მოსახლეობის საარსებო მინიმუმი და რეალური მოხმარების დინამიკა საქართველოში
სერგო იაგობიძე, ეკ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი
ქვეყნის ეკონომიკური აქტიურობის ამსახველ ერთ-ერთ ძირითად მაჩვენებლად მოსახლეობის საარსებო საშუალებათა მოხმარების დონე და დინამიკაა მიჩნეული. ამდენად, თანამედროვე საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პერიოდში ამ პრობლემის მნიშვნელობა და მისი კვლევა მეტად საჭირო და აქტუალურია, რამდენადაც იგი უშუალო კავშირშია ადამიანის სასიცოცხლო ინტერესებთან, კერძოდ, მათ შრომისუნარიანობასთან, დასაქმების დონესთან, პირად შემოსავალ-გასავალთან და საერთოდ ქვეყანაში არსებულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასა და ქვეყნის პოლიტიკურ სტაბილურობასთან.
მოსახლეობის ცხოვრების დონის კვლევა-შესწავლისათვის საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოსახლეობის საარსებო მინიმუმის, ე. წ. ფიზიოლოგიური ნორმის სწორად განსაზღვრას და მოხმარების რეალური დინამიკის შესწავლას. ამ პრობლემის სრულყოფილი ანალიზის გაკეთებაში ასევე მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ისეთ სოციალურ-ეკონომიკურ კატეგორიას, როგორიცაა “სამომხმარებლო კალათა”. იგი გამოხატავს მომხმარებლის (ადამიანის) მიერ მოხმარების განსაზღვრული დონის უზრუნველმყოფელ სამომხმარებლო დოვლათისა და მომსახურების მთლიანი ნაკრების ფასს. ეს მაჩვენებელი დასავლეთის ქვეყნებში დიდი ხანია ფიგურირებს, ჩვენთან კი, მის გამოთვლას ჯეროვანი ყურადღება უკანასკნელ პერიოდში (915-18 წელია) მიექცა.
სამომხმარებლო კალათის შემადგენლობა და ღირებულება საკმაოდ განსხვავებულია მომხმარებელთა სხვადასხვა ჯგუფებისა და ფენებისათვის, ამიტომ მინიმალური სამომხმარებლო კალათა და მისი ღირებულება, უპირველეს ყოვლისა, განისაზღვრება შრომისუნარიანი მამაკაცისათვის, ხოლო სხვა ჯგუფის მომხმარებელთა კალათის არსებული ღირებულება დამოკიდებულია მათ კალოტრიებზე მოთხოვნის არსებული ნორმების შესაბამისად. თვით საარსებო მინიმუმი კი, განისაზღვრება მოხმარების მინიმალური ფიზიოლოგიური სტანდარტის საფუძველზე, რომელიც აუცილებელია ოჯახისა და მისი წევრების მინიმალური ფიზიოლოგიური და სოციალური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
სამომხმარებლო კალათის გამოთვლის ორი ვარიანტი არსებობს: ერთი გამოხატავს მინიმალურს, ხოლო მეორე – რაციონალურს.
მინიმალურ სამომხმარებლო კალათაში იგულისხმება მოხმარების მინიმალური დონე, ე. ი. სამომხმარებლო საქონლისა და მომსახურების ისეთი მინიმალური ნაკრები, რომელიც უახლოვდება მოხმარების ფიზიოლოგიურ მინიმუმს, რომლის დაბლა ყოფნის შემთხვევაში, ადამიანს არ შეუძლია ფიზიკურად არსებობა.
რაციონალურ სამომხმარებლო კალათაში იგულისხმება სამომხმარებლო (მატერიალური და სულიერი) დოვლათისა და მომსახურების სრული ნაკრები, რომელიც აუცილებელია ადამიანის ან საშუალო ოჯახის ნორმალური მატერიალურ-კულტურულ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისათვის.
