვფიქრობთ, მზა რეცეფტები არ არსებობს და ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტული ქვეყნის, ისტორიული განვითარების, გეოპოლიტიკური მდგომარეობის და სხვა უამრავ ფაქტორზე, რაც მხოლოდ ინდივიდუალური, ამ ქვეყნისთვის დამახასიათებელი სპეციფიკიდან გამომდინარეობს.
პოსტსაბჭოური ქვეყნებისათვის სოციალური სტაბილურობის უზრუნველყოფა სახელმწიფოს აქტიური ჩარევის გარეშე წარმოუდგენელია. თუმცა, არ არსებობს გარანტია იმისა, რომ ეკონომიკაში გაუაზრებელი ჩარევის შედეგად განხორციელებული სამთავრობო “ინტერვენცია” სასარგებლო იქნება საზოგადოებისათვის. ასეთ შემთხვევაში, წარუმატებლობის შედეგების მასშტაბები არანაკლებ რთული იქნება, ვიდრე ის სირთულეები, რომლებიც საბაზრო ეკონომიკის თანხვედრია. ამოცანა მდგომარეობს იმაში, რომ ზემოქმედების პროცესები და სახელმწიფო სტრუქტურები ქმნიდნენ ისეთ მოტივირებულ გარემოსა და ფონს, რომ სახელმწიფოს ჩარევა რეალურად უზრუნველყოფდეს საზოგადოების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ისე, რომ სახელმწიფოს მაკროეკონომიკური რეგულირების რაოდენობრივი ფუნქციები შეიცვალოს ხარისხობრივი აქცენტებით. ამ აქცენტების შეცვლის არსი იმაში მდგომარეობს, რომ სახელმწიფომ თავისი საქმიანობის ვექტორი უნდა მიმართოს არა იმისაკენ, რისი გაკეთებაც უნდა, არამედ იქითკენ, რეალურად, რისი გაკეთებაც ისტორიის კონკრეტულ მონაკვეთზე შეუძლია, ინსტიტუტებისა და სახელმწიფო სტრუქტურების საქმიანობის ოპტიმიზაციის ხარჯზე.
საქართველოში ინსტიტუციონალური სრულყოფის აქცენტები პირობითად შეიძლება შემდეგნაირად ჩამოყალიბდეს:
– სახელმწიფო მმართველობითი რეფორმა;
– სტრუქტურული რეორგანიზაცია;
– უფლებამოსილებების, მიზნების, ამოცანების მკაფიო განსაზღვრა;
– ბიუროკრატიული აპარატის შემცირება;
– შრომის ანაზღაურების ოპტიმიზაცია (რეორგანიზაციის საფუძველზე);
– მიზნობრივი პროგრამული დაფინანსება;
– კორუფციის და ჩრდილოვანი ეკონომიკის დაძლევის მიზნით, დასახული ღონისძიებების განხორციელება.
დღეს, როდესაც ჯერ კიდევ დიდია სახელმწიფო სექტორის წილი ქართულ ეკონომიკაში, საჭიროა საინვესტიციო საქმიანობის ხელის შეწყობა არა მარტო კერძო სექტორებში, არამედ რაც აგრეთვე ძალზედ მნიშვნელოვანია – სახელმწიფო სექტორში ინვესტიციების მოზიდვის და დაფინანსების უზრუნველყოფა. ამ სექტორში მდგომარეობის ანალიზი ცალსახად გვარწმუნებს, რომ პრობლემები არა მარტო ტექნიკური ხასიათისაა, არამედ, უკავშირდება სუსტ მენეჯმენტსაც. სწორედ ამიტომ აუცილებელია ზარალიანი საწარმოების გაკოტრება ან პრივატიზაცია, რათა სუსტი ადმინისტრაციის ნაცვლად, საწარმო გადავიდეს მოქნილ და მოგებაზე ორიენტირებული ხელმძღვანელების ხელში.
ეკონომიკის ზრდას ხელი უნდა შეუწყოს კერძო სექტორში სახელმწიფოს უხეში ჩარევის შეზღუდვამ. კერძოდ, მინიმუმ უნდა შემცირდეს ლიცენზიების, ნებართვების, სერტიფიკატებისა და სხვა ადმინისტრაციული ბარიერების რაოდენობა. დარჩენილი ლიცენზიების გაცემა უნდა ხდებოდეს სრული გამჭვირვალობის პირობებში, რათა მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევები. თუ თვალს გადავავლებთ ამ მიმართულებით სამინისტროების საქმიანობას, ცალსახად დავინახავთ, რომ დიდია მცდელობა სხვადასხვა ფორმით (ძირითადად, ეს კონტროლის ფორმით შემოიფარგლება) ჩაერიონ ეკონომიკის მართვის პროცესში.
აშკარაა, რომ ქვეყანაში ამჟამად არსებული კონტროლის სისტემა გაუმართავია და საკონტროლო უფლებამოსილებას უამრავი სახელმწიფო, საუწყებათშორისო, საუწყებო და დარგობრივი სტრუქტურა, აუდიტორული ფირმა თუ კერძო აუდიტორი ახორციელებს. შედეგად, ადგილი აქვს გაუთავებელ და უშედეგო შემოწმებებს. მაკონტროლებელი ორგანოების სიმრავლე და პარალელიზმი ხელსაყრელ პირობებს უქმნის ბიუროკრატიულ განუკითხაობას, ნიადაგს უქმნის კორუფციის განვითარებას.
