საფინანსო ბიზნესი ფინანსების გარეშე
რედაქციისაგან
ერთი მხრივ, ნებისმიერი ბიზნესი, მეორე მხრივ კი, ნებისმიერი ადამიანის ცხოვრება უამრავ რისკთან არის დაკავშირებული, რომელმაც, შესაძლოა, მის მიერ წარმოებულ საქმიანობას, თუ ცხოვრებას საფრთხე შეუქმნას.
ფიზიკური პირისათვის ეს რისკი სხვადასხვა შემთხვევების დროს ჯანმრთელობის გაუარესება, ქონების ხელყოფა, სატრანსპორტო საშუალების დაზიანება, თუ მისი ანაბრების გაუფასურება და გაკოტრებაა. ამიტომ, ადამიანი, რომელიც ცხოვრობს და სიუხვეს აგროვებს, ცდილობს, ზემოთ ჩამოთვლილი რისკები თავიდან აიცილოს და უფრო გარანტირებულად იცხოვროს. ადამიანს არა აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მოულოდნელად დიდი ხარჯები ერთიანად დაფაროს, ამიტომ იგი ცდილობს ეს რისკი სხვას დააკისროს, ანუ დააზღვიოს, რაც ამ ხარჯების გაწევის გარანტი იქნება.
აზღვევა დღევანდელ მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი, სერიოზული საფინანსო ბიზნესია და იგი ბანკების, საპენსიო ფონდების, ბირჟების გვერდით განიხილება, მას უზარმაზარი სოციალური და ეკონომიკური დანიშნულება აქვს. მისი სოციალური დანიშნულება იმაში გამოიხატება, რომ იგი ადამიანს, მის უფლებას – იცხოვროს, მის ინტერესს იცავს. რაც შეეხება ეკონომიკურ ხასიათს, დაზღვევის ბიზნესი მნიშვნელოვანი ოდენობის საფინანსო სახსრების აკუმულატორია. სადაზღვევო პრემიების სახით მოზიდულ თანხებს შემდგომში სხვადასხვა ბიზნესში აბანდებს, ამით თვითონაც იღებს მოგებას და ბიზნესს, ბანკებს, ტექნოლოგიურ საწარმოებს საბრუნავი სახსრები უჩნდება, მოსახლეობას კი – დანაზოგი.
დაზღვევა როგორც ნებაყოფლობითი, ისე სავალდებულო ხასიათისაა.
ხშირად ადამიანები სუბიექტური, თუ ობიექტური მოტივაციით არ იღებენ გადაწყვეტილებას დააზღვიონ ქონება. სავალდებულო დაზღვევა სახელმწიფო ერთეულის მიერ შემოღებულია იმიტომ, რომ გაუთვალისწინებელი შემთხვევისას მოქალაქის ინტერესი დაცული იყოს. აქედან გამომდინარე, მთელ რიგ სახელმწიფოებში, მათ შორის, განვითარებადშიც შემოღებულია აუცილებელი დაზღვევის ფორმა: ხანძარსაწინააღმდეგო, ავტო-მოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევა და ჯანმრთელობის დაზღვევა. სხვა ყველა დანარჩენი ნებაყოფლობითია, რომელშიც შედის ნებისმიერი სახის დაზღვევა.
კომუნისტური წყობის დროს დაზღვევა სახელმწიფო სისტემა იყო. მოქალაქეს განურჩევლად უნდა დაეზღვია ყველაფერი. აქედან მობილიზებული თანხა ბანკში მიდიოდა. სახელმწიფო დაზღვევა კორუფციისა და მაქინაციის ბუდე იყო, რადგან ხშირად ჩინოვნიკების მიერ ფიქტიური ზარალი ფორმდებოდა. რეალური დაზღვევა თვისობრივად განსხვავებულია. საქართველოში დაზღვევის ბიზნესი 1990 წლიდან დაიწყო. თავიდანვე ძალიან ცუდი გამოცდილება არსებობდა: შესაბამისი კანონმდებლობა დაუხვეწავი იყო, შეიქმნა სხვადასხვა სადაზღვევო ფირმები, რომლებიც ანაბრებს იღებდნენ, აზღვევდნენ კიდეც, საბანკო გარანტიებსაც კი იძლეოდნენ – როცა პიროვნებას ბანკიდან სესხის აღება უნდოდა, სადაზღვევო ფირმა მას გარანტად უდგებოდა. ამან, ფაქტობრივად, საფინანსო პირამიდის სახე მიიღო და სესხის მოთხოვნის პირველივე შემთხვევისთანავე სადაზღვევო კომპანიები ხუხულებივით დაიშალა. 1993-94 წლებში, როცა ისინი წარამარა კოტრდებოდნენ, ქვეყანა დადგა იმ აუცილებლობის წინაშე, რომ სადაზღვევო კანონმდებლობა მიეღო, რომელშიც მთელი რიგი მარეგულირებელი დოკუმენტი ჩაიდო. პირველი სპონტანური დაზღვევები მოიცავდა ორ სახეს – ნებაყოფლობითს – საფინანსო რისკებისა და ქონების დაზღვევას და სავალდებულოს, (რომელსაც “ალდაგი” აწარმოებდა) როგორც საექსპორტო, ასევე საიმპორტო ტვირთების დაზღვევას.