მსოფლიო პრაქტიკიდან ცნობილია, რომ სამომხმარებლო კალათაში შედის: კვების პროდუქტები, არასასურსათო საქონელი და მომსახურებანი, რომელთა შორის, ბუნებრივია, მთავარ განმსაზღვრელს კვების პროდუქტები წარმოადგენს, რამდენადაც ადამიანის არსებობა, ძირითადად, ამ ჯგუფის პროდუქტების მოხმარებაზეა დამოკიდებული. უნდა ითქვას, რომ სამომხმარებლო კალათის კვების პროდუქტებში ძირითადად შედის: პური და პურპროდუქტები, ხორცი და ხორცპროდუქტები, რძე და რძის პროდუქტები, თევზი და თევზის პროდუქტები, კვერცხი, მცენარეული ზეთი, კარტოფილი, ბოსტნეულ-ბაღჩეული, ხილი, კენკრა, ყურძენი, შაქარი და სხვა. არასასურსათო საქონელში კი შედის: ფეხსაცმელი, ტანსაცმელი, თეთრეული, მედიკამენტები, სანიტარიისა და ჰიგიენის საგნები, საცხოვრებელი ბინა, კომუნალური და საყოფაცხოვრებო მომსახურება, კულტურულ-საგანმანათლებლო, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მომსახურება და ა.შ. ამდენად, რა თქმა უნდა, სამომხმარებლო კალათის შემადგენლობა და მისი ღირებულება უფრო მეტად ურთიერთგანსხვავებულია მომხმარებელთა ჯგუფებისა (სკოლამდელი ასაკის ბავშვები, მოზარდები, შრომისუნარიანი ქალები და მამაკაცები, პენსიონერი ქალები და მამაკაცები) და ოჯახების შემადგენლობის მიხედვით. ისიც ყურადსაღებოა, რომ ადამიანის ცხოვრების საარსებო მინიმუმის, მისი სიცოცხლისუნარიანობისა და დახარჯული ენერგიის აღდგენისათვის საჭირო და აუცილებელ ამოსავალს წარმოადგენს ხელფასი (განსაკუთრებით მინიმალური ხელფასი), პენსია, სტიპენდია, დახმარებები და საერთოდ არსებობისათვის საჭირო სახსრების სხვა წყაროები.
ჩვენი ქვეყნის არც თუ შორეული წარსულის მონაცემები მეტყველებენ, რომ საქართველოში იმ პერიოდში, როდესაც იგი ყოფილი სსრკ-ის შემადგენლობაში სუვერენულ ქვეყნად ითვლებოდა, საარსებო საშუალებების რეკომენდირებული ფიზიოლოგიური ნორმები და მათი რეალური მოხმარება, ცალკეული კვების პროდუქტების მიხედვით ერთ სულზე გაანგარიშებით, სსრკ-ის საშუალოსთან შედარებით, საგრძნობლად დაბალი იყო, თუმცა იმ პერიოდისათვის მაინც მიახლოებული იყო ფიზიოლოგიურ ნორმებთან მიმართებაში (იხ. ცხრილი 1).
ცხრილში მოცემული ნორმატიული და რეალურად მოხმარებული პროდუქტების მაჩვენებლები იმაზე მეტყველებენ, რომ ყოფილ სსრკ-ში მცხოვრები ყველა ერისა და ეროვნების მოსახლეობისადმი მზრუნველობა და მათთვის ნორმალური საარსებო პირობების შექმნა ყველასადმი ერთნაირად იყო აღიარებული. შექმნილი იყო შესაბამისი საკავშირო მაკორდინირებული და სააღმსრულებლო ორგანოები (სახელმწიფო საგეგმო კომიტეტის და რიგი სახელმწიფო სხვა უწყებების სახით), თუმცა ფაქტიური მაჩვენებლები, როგორც დაგეგმვის, ისე მიწოდების მხრივ ცალკეული მოკავშირე რესპუბლიკებისადმი აშკარად განსხვავებული იყო. ამავე ცხრილში მოტანილი საარსებო მინიმუმის ფიზიოლოგიური ნორმების და რეალური მოხმარების დონიდანაც ჩანს, რომ სსრკ-ში ერთ სულზე მოხმარების კვების ყველა პროდუქტების ფიზიოლოგიური ნორმები, გარდა პურისა, საგრძნობლად მაღალი იყო, ვიდრე საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე განსაზღვრული. ისიც შეიმჩნევა, რომ მოხმარებული პროდუქტების რაოდენობა ერთ სულ მომხმარებელზე უმეტესი დასახელების პროდუქტებისა შედარებით დაბალი იყო საქართველოში.
