ქართული ბანკების საიდუმლოებანი
ეკა ლომიძე
2003 წელს ქართულ საბანკო სისტემაში მნიშვნელოვან ძვრებს არ ელოდებიან. საბანკო სფეროში გასულ წელს ნაყოფიერსა და წარმატებულს უწოდებენ. ამ პერიოდის განმავლობაში დაიხვეწა საკანონმდებლო ბაზა და უფრო სრულყოფილი გახდა, კადრების მომზადების დონე გაუმჯობესდა, აქტივობა მნიშვნელოვნად გაჯანსაღდა, გაიზრდა ვალდებულებები, ყოველივე აქედან გამომდინარე საბანკო სისტემა გაუმჯობესდა.
ტარიელ გვალია (“თბილუნივერსალ ბანკის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე) – 2003 წლის შესახებ მსჯელობას ვერ დავიწყებთ, თუ გასულ წელს არ შევეხებით და არ მიმოვიხილავთ. 2002 წელი თავისი გადაჭრილი თუ გადაუჭრელი საკითხების მიუხედავად, მნიშვნელოვანი და წარმატებული იყო, როგორც სისტემისთვის, ისე ჩვენი ბანკისთვის. მაგალითად, ჩვენი პორთფელი 9 მლნ-დან 13 მლნ-მდე გაიზარდა, აქტივები 16 მლნ-დან – 20-მდე, ვალდებულებები 11 მლნ-დან – 14-მდე, ამავე დროს, რაც მნიშვნელოვანია, შემცირდა რეზერვების ნორმა. ბევრია კრედიტი, რომელიც რუსეთის კრიზისის შემდეგ ჩვენს საბანკო სისტემაში დარჩა, მათ შორის, აქტივებსა და პორთფელშიც. ის კრედიტები, რომლებიც სოფლის მეურნეობასთან იყო დაკავშირებული, საბოლოოდ ჩამოიწერა. ზემოთ ჩამოთვლილი კრედიტებიდან უმეტესს 2001 წელსაც იგივე ბედი ეწია. 2002 წელს კი სისტემა რეალურად განთავისუფლდა მსგავსი პორთფელისაგან. 2003 წელს იმედი გვაქვს და დარწმუნებული ვართ, გაგრძელდება როგორც სისტემის ზრდა და გაჯანსაღება, ასევე ახალ პროდუქტებზე გადასვლა. კონკურენცია ბანკებს უკვე კარნახობს, რომ დეპოზიტი და კრედიტი ერთი და ორი სახის კი არა, დივერსიფიცირებული იყოს.
რა სიახლეს სთავაზობთ მომხმარებელს ამ კუთხით?
თუ ადრე კრედიტები მოკლევადიანი იყო და ვაჭრობის სფეროზე გაიცემოდა, დღეს სხვაგვარადაა. სამომხმარებლო კრედიტების ბაზრის წილი მნიშვნელოვნად იზრდება. 2002 წლის ბოლოს სამომხმარებლო სესხებმა 10%-ს მიაღწია. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი მოქალაქეები უფრო გადამხდელუნარიანები, მსყიდველობითუნარიანები გახდნენ. ბანკები გასცემენ სამომხმარებლო სესხებს სწავლების, ბინის კეთილმოწყობის, ტექნიკის თუ მანქანის შეძენის მიზნით. მიიჩნევა, რომ თუ ქვეყანაში რაიმე სასიკეთო ხდება, სამომხმარებლო კრედიტების წილი უნდა იზრდებოდეს.