დღეს სადაზღვევო ბიზნესი ნელ-ნელა ინსტიტუტად ყალიბდება, მაგრამ მაინც სუსტად არის განვითარებული. მოზიდული პრემიების რაოდენობა მცირეა, ქვეყანაში სერიოზული ეკონომიკური კრიზისია, არც მოსახლეობას აქვს იმის ფული, რომ სადაზღვევო თანხა გადაიხადოს, თუმცა, არც სადაზღვევო კულტურაა მაღალი, ორგანიზაციებს სერიოზული თანხები არ გააჩნიათ, რათა თავიანთი ბიზნესი დაზღვევას დაუკავშირონ და ნაკლები რისკი გაწიონ.
არჩილ ცერცვაძე (დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი) – საქართველოში 1997 წელს დაწყებული სადაზღვევო რეფორმა ქვეყანაში ცივილიზებულ პრინციპებზე დაფუძნებული სადაზღვევო სისტემის ჩამოყალიბებასა და განვითარებას ისახავდა მიზნად. გასულ წლებში საქართველოს დაზღვევის სფეროში მიმდინარე პროპორციების შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ რეფორმით გათვალისწინებული ძირითადი ამოცანები შესრულდა და დროის საკმაოდ მოკლე პერიოდში საქართველოში შეიქმნა საერთაშორისო დონის დაზღვევის მარეგულირებელი ის აუცილებელი საკანონმდებლო ბაზა, რომლის არსებობის გარეშე შეუძლებელია თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სადაზღვევო ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბება. რეფორმების შედეგად დაზღვევის მომხმარებელს შეუძლია მაღალი დონის სადაზღვევო პროდუქტის მიღება, საქართველოს სადაზღვევო ბაზარი გამოირჩევა სტაბილურობით. მიმდინარეობს სისტემატური მუშაობა კანონმდებლობის დახვეწის, თანამედროვე მოთხოვნებთან მისადაგების მიზნით, მათ შორის სიცოცხლისა და არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევის მარეგულირებელი ნორმეტიული ბაზისა და სადაზღვევო კომპანიათა საქმიანობის ზედამხედველობის სრულყოფის მიმართულებით.
დღეისათვის მუშაობა კვლავ გრძელდება, რათა ქვეყანაში შეიქმნას მყარი საკანონმდებლო ნორმატიული ბაზა, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყანაში ჯანსაღი კერძო საპენსიო დაზღვევის განვითარებას. ზემოხსენებული ნორმატიული აქტები მომზადებულია და მზადდება მსოფლიო ბანკის რეკომენდაციების საფუძველზე.
საქართველოში სადაზღვევო ურთიერთობების განვითარების მნიშვნელოვანი ტემპი საშუალებას იძლევა დასავლეთის მოწინავე სადაზღვევო და გადაზღვევის კომპანიების საშუმავლო მონაწილეობით ჩვენს ქვეყანაში ჩამოყალიბდეს საერთაშორისო სტანდარტების დონის სადაზღვევო პროდუქტის ბაზარი, რაც მნიშვნელოვნად საქართველოს სადაზღვევო კომპანიების კაპიტალიზაციის და პროფესიული დონის სწრაფმა ზრდამ განაპირობა. დღეს საქართველოში სადაზღვევო კომპანიები მომხმარებელს სთავაზობენ მომსახურებას დაზღვევის თითქმის ყველა სახეობაში ევროპის ქვეყნების სადაზღვევო სტანდარტების შესაბამისად. ეს შესაძლებელს ხდის ქვეყანაში დაზღვეული იყოს არსებული ყველა პოტენციური სადაზღვევო რისკი.
