რეცესია 1 წლის ხდება
რედაქციისაგან
აშშ-ის ეკონომიკის რეცესია დაიწყო ჯერ კიდევ საფონდო ინდექსების ვარდნამდე, უმსხვილესი იპოთეკური ბანკების ფაქტობრივ ნაციონალიზაციამდე და საინვესტიციო ბანკების გაკოტრებამდე. ოფიციალური მონაცემებით, მსოფლიოს უმსხვილესი ეკონომიკის ვარდნა 2007 წლის დეკემბერში დაიწყო და ეს თარიღი შემდეგში ყველა მსოფლიო ეკონომიკის ისტორიის სახელმძღვანელოში შევა.
თუ მთელ მსოფლიოში ეკონომისტები იყენებენ ტერმინს “ტექნიკური რეცესია, რომელიც ზედიზედ 2 კვარტალში მშპ-ის ვარდნას აღნიშნავს, აშშ-ში რეცესიის განსაზღვრებას აყალიბებს სპეციალური სახელმწიფო ორგანიზაცია – National Bureau of Economic Research (NBER). ამ ორგანიზაციისათვის რეცესიის განსაზღვრების ჩამოსაყალიბებლად მშპ-ის მაჩვენებლები საკმარისი არ არის. ის ათეულობით მაჩვენებლის საფუძველზე მაკროეკონომიკურ ციკლებს იკვლევს.
ნათელია, რომ მათ შესასწავლად საჭიროა დრო, ამიტომ NBER-ი ხშირად ოფიციალურ განაცხადს რეცესიის არსებობაზე აკეთებს მაშინ, როცა ის დიდი ხნის დაწყებულია, ან დასასრულს უახლოვდება. თავის მხრივ, ვარდნის დასრულებაზე ოფიციალურად აცხადებენ ახალი ეკონომიკური ციკლის დაწყებიდან ნახევარი, ერთი ან ორი წლის შემდეგ.
ამ შემთხვევაში NBER-ი ვითარებას ზუსტად ერთი წელი აანალიზებდა. 2008 წლის 1 დეკემბერს ბიურომ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ აშშ-ში რეცესია 2007 წლის დეკემბერში დაიწყო, მისი ძირითადი ნიშნები კი უმუშევრობის ზრდა და მოქალაქეების შემოსავლების კლება იყო.
2008 წლის დეკემბერში უკვე არავის ეპარება ეჭვი, რომ აშშ-ის ეკონომიკის ვარდნის ეტაპი დადგა: არსებული იპოთეკური და საფინანსო კრიზისი ხომ ნებისმიერ ეკონომიკას გადატეხავს წელში. გარდა ამისა, 2008 წლის შემოდგომისთვის უმუშევრობამ ქვეყანაში 14-წლიან მაქსიმუმს მიაღწია, მშპ სისტემატურად მცირდება, ხოლო სამომხმარებლო ფასების ყოველთვიურმა ვარდნამ 1940 წლიდან- მაქსიმუმს მიაღწია, ანუ იმ დროიდან, როცა ამ მაჩვენებლის ოფიციალურად დათვლა დაიწყო.
2008 წლის შემოდგომაზე აშშ-ში არსებულ ვითარებას სულ უფრო ხშირად ადარებდნენ 1930-იანი წლების დეპრესიას. ეს შედარებები გახშირდა მას შემდეგ, რაც აშშ-ში ეკონომიკის გადარჩენის გეგმა მიიღეს, რომელიც ბიუჯეტიდან 700 მლნ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებდა. თუმცა NBER-ი გარკვეულ დრომდე არ აქცევდა ყურადღებას ასეთ შედარებებს – ამ ორგანიზაციის მიზანი კრიზისის წყაროს დადგენა იყო.
ბოლო ორი რეცესია აშშ-ის ეკონომიკაში წელიწადზე ნაკლები დრო გრძელდებოდა – 1990 წლის ივლისიდან 1991 წლის მარტამდე და მარტიდან 2001 წლის ნოემბრამდე. II მსოფლიო იმის შემდგომი რეცესიებიც 10-10,5 თვე გრძელდებოდა. ამ შემთხვევაში კი, სავარაუდოდ, უფრო მეტი ხანი გაგრძელდება.
ივლისიდან ნოემბრამდე აშშ-ის მშპ 0,5%-ით შემცირდა. როგორი იქნება IV კვარტლის მონაცემები, ჯერ კიდევ უცნობია. თუმცა, ბოლო სტატისტიკური მონაცემებით, მშპ-ის შემცირება ისევ გარდაუვალია. ეს კი იმას ნიშნავს, რომNBER-ის მიერ დადგენილ რეცესიას კიდევ ტექნიკური რეცესია ემატება.
