ახალი საფრთხე გლობალური ეკონომიკისთვის
სავალუტო ფონდის რეგულირების გამკაცრების მომხრეა
მოამზადა მაკა ღანიაშვილმა
მსოფლიო ჯერ ისევ ცხოვრობს აშშ-ში 2008 წელს დაწყებული ფინანსური და ეკონომიკური კრიზისის აჩრდილის ქვეშ. აშშ-ს მაგალითზე კარგად გამოჩნდა თუ რამხელა საფრთხე მოდის ფინანსური სფეროდან, სადაც იპოთეკური კრიზისი ტრადიციულ საბანკო საზღვრებს გასცდა. გაღმავდა დისკუსეიები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა რეგულირდებოდეს ფინანსური სექტორი. საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ფინანსური სექტორის მდგრადობის გასაზომად მხოლოდ საბანკო კრედიტების მაჩვენებელი საკმარისი არ არის, ამიტომ განსხვავებული მიდგომაა გამოყენებული ახალ კვლევაში.
მიმდინარე წლის მაისში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ანგარიში (Rethinking Financial Deepening: Stability and Growth in Emerging Markets, IMF) გამოაქვეყნა, რომელშიც ძირითადად ფინანსურ სექტორზეა გამახვილებული ყურადღება. როგორც ანგარიშშია, მითითებული, აშშ-ში, იაპონიაში და სხვა განვითარებული ეკონომიკების მქონე ქვეყნებში ფინანსური სექტორის როლი ძალიან გაიზარდა ბოლო წლების განმავლობაში, რაც საფრთხის შემცველია.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის ეკონომისტები აცხადებენ, რომ განვითარებულმა ეკონომიკებმა უნდა ისწავლონ გაკვეთილი 2008 წლის მოვლენებიდან და არ უნდა მისცენ საბანკო სისტემასა და ფინანსურ ბაზრებს საშუალება კვლავ ასე სწრაფი ტემპით იზრდებოდნენ, რადგან მარეგულირებელი ინსტიტუტები მათ განვითარებას ვერ ეწევიან და დიდი რისკები წარმოიქმნება.
ანგარიშში ასევე გამახვილებულია ყურადღება იმაზე, რომ განვითარების გარკვეულ ეტაპზე ბანკები და სხვა ფინანსური ინსტიტუტები ეკონომიკის საკმაოდ დიდ ნაწილს შეადგენენ, მაგრამ მათი წვლილი ეკონომიკის ზრდაში სულ უფრო მცირდება, სანაცვლოდ კი იზრდება ფინანსური არასტაბილურობა. „ფინანსური განვითარების გარკვეულ ზღვარს მიღმა, ეკონომიკის ზრდაზე პოზიტიური ეფექტი მცირდება, ეკონომიკური და ფინანსური არამდგრადობა კი იზრდება“ – წერენ სავალუტო ფონდის ეკონისტები.
2008 წლის შემდეგ ყველაზე აქტუალური კითხვაა, თუ როგორი შეიძლება იყოს ბანკების როლი ეროვნულ ეკონომიკაში და როგორ უნდა არეგულიროს მთავრობამ ფინანსური სექტორი 2008 წლის კრიზისის მსგავსი ან უფრო უარესი სცენარის თავიდან ასაცილებლად?
თუმცა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტები ანგარიშში ამ საკითხს სხვანაირად სვამენ – რამდენად დიდია ბანკებისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტების როლი ჯანსაღი ეკონომიკის ფუნქციონირებაში? უკვე ბევრი სპეციალისტი საუბრობს იმაზე, რომ ფინანსური სექტორის დომინანტობა ხდება შემაფერხებელი ფაქტორი სხვა სექტორების განვითარებისთვის.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გამოიყენა 128 ქვეყნის მონაცემები 1980-2013 წლების შუალედიდან „ფინანსური განვითარების ინდექსის“ გამოსათვლელად. ინდექსი შეისწავლის არამხოლოდ ბანკების ფინანსურ მდგრადობის სხვადასხვა მაჩვენებლებს, არამედ უფრო ღრმად იმასაც, თუ როგორია ეკონომიკის სხვა სექტორების წვდომა საბანკო და სხვა ფინანსურ პროდუქტებზე.
კვლევამ აჩვენა, რომ ისეთი ეკონომიკების ფინანსური სექტორი როგორიც არის ირლანდია, იაპონია და აშშ უკვე გადაკვეთეს ის ხაზი, როდესაც ფინანსური სექტორის ზრდას ნაკლები ეფექტი აქვს ეკონომიკურ ზრდაზე.
ასეთი ქვეყნები ანგარიშში მოხსენიებულია, როგორც ქვეყნები „რომლებიც ზედმეტი ფინანსებისგან იტანჯებიან“ და ფინანსუ რესურსებს ნაკლებეფექტიანად იყენებენ. რადგან ეს ფინანსები სულ უფროდაუფრო ნაკლებად მიემართება წარმოების სექტორისკენ, რეალური საწარმოო ზრდის შენელება კი იწვევს ეკონომიკური ზრდის შენელებას.