დღეს, საქართველოში არსებული ეკონომიკური სფეროს ძველი სტრუქტურების რღვევისა და ახალი სისტემების შექმნის პირობებში, მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის არსებული სისტემა სრულიად არაადაპტირებული აღმოჩნდა ახალ ეკონომიკურ გარემოსთან და ვეღარ პასუხობს თანამედროვე საბაზრო ეკონომიკისათვის დამახასიათებელ მოთხოვნებს. ასეთ ვითარებაში, სახელმწიფო მარჩენალის ფენომენით, დაუპირისპირდა ქვეყნის ეკონომიკას, ამის გამო, სულ უფრო ძნელდება ისედაც მწირი პენსიებითა და დახმარებებით მოსახლეობის უზრუნველყოფა. ხელფასი, როგორც დაბეგვრის ობიექტი, კარგავს თავის სოციალურ და ფისკალურ ფუნქციას, იზრდება სახელმწიფო ბიუჯეტის დეფიციტი, მცირდება მაღალი შრომითი ანაზღაურებით დასაქმების მოტივაცია და საწარმოო ტექნოლოგიების გაუმჯობესების პირადი ინტერესი.
სოციალური უზრუნველყოფის სფეროში არსებული საკანონმდებლო და ინსტიტუციონალური შეუსაბამობა, შობადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელთა დაახლოება, მოსახლეობის საშუალო ასაკის ზრდა, მოხუცებულთა მოვლის ტრადიციული, ოჯახური ფორმების მოშლა, მასობრივი უმუშევრობა და მიგრაცია ის უმნიშვნელოვანესი საკითხებია, რომელთა სერიოზული ანალიზისა და შესწავლის გარეშე, შეუძლებელია ჩამოყალიბდეს ქვეყანაში სოციალური დაზღვევის სისტემის განვითარების ახალი რეკომენდაციები.
ყველასათვის ნათელია, რომ საქართველოში ამჟამად მოქმედ საპენსიო სისტემას მომავალი არა აქვს. მოსაზრებათა მრავალალტერნატიულობის პირობებში ჯერაც არ არის ჩამოყალიბებული რეფორმის მწყობრი კონცეფცია: მიმართულება, ვადები დამქირავებელსა და დაქირავებულს შორის შენატანების ტარიფების გადანაწილების პროპორციები, საორგანიზაციო სტრუქტურა, სისტემის კონტროლისა და მართვის. პოლიტიკოსები, სპეციალისტები, ხელისუფლების წარმომადგენლები აქცენტს აკეთებენ რეფორმის ცალკეულ დეტალებზე, რაც ხელს უშლის სისტემის მთლიანობაში გააზრებასა და აჭიანურებს საპენსიო სტრატეგიის ჩამოყალიბებას. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო დროს, ამ მიმართულებით შეინიშნება პოზიციების დაახლოების ტენდენციაც. საპენსიო სისტემაში შექმნილმა მდგომარეობამ დაგვანახა, რომ საჭიროა ჩატარდეს მისი სრული რეფორმა, რომელიც გულისხმობს სისტემაში არსებული მიდგომის ფუნდამენტურ შეცვლას და მის ორგანიზაციულ სრულყოფას, დროის მოკლე ვადებში სწრაფი და მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევის მიზნით.
პერსონიფიცირებული აღრიცხვა საპენსიო სისტემის რეფორმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია. საპენსიო სისტემაში აღრიცხვის ახალი საპენსიო სისტემის დანერგვამ შესაძლებელი გახადა ქვეყანაში ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის გადაწყვეტა, როგორიცაა სადაზღვევო შენატანების დარიცხვის სისწორის განსაზღვრა. პრაქტიკამ დაგვანახა, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ამუშავდა პერსონიფიცირებული აღრიცხვის სისტემა, დარიცხვათა ცდომილებამ, დაახლოებით 14% შეადგინა. ეს საკმაოდ დიდი რეზერვია და ფისკალური თვალსაზრისით, სოციალური ბიუჯეტის შევსების მნიშვნელოვანი წყარო იქნება. პერსონიფიცირებული აღრიცხვის სისტემის მონაცემების ბაზა ხელს უწყობს ქვეყანაში პენსიების დიფერენცირებულად დანიშვნის ამოქმედებას, ე.ი. პენსიების ოდენობის განსაზღვრას სადაზღვევო შენატანებისა და სტაჟის მიხედვით. პერსონიფიცირებული აღრიცხვის სისტემით, პირველად საქართველოში შესაძლებელი გახდება პენსიების დანიშვნის ფორმულის გამოყენება, რაც თავიდან აგვაშორებს მოსალოდნელ შეცდომებსა და უზუსტობებს.
პერსონიფიკაციას მორალურ-ეთიკური ასპექტიც გააჩნია, რაც ნიშნავს მოქალაქის საპენსიო უფლებების დაცვას – ინდივიდუალური პერსონიფიცირებული ნომერი მისი პენსიით უზრუნველყოფის გარანტი გახდება. საპენსიო სისტემის რეფორმის დროს მნიშვნელოვანია მოსახლეობის საპენსიო მოტივაციების საკითხი, რადგან დასაქმებულთა და დაქირავებულთა ინტერესების სწორი შეხამებით შესაძლებელი იქნება შენატანების ოდენობის განაწილება, სადაზღვევო სისტემაში მონაწილე სუბიექტების რაოდენობის ზრდა (მხედველობაში გვყავს ფერმერები, ინდივიდუალური მეწარმეები და სხვა თვითდასაქმებულები) და, რაც მთავარია, შრომის ანაზღაურების სისტემის ლეგალიზაციის ეკონომიკური საფუძვლის შექმნა.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ცუდად შემუშავებულმა სქემამ (ამის ბევრი მაგალითი გვაქვს საქართველოში) და სტრატეგიამ, შესაძლოა მაახდინონ რეფორმის დისკრედიტაცია მანამ სანამ იგი დაიწყება.