ამერიკელის თვალით დანახული ქართული ეკონომიკა
მაია რაზმაძე
განვითარებადი ქვეყნები, მათ შორის საქართველო, კრედიტებს დახმარების სახით იღებენ. ამ კრედიტების მიზანია ხელი შეუწყოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას, მაგრამ ძალზე ხშირად ხდება, რომ კრედიტი არ მუშაობს, დასახულ მიზანს არ ემსახურება და ცხადია, არც შედეგი მოაქვს.
დონორთა მიერ გაცემული კრედიტი იგივე ინვესტიციაა, რომლის ამოღებასაც ქვეყანაში ეკონომიკის განვითარების შემდეგ ვარაუდობენ. ინვესტორმა კი არ უნდა გამოითვალოს რა არის საჭირო განვითარებისათვის და რა პერსპექტივა არსებობს, არამედ, ვისაც ინვესტიციას აძლევს, მას უნდა აღიქვამდეს როგორც პარტნიორს. შესაძლოა, რომ ჩემს ამ მოსაზრებას სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები არ დაეთანხმონ, მაგრამ დონორმა ორგანიზაციებმა უნდა აღიარონ, რომ ისინი რისკავენ კრედიტის გაცემისას. სამაგიეროდ, კრედიტის მიმღები ითვალისწინებს მათ რჩევებს, ფულთან ერთად ისინი ხომ რეკომენდაციებს იძლევიან. სულაც არ არის გამორიცხული, ეს რჩევები საკმარისად კარგი არ აღმოჩნდეს კონკრეტულად ამა თუ იმ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობისათვის. ასე რომ, დონორებმა ინვესტიციის ჩადებისას უნდა გაითვალისწინონ, რომ ამან შესაძლოა სასურველი შედეგი არ მოიტანოს და ეს მათივე მიზეზით მოხდეს. რაკი დონორი მოითხოვს, რომ მისი რჩევები მიიღონ, პასუხისმგებლობაც უნდა აიღოს იმაზე, თუ რა გამოვა ამ ყველაფრისგან.
ლეგალური ბიზნესის 70-80 პროცენტის ჩრდილოვან ეკონომიკაში გადაბარგებას და კორუფციის მაღალ დონეს ექსპერტები და მეწარმეები 1997 წელს სავალუტო ფონდის რეკომენდაციით მიღებულ საგადასახადო კოდექსს მიაწერენ.
პარლამენტში “მრეწველებმა” კარგა ხანია წარადგინეს ახალი საგადასახადო კოდექსის კანონპროექტი. ხისტი ადმინისტრაცია და ლიბერალური ბაზა – ასეთი გახლდათ კოდექსზე მომუშავე მცირერიცხოვანი ჯგუფის მთავარი პრინციპი, რომლის მუშაობას “სოროსის ფონდი” და ქართველი მეწარმეები (გოგი თოფაძე) აფინანსებდა.
ამ ჯგუფის მუშაობაში ეკონომიკური განვითარების საკითხთა ექსპერტი, ამერიკის სავაჭრო პალატასთან არსებული საქართველოს ბიზნეს-კონფედერაციის საგადასახადო ფინანსური კომიტეტის თავმჯდომარე, ლიბერალური განათლების ცენტრის დირექტორი – ლანსელოტ ფლეტჩერიც მონაწილეობდა, რომელიც ახალი საგადასახადო კოდექსის სიახლეებზე, ზოგადად ქართულ ეკონომიკასა და მის არც ისე შორეულ პერსპექტივებზე გვიზიარებს თავის შეხედულებებს.ნაჩქარევი პრივატიზაციისა და შესრულებული რეკომენდაციის შედეგი
90-იანი წლების დასაწყისში საქართველოზე დონორი ორგანიზაციების მხრიდან მოხდა საშინელი ძალდატანება – ქონების დაუყოვნებელი პრივატიზება. ამ ძალზე სწრაფი პრივატიზაციის ძირითადი შედეგი კი ის აღმოჩნდა, რომ საქართველოს მრეწველობის ძირითადი აქტივები (ქარხნები და სხვა მსხვილი ძირითადი ობიექტები) ძველი საბჭოთა მოხელე-ჩინოვნიკთა ხელში აღმოჩნდა, ანუ მათ ხელში, ვინც მანამდე მართავდა ამ დაწესებულებებს. ასე რომ, დამოუკიდებლობის მიღების შემდეგაც, საქართველოში ბიურიკრატიის მმართველობა და ძლიერება შენარჩუნდა. არადა, ამ ხალხს წარმოდგენაც არ ჰქონდა მეწარმეობაზე, საბაზრო ეკონომიკაზე.