გადამზიდველის სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და ტვირთების დაზღვევის სახეობებში მოზიდული სადაზღვევო პრემიების ზრდა პირდაპირი შედეგია მთლიანად ქვეყანაში ტვირთების ბრუნვის, ექსპორტ-იმპორტის მოცულობისა და დაზღვევის მიმართ დამზღვევთა ინტერესის ზრდისა (იხ. ცხრილი 11, 12).
დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის განმარტებით, სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაში მოზიდული სადაზღვევო პრემიის ზრდა ქვეყანაში ბიზნეს-საქმიანობის გააქტიურებით, ახალი სადაზღვევო პროდუქტების შექმნა-დახვეწით და პოტენციურ დამზღვევთა აქტიური დაინტერესებითაა გამოწვეული (იხ. ცხრილი 13).
ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის ნებაყოფლობითი დაზღვევის სახეობაში მოზიდული სადაზღვევო პრემიის ზრდა პირდაპირაა დაკავშირებული სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევასთან. (იხ. ცხრილი 15) ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა სამოქალაქო პასუხისმგებლობის ნებაყოფლობითი დაზღვევა და სატრანსპორტო საშუალებების დაზღვევა კომპლექსურად ხორციელდება (იხ. ცხრილი 14).
რაც შეეხება ფინანსური რისკების დაზღვევას (იხ. ცხრილი 15), მოზიდული სადაზღვევო პრემიის ზრდა აქციზით დასაბეგრი ტრანზიტულად შემოტანილი საქონლის გაზრდით არის გამოწვეული.
არჩილ ცერცვაძე – მთლიანად დაზღვევის სფეროში შეინიშნება სადაზღვევო ბაზრის ათვისების, როგორც ხარისხობრივი, ასევე რაოდენობრივი მახასიათებლის ზრდის დადებითი ტენდენცია, რომლის მნიშვნელოვან ფაქტორს ის წარმოადგენს, რომ სადაზღვევო ორგანიზაციები კარდინალურად აუმჯობესებენ მენეჯმენტსა და მარკეტინგულ ღონისძიებებს, ასევე თანდათან იზრდება, როგორც ორგანიზაციების, ასევე მოსახლეობის სადაზღვევო კულტურის დონე. რაც აუცილებელი წინაპირობაა ქვეყნის სადაზღვევო სისტემის ეფექტური ფუნქციონირებისათვის.
სადაზღვევო პროდუქტის საიმედოობის მაღალ დონეს განაპირობებს ეფექტურად განხორციელებული გადაზღვევის პოლიტიკა, რაც სადაზღვევო პორტფელის დაბალანსების პრაქტიკის გამოყენებეთ საშუალებას იძლევა ოპერატიულად დაიფაროს ყველა ზარალი. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქართველოს სადაზღვევო კომპანიების პარტნიორი გადამზიდვი კომპანიები რეიტინგული მონაცემებით მსოფლიოში უმაღლესი კლასის გადამზღვეველ კომპანიებს განეკუთვნებიან.
სადაზღვევო ბაზრის ძირითადი ფინანსური მაჩვენებლის ანალიზი ადასტურებს საქართველოში მიმდინარე სადაზღვევო რეფორმების სწორ მიმართულებას, რომელიც დღითიდღე უახლოვდება საერთაშორისო მასშტაბით ცხოვრებისეულად აპრობირებულ სადაზღვევო საქმიანობის ნორმებსა და სტანდარტებს.
ექსპერტები მიიჩნევენ, რომ დაზღვევის სფეროს თვისობრივი განვითარება სჭირდება, განსაკუთრებით, ახალი სახეობების შემოტანა. ვთქვათ, სავალდებულო დაზღვევა განხორცილედეს დაზღვევის ისეთ სახეობებზე, როგორიცაა ექსპორტ-იმპორტის რეჟიმით მოძრავი ტვირთებისა და უცხოეთში გამსვლელ პირთა დაზღვევა. საიდანაც დამატებითი შემოსავლების სახით მობილიზებული იქნება, დაახლოებით, 30-20 მილიონი ლარი.
დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მონაცემების მიხედვით, ნათლად ჩანს, რომ საქართველოში დაზღვევა ნელ-ნელა, მაგრამ მაინც ვითარდება, მოზიდული პრემიების რაოდენობა წლების განმავლობაში საიმედოდ იზრდება, მაგრამ, როგორც ექსპერტები აცხადებენ, მოზიდული პრემიების ჯამი მაინც ცოტაა.
