ეკოლოგიური ეკონომია
ალექსანდრა ლალიაშვილი
2010 წელი მსოფლიოსთვის დაიწყო არა “ცხელი”, “ცივი” ან “გაყინული” კონფლიქტების პრობლემებისადმი მიძღვნილი საერთაშორისო შეხვედრებით, არამედ დანიის მსოფლიო სამიტით, რომელიც მიეძღვნა კლიმატის გლობალური ცვლილების საკითხს, მისმა მნიშვნელობამ გადაფარა ყველა სხვა ლოკალური, რეგიონალური თუ საერთაშორისო პრობლემა. სამიტის თემა, არც მეტი არც ნაკლები, პლანეტის სიცოცხლეს შეეხებოდა.
ამ სამიტის წინამორბედად შეიძლება ჩაითვალოს 2007 წლის შემოდგომაზე, გერმანიაში კლიმატის გლობალური ცვლილებისადმი (კონკრეტულად – დათბობისადმი) მიძღვნილი დიდი რვიანის შეხვედრა, სადაც ეს პრობლემა შეფასდა, როგორც კაცობრიობის წინაშე მდგარი ყველაზე დიდ გამოწვევა, რომლის მიზეზიც, ცხადია, გამონაბოლქვია, რაც გარესამყაროს დიდ ზიანს აყენებს. იმდენად, რამდენადაც, კლიმატის ცვლილება მთელი დედამიწის პრობლემაა, დიდი რვიანის ლიდერები შეთანხმდნენ, ეს საკითხი და მასთან ბრძოლა ზოგადსაკაცობრიო გახდეს და საერთაშორისო ხასიათი მიიღოს. რა კეთდება საქართველოში ამ მიმართულებით?
ინაიდან, ავტომობილების გამონაბოლქვი ჰაერის ერთ-ერთი მთავარი დამაბინძურებელია, ამ ეტაპზე მთავარი საზრუნავი ის გახლავთ, თუ როგორ უნდა გახდეს თანამედროვე ავტომობილი უფრო მეტად ეკოლოგიური, რათა ის გარემოსათვის ნაკლები ზიანის მომტანი იყოს. მსოფლიოში ავტომობილზე მოთხოვნა დღითიდღე იზრდება, შესაბამისად, აუცილებელი ხდება ჰაერის გაწმენდასა და საწვავის რაოდენობის შემცირებაზე ზრუნვა. მართალია, დღევანდელი ავტომობილები ეკოლოგიურად ბევრად სუფთაა, ვიდრე ოდესმე, რაც თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობაა და ნაკლებად გამოსცემენ მომწამლავ ნივთიერებებს, მაგრამ ახალი ტექნოლოგიები ჯერ მთლიანად დანერგილი არ არის. განვითარებადი ქვეყნების მოსახლეობის უმეტესი ნაწილისათვის კი, ისინი თითქმის მიუწვდომელია.
განსაკუთრებულ პრობლემას იმ ქვეყნების მდგომარეობა წარმოადგენს, სადაც ავტოპარკი სწრაფად მზარდია, ხოლო გამონაბოლქვთან ეფექტური ბრძოლისთვის არაფერი კეთდება. სამწუხაროა, მაგრამ ამ ქვეყნების რიგს საქართველოც თამამად შეიძლება მივაკუთვნოთ. ყოველწლიურად საქართველოში ავტომობილების რაოდენობა 35 000-40 000 ათასით იზრდება. მათგან 92% მეორადი ავტომობილებია. ძველი ავტოპარკი, ეკოლოგიური მონიტორინგის დაბალი დონე, იურიდიული ბაზის არასრულყოფილება ამ სფეროში პრობლემათა მთელ ჯაჭვს ქმნის. შეიძლება ითქვას, რომ დღეისათვის საქართველოში არც იმპორტირებული ავტომობილებისა და არც საწვავის ხარისხზე არავითარი მონიტორინგი არ არსებობს.
განვითარებულ ქვეყნებში ამას უკვე ძალიან დიდი ყურადღება ექცევა. თუმცა, არამხოლოდ იქ. მაგალითად, ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანში უკვე დაიწყეს ამ მიმართულებით მუშაობა. 2010 წლის 1 ივლისიდან აზერბაიჯანში იმ ავტომობილების იმპორტი აიკრძალება, რომლებიც ევროპულ სტანდარტებს არ შეესაბამება. ამის შესახებ აზერბაიჯანის სტანდარტიზაციის სახელმწიფო კომიტეტის ხელმძღვანელმა განაცხადა. მისი თქმით, ამ მიმართულებით ნაციონალური სტანდარტების დანერგვა კომპანია შOჩAღ-თან ერთად მიმდინარეობს, რამდენადაც ევროპულ სტანდარტებს ადგილობრივი საწვავიც უნდა შეესაბამებოდეს.
