ბრძოლა „კავკასუს ონლაინისთვის“

საქართველოს კომუნიკაციის სექტორში გარიგებები გრძელდება. კომპანიები დაჯგუფებებისა და ცვლილებებისთვის ემზადებიან. ქართულ სატელეკომუნიკაციო ბაზარზე ახალი და საკმაოდ საინტერესო რეალობა იქმნება, მალე ფიჭური კავშირგაბმულობა და ინტერნეტბაზრები , ფაქტობრივად , ერთმანეთს გადაეჯაჭვებიან.
როგორც ცნობილია, ,,სილქნეტი” და ,,ჯეოსელი” თანამშრომლობას გეგმავენ და აქცენტის დასმას ერთიან მომავალზე აპირებენ. ამის დასტურად ერთობლივი პროდუქტი ,,ტვისტიც” შექმნეს. „ტვისტი“ ხელმისაწვდომია ჯეოსელისა და სილქნეტის აბონენტებისათვის, რომლებიც სილქნეტის ოპტიკური ან DSL ინტერნეტის პაკეტებით სარგებლობენ. გარდა ამისა, კომუნიკაცის სექტორში ბრძოლა მიმდინარეობს „კავკასუს ონლაინისთვის“ . ცოტა ხნის წინ ბრძოლაში კომპანია „მობიტელიც“ (ბილაინი) ჩაერთო. პირველ ეტაპზე ,,კავკასუს ონლაინის” შეძენას კომპანია ,,სილქნეტი” გეგმავდა და ამის შესახებ მათ მარეგულირებელ კომისიასაც მიმართეს, თუმცა, საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ დოკუმენტების არასათანადოდ წარდგენის გამო გარიგება არ შედგა. „სილქნეტის” შემდგომ ,,კავკასუს ონლაინის” შეძენის სურვილი კომპანია ,,მაგთიკომმა” გამოთქვა.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „მაგთიკომს“ „კავკასუს ონლაინის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივების შეძენის თაობაზე წინასწარი თანხმობა მისცა. შპს „მაგთიკომს“ ყველა იმ აქტივის შეძენაზე მიეცა თანხმობა, რომელსაც კომპანია საკუთარი აბონენტებისთვის მაუწყებლობის ტრანზიტის (IPTV), ციფრული სატელეფონო (VOIP) და ინტერნეტის საცალო მომსახურების მისაწოდებლად იყენებს.
როგორც საქართველოს კომუნიკაციის მარეგულირებელი კომისიის საზოგადოებასთნ ურთიერთობის სამსახურის მდივანი – ხატია ყურაშვილი აღნიშნავს, კომისიამ შეისწავლა არსებული ბაზარი და იმსჯელა იმ ცვლილებებზე, რომლებსაც მოიტანს კომპანიების მომავალი თანამშრომლობა კომუნიკაციის ბაზარზე.
„კომისიამ მისცა წინასწარი თანხმობა შპს „მაგთიკომს“ შპს „კავკასუს ონლაინის“ კუთვნილი საოპერაციო აქტივების შეძენის თაობაზე. რადგან, მიიჩნია, რომ მაგთიკომის საბაზრო წილობრივი მონაწილეობა კონკურენციის ბაზრის შესაბამის სეგმენტში გავლენას არ მოახდენს კომუნიკაციის სექტორში არსებულ კონკურენციაზე“-განაცხადა ხატია ყურაშვილმა.