ვთქვათ, რუსეთში სავალდებულო დაზღვევაზე მთელი სადაზღვევო პრემიების, დაახლოებით, 15-20% მოდის, ხოლო ნებაყოფლობითზე – სხვა ყველა დანარჩენი. რუსეთში დაზღვევა საკმაოდ განვითარდა, მაგრამ საქართველოში ნებაყოფლობითი დაზღვევის სახეზე მუშაობა ნაკლებად მიდის. სადაზღვევო აგენტის, ბროკერის ინსტიტუტი სუსტადაა განვითარებული. 21-ე ცხრილის მიხედვით ნათლად ჩანს, რომ მოზიდული პრემიების დიდი რაოდენობა სავალდებულო დაზღვევის სახეზე მოდის (თუ არ ჩავთვლით ქონებისა და სამედიცინო დაზღვევას).
აუცილებელია საქართველოში შემოვიდეს სრულყოფილი საპენსიო დაზღვევა. ბუნებრივია, ამ უკანასკნელს დიდი წინააღმდეგობა გააჩნია, რადგან საპენსიო ფონდში გადარიცხული თანხა სპეც. ფონდებში იმ სოციალურ გადასახადებს უნდა მოაკლდეს, რომლებიც დღეს არსებობს. ამ შემთხვევაში, რა უნდა ვუყოთ იმ საპენსიო ვალდებულებებს, რომელიც ქვეყანას გააჩნია. დღეს, დაახლოებით, 900 ათასამდე პენსიონერია და საპენსიო ფონდს მათთვის ყოველწლიურად 200 მილიონამდე სჭირდება, რათა ეს თანხები გაისტუმროს. სრულყოფილი, მოქნილი კანონი საპენსიო დაზღვევის შესახებ, საშუალებას მოგვცემს, რომ მომავალში, 5 წლის შემდეგ მაინც გადაწყდეს პენსიების პრობლემა საქართველოში. წინააღმდეგ შემთხვევაში, განვითარების იმ ტემპებით, რომელიც დღეს გაგვაჩნია, მშპ-ის 3-6-7%-იანი ზრდით, 2020 წელსაც კი, საქართველოს პენსიონრებს, ყველაზე ბევრი, 50 ლარი ექნებათ. თუ Dდღევანდელ 14-ლარიან პენსიას 200 მლნ სჭირდება, 60-ლარიანს, რომელიც არსებობისთვის ასევე ბევრს ვერაფერს წარმოადგენს, 800 მლნ ლარი დასჭირდება, რაც ჩვენი საგადასახადო შემოსავლების თითქმის 100%-ია. აქედან გამომდინარე, ჩიხში ვართ შესულები, საპენსიო რეფორმას ვიწყებთ, მაგრამ, მეორე მხრივ, კერძო სტრუქტურებს იმის საშუალება არ აქვთ, რომ კერძო საპენსიო ფონდები შექმნან. დამქირავებელს უნდა ჰქონდეს ეკონომიკური სტიმული, რომ დაქირავებულს ფონდში თანხა გადაურიცხოს, რომელიც, ბუნებრივია, პირველ ეტაპზე, არ უნდა დაიბეგროს. ადამიანი, რომელიც მუშაობს და ხელფასს 5 ათას ლარს იღებს, პენსია იმდენივე ექნება, რამდენიც იმ ადამიანს, რომელსაც 36 ლარი აქვს ხელფასი. ამ დროს სადაზღვევო მექანიზმი სრულიად იგნორირებულია.
ადამიანს უნდა ჰქონდეს სტიმული იმისა, რომ მომავალში ნორმალური პენსია ექნება. დაქირავებულისთვის ხელფასი ისეთივე სტიმულია, როგორც ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისი, რომელიც მას აუცილებლად სჭირდება და ასევე საპენსიო პოლისი. ამ სამი ნაწილის ერთიანობა შეადგენს შრომით სტიმულს მთელ მსოფლიოში და ასე უნდა იყოს საქართველოშიც.
