ინვესტიციების ძიებაში
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით ნარმანია, მინისტრის მოადგილესთან გიორგი ამაშუკელთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, ელგუჯა ხოკრიშვილთან ერთად, გერმანიაში ხუთდღიანი ვიზიტით 17 მარტს გაემგზავრა.
პირველი ოფიციალური შეხვედრა გერმანიის საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანთან, კორნელია პიპერთან გაიმართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ახალი ხელისუფლების პროგრამას, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა სოციალურ-ეკონომიკურ მიმართულებებზე და ამ თვალსაზრისით გერმანია-საქართველოს შორის ურთიერთობების გაღრმავებაზე, ადგილობრივი თვითმმართველობის დაგეგმილ რეფორმასა და გერმანიის მხარდაჭერაზე რეფორმების გაგრძელების საკითხებში. პიპერმა ხაზი გაუსვა გამოცდილების ურთიერთგაზიარების თვალსაზრისით გერმანიისა და საქართველოს ქალაქების დაძმობილების საკითხს და დღეს არსებული 3 დამეგობრებული ქართულ-გერმანული ქალაქების რიცხვის მაქსიმალურ გაზრდას, ასევე, ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით რეგენსბურგთან თანამშრომლობის აუცილებლობაზე.
მოგვიანებით, პიპერმა და დავით ნარმანიამ გერმანიის აღმოსავლეთი და ცენტრალური ევროპის ეკონომიკური გაერთიანების კონფერენცია გახსნეს, სადაც მინისტრმა Keynote Speaker-ის სახით გააკეთა მოხსენება საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობის საკითხებზე როგორც კაპიტალდაბანდების, ისე ინფრასტრუქტურულ პროექტებში მონაწილეობის თვალსაზრისით. შემდეგ კი დაინტერესებულ მეწარმეებთან, გაერთიანების ხელმძღვანელის, დოქტორ ლენგას ხელმძღვანელობით, გაიმართა შეხვედრა-კონსულტაცია, სადაც მინისტრმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის თავმჯდომარემ მათ კითხვებს უპასუხეს.
აღსანიშნავია, რომ მინისტრის მოწვევის ძირითადი ინიციატორი სწორედ ეს გაერთიანება გახლდათ. დავით ნარმანია, გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში, ფრანკფურტში გამართულ ქართულ-გერმანულ ბიზნეს-ფორუმზეც გამოვიდა სიტყვით. ბიზნეს-ფორუმს საქართველოს ელჩი გერმანიაში, ლადო ჭანტურია და ოცამდე ქართული კომპანია ესწრებოდნენ. ფორუმის მიზანი პოტენციური ინვესტორების საქართველოთი დაინტერესება და ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავება იყო.
როგორც დავით ნარმანიამ თავის გამოსვლაში განაცხადა, საქართველოს ხელისუფლება ატარებს აქტიურ პოლიტიკას ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს გასაუმჯობესებლად. მან ასევე ისაუბრა როგორც რეგიონული განვითარების, ისე ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტებზე, რომელთა განხორციელებაზეც საქართველოს გერმანული დონორი ორგანიზაციები აქტიურად ეხმარებიან.
ვიზიტის ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ, ასევე, შეხვედრა გამართა ჰენესის მიწის ეკონომიკისა და ტრანსპორტის სამინისტროში, სადაც რეგიონული მოწყობის, ქალაქმშენებლობისა და დაგეგმარების საკითხებზე გერმანულ გამოცდილებას გაეცნენ. დავით ნარმანიამ მონაწილეობა მიიღო ფრანკფურტის მერის მიერ გამართულ საგანგებო მიღებაზე. მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის გერმანული გამოცდილების გაზიარება და იმედი გამოთქვა, რომ გერმანია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას ევროპული სტანდარტების დამკვიდრებაში საქართველოს აქტიურად დაეხმარება.
მინისტრმა შეხვედრები ასევე გამართა „Dautsche Bank“-ის, “Boston Consulting Group”-ის, “ING Group”-ის, „Global Solar“-ისა და „KSP“-ს წარმომადგენლებთან და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილა. ქართულმა დელეგაციამ შეხვედრა გამართა ქალაქ მანჰეიმის მერთან, დოქტორ კურცისთანაც, რომელთანაც დიდი ქალაქების ადმინისტრაციული სტრუქტურის, ადგილობრივი ინფრასტრუქტურის – გზებისა და ხიდების რეაბილიტაციის საკითხები და ამ მხრივ არსებული გერმანული გამოცდილება განიხილა.
დარმშტადტის უნივერსიტეტში მინისტრმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტი დაეხმარება საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურაში ევროპული სტანდარტების შემუშავებაში. მან ასევე დაათვალიერა უნივერსიტეტში არსებული საგზაო და წყლის ინფრასტრუქტურის ლაბორატორიები და იმედი გამოთქვა, რომ სულ მალე ანალოგიური ლაბორატორიები საქართველოში ტექნიკური უნივერსიტეტის ბაზაზეც შეიქმნება. დავით ნარმანიას ვიზიტი გერმანიაში 22 მარტს დასრულდა.