რეაქცია
მიუხედავად იმისა, რომ ინვესტორები მსოფლიო ბირჟებზე დიდი ხნის წინ წინასწარმეტყველებდნენ აშშ-ის რეცესიას, NBER-ის მონაცემებმა ისინი მაინც გააკვირვა და შედეგად ამერიკული აქციების გაყიდვა დაიწყეს.
აშშ-ის ბირჟებზე ასევე უარყოფითი ზეგავლენა მოახდინა ფედერალური სარეზერვო სისტემის ხელმძღვანელის ბენ ბერნანკესა და ფინანსთა მინისტრის ჰენრი პოლსონის კომენტარმა, რომლებმაც 1 დეკემბერს განაცხადეს, რომ ქვეყნის ეკონომიკის გადასარჩენად ყველა შესაძლო ხერხს გამოიყენებდნენ. კერძოდ, ბენ ბერნანკემ გააკეთა მინიშნება იმის შესახებ, რომ ქვეყანაში საბაზო განაკვეთი შეიძლება შემცირდეს, ხოლო პოლსონმა განაცხადა, რომ ეკონომიკის გადარჩენის მის გეგმას ჯერჯერობით საბოლოო სახე არა აქვს.
ბოლო რეცესიები აშშ-ში:
– 1960 წლის აპრილიდან 1961 წლის თებერვლამდე;
– 1969 წლის დეკემბრიდან 1970 წლის ნოემბრამდე;
– 1973 წლის ნოემბრიდან 1975 წლის მარტამდე;
– 1980 წლის იანვრიდან 1980 წლის ივლისამდე;
– 1981 წლის ივლისიდან 1982 წლის ნოემბრამდე;
– 1990 წლის ივლისიდან 1991 წლის მარტამდე;
– 2001 წლის მარტიდან 2001 წლის ნოემბრამდე.
შედეგად, აშშ-ის საფონდო ინდექსები- მთელი თავისი ისტორიის მანძილზე- ყველაზე მეტად დავარდა. Dow Jones-ის ინდექსი 1 დეკემბერს 7,7%-ით 8149 პუნქტამდე დაეცა, Nasdaq-ი – 8,95%-ით 1398 პუნქტამდე, ხოლო S&P500-ი 8,93%-ით 816 პუნქტამდე.
საინტერესოა, რომ მსოფლიო ბირჟების მაჩვენებლები აშშ-ის ინდექსების ვარდნისა და ქვეყანაში რეცესიის გამოცხადებისთანავე არ დაცემულა. ამ მოვლენებმა, პრაქტიკულად, მხოლოდ აზიის ინდექსებზე მოახდინეს ზეგავლენა, სადაც საფონდო მაჩვენებლები 5-6%-ით დაეცა. თუმცა ევროპაში, მათ შორის რუსეთშიც, ეს მაჩვენებელი ვაჭრობის მხოლოდ პირველ წუთებში დავარდა, შემდეგ კი თანდათან მოიკრიბა ძალები. ნაწილობრივ, ინვესტორების ასეთი განწყობა დაკავშირებულია იმასთან, რომ ადგილობრივი საბირჟო მაჩვენებლები ერთი დღით ადრე მნიშვნელოვნად შემცირდა. თუმცა შეიძლება სხვა მიზეზიც არსებობდეს – ევროპელებისთვის აშშ-ის ეკონომიკის რეცესია არც ისე მნიშვნელოვანია, როგორც რეცესია საკუთარ ქვეყნებში. მათ შორის ბევრ ქვეყანაში კი ეკონომიკური ვარდნის შესახებ კარგა ხნის წინ გახდა ცნობილი, მაშინ, როცა სტატისტიკურმა სააგენტომ III კვარტლის მშპ-ების მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
ტექნიკური რეცესიის მდგომარეობაშია უკვე ევროპის რამდენიმე მსხვილი ეკონომიკა, მათ შორის შვედეთი, იტალია და გერმანია. რეცესიის თავიდან აცილება მოახერხა დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა. ამ უკანასკნელში III კვარტალში ცოტაოდენი ზრდაც დაფიქსირდა, ხოლო დიდ ბრიტანეთში ვარდნა მხოლოდ ერთი კვარტალი გაგრძელდა.