ცალკე საუბრის თემაა, აუცილებელი ჯანდაცვის დაზღვევა. სავალდებულო დაზღვევის კიდევ ერთი სახეობა. მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ გამგეობებმა, მერიებმა, ადგილობრივი ბიუჯეტებიდან თითო სულზე, ყოველი თვის 25 რიცხვამდე 20 თეთრი უნდა გადარიცხონ. რას მოხმარდება ეს ფონდი? – იმ უსახელო ჯანმრთელობის პროგრამების დაცვას, რომლებიც ქვეყანაში არსებობს. ვერც ერთი მოქალაქე, ყოველ შემთხვევაში, 95% მაინც, ვერ გრძნობს ამ ფონდის არსებობის სიკეთეს. საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე, თუ მას სამედიცინო დახმარება სჭირდება, სამედიცინო ხარჯებს პირადად იხდის. გარდა ამისა, მუნიციპალური ორგანოები არ ზრუნავენ იმაზე, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ უფასო სამედიცინო დახმარება, ელემენტარული ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისი. სამედიცინო დაზღვევა – ეს არის დაზღვევა ყველასთვის და არავისთვის. არადა, აქ სერიოზული თანხები აკუმულირდება, სად მიდის ეს თანხები? რაღაც გაურკვევლი სამედიცინო პროგრამების დასაფინანსებლად იმის გამო, რომ საქართველოში 48 ათასი ექიმია, სინამდვილეში კი, 8 ათასი სჭირდება და 60%-ით ზედმეტი სამედიცინო დაწესებულებაა, იმის გამო, რომ სამედიცინო რეფორმას ბოლომდე ისე ვერ ვატარებთ, როგორც საჭიროა, ადამიანების ჯანმრთელობის ხარჯზე ვინახავთ ამ არარსებულ ინსტიტუტებს.
აქედან გამომდინარე, სახეზეა აბსოლუტურად ამორფული სისტემა. ერთი მხრივ, სადაზღვევო ბიზნესი და ბიზნეს-სტრუქტურა, მეორე მხრივ, სახელმწიფო სავალდებულო ჯანმრთელობის დაზღვევა სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიის (რომელიც სოციალურ ფონდთან გაერთიანდა) სახით, რომლის სიკეთეს ვერავინ გრძნობს. ალბათ, არსებობს 5%, რომელთაც რაღაც მანქანებით ხელეწიფებათ ამ თანხის მოხმარება.
საინტერესოა, როგორ ხორციელდება დაზღვევა ჩვენს მეზობელ ქვეყნებში. მონაცემები მოწოდებულია დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ.
თურქეთის რესპუბლიკა
თურქეთის რესპუბლიკაში სადაზღვევო სექტორს კოორდინაციას უწევს მინისტრთა საბჭო, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს და ცვლილებები შეიტანოს ყველა სადაზღვევო ურთირეთობების მარეგულირებელ აქტში.
სადაზღვევო ზედამხედველობა – ზედამხედველობას უწევს სადაზღვევო კომპანიების საქმიანობას.
ლიცენზიები სადაზღვევო საქმიანობაში გაიცემა დაზღვევის 10 სახეობის მიხედვით.
სადაზღვევო სამმართველო – მინისტრთა კაბინეტის დაქვემდებარებაში მყოფი ორგანო, რომელიც შეიმუშავებს დაზღვევის მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებს. სამმართველოში შედის დაზღვევის და გადაზღვევის განყოფილებები.
ნაციონალური გადაზღვევის მაკონტროლებელი ორგანო – არეგულირებს ქვეყანაში სადაზღვევო სფეროში მონოპოლიურ საქმიანობას, შეიმუშავებს გადაზღვევის მექანიზმებს.
თურქეთის რესპუბლიკის ჩამოყალიბებამდე დაზღვევას აწარმოებდნენ უცხოური ორგანიზაციები. 1913 წელს პირველად შეიქმნა კანონი უცხოური სადაზღვევო კომპანიებისათვის, ხოლო 1923 წელს კანონმა “ვაჭრობის შესახებ” მოიცვა მუხლი დაზღვევის შესახებ.
თურქეთის უდიდესი ნაწილი მდებარეობს სეიმურ ზონაში, რამაც წარმოშვა თურქეთში მიწისძვრისაგან სავალდებულო დაზღვევის პროექტის შემუშავება, რომელიც უახლოეს პერიოდში შევა ძალაში, დაზღვეული ქონების სადაზღვევო შესატანს იხდის მხოლოდ მფლობელი.
მიწისძვრა ქვეყნის უდიდეს პრობლემას წარმოადგენს (1999 წლის მიწისძვრის შედეგად მიღებულმა ზარალმა 527 მლნ აშშ დოლარი შეადგინა), შეიქმნა ცალკე სადაზღვევო კომპანიები, რომლებიც მხოლოდ ერთ რისკს აზღვევენ – მიწისძვრისაგან მიყენებულ ზიანს. უნდა ავღნიშნოთ, რომ მიწისძვრის შედეგად არც ერთი სადაზღვევო კომპანია არ გაკონტროლებულა, ამ სახეობაში ჩვეულია ორმაგი დაზღვევა, თუმცა, თუ ერთი სადაზღვევო კომპანიის სადაზღვევო თანხის ლიმიტი საკმაო იქნება კერძო შემთხვევისათვის, მაშინ ორმაგი დაზღვევა აუცილებელი არ არის. როგორც სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებმა განაცხადეს, მიწისძვრის შემდგომ დაზღვევის ამ სახეობით მოსახლეობის დაინტერესება საგრძნობლად გაიზარდა.
