გლობალური საფრთხე
მოამზადა ეკა წირღვავამ
ყოველ ათასწლეულს თან ახლავს სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის ახალი სიკეთეები, მაგრამ ზოგჯერ ამ “ტკბილ ნაყოფს” მწარე გემოდ გასდევს. ფიზიკის, ბიოლოგიისა და ფსიქოლოგიის სფეროში აღმოჩენებს მძლავრი და საშიში იარაღების შექმნამდე მივყავართ. მრეწველობის, კომუნიკაციისა და ტრანსპორტის განვითარებას თან სდევს გვერდითი მოვლენები, რომლებიც ეკოლოგიისა და ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებას იწვევენ. უახლოესი წლებისა და ათწლეულების მანძილზე რა სახის პრობლემებთან მოუწევს კაცობრიობას შეჯახება?
1. ბიოტექნოლოგიური ექსპერიმენტების გვერდითი მოვლენები
ბიოტექნოლოგიური – ნამდვილი კლონდაიკი ინვესტორებისთვის: ამ ბაზრის მოცულობა ყოველწლიურად 20%-ით იზრდება. ამასთან ბიოტექნოლოგიური ექსპერიმენტები სერიოზულ დარტყმას აყენებს გარესამყაროს. კერძოდ, ბაქტერიულმა ცდებმა, რომელიც მნიშვნელოვნად მოქმედებს კლიმატურ პროცესებზე, უარყოფითად იმოქმედა აშშ-ის მთელი რიგი შტატების კლიმატზე. ტრანსგენური პროდუქტების მიღებისას კი ადამიანის ზოგიერთ ორგანოში იცვლება ბიოქიმიური პროცესები, რაც მის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის.
2. კიბერნეტიკული ომი
მიუხედავად ომისა, რომელსაც ამერიკის ხელისუფლებას სხვადასხვა ქვეყნის ხაკერები უცხადებენ, აშშ კიბერსაფრთხეებისაგან ყველაზე მეტად დაცული ქვეყანაა. გაცილებით მეტი საფრთხის წინაშეა ქვეყნები, რომლებიც იყენებენ საზღვარგარეთა შექმნილ პროგრამულ უზრუნველყოფას. თეორიულად მწარმოებელ ფირმას, სპეცსამსახურების დაკვეთით, მთელი ქსელის მწყობრიდან გამოყვანა შეუძლია. უცხოური წარმოების პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენება მწარმოებელს მომხმარებლის კომპიუტერში არსებული მთელი ინფორმაციის გაშიფრვის შესაძლებლობასაც აძლევს.
3. უკონტროლო მიგრაცია
სოციოლოგების აზრით, რეალური მიგრაცია ეთნოკულტურულ კონცეფციებს ეფუძვნება, კერძოდ ქცევის კანონებსა და ნორმებს, რომლებიც ახალ სამშობლოშია მიღებული, ემიგრანტები აღიქვამენ თავიანთი ლოკალური კულტურის შესაბამისად. ან ეს ნორმები მათთვის საერთოდ მიუღებელია, მაგრამ მას თავიანთი ინტერესების დასაკმაყოფილებლად იყენებენ. ამის შედეგად ჩნდება ორმაგი სტანდარტი: ემიგრანტები, რომლებსაც ევროპელები აღიქვამენ, როგორც თანამოქალაქეებს, საზოგადოებასთან ინტეგრირებას ვერ ახდენენ. ისინი ქმნიან არქაულ კომპაქტურ დასახლებებს (მაგალითად, პარიზის გარეუბნებში), ამასთან ისინი მტრულად არიან განწყობილი ამ ქვეყნის ხელისუფლების მიმართ. უახლოეს წლებში ამ პროცესის განვითარებამ შეიძლება სამოქალაქო ომები გამოიწვიოს.
4. გლობალური დათბობა
ბოლო 30 წლის მანძილზე პლანეტაზე ტემპერატურა 0,6 0ჩ-მდე გაიზარდა. ერთი შეხედვით, კლიმატის ეს უმნიშვნელო ცვლილება მრავალრიცხოვან მსხვერპლს იწვევს. კერძოდ, მკვეთრად გაიზარდა სისხლძარღვოვანი დაავადებების რიცხვი. რამდენიმე, უჩვეულოდ ცხელმა ზაფხულის სეზონმა 15 ათასი ფრანგისა და 35 ათასი სხვა ევროპული ქვეყნის მაცხოვრებლის სიცოცხლე შეიწირა. კიდევ უფრო საშიშია კლიმატის ცვლილებით ეკვატორულ და სუბეკვატორულ ზონებში გავრცელებული ეპიდემიები.
5. ფსიქოტროპული იარაღი
ფსიქოტროპული იარაღის შექმნის პირველი მცდელობა იყო 1950-60-იან წლებში. კვლევის ეს თემა გასაიდუმლოებული იყო როგორც აშშ-ში, ისე ყოფილ სსრკ-ში. მკაცრი გასაიდუმლოების გამო ძნელია იმაზე საუბარი, თუ რა დონეზეა ამ სფეროში კვლევები. მაგრამ ეჭვგარეშეა ის ფაქტი, რომ ჩვენი ტვინის მუშაობის პრინციპი თეორიულად იძლევა ისეთი იარაღის შექმნის შესაძლებლობას, რომელსაც შორი მანძილიდან შეუძლია ადამიანზე ზემოქმედება. ეს ტექნოლოგია შესაძლოა ტერორისტების ხელში მრისხანე იარაღად იქცეს და კიდევ უფრო საშიში მეთოდი გახდეს სახელისუფლებო ორგანოების მიერ მოქალაქეებზე ზემოქმედებისათვის.