საგადასახადო კოდექსის ნაკლსა და კორუფციაზე
საქართველოს ამჟამინდელი საგადასახადო კოდექსი, ძირითადად, სავალუტო ფონდის მოხელემ, ვიქტორ თურიონმა, შექმნა. მას საფუძვლად უდევს დასავლეთ ევროპის ქვეყნების საგადასახადო კოდექსები. ცენტრალური ადგილი კი დღგ-ს უკავია. ეს საგადასახადო კოდექსი თავიდანვე არ მიესადაგებოდა საქართველოს ეკონომიკას. მისი ყველაზე დიდი ნაკლი ის გახლავთ, რომ იგი საოცრად რთული და ჩახლართულია. კოდექსის თანახმად, მეწარმე იხდის 18 სხვადასხვა გადასახადს და თითოეულს თავისი ინსტრუქციები და მოთხოვნები აქვს, თანაც სხვადასხვა ადგილზეა გადასახდელი. ამგვარი გადასახადების ადმინისტრირება კი უამრავ სირთულესთან არის დაკავშირებული. ეს მით უფრო ძნელია საქართველოში, სადაც საბანკო სექტორი ჯერ არ არის სათანადოდ განვითარებული და ფინანსური გარიგებების 70-80 პროცენტი ნაღდი ფულით, ბანკების გვერდის ავლით ხდება. გადასახადების ასეთი ადმინისტრირება, რაც საქართველოს საგადასახადო კოდექსშია გათვალისწინებული, შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ ისეთ ქვეყანაში, სადაც ფინანსური გარიგებები სათანადო დოკუმენტაციით, ბანკებისა და საკრედიტო ბარათების მეშვეობით ხდება.
საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტი (მშთ) წელიწადში 3 მილიარდია, მაგრამ ბევრი ექსპერტი საქართველოს გარეთ მიიჩნევს, რომ სინამდვილეში ეს ციფრი 12-14 მილიარდია. საქართველოს რომ ჰქონდეს გონივრული საგადასახადო კოდექსი და გადასახადების გონივრული ადმინისტრირება, ასეთი მშპ-ს არსებობის პირობებში ისეთ შემოსავლებს მიიღებდა… ის ფაქტი, რომ საქართველოს მთავრობა შემოსავლების სახით წლიურად მხოლოდ 600 მილიონ ლარს მოიპოვებს, გამოწვეულია იმ უეფექტო და არაგონივრული საგადასახადო კოდექსით, რომელიც საქართველოს თავს მოახვია სავალუტო ფონდმა.
როგორც სავალუტო ფონდის წარმომადგენელი, გეტყვით რომ კოდექსში ყველაფერი
კარგადაა გათვლილი. დაბალი შემოსავლების მიზეზი კი ის არის, რომ ადმინისტრირება არ ხორციელდება სათანადოდ.
სინამდვილეში პრობლემას ის წარმოადგენს, რაც საგადასახადო კოდექსით არის გათვალისწინებული. ყველა გადასახადი პატიოსნად და ბოლომდე თუ იქნება გადახდილი, საქართველოში არსებული ბიზნესის უმეტესობა, უბრალოდ, დაინგრევა. ამ კოდექსის პირობებში მეწარმეების უმეტესობას ბიზნესის შენარჩუნება მხოლოდ კორუფციის მეშვეობით შეუძლია. ამის მიზეზი კი ის არის, რომ არ არსებობს პოლიტიკური ნება, რომ გადაიჭრას კორუფციასთან და საგადასახადო შემოსავლებთან დაკავშირებული საკითხები.