დამზღვევს შეუძლია სადაზღვევო შენატანი შეიტანოს ეტაპობრივად, სადაზღვევო პრემიის 25%-ს იხდის დაუყოვნებლივ, დარჩენილ ნაწილს კი ფარავს 88 დღის განმავლობაში.
კომპანიებს უფლება აქვთ სადაზღვევო რეზერვები განათავსონ საკუთარ ანგარიშზე, როგორც მყარ ვალუტაში, ასევე თურქულ ლირებში.
თურქეთის ტერიტორიაზე სადაზღვევო საქმიანობას ახორციელებს 65 სადაზღვევო და 4 გადაზღვევის კომპანია. სადაზღვევო კომპანიები დაყოფილია სიცოცხლისა და არასიცოცხლის დაზღვევის კომპანიებად. 27 კომპანია მუშაობს არასიცოცხლის, ხოლო 23 კომპანია – სიცოცხლის დაზღვევაში. დანარჩენი 15 კომპანია შერწყმული ტიპისაა, ამავდროულად შერწყმული ტიპის კომპანიები აკმაყოფილებენ კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.
სადაზღვევო კომპანიები სადაზღვევო საქმიანობას ახორციელებენ სამი ძირითადი მიმართულებით:
– ქონების დაზღვევა;
– სიცოცხლის დაზღვევა;
– პასუხისმგებლობის დაზღვევა.
სადაზღვევო კომპანიების ჯამური პრემია დაზღვევის ყველა სახეობის მიხედვით წლის განმავლობაში 984,419 ტრილიონ ლირას აღწევს, ხოლო სადაზღვევო შემოსავლების შეფარდება ეროვნულ პროდუქტთან გვაძლევს 1,2%-ულ მაჩვენებელს. აღსანიშნავია, რომ ყოველწლიური სადაზღვევო პრემიის შემოსავლების მაჩვენებელი ეროვნულ შემოსავალთან მიმართებაში ყოველწლიურად იზრდება:
1997 წელს – 0,83%;
1998 წელს – 0,88%;
1999 წელს – 0,99%;
2001 წელს – 1,05%;
2002 წელს – 1,20%.
დაზღვევის სახეობების მიხედვით პოპულარობით სარგებლობს შემდეგი სახეები:
სიცოცხლის დაზღვევა – 917,554 მილიარდი ლირა;
TPL – 517,341 მილიარდი ლირა;
ქონების დაზღვევა – 182,492 მილიარდი ლირა.
2002 წლის მონაცემებით, თურქეთში პრემიის წილის ერთეული სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 34 აშშ დოლარს აღემატება.
დაზღვევის სექტორში დასაქმებულთა რიცხვი 2002 წლის მონაცემებით 9890 ადამიანია, აქედან 4684 მამაკაცია.
თურქეთში სადაზღვევო საქმიანობის განვითარების მთავარი ხელშემშლელ ფაქტორად გვევლინება ინფლაციის მაღალი მაჩვენებელი, ინფლაცია საბითუმო ფასებზე წლის განმავლობაში აღწევს 62,9%-ს, ხოლო საცალო სამომხმარებლო ფასებზე 68,8%-ს შეადგენს, ამავე დროს არსებობს საპრემიო შესატანების აკრეფის პრობლემა.
რუსეთი
რუსეთის ფედერაციაში სადაზღვევო სისტემის რეგულირებას ახორციელებს რუსეთის ფედერაციის დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის დეპარტამენტი.
2002 წლისათვის რუსეთის სადაზღვევო ბაზარზე მუშაობდა 1408 სადაზღვევო ორგანიზაცია. დაზღვევის სისტემაში დაკავებულია 250-დან 300 ათას კაცამდე. ფუნქციონირებს სიცოცხლისა და არასიცოცხლის დაზღვევის ერთობლივი კომპანიები.