6. გეოფიზიკური იარაღი
ავრორალური სფეროს კვლევის მაღალტექნოლოგიური და აქტიური პროგრამის ფარგლებში აშენებულ სადგურში ტარდება ცდები ისეთ მექანიზმებზე, რომლებსაც შეუძლია რადიოკავშირების დარღვევა და იმ საფრენი აპარატების განადგურება, რომლებიც რადიოსხივის ზონაში მოხვდებიან, ასევე მიწისძვრებისა და ცუნამების გამოწვევა. ჯერ-ჯერობით ყველაზე მეტად შესწავლილი და უკვე გამოყენებული გეოფიზიკური იარაღია წვიმებისა და გვალვების პროვოცირება.
7. სასმელი წყლის დეფიციტი
მეცნიერების პროგნოზებით, 2035 წლიდან 2045 წლამდე სასმელი წყლის მოხმარება მისი მარაგების შესაბამისი იქნება, ეს კი წყლის გლობალური კრიზისის ინდიკატორია. ეკონომიკის ზრდის ფონზე საწარმოების მიერ წყლის მოხმარების ზრდის შედეგად ეს კრიზისი შეიძლება უფრო ადრეც დადგეს. 700 მეცნიერის მიერ მომზადებულ ანგარიშში მითითებულია, რომ უკვე ამჟამად 1,2 მლრდ ადამიანს არა აქვს უსაფრთხო წყლის, ხოლო 2,6 მლრდს კანალიზაციის ელემენტარული სისტემის მოხმარების შესაძლებლობა.
8. გაზისა და ნავთობის გარეშე
2004 წლიდან ნავთობისა და გაზის მწარმოებლები ნახშირწყლის მოპოვებას ამცირებენ. თუ ადრე მოპოვების ზრდა წელიწადში 10% იყო, ამჟამად ეს მაჩვენებელი 2%-მდე შემცირდა. ენერგიის ტრადიციული წყაროების მარაგი მთავრდება. მაგალითად, კომპანია BP-ს ნავთობის მხოლოდ 10 წლის მარაგი აქვს, Exxon Mobil-ს – 12 წლის, სამამულო ნავთობკომპანიებს ბუნებრივი რესურსების სამინისტროების პროგნოზებით – 30-35 წლის რესურსი. მინერალური ნედლეულის მარაგის გაზრდის შესაძლებლობა მცირეა, ხოლო ჯერ კიდევ დაუმუშავებელი საბადოები მძიმე კლიმატის პირობებშია განლაგებული.
9. ტექნოლოგიური კატასტროფები
ექსპერტები თვლიან, რომ რუსეთი საწარმოების ძირითადი ფონდების ტოტალური ცვეთისა და მეტალის მასშტაბური დაძველების გამო ტექნოლოგიური კატასტროფის ეპოქაში შედის. საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პროგნოზით, უახლოეს 2 წელიწადში ტექნოგენური კატასტროფების რაოდენობა შენარჩუნდება ერთ დონეზე და გამოწვეული იქნება ძირითადად აფეთქებებითა და ხანძრებით. დასავლეთში ფონდების ისეთი დაძველება როგორც რუსეთში არ აღინიშნება. მიუხედავად ამისა, ტექნოლოგიური პროგრესი ახალი ტექნოლოგიური რისკების წინაშე დადგება, ერთ-ერთი ასეთი რისკი ისაა, რომ სულ უფრო ნაკლები ადამიანია გათვითცნობიერებული იმაში, თუ რა, როგორ მუშაობს. ამერიკელი მკვლევარი ჯონ ლესლი თავის ნაშრომში – “მსოფლიოს დასასრული” ამტკიცებს, რომ მომავალი 500 წლის მანძილზე კაცობრიობას განადგურების 30%-იანი შანსი ემუქრება, რაც ატომური ომის, ხელოვნურად შემუშავებული შხამქიმიკატების ან ბიოლოგიური ნივთიერებების გაჟონვის შედეგად ტექნოლოგიებზე კონტროლის დაკარგვით იქნება გამოწვეული.
10. მესამე მსოფლიო ომი
2007 წლის სექტემბრის შუა რიცხვებში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ მესამე მსოფლიო ომი ირანის მიერ ბირთული იარაღის შეძენის შემთხვევაში შეიძლება დაიწყოს. თავისი გამოსვლით მან სამხედრო ანალიტიკოსების პროგნოზი დაადასტურა იმის შესახებ, რომ ირანთან იქნება დაკავშირებული საერთაშორისო მასშტაბის ჰიპოთეთიკური საომარი კონფლიქტის დასაწყისი. ექსპერტები მოვლენების განვითარების სხვადასხვა ვერსიებს გვთავაზობენ. ერთ-ერთი მათგანია მესამე მსოფლიო ომი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის იდენტური იქნება. მაგრამ მასში უსათუოდ ჩაერთვება ჩინეთი და მუსლიმანური სამყარო. გლობალური საომარი კონფლიქტის მაპროვოცირებელი შესაძლოა რომელიმე მსხვილ ქვეყანაზე ბირთვული დარტყმა გახდეს.