მიუხედავად ამისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოში დაიწყო დემოკრატიული აღმშენებლობის თავისუფალი საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის გარდამავალი პერიოდი, მთელი რიგი ობიექტური და სუბიექტური მიზეზების შედეგად სასურსათო პროდუქტების მოხმარების მკვეთრად შემცირების გამო მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა, რომელიც, შეიძლება ითქვას, ცალკეული სასურსათო პროდუქტების მოხმარების მხრივ, ამჟამადაც გრძელდება რაზედაც ნათელ წარმოდგენას იძლევა ცხრილი 2.
ცხრილში მოყვანილი მაჩვენებლების ანალიზით ირკვევა, რომ საქართველოში 1990 წლის შემდეგ 2001 წლის ჩათვლით საარსებო საშუალებების მოხმარების დონე ძალზე ცვალებადი იყო და არც გაუმჯობესების ტენდენცია არ ფიქსირდება, თუმცა უნდა აღვნიშნოთ, რომ საარსებო საშუალებების მოხმარებაში ცალკეულ წლებში ძალზე დაბალი დონე აღინიშნებოდა. მაგალითად, 1990 წელთან შედარებით 1997 წლამდე ერთ სულ მოსახლეზე სასურსათო პროდუქტების მოხმარების დონე, პურისა და შაქრის გარდა, თითქმის ყოველ წელს სისტემატურად მცირდებოდა, ხოლო 1994 წელს შემცირებამ “პიკს” მიაღწია და 1990 წელთან შედარებით მთელი რიგი საარსებო საშუალებების მოხმარება არა თუ განახევრდა, არამედ 4-ჯერ და 5-ჯერ და უფრო მეტადაც კი შემცირდა. ასე, მაგალითად, თუ 1990 წელს ერთ სულ მოსახლეზე ხორცისა და ხორცპროდუქტების მოხმარება შეადგენდა 36,5 კგ-ს, შესაბამისი მაჩვენებელი 1994 წელს შემცირდა 2,4 კგ-მდე, ე. ი. 15-ჯერ და უფრო მეტად. რძისა და რძის პროდუქტების მოხმარება – თითქმის 4-ჯერ, ხოლო კვერცხისა და მცენარეული ზეთის – თითოეული საშუალოდ 2,5-ჯერ, თევზისა და თევზპროდუქტების მოხმარება – 20-ჯერ. ასევე საგრძნობლად (თითქმის ორჯერ) იკლო ბოსტნეულ-ბაღჩეულით და ხილ-კენკროვნებით უზრუნველყოფამ. მეტად საინტერესო ფაქტია, რომ აღნიშნულ პერიოდში იმდენად გამწვავდა კვების პროდუქტებით დაკმაყოფილება(კერძოდ ხორბლითA და შაქრით), რომ მთავრობა იძულებული იყო პურისა და შაქრის განაწილების საბარათო სისტემა შემოეღო, თუმცა ამ ღონისძიებების გატარებამ მოსახლეობისადმი აღნიშნული პროდუქტების შეუფერხებლად მიღება ვერ უზრუნველყო.