2002 წელს მოქმედი 1350 კომპანიიდან 313-ს ჰქონდა 10 მლნ. რუბლზე მეტი საწესდებო კაპიტალი, 868 კომპანიას – 600 ათასი რუბლიდან 10 მლნ. რუბლამდე, 138 კომპანიას – 100-დან 600 ათას რუბლამდე და 31 კომპანიას – 100 ათას რუბლზე ნაკლები.
რუსეთის სადაზღვევო სისტემის განვითარების კონცეფციის თანახმად, 2007 წლისათვის სადაზღვევო კომპანიების მინიმალური საწესდებო კაპიტალი ფულადი სახით უნდა შეადგენდეს 30-40 მლნ. რუბლს.
მთლიანმა სადაზღვევო პრემიამ დაზღვევის ყველა სახეობაში 2002 წლისთვის შეადგინა 300.4 მლნ რუბლი.
2002 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ ანაზღაურებულია 231.6 მლნ რუბლი.
ყაზახეთი
ყაზახეთის სადაზღვევო სფეროს ზედამხედველობას უწევს ყაზახეთის რესპუბლიკის ფინანსური დაზღვევის ზედამხედველობის დეპარტამენტი.
2002 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით, სადაზღვევო საქმიანობაზე მონაწილეობით არის შექმნილი ყაზახეთის რესპუბლიკა, 4 – უცხოელების მონაწილეობით და 1 აწარმოებს საქმიანობას სიცოცხლის დაზღვევაში. ძირითადი კომპანიები (25) განთავსებულია ქ. ალმაატაში.
ბოლო წლებში აღინიშნება კომპანიების შემცირება 71-დან (1999წ) 34 კომპანიამდე. ეს გამოწვეული იყო კანონმდებლობის დაცვის და გადახდისუნარიანობის მედეგობის მოთხოვნით.
მთლიანი სადაზღვევო პრემიის 60% 6 სადაზღვევო კომპანიაზე მოდის.
2001 წლიდან შედარებით 2002 წელს მთლიანი სადაზღვევო პრემია 55.3%-ით გაიზარდა, 12 611 3 მლნ თენგიდან 19 587 0 მლნ თენგამდე. განსაკუთრებით, პრემიის ზრდა (68.7%) გამოიწვია ქონების ნებაყოფლობითმა დაზღვევამ. სადაზღვევო პრემიის თანხა ერთ სულ მოსახლეზე დაახლოებით 1 305 8 თენგია.
მოზიდული პრემიის ძირითადი ნაწილი ქონების ნებაყოფლობით დაზღვევაში ადგილობრივი კომპანიების მიერ გადაიზღვევა საზღვარგარეთ. გადაზღვევა დაშვებულია მოხდეს მხოლოდ იმ უცხოურ სადაზღვევო კომპანიებში, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი რეიტინგი.
როგორც წესი, დიდი რისკების გადაზღვევის დროს (მეტელურგია, ნავთობი) ადგილობრივი კომპანიები გამოდიან, როგორც ფრონტირებული ორგანიზაციები, ე.ი. სადაზღვევო რისკი მთლიანად გადაეცემა გადამზღვევ ორგანიზაციებს. ეს აიხსნება ადგილობრივი კომპანიების დაბალი კაპიტალით.
ანაზღაურებულმა ზარალმა 2002 წელს შეადგინა 2 019 3 მლნ თანგი. სადაზღვევო ანაზღაურებამ ერთ სულ მოსახლეზე შეადგინა 134.6 თენგი.
ყაზახეთის რესპუბლიკის სადაზღვევო ორგანიზაციების პირადი კაპიტალი, განსაზღვრული ხარისხისა და ლიკვიდურობის აქტივებით 2002 წლის 1 დეკემბერის მონაცემებით შეადგენდა 6 101 8 მლნ. თენგს.
2002 წელს სადაზღვევო კომპანიების მიერ ფორმირებულია სადაზღვევო რეზერვი 11 214 7 მლნ თანგი. აქტივების მთლიანმა მოცულობამ სადაზღვევო ორგანიზაციების შეადგინა 20 569 8 მლნ თანგი (154.50 თანგი -1 დოლარი).
ბოლო 2 წლის განმავლობაში დაიწყო ყაზახეთის სადაზღვევო ბაზრის თანამედროვე ინფრასტრუქტურის ფორმირება. ინერგება აქტუალური გათვლების სისტემა.
სომხეთი
სომხეთის სადაზღვევო ბაზარს არეგულირებს სადაზღვევო კანონი, რომელიც სომხეთის პარლამენტმა მიიღო 1996 წლის ნოემბერში. კანონი არეგულირებს ურთიერთობებს სადაზღვევო ორგანიზაციებსა და კერძო პირებს შორის, განიხილავს სადაზღვევო საქმიანობას.