საბანკო სისტემაში კერძო პირებზე კრედიტების გაცემის დიდი პროცენტული მაჩვენებელია, მაგრამ ეს არის არა სამომხმარებლო კრედიტები, არამედ, ჩრდილოვანი ეკონომიკის, ასე ვთქვათ, ანარეკლი – სესხების დიდი ნაწილი, რომელიც ბიზნესში ბრუნავს, გაცემულია კერძო პირებზე. თბილისის რამდენიმე ცნობილ საფირმო მაღაზიასთან დავგეგმეთ განვადებით გაყიდვები. ეს, რა თქმა უნდა, წინ გადადგმული ნაბიჯია, ისევე როგორც ელექტრონული ბანკინგი, რომელიც ახლა ძალიან “მოდაშია”. როცა კლიენტი ოფისიდან გაუსვლელად თავის ანგარიშს მართავს, ეს გარკვეული რისკიც არის, მაგრამ მგლის შიშით ცხვარი ვის გაუწყვიტავს? სიახლეა სადეპოზიტო პორთფელთან მიმართებაშიც. შარშან სესხებზე საშუალო საპროცენტო მაჩვენებელი 23% იყო, წელს ჩვენი ბიუჯეტის მიხევით, 21% იქნება. ანუ სესხები იაფდება. წლიური 2% უკვე ძალიან მნიშვნელოვანია, იზრდება ვადებიც. თუ შარშან ვადა 23 თვე იყო, წელს – 26-ია. ადრე თუ სესხები დათქმული ვადის მიწურულს იფარებოდა, ახლა – ყოველთვიურად, ნაწილ-ნაწილ. ვალდებულებების ნაწილში კლიენტები სხვადასხვანაირ პროდუქტს ითხოვენ. ადრე იყო 3, 6 და 12 თვიანი დეპოზიტები, ახლა კი, ყოველთვიური. არის დაგროვებადი დეპოზიტები, როდესაც ყოველთვიურად შეგიძლიათ დანაზოგები დაამატოთ თქვენს ანგარიშს, რომელსაც პროცენტიც დაერიცხება. არსებობს განხარჯვადი ანუ კლებადი დეპოზიტები და საბავშვო ანაბარი.
რაც შეეხება ეროვნულ ბანკთან ურთიერთობას, იგი ცდილობს გაატაროს დამოუკიდებელი პოლიტიკა, რამდენადაც ეს ჩვენს ქვეყანაში შესაძლებელია. მთავრობა ცდილობს არამართებულად არ “დააწვეს” ეროვნულ ბანკს, რისი პირდაპირი მექანიზმიც მთავრობას არ აქვს, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში არსებობს არაპირდაპირი მექანიზმებიც. თუმცა მთავრობის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ იგი ნაკლებად ცდილობს, ცენტრალურ ბანკს ემისიური ფული გამოაშვებინოს. ლარი სტაბილურობას ინარჩუნებს, მაგრამ არის პრობლემა, რომლის წინაშეც ჩვენ აღმოვჩნდებით – ქვეყნის გადამხდელუნარიანობის საკითხი, ანუ ქვეყნის მთლიანი ბალანსი. დღეს საგარეო ვალებს ვისტუმრებთ, მაგრამ 3-5 წლის შემდეგ თუ ვერ მოვახერხეთ რომელიმე მძიმე ვალის რესტრუქტურიზაცია, ლარით და იმ მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლით, რაც გვაქვს, საგარეო ვალებს ვერ მოვემსახურებით.
სიახლეების თვალსაზრისით, 2003 წელს “თბილუნივერსალბანკი” შეემატება იმ ქართული ბანკების რიცხვს, რომლებიც საკრედიტო ბარათებს უშვებენ. დღეს ვემსახურებით მხოლოდ სხვა ბანკების მიერ გამოშვებულ საკრედიტო ბარათებს, რაც ძვირი სიამოვნებაა. ბაზარი არის პატარა და პროდუქცია – ძვირი, ქართულ სინამდვილეში ის მომგებიანი არ არის. მაგრამ სხვა საკითხია, რომ საკრედიტო ბარათი უნდა გვქონდეს როგორც საბანკო პროდუქტი. სადეპოზიტო ან საკრედიტო პროდუქტები თანაბრად არ იყიდება. თუკი რომელიმე პროდუქცია 50%-ით იყიდება ეს იმას არ ნიშნავს, რომ დახლზე მხოლოდ ეს ერთი პროდუქცია უნდა იყოს. აუცილებელია სხვადასხვა პროდუქტი, ყველას თავისი კლიენტი გამოუჩნდება.
რაც შეეხება ფილიალების გახსნას, ჯერჯერობით, არ ვგეგმავთ, რადგან ყოველ წინა წელს ჩვენ თითო ფილიალი გავხსენით, ამავე დროს ვხსნით სათაო ფილიალს. იმ ოფისს სადაც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, ორივე ფუნქცია აქვს – სათაო და ფილიალის. კადრებთან დაკავშირებით, ბანკმა შარშანდელი წელი 45 თანამშრომლით დაიწყო, დღეს კი 90 თანამშრომელი გვყავს. შეიცვალა საკადრო პოლიტიკა და ანაზღაურების მოტივაციის სისტემა.