თუმცა „კავკასუს ონლაინისთვის“ ბრძოლა მხოლოდ ამ თანხმობით არ დამთავრებულა. როგორც ცნობილია, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას 2015 წლის 13 ნოემბერს ერთობლივი განცხადებით მიმართეს შპს „მობიტელმა“ (ბილაინი) და შპს „კავკასუს ონლაინმა“. ამ შემთხვევაშიც, კომპანიები შპს „მობიტელის“ მიერ შპს „კავკასუს ონლაინის“ საცალო მომსახურების ბაზრის სეგმენტის შეძენაზე ითხოვენ კომისიის წინასწარ თანხმობას. განცხადებაში აღნიშნულია, რომ შპს „კავკასუს ონლაინი“ გეგმავს კომპანიის ორ ნაწილად გაყოფას, საცალო მომსახურების სეგმენტის (მაუწყებლობის ტრანზიტის (IPTV), ციფრული სატელეფონო (VOIP) და ინტერნეტის საცალო მომსახურების) შპს „მობიტელისთვის“ გადაცემას, ხოლო საბითუმო ბაზრის სეგმენტზე (ქსელური ინფრასტრუქტურა და მაგისტრალები) ოპერირების გაგრძელებას.
მართალია თანხმობა გაცემულია, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც „კავკასუს ონლაინი”და „მაგთიკომი” ფინანსურ თუ სხვა საკითხებთან დაკავშირებით მოლაპარაკებას გამართავენ. თუ კომპანიები შეთანხმდებიან, „კავკასუს ონლაინის” საცალო ბაზრის სეგმენტი „მაგთიკომის” მფლობელობაში გადავა. ამ შემთხვევაში, ინტერნეტ და სატელეკომუნიკაციო ბაზარი კიდევ უფრო გამსხვილდება. „მაგთიკომი” ინტერნეტის 40%-ის, მაუწყებლობის ტრანზიტის – 61%-ის და ფიქსირებული კავშირგაბმულობის თითქმის 40%-ის მფლობელი გახდება.
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში“ მედია და ტელეკომუნიკაციის მიმართულების ხელმძღვანელის – უჩა სეთურის თქმით, კომისიის მიერ მიცემული ნებართვა, მხოლოდ წინასწარი თანხმობაა.რომელიც კომისის განხილვის სფეროს ქვეშ იმიტომ ჰყვება, რომ კომისია აფასებს რა შედეგები ექნება კონკურენციის კუთხით.
„ იმ შემთხვევაში, თუ „მაგთიკომი“ საბოლოოდ შეიძენს „კავკასუს ონლაინის“ საცალო ქსელს, მას მოუწევს შეიძინოს ისეთი აქტივები, რომლებიც მას მონოპოლისტად აქცევს ქართულ ბაზარზე. შესაბამისად, ეს გარკვეული რისკების მატარებელი არის კონკურენციისთვის და საცალო ბაზრისთვის. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი კანონმდებლობა არის ჰარმონიზებული ევროკანონმდებლობასთან, ის ხუთ მექანიზმს აძლევს კომისიას, თუ როგორ უნდა დაარეგულიროს მსგავსი ოპერატორები, რომ არ მოხდეს კონკურენციის შეზღუდვა და მომხმარებელი არ დაზარალდეს. არის მეორე გარემოებაც, მნიშვნელოვანი საფასო ძალაუფლების მქონე ოპერატორს, „სილქნეტს“ რომ შეეძინა საცალო ქსელი ალტერნატივა აღარ იქნებოდა. ამ შემთხვევაში იგი გვევლინება როგორც კონკურენტი კომპანია, რაც თავის მხირ წაადგება კონკურენციას“- აღნიშნა უჩა სეთურმა.
1
როგორც ჩანს, „კავკასუს ონლაინი“ არ აპირებს ევროპასთან დამაკავშირებელი ინტერნეტკაბელის გასხვისებას, რომლითაც საქართველო და კიდევ რამდენიმე ქვეყანა სარგებლობს. რაც შეეხება საცალო მომსახურებას, „კავკასუსი“ კომისიის გადაწყვეტილებას ელოდება.როგორც ცნობილია, შპს „მობიტელის“ და შპს „კავკასუს ონლაინის“ ერთობლივი განცხადების საფუძველზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია საჯარო ადმინისტრაციულ წარმოებას უახლოვეს მომავალში დაიწყებს.

მოამზადა მარიამ ლეკიაშვილმა