ამ კანონის თანახმად, დაზღვევაში იგულისხმება სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევა.
დაზღვევას სომხეთში ახორციელებენ სადაზღვევო კომპანიები (მზღვეველები), რომელთაც გააჩნიათ იურიდიული სტატუსი, ლიცენზია და რეგისტრირებულნი არიან დადგენილი კანონით, ესენი არიან:
– ერთიანი სააქციო საზოგადოებები;
– შეზღუდული პასიხისმგებლობის საზოგადოებები;
მზღვეველებს შეუძლიათ განახორციელონ სადაზღვევო საქმიანობა სადაზღვევო აგენტებისა და სადაზღვევო ბროკერების საშუალებით. სადაზღვევო აგენტები თანამშრომლობენ სადაზღვევო კომპანიებთან და მოქმედებენ მზღვეველის სახელით. სადაზღვევო ბროკერებს მიღებული აქვთ ლიცენზია დადგენილი წესით და ასრულებენ სადაზღვევო შუამავლის როლს. ისინი მოქმედებენ დაზღვეულის სახელით. სადაზღვევო ბროკერები, ასევე, ახორციელებენ სადაზღვევო საქმიანობას, აქვთ უფლება დააზღვიონ მზღვეველთა რისკები უცხოურ სადაზღვევო კომპანიებში.
არსებული კანონის თანახმად, უცხოელ მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს აქვთ თანასწორი უფლება იყვნენ დაზღვეულნი სომხეთის ტერიტორიაზე.
სომხეთის ტერიტორიაზე სახელმწიფო ზედამხედველობას სადაზღვევო საქმიანობასთან დაკავშირებით ასრულებს სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც უფლებამოსილია სომხეთის მთავრობის მიერ – ეს არის სადაზღვევო ინსპექცია.
მის ძირითად პასუხისმგებლობაში იგულისხმება:
– ლიცენზიის გაცემა მზღვეველზე სადაზღვევო საქმიანობის შესასრულებლად;
– მზღვეველების, სადაზღვევო ბროკერების რეგისტრაცია;
– ზედამხედველობა მზღვეველთა გადახდისუანრიანობის უსაფრთხოებაზე.
2000 წლის 1 ოქტომბრისთვის სომხეთში მოქმედებდა 25 სადაზღვევო კომპანია, რომელიც მოიცავდა 11 შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას (კომპანიებს), 13 დახურულ ერთიან-სააქციო საზოგადოებას (კომპანიებს), 1 ღია ერთიან სააქციო საზოგადოებას (კომპანიებს) და 5 სადაზღვევო ბროკერს, მათ შორის 3 შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანიას და 2 კერძოს. 25-დან მხოლოდ 1 სადაზღვევო კომპანიას აქვს ლიცენზია სიცოცხლის დაზღვევაზე.
2000 წლის 1 ოქტომბრისთვის რეგისტრირებული სადაზღვევო კომპანიების კაპიტალი მოიცავდა, დაახლოებით, 15 მლრდ სომხურ დრამას (დაახლოებით 2.7 მილიონი დოლარი), მაშინ, როცა მათი კუთვნილი კაპიტალი შეადგენდა 1.9 მლრდ სომხურ დრამას (დაახლოებით 3.5 მილიონი დოლარი). ყველა სადაზღვევო კომპანიის აქტივი 10.01.00-სთვის შეადგენდა 3.2 მლრდ-ს (დაახლოებით 5.8 მილიონი დოლარი).
სომხეთის სადაზღვევო კომპანიები უზრუნველყოფენ შემდეგი სახის დაზღვევას:
– უბედური შემთხვევისაგან დაზღვევა;
– ტვირთების დაზღვევა;
– სამედიცინო დაზღვევა;
– ქონების დაზღვევა;
– სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა;
– მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევა;
– საჰაერო-სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა;
– ფინანსური რისკების დაზღვევა;
– უძრავი ქონების დაზღვევა;
– პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევა;
უცხოური კაპიტალი წარმოდგენილია 2 ბრიტანული კომპანიის, SARBRIT და YEREVAN-ისა დაARMAGOSSTRAKH-ის მიერ, რომლის მეწილე არის რუსული სადაზღვევო კომპანია ROSNO. იგი ფლობსARMAGOSSTRAKH-ის 50%-ს და გეგმავს უახლოეს მომავალში გაზარდოს თავისი წილი 75%-მდე.