ვახტანგ ბუცხრიკიძე (თBჩ ბანკის პრეზიდენტი) – 2003 წელს ბანკი არ აპირებს იმ პოზიციების დათმობას, რომელსაც მიაღწია თავისი ხანგრძლივი მუშაობის შედეგად. 2002 წელს “ჯორჯიან თაიმსის” მიერ “თიბისი” ბანკი დასახელდა წლის საუკეთესო კომპანიად, ხოლო ჟურნალ “ბანკების” გამოკითხვის მიხედვით და ევროევარდის მიერ, საქართველოში 2002 წლის საუკეთესო ბანკად.
ფინანსური ნაწილიც საკმაოდ წარმატებული იყო. გვაქვს 190 მლნ ლარის აქტივები და ამით საქართველოში ყველაზე დიდ ბანკად ვითვლებით. იმიჯისა და ნდობის თვალსაზრისით, უფრო წინ ვდგავართ იმდენად, რამდენადაც ყველაზე მეტი დეპოზიტი ლოკალურად, საქართველოში ჩვენს ბანკშია აკუმულირებული და იგი მთელი ბაზრის, დაახლოებით, 22%-ს შეადგენს, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია. 2002 წელს დავიწყეთ ვიზა-ბარათების გამოშვება და “ვიზას” ნამდვილი წევრები გავხდით. ჩვენი მიზანი, მისია, ხედვა და ძირითადი მიმართულება, კლიენტებისთვის ხარისხიანი და კომფორტული მომსახურების შეთავაზებაა. ხარისხი განისაზღვრება რამდენიმე მიმართულებით: ეს არის კომფორტი, რომლითაც კლიენტი იღებს ამ მომსახურებას, დროითი დანახარჯი და კვალიფიციური მომსახურება. გვინდა, რომ სამივე მახასიათებლითY პირველ ადგილზე ვიყოთ. 2002 წელი ამ მხრივ საკმაოდ წარმატებული იყო და გვინდა ეს ტენდენცია 2003 წელსაც გავაგრძელოთ. ამავე დროს, სურვილი გვაქვს, თანამედროვე ელექტრონულ მომსახურეობაზე ავიღოთ ორიენტირი. 2002 წლის ბოლოს დავნერგეთ ინტერნეტ-ბანკინგი. ბოლო ორი თვეა, რაც ჩვენთან ეს პროდუქტი არსებობს, მაგრამ ესეც დროს მოითხოვს, რათა გავაანალიზოთ, ვიდრე პროდუქტი მასობრივად გამოვა, ხარისხიანია თუ არა იგი, ამის შემდეგ უკვე შეიძლება დაიწყოს მასიური გაყიდვა. უპირატესობას ვანიჭებთ კერძო ბიზნესს. 2003 წელსაც იგივე ტენდენციას გავაგრძელებთ და ჩვენი ბიზნესის განვითარება დაკავშირებული იქნება კერძო კომპანიებთან და საერთაშორისო ინსტიტუტებთან.
რაც შეეხება ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობას, ეს არის ერთ-ერთი სახელმწიფო სტრუქტურა, რომლის მუშაობაც წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს. პრინციპში, ის ფულად-საკრედიტო პოლიტიკა, რომელსაც ეროვნული ბანკი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ახორციელებს, ქვეყნის ეკონომიკური სტაბილურობის ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელია, რა თქმა უნდა, გლობალური და სტრატეგიული კუთხით. როგორც საზედამხედველო და დაქვემდებარებულ კომპანიას შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, მაგრამ ისეთ დონეზე, რომ მოლაპარაკება და ოპტიმალურ გადაწყვეტილებამდე მისვლა შესაძლებლია.
საპროცენტო განაკვეთებზე რას იტყვით?
სესხებზე საპროცენტო განაკვეთები 2003 წელს ქართულ საბანკო სისტემაში მნიშვნელოვან ძვრებს არ ელოდებიან. საბანკო სფეროში გასულ წელს ნაყოფიერსა და წარმატებულს უწოდებენ. ამ პერიოდის განმავლობაში დაიხვეწა საკანონმდებლო ბაზა და უფრო სრულყოფილი გახდა, კადრების მომზადების დონე გაუმჯობესდა, აქტივობა მნიშვნელოვნად გაჯანსაღდა, გაიზრდა ვალდებულებები, ყოველივე აქედან გამომდინარე საბანკო სისტემა გაუმჯობესდა.