აღსანიშნავია, რომ კვლევის შედეგების მიხედვით, ბევრ განვითარებად ქვეყანას ჯერ არ მიუღწევია ამ ნიშნულისთვის. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ „კარგი“ რეგულირება აფერხებს ფინანსური სექტორის ზედმეტად ზრდას. თუმცა არის რამდენიმე განვითარებადი ქვეყანა სადც განვითარებული ქვეყნების ანალოგიური მდგომარეობაა და კვლევაში ასეთად დასახელებულია ჩინეთი, რომლის ფინანსური სექტორიც ბოლო წლების განმავლობაში ასევე სწრაფად იზრდება.
ფონდის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ფინანსური განვითარება ბევრ ქვეყანაში იმ ეტაპზეა, როცა საჭიროა გარკვეული კომპრომისები. კომპრომისებში კი ძირითადად მარეგულირებელი ნორმების გამკაცრება იგულისხმება. ეს რისკები შეიძლება დაბალანსებული იყოს მარეგულირებელი მიდგომების შეცვლით და გამკაცრებით. „სხვა სიტყვებით, მარეგულირებელი ნორმების რეფორმირებას შეუძლია გაზარდოს ფინანსური სექტორიდან მიღებული სარგებელი და შეამციროს რისკები“ – ვკითხულობთ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ექსპერტების ბლოგში, რომელიც მათ ახალ კვლევას მიუძღვნეს. როგორც კვლევის ავტორები მიუთითებენ, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის უმჯობესია განვითარდეს ჯერ ფინანსური ინსტიტუტები და შემდეგ ფინანსური ბაზარი. მარეგულირებელი ნორმები და ინსტიტუტები კონცენტრირებული უნდა იყოს ორ მთავარ ფაქტორზე – ზრდა და სტაბილურობა.
რა იგულისხმება „ზედმეტად დიდ ფინანსებში?“:
• სიღრმე – ფინანსური ინსტიტუტებისა და ბაზრის ზომა და ლიკვიდურობა;
• ხელმისაწვდომობა – ინდივიდუალებისთვის ფინანსურ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის დონე;
• ეფექტიანობა – ინსტიტუტების შესაძლებლობა შესთავაზონ ფინანსური მომსახურება დაბალ ფასებში და მდგრადი შემოსავლით, და კაპიტალის ბაზრის აქტიურობის დონე.
ფინანსური განვითარების მაღალი დონე არ აბრკოლებს კაპიტალის დაგროვებას. თუმცა ის ამცირებს ინვესტიციების ეფექტიანობას. რაც იმას ნიშნავს, რომ ფინანსების წარმოების სექტორში გადინება ფერხდება.
განვითარებადი ბაზრები კვლავ ნახულობენ სარგებელს ფინანსური განვითარებისგან
ბევრი განვითარებადი ქვეყანა ჯერ ისევ უსაფრთხო ზონაშია, როდესაც საუბარია ფინანსურ განვითარებაზე. განვითარებადი ქვეყნების უმეტესობაში ფინანსური სექტორის განვითარება კვლავ დიდი მნიშვნელობის მქონეა საერთო ეკონომიკური ზრდისთვის. რაც იმას ნიშნავს, რომ მათ შეუძლიათ მიაღწიონ უფრო მაღალ ზრდას და ფინანსურ სტაბილურობას. ამასთანავე შეამცირონ ეკონომიკური მერყეობები ფინანსური სისტემის განვითარების კვალდაკვალ. „თუმცა ფინანსურ სტაბილურობასთან დაკავშირებული რისკები მაინც არსებობს, ფინანსური სექტორის განვითარების დაბალ დონეზეც კი. ამასთანავე პოლიტიკის გამტარებლები უნდა დარწმუნდნენ, რომ კაპიტალისა და ლიკვიდობის რეზერვები საკმარისია იმისთვის, რომ ფინანსური კრიზისები თავიდან ავიცილოთ“ – წერენ სავალუტო ფონდის ექსპერტები.
განვითარებადი კაპიტალური ინსტიტუტებიდან მიღებელი სარგებელი უფრო დიდია, როდესაც ქვეყნებს აქვს შემოსავლის დაბალი დონე, ეს ეფექტიანობა მცირდება, ქვეყნის შემოსავლიანობის ზრდის პარალელურად. ამიტომაც, სავალუტო ფონდის ექსპერტების რეკომენდაციის მიხედვით, ფინანსური ინსტიტუტების განვითარება ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლების ზრდის პარალელურად უნდა ხდებოდეს.
ფინანსური სექტორის ზრდა ნიშნავს კრიზისისა და ეკონომიკური არასტაბილურობის უფრო დიდ დონეს. რადგან როდესაც ფინანსური ინსტიტუტები სწრაფად იზრდება, ისინი უფრო მეტ რისკს წევენ, განსაკუთრებით მაშინ თუ რეგულირება და ზედამხედველობა რბილია. „ძლიერი ინსტიტუტები და მარეგულირებელი ნორმები ზრდიან ქვეყნის სარგებლიანობას ფინანსური სექტორის განვითარებასთან ერთად“ – წერენ ფონდის ექსპერტები.
როგორც კვლევის ავტორები მიუთითებენ ამჯერად გამოქვეყნებულია კვლევის მხოლოდ წინასწარი შედეგები, უფრო დეტალური მონაცემები კი მუშავდება და მალე გამოქვეყნდება. ასევე არ არის გამოქვეყნებული ისეთი ქვეყნების მონაცემები როგორიცაა გერმანია, დიდი ბრიტანეთის და სხვა, სადაც ფინანსური სექტორის როლი ასევე დიდია.