მსხვილ განვითარებად ქვეყნებს, მათ შორის რუსეთსა და ჩინეთს ტექნიკური რეცესია ჯერჯერობით არ ემუქრებათ, რადგან ამ ქვეყნებში ადრე მშპ-ის ზრდის მაღალი ტემპი აღინიშნებოდა. მიუხედავად ამისა, კრიზისი ამ ქვეყნებსაც სრულად შეეხო: 2008 წლის შედეგებით, ჩინეთის მშპ-ის ზრდამ, შესაძლოა, 10%-ზე ნაკლები შეადგინოს, ხოლო რუსეთში მშპ-ის ვარდნა ჯერ კიდევ ოქტომბერში დაიწყო.
აშშ-ში რეცესიის გამოცხადებას ბაზარზე რაიმე გლობალური ცვლილებები არ გამოუწვევია: მანამდეც გასაგები იყო, რომ მსოფლიო ყველა ქვეყნის ხელისუფლებას უნდა მიეღო დამატებითი ზომები კრიზისთან საბრძოლველად. ფსიქოლოგიის თვალსაზრისით კი NBER-ის მონაცემები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა – ბიუროს წარმომადგენლებმა აშშ-ის მოსახლეობის ცხოვრება თითქოს ორ თანაბარ ნაწილად დაყო: რეცესიამდე და რეცესიის შემდეგ.
აშშ ეკონომიკის გადასარჩენად მეორე წრეზე წავიდა
აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ იპოთეკური ბაზრის მხარდასაჭერად პროგრამა შეიმუშავა, რომლის ფარგლებშიც ფედერალური სისტემა 600 მლრდ დოლარს გამოყოფს, ასევე გამოუშვებს 200 მლრდ დოლარის ფასიანი ქაღალდებით უზრუნველყოფილ აქტივებს. ფედერალური სარეზერვო სისტემა აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ხარჯების შესამცირებლად და იმისთვის, რომ კრედიტები ხელმისაწვდომი იყოს სახლების შესაძენად, ეს კი კრიზისში მყოფ აშშ-ის უძრავ ქონებასა და საფინანსო ბაზარს უწყობს ხელს.
ამგვარად, პოლსონის გეგმას დაემატა 800 მლრდ-იანი ახალი გეგმა. ჩაძირვის პირას მყოფი აშშ-ის ეკონომიკის გადასარჩენად გამოყოფილმა საერთო თანხამ უკვე 1,5 ტრლნ დოლარი შეადგინა. ექსპერტები თვლიან, რომ საქმე დასახმარებლად გამოყოფილი თანხის მოცულობაში კი არ არის, არამედ ამ თანხების გამოყენების ეფექტურობაში. აშშ-ის ხელისუფლება ეკონომიკაში ტრილიონების ჩადებით კრიზისის კუპირებასა და მის შემდგომში გავრცელების ხელის შეშლას ცდილობს. ამასთან არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ აშშ-ს შეუძლია თავისთავის დასახმარებლად რამდენიც უნდა იმდენი ფული დაბეჭდოს, მაგრამ ასეთ პოლიტიკას რამდენიმე წელიწადში რა ეფექტი ექნება, ჯერ გაურკვეველია.
აშშ-ის ეკონომიკა უფრო სწრაფად ეცემა, ვიდრე ვარაუდობდნენ
აშშ-ის ხელისუფლების პროგნოზებით, ქვეყნის ეკონომიკის რეცესია, როგორც ჩანს, უფრო ღრმა და ჩახვეული იქნება, ვიდრე ერთი თვით ადრე ვარაუდობდნენ.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს წინასწარი შეფასებებით, მიმდინარე წლის III კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით მშპ 0,5%-ით შემცირდა და არა 0,3%-ით, როგორც ოქტომბერში იყო ნავარაუდევი.
ეჭვგარეშეა, რომ გასული კვარტალი ყველაზე მძიმე იყო 2008 წელს და ეს არც არის გასაკვირი იმ კრიზისის გამწვავების ფონზე, რომლის პროვოცირებაც მოახდინა უძველესი ამერიკული ბანკის Lehman Brothers-ის გაკოტრებამ, რის შესახებაც 15 სექტემბერს გამოაცხადეს.