მაღალია. იმ შემთხვევაში, თუ მოხდება განაკვეთის შემცირება, ანუ ის რეზერვები, რომლებიც კომერციულ ბანკებს ეროვნულ ბანკში აქვთ განთავსებული, შემცირდება, მათ უფრო მეტი ლიკვიდური აქტივები გაუჩნდებათ. შესაბამისად, ეს სესხების საპროცენტო განაკვეთზეც მოახდენს გავლენას შემცირების თვალსაზრისით. შესაძლებელია 14%-დან საპროცენტო განაკვეთი 8%-მდე ჩამოვიდეს.
ამბობენ, რომ ეს ლარის გაუფასურებას გამოიწვევს.
თუ ცალსახად მხოლოდ ამას დავეყრდნობით და სხვა ღონისძიებას არ გავატარებთ, იმ შემთხვევაშიც კი არ ემუქრება ლარს საფრთხე. ეს პროცენტი მოგვყვება ისტორიულად 1998 წლიდან რუსეთის კრიზისის შემდეგ. ჩემი აზრით, სტაბილურობის დამყარებასთან და ბანკების რაოდენობის შემცირებასთან ერთად, ამ რეზერვის განაკვეთიც აუცილებლად უნდა შემცირდეს. შესაბამისად, ეს ფაქტორი კრედიტების საპროცენტო განაკვეთებს შეამცირებს, რაც მთლიანად ქვეყნის ეკონომიკაზე დადებითად იმოქმედებს.
მომავალში კარდინალურ ცვლილებებს არ ველოდებით, მაგრამ ბაზრის ზრდასთან შედარებით თBჩ ბანკის წილი და აქტივობა უფრო მზარდი იქნება. გვინდა, ისევ ერთ-ერთი ლიდერი ინსტიტუტი დავრჩეთ 2003 წელსაც. ფილიალების გახსნასთან მიმართებაში სულ სხვა პოლიტიკა გვაქვს. ჩვენი მიზანი არ არის საქართველოს მასშტაბით 30-50 ფილიალი გავხსნათ, რომელიც საკმაოდ დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული. ჩვენი მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიებით კლიენტამდე პირდაპირ მის ოფისში მივიდეთ და მათ მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ.
ვლადიმერ პატეიშვილი (“საქართველოს ბანკის” პრეზიდენტი) – 2003 წელს “საქართველოს ბანკის” ძირითადი მიზნების ჩამოყალიბება შემდეგნაირად შეგვიძლია: “საქართველოს ბანკმა”, როგორც ერთ-ერთმა ლიდერმა ბანკმა საქართველოში, უნდა განიმტკიცოს თავისი ადგილი, პოზიტიური და ძირითადი რაოდენობრივი პარამეტრებით კვლავ უნდა იყოს სამეულში. ჩვენი მუშაობა შემდეგი მიმართულებით განხორციელდება: შემოსავლიანი აქტივების წილის გაზრდა, მათი დივერსიფიკაციის გაღრმავება, ხარისხის სრულყოფა, საინვესტიციო აქტივების ამაღლება; მეორე მხრივ, იურიდიული პირების კლიენტების ბაზრის გაფართოება, უპირატესად მცირე და საშუალო ბიზნესის ხარჯზე; ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის პროექტის აქტიური მომსახურება, მაღალი საიმედოობა შესაბამისი ლიკვიდურობის უზრუნველყოფით. აგრეთვე, ვიმუშავებთ ეფექტიანობის მაჩვენებლის ზრდაზე და ტექნოლოგიური განახლების უწყვეტობის უზრუნველყოფაზე, ასევე ახალ საკადრო პოლიტიკის ამოქმედებასა და თანამშრომელთა მოტივაციის დონის ამაღლებაზე.
2002 წელი მნიშვნელოვანი იყო ჩვენს საქმიანობაში.