გადამხდელისთვის იოლი უნდა იყოს იმის გამოანგარიშება – გარკვევა, რამდენი მართებს მას სახელმწიფოსი გადასახადების სახით. როცა გადამხდელს ადვოკატის თუ იურისტის დაქირავება
უხდება, რათა გამოიანგარიშოს რამდენი აქვს გადასახდელი, როცა ამის გაგება ასე რთულია, ყოველთვის იქმნება ხელსაყრელი პირობები კორუფციისათვის. თქვენთან გადასახადებისთვის თავის არიდება ისეთი
მასიურია, რომ უმეტესობისთვის საგადასახადო ტვირთი საკმაოდ დაბალია. გადასახადების და ტარიფების
შემცირების ფონზეც შეიძლება გაიზარდოს საგადასახადო შემოსავლები ისე, რომ ტარიფები სხვა ქვეყნებთან შედარებითაც დაბალი იყოს. ამას რეალური შემოსავლების გაზრდა მოჰყვება.
დღეს არ არის ლოგიკური თანაფარდობა საგადასახადო ტარიფებსა და საგადასახადო შემოსავლებს შორის. საგადასახადო შემოსავლები საგადასახადო დეპარტამენტისა და ინსპექტორების ინტერესებში შედის. მათ გარკვეული რაოდენობის შემოსავლები უნდა შეკრიბონ ტარიფებისგან დამოუკიდებლად. ამგვარი სისტემა პრაქტიკაში ჯერ კიდევ შუასაუკუნეებში არსებობდა და “გადასახადების ფერმა” ეწოდებოდა.
საქართველო იძულებულია გაითვალისწინოს დონორი ორგანიზაციების რჩევები, მიიღოს ის საგადასახადო კოდექსი თუ კანონები, რომელსაც სთავაზობენ. ასეთი საგადასახადო კოდექსის პირობებში კი, როცა მოხელეებს არა აქვთ საკმარისი შემოსავალი, რომ ხელფასით იცხოვრონ, ძალიან ძნელია კორუფციასთან ბრძოლა.
ამ ჩაკეტილი წრის კიდევ ერთი კომპონენტი საბანკო სესხებზე არსებული პროცენტული განაკვეთია. საქართველოში ის 2-3 პროცენტია თვეში. ვერც ერთი გონივრული და ჯანსაღი ბიზნესწამოწყება თავს უფლებას ვერ მისცემს, ასეთი მაღალი განაკვეთი იხადოს თუ წამოწყება ხანგრძლივ დროზეა გათვლილი. ასეთი მაღალი საპროცენტო განაკვეთების არსებობაზე პასუხისმგებელია საერთაშორისო საბანკო საზოგადოებრიობა, რადგან მათ ინფლაციის ეშინიათ და მხარს უჭერენ მაღალ განაკვეთებს. არადა, ხალხს რომ ჰქონდეს ფულის სესხების ლეგალური წყარო, სხვადასხვა “მაფიას” არ მიაკითხავს. ასეთი მაღალი განაკვეთებით საბანკო სექტორი ახშობს ბიზნესის განვითარებას და ხელს უწყობს მეწარმის მიერ არალეგალური გზით ფულის მოპოვებას.
ახალი საგადასახადო კოდექსი და მისი მთავარი პრინციპებინ
ახალ კოდექსზე მომუშავე ხალხს ვუთხარი, რომ, პირველ რიგში უნდა გადავწყვიტოთ, ვქმნით თუ არა პრინციპულად ახალ საგადასახადო კოდექსს. მხოლოდ ამ საკითხზე შეთანხმების შემდეგ დავიწყეთ დეტალებზე მუშაობა. ახალმა კოდექსმა უნდა იმუშაოს, როგორც ერთმა მთლიანმა და არა არსებულ კოდექსთან მისადაგებულმა რაღაც შესწორებებმა.
რა შემოაქვს ახალი ახალ საგადასახადო კოდექსს? – ტარიფები იქნება დაბალი და დასაბეგრი არეალი გაიზრდება. ამასთან, მოხდება გადასახადების გამარტივება. ამჟამად არსებული 18 სხვადასხვა გადასახადი, ახალი კოდექსის თანახმად, ოთხამდე შემცირდება.