მშპ მცირდება სამომხმარებლო ხარჯების შემცირების ფონზე, რომელმაც ყველაზე დაბალ მაჩვენებელს 1980 წელს მიაღწია. მომხმარებელთა ხარჯები აშშ-ში გასულ კვარტალში 3,7%-ით შემცირდა, რაც გასული თვის პროგნოზზე (3,1%) უარესი აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ბოლო 17 წლის მანძილზე პირველად შემცირდა სამომხმარებლო ხარჯები, მაგრამ ამ შემცირებამ 20 წლის მინიმუმს მიაღწია. ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე ხარჯები გასულ კვარტალში 3,7%-ით შემცირდა, ხოლო მოკლევადიანი მოხმარების საქონელზე- 15,2%-ით. მომსახურების ხარჯები 6,9%-ით შემცირდა. მნიშვნელოვნად შემცირდა ასევე ბიზნესის განვითარებასა და უძრავ ქონებაში ჩადებული ინვესტიციების მოცულობა – შესაბამისად 5,6%-ით და 5,7%-ით. ამავე დროს 89%-ით გაიზარდა მატერიალური მარაგები. არც ისე დიდად, მაგრამ მაინც გაძლიერდა ეკონომიკის სავაჭრო სექტორი – 1,07%-ით. რაც შეეხება აშშ-ის ინფლაციას, PCE-ის საფასო ინდექსის მიხედვით, რომელიც საკვები პროდუქტებისა და ენერგომატარებლების ფასებს გამორიცხავს, III კვარტალში 2,6%-მდე გაიზარდა.
აშშ-ის ხელისუფლებამ ასევე გადახედა კერძო შემოსავლების მოცულობას არა მხოლოდ III, არამედ II კვარტალშიც. ქვეყნის მოსახლეიობის რეალური შემოსავალი II კვარტალში 10,7%-ით გაიზარდა, ხოლო III-ში 9,2 %-ით შემცირდა.
ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ III კვარტლის მშპ-ის სუსტი მაჩვენებლები IV კვარტალშიც კარგს არაფერს უქადის ქვეყანას. ამ მაჩვენებლის შემცირება, ანალიტიკოსების უმრავლესობის აზრით, გაგრძელდება, თანაც გაძლიერებული ტემპებით. ამჟამად, ვარაუდობენ, რომ ქვეყნის მშპ წლის ბოლო კვარტალში 4%-ით შემცირდება.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ეკონომიკის გადარჩენის გეგმა წარმატებული გამოდგა
ამერიკის ეკონომიკის გადარჩენის 700 მლრდ-იანმა გეგმამ სამომხმარებლო კომპანიებს სარგებელი მოუტანა, რადგან ბანკები ვალდებულნი არიან გამოყონ კრედიტები იმ სახსრებიდან, რომლებსაც ბიუჯეტიდან იღებენ,- განაცხადა აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა ნილ კაშკარიმ. იმაზე, რომ ეს გეგმა წარმატებით მუშაობს, მეტყველებს აშშ-ის 8 უმსხვილესი ბანკის გაკოტრების დაზღვევის ღირებულების შემცირება.
ამის შესახებ კოშკარიმ უპასუხა აშშ-ის ფინანსთა მინისტრის ჰენრი პოლსონის მიმართ კრიტიკას, რომელსაც გამოთქვამდნენ კონგრესის ზოგიერთი დეპუტატები. კერძოდ, კანონმდებელმა დემოკრატებმა განაცხადეს, რომ ამერიკის ხაზინამ შეიძლება ვერ მიიღოს დაუხარჯავი 350 მლრდ დოლარი.
ნილ კოშკარის აზრით, ბანკები ისე სწრაფად არ დაიწყებენ კრედიტების გაცემას, როგორც ეს სასურველია, მაგრამ ამერიკის ეკონომიკაში დაკრედიტების ნორმალური დონის აღდგენა მალე მოხდება.
პოლსონმა კრიტიკა იმის გამო დაიმსახურა, რომ მან შეცვალა პირველადი გეგმა – სახსების ლომის წილით ბანკებისგან დაბალი ლიკვიდურობის აქტივები გამოესყიდა და მათი პირდაპირი რეკაპიტალიზაცია არჩია.
აშშ-ის ეკონომიკის გადარჩენის გეგმა ოქტომბრის დასაწყისში იქნა მიღებული. ამ გეგმით გამოყოფილი 700 მლრდ დოლარიდან ზუსტად ნახევარი უკვე დახარჯულია. ამასთან აღსანიშნავია, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა მოკლევადიანი კრედიტებით ასევე ხელს უწყობს საფინანსო სექტორს. ამ დახმარების მთლიანი მოცულობა 6 ტრლნ დოლარს აღემატება, რაც აშშ-ის მშპ-ზე ცოტათი ნაკლებია.