საქართველოს ბანკი გახდა ერთადერთი ბანკი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, რომელმაც გაიარა სრული სერტიფიკაცია როგორც ვიზა, ასევე მასტერქარდის საგადამხდელო სისტემებში. განახლდა დაცვისა და უსაფრთხოების სისტემები, გაფორმდა მესამე საკრედიტო ხელშეკრულება “საქართველოს ბანკსა” და გერმანიის საინვესტიციო კორპორაციას “DEG”-ს შორის მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად სესხის გამოყოფის თაობაზე. საკრედიტო პორთფელის მოცულობამ 100 მლნ ლარს გადააჭარბა. ბანკის მიერ ემიტირებულმა საბანკო ბარათების რაოდენობამ 10000 შეადგინა. საქართველოს ბანკის აქტივებმა გადააჭარბა 175 მლნ-ს, ხოლო კაპიტალმა – 44 მლნ ლარს, ბანკის მიერ ბიუჯეტში შეტანილმა თანხამ კი, 6 მლნ ლარს. საქართველოს ბანკსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის ხელი მოეწერა ხელშეკრულებას უმუშევართა დასაქმების ხელშემწყობი პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებით, ასევე, საქართველოს ბანკი ჩაერთო “საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს” მიერ მომზადებულ საწარმოო-საინვესტიციო პროექტში. მედეაჰოლდინგი “ჯორჯიან თაიმსის” ეგიდით ჩატარებულ კონკურსში საქართველოს ბანკს მიენიჭა “სტაბილური საბანკო სისტემის” საპატიო წოდება. საქართველოს პრეზიდენტის ეგიდით ჩატარებულ ღია კონკურსში “ეროვნული ეკონომიკის მეწინავენი – 2001” საქართველოს ბანკი აღიარეს წლის საუკეთესო ბანკად.
ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ საქართველოში პირველად დაინერგა სრულფასოვანი სისტემა ინტერნეტ-ბანკინგი, რომლის განვითარებას დრო სჭირდება. ჯერჯერობით, სულ 50 ხელშეკრულება გვაქვს, რაც ძალიან ცოტაა. ეს იმით აიხსნება, რომ ჩვენთან ინტერნეტით სარგებლობის კულტურა ჯერ არ არის. ჩვენ მხოლოდ თბილისით შემოვიფარგლებით, საჭიროა მუშაობის გაშლა. ჯერჯერობით, ეს სერვისი კომერციულად არაფერს გვაძლევს, მაგრამ მოვა დრო და უკუგებას მოგვცემს. თავის დროზე ბევრი დაიხარჯა პლასტიკურ ბარათებზე, დაახლოებით, 100-150 ათასი დოლარი წაიღო ვიზამ და მასტერქარდმა, მაგრამ დადგა დრო და ჩვენ უკვე მოგებაზე ვმუშაობთ. მაგალითად, საავიაციო ქარხანამ ერთბაშად 2000 პლასტიკური ბარათი აიღო.
წარმატებით ვთანამშრომლობთ სადაზღვევო კომპანიებთანაც. რაც შეეხება ურთიერთობას ეროვნულ ბანკთან, მოხარული ვარ, რომ შეიქმნა ზედამხედველობითი სისტემა. რა თქმა უნდა, არის საკითხები, რაზეც ვერ ვთანხმდებით, მაგალითად, იმაში, რომ სავალდებულო რეზერვებში ძალიან მაღალი პროცენტია გათვალისწინებული. ბუნებრივია, ეროვნულ ბანკს თავისი ინტერესები აქვს. აუცილებელია საპროცენტო განაკვეთი დიფერენცირებული იყოს. რაც შეეხება ფილიალებს, ჯერჯერობით, გახსნას არ ვაპირებთ, თუ საჭიროებამ არ მოითხოვა.
როგორც ჩანს, 2002 წელი საკმაოდ ნაყოფიერი და წარმატებული გამოვიდა ქართული კომერციული ბანკებისათვის. წინასწარი პროგნოზებით მდგომარეობა თუ არ გაუმჯობესდება, პირუკუ ჩვენებას არ უნდა ველოდეთ. რაც შეეხება ეროვნული ბანკის პოზიციას კომერციულ ბანკებთან მიმართებაში, ვერ დავაფიქსირეთ, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ეროვნულ ბანკში კომერციული სტრუქტურებიდან ციფრობრივი ანგარიში ჯერ წარდგენილი არ არის და შესაბამისად, ანალიზის გაკეთებაზე უარი გვითხრეს. ჩვენი მხრიდან კი ვიმედოვნებთ, რომ ზედამხედველობითი და დაქვემდებარებული სტრუქტურების ურთიერთობა მოქალაქეებს იმის საშუალებას მისცემს, რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნონ და პირადი საქმე თუ ბიზნესი გაცილებით შეღავათიან პირობებში აწარმოონ .