პრინციპული საკითხი, რაც ახალ კოდექსს შემოაქვს, არის ის, რომ მთავრობა და გადამხდელი პარტნიორები უნდა იყვნენ. ამის ახსნა ხალხისთვის რთულია, მაგრამ ამავდროულად ძალიან მნიშვნელოვანი. დღეს ხალხი ვერ ხედავს ურთიერთდამოკიდებულებას მათ მიერ გადახდილ გადასახადებსა და იმ მომსახურებას შორის, რაც მთავრობამ უნდა გაუწიოს მათ ამ გადასახადების სანაცვლოდ. ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში ამის აღქმა უძნელდებათ. მთავრობის მიზანი უნდა იყოს საგადასახადო კოდექსი აქციოს ხელშემწყობად მასა და გადამხდელს შორის პარტნიორული ურთიერთობის ჩამოსაყალიბებლად.
მნიშვნელოვანი სიახლე, რასაც კოდექსი გვთავაზობს, სოციალური გადასახადის გაუქმებაა. მის ნაცვლად დაინერგება სოციალური დაზღვევის სისტემა. შეიქმნება სპეციალური ფონდები. ამასთან, კოდექსი გვთავაზობს დღგ-ს 15 პროცენტიან განაკვეთს. ახალი მეთოდი მნიშვნელოვნად შეცვლის დღგ-ს გამოთვლის არსებულ მეთოდს, ანგარიშფაქტურების სისტემას. დღგ ისეთი გადასახადია, რომლის ადმინისტრირება და ამოღება ძალიან ძნელია. ის საერთო მიდგომა კი, რაც ახალ საგადასახადო კოდექსშია, ნამდვილად ქმნის საფუძველს მნიშვნელოვანი გაუმჯობესებისათვის. ის, რომ გადამხდელი თვითონ გააკეთებს თვითშეფასებას ანუ შეავსებს დეკლარაციას, რომელსაც წარუდგენს საგადასახადო მოხელეს, ოფიციალურ პირებს, ყოველგვარი გარიგების შესაძლებლობას აღმოფხვრის.
ცხადია, წინასწარ უნდა გაითვალოს, რა გავლენა ექნება ახალ საგადასახადო კოდექსს და ადმინისტრირების ახალ წესებს შემოსავლების მობილიზებაზე. ფინანსთა სამინისტრო და სავალუტო ფონდი შიშობს, რომ ნებისმიერი შესწორება თუ რეფორმა, რომელიც საგადასახადო კოდექსს შეეხება, შემოსავლების სერიოზული ნაწილის დაკარგვას გამოიწვევს. ეს უსაფუძვლო შეშფოთება არ არის. უნდა გავთვალოთ, როგორ აისახება რეფორმა შემოსავლებზე. დასაწყისისთვის თუ მოგება არაა, დანაკარგი მაინც არ უნდა იყოს.
ცოტა რამ პერსპექტივაზე
საქართველოს რეალური შესაძლებლობა აქვს გახდეს მდიდარი ქვეყანა არა შორეულ პერსპექტივაში, არამედ ახლო მომავალში, 5-10 წელიწადში. თქვენ ბევრი ნიჭიერი და განათლებული ადამიანი გყავთ, რათა შექმნათ ძლიერი ბაზა თანამედროვე სამრეწველო ეკონომიკისათვის. დღეს ბევრს ბაქო-ჯეიჰანის ნავთობსადენი საქართველოს ერთადერთ გადამრჩენად ესახება, მაგრამ 10 წლის შემდეგ, როცა წარსულს გადმოხედავთ, დარწმუნდებით, რომ ეს ასე არ ყოფილა. არსებობს უამრავი სხვა შესაძლებლობაც.
შესაძლოა, არარეალურ იდეად მოგეჩვენოთ, მაგრამ თბილისს აქვს საერთაშორისო ფინანსური ცენტრისთვის ძალიან კარგი ადგილმდებარეობა ბეირუთსა და ბომბეის შორის. ამისთვის საჭიროა საბანკო სისტემის შექმნა. დღეს კი ბანკები საბანკო სისტემის გარეშე არიან.
ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად ვითარდება და თქვენ შეგიძლიათ უახლესი ტექნოლოგიის დამნერგავი გახდეთ. თანაც ეს ტექნოლოგიები ახლა ბევრად იაფია, ვიდრე 10 წლის წინ და აპრობირებულიცაა ბევრ ქვეყანაში. ასე რომ, მოკლე ხანში შეგიძლიათ გადაიქცეთ უმარტივესი ტექნოლოგიების ქვეყნიდან ურთულესი თანამედროვე ტექნოლოგიების მფლობელ ქვეყნად.