როდესაც ავტომობილების მიერ გარემოს დაბინძურების საკითხებზე ვსაუბრობთ ავტომობილების ტექნიკურ გამართულობას მართლაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება. თბილისის საჰაერო აუზის ძირითად დამბინძურებლად მიიჩნევა საავტომობილო ტრანსპორტი. მათ წილად მოდის დაბინძურების 88-93%. საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 700 000-ს აღწევს. ავტოპარკი კი ჩვენს ქვეყანაში ძალიან მოძველებულია, რადგან “საბჭოთა საავტომობილო”” მემკვიდრეობას დაემატა ევროპიდან და ამერიკის აუქციონებიდან იმპორტირებული, უპირატესად, 8-12 წლის მეორადი ავტომობილები. მათი წილი საქართველოში გაყიდული ავტომობილების 91-92%-ს შეადგენს. მოსალოდნელია, რომ ახალ (ნულოვან გარბენიან) და მეორად ავტომობილების გაყიდვებს შორის არსებული თანაფარდობა უახლოეს წლებში ბევრი ფაქტორის (მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, ომისშემდგომი რთული პერიოდი ჩვენს ქვეყანაში) გათვალისწინებით, სამწუხაროდ, მკვეთრად არ შეიცვლება. ეს ყველაფერი კი, არცთუUსახარბიელო პერსპექტივას უქადის თბილისის (და არამარტო თბილისის) საჰაერო აუზს.
ძველ და ტექნიკურად გაუმართავ ავტომობილებს ემატება ისიც, რომ ჩვენს ქვეყანაში ატმოსფერულ ჰაერზე მონიტორინგის ძალიან დაბალი დონეა, ამასთანავე, 2013 წლამდეა შეჩერებული ავტომობილების ტექნიკურ მდგომარეობაზე ზედამხედველობა.
გაერომ და საერთაშორისო სავტომობილო ფედერაციამ (FIA) გასულ წელს წამოიწყეს ახალი გლობალური კამპანია “გაამწვანე ავტომობილი””(Make Cars Green), რომელიც მიზნად ისახავს ავტომობლის გამონაბოლქვში მავნე მინაერთებისა და CO2-ის შემცირებას. აღნიშნული კამპანიის ჩვენს ქვეყანაში განხოციელების მიზნით, საქართველოში უკვე არსებობს არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს მწვანე ავტოკლუბი””, რომელიც, პირველ რიგში, საზოგადოების ინფორმირებულობის და ამ პრობლემის მოგვარების საქმეში ჩართულობის ხარისხის ამაღლებას ისახავს მიზნად.
2010 წელს “მწვანე ავტოკლუბმა”” საერთაშორისო ფონდის (FIA FAUNDAთION) მხარდაჭერით დაიწყო პროექტი “გავამწვანოთ ავტომობილის”” საქართველოში განხორციელება. როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ამ კონკრეტული კამპანიის გარდა, ისინი უცხოელ და ქართველ პარტნიორებთან ერთად, აქტიურად მუშაობენ სხვა პროექტებზეც, რომელთა ძირითადი მიმართულებაც გარემოს დაცვა და დაბინძურების მასშტაბების შემცირებაა. ერთ-ერთი პროექტია “საწვავის ეკონომიის გლობალური ინიციატივა – 50ბყ50”.
აღნიშნულ ინიციატივასაც ერთ-ერთ საფუძვლად უდევს G8-ის რეკომენდაცია, რომელიც მიზნად ისახავს გლობალური დათბობის წინააღმდეგ ბრძოლას. 2009 წლის დასაწყისიდან 4 ორგანიზაცია – საერთაშორისო საავტომობილო ფედერაცია (FIA Foundation), ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (International Energy Agency), ტრანსპორტის საერთაშორისო ფორუმი (International Transport Forum) და გაერთიანებული ერების გარემოს დაცვითი პროგრამა (United Nations Environment Programme) – ახორციელებენ პროექტს “გლობალური საწვავის ეკონომიის ინიციატივა”” (the Global Fuel Economy Initiative (GFEI)), იმისათვის, რომ გააუმჯობესონ ავტომობილების ენერგოეფექტურობა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
ინიციატვის მიზანია, შემცირდეს საწვავის მოხმარება, რაც თავის მხრივ შეამცირებს ავტომობილების გამონაბოლქვის მიერ გარემოს დაბინძურების მასშტაბებს. საწვავის ეკონომია (ყოველ 100 კილომეტრზე) OESD-ის ქვეყნებში 2020 წლისათვის ახალ ავტომობილებს შორის 30%, ხოლო 2030 წლისათვის 50%-ით უნდა გაუმჯობესდეს. იგივე შედეგების მიღწევაზეა საუბარი OECD-ის არაწევრ ქვეყნებშიც. საერთო ჯამში, ახალი ავტომობილების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას 2050 წლისათვის გამოყენებული საწვავის 50%-ით შემცირება უნდა მოჰყვეს. ეს ყოველწლიურად ნიშნავს დაახლოებით 6 მილიარდი ბარელი ნავთობის დაზოგვას, რაც 600 მილიარდ აშშ დოლარის ეკონომიას ნიშნავს.
საქართველოში ამ მიმართულებით ჯერჯერობით ბევრი რამ არის გასაკეთებელი. რეალური შედეგის მისაღწევად აუცილებელია ყველა დონეზე თანაბარი მუშაობა და ჩართულობა, მათ შორის, სამთავრობო წრეების, მწარმოებლებისა და ბიზნესმენების (რათა გაიზარდოს საწვავის დამზოგავი ტექნოლოგიების წარმოება), არასამთავრობო სექტორის თუ რიგითი მოქალაქეების. ერთობლივ ძალისხმევას კი, მოხმარებული საწვავის შემცირება და გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება უნდა მოყვეს.