1994 წელთან შედარებით, შემდგომ 1996-1997 წლებში საარსებო საშუალებებით მოსახლეობის უზრუნველყოფის მდგომარეობა თითქოს ერთგვარად გაუმჯობესდა, მაგრამ საარსებო მინიმუმის დაკმაყოფილება კვების პროდუქტების მთელ რიგ სახეობებში მაინც ვერ ხერხდებოდა, გარდა პურისა და შაქრისა, რაც იმაზე მიგვანიშნებს, რომ ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის დაკმაყოფილება, ძირითადად, ჩაითა და პურით განისაზღვრებოდა. 1997 წლის შემდგომი პერიოდი და განსაკუთრებით ბოლო ორი წელი (2000-2001 წწ.) სასურსათო პროდუქტებით საარსებო მინიმუმის დაკმაყოფილება ზრდის ტენდენციით არ ხასიათდებოდა და შეიძლება ითქვას, რომ ძირითადად კვლავ იგივე მდგომარეობაა, რაც 1997 წელს იყო, თუმცა შეინიშნება ცვლილებები ცალკეული სახის პროდუქტებზე უზრუნველყოფის მხრივ. კერძოდ, პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ თუ 1997 წელს პურის და პურპროდუქტების მოხმარება ერთ მოსახლეზე საშუალოდ 154,2 კგ-ს შეადგენდა, ხოლო მათი უზრუნველყოფის დონე – 118,6 %-ს. 1998-2000 წლებში იგი თანდათანობით შემცირდა და 2001 წელს ამ პროდუქტზე მოსახლეობის რეალური მოხმარების დონე ფიზიოლოგიურ ნორმას მიუახლოვდა. თითქმის ასეთივე მდგომარეობას ჰქონდა ადგილი შაქრის მოხმარების მხრივაც. მაგალითად, თუ 1997 წელს შაქრით უზრუნველყოფის დონე ფიზიოლოგიურ ნორმასთან შედარებით 153,3 %-ს (23 კგ) აღწევდა, შესაბამისი მაჩვენებელი 2000 წლისათვის 141,3 %-მდე (21 კგ) შემცირდა, ხოლო 2001 წლის მდგომარეობით კი, შეადგენდა 112 %-ს (16,8 კგ). ხორცისა და ხორცის პროდუქტებით საარსებო ფიზიოლოგიური ნორმის დონის დაკმაყოფილება დღესაც არაა მიღწეული, მაგრამ ფაქტი ისაა, რომ 1994 წელთან შედარებით მდგომარეობა გაუმჯობესდა, როცა ამ პროდუქტებით უზრუნველყოფა მხოლოდ 17,1 %-ს შეადგენდა. ამ მხრივ, ბოლო წლებში თითქმის უცვლელი მდგომარეობაა და იგი 35-36%-ს აღწევს, ე. ი. საარსებო მინიმუმის ერთ მესამედზე ცოტა მეტს.
უკანასკნელ პერიოდში შედარებით უკეთესი და უფრო სტაბილური მდგომარეობაა რძისა და რძის პროდუქტებით მოსახლეობის უზრუნველყოფის მხრივ, თუმცა იგი კვლავ ჩამორჩება 1990 წლის დონეს და ამჟამად ფიზიოლოგიურ ნორმასთან შედარებით 62-68 %-ს აღწევს. ამასთან, გვინდა ისიც აღვნიშნოთ, რომ ქვეყნის მოსახლეობაში მეწველი დედა პირუტყვის სულადობა ბოლო პერიოდში თანდათანობით მატულობს და სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ამ პროდუქტით მოსახლეობის უზრუნველყოფის დონე მიღწეული იქნება.
თითქმის ანალოგიური მდგომარეობა აღინიშნება ქვეყანაში მოსახლეობის კვერცხით უზრუნველყოფის მხრივაც. 1994 წელთან შედარებით, ერთ სულ მცხოვრებზე (63,2 ცალი) უზრუნველყოფის დონე საარსებო მინიმუმთან მხოლოდ 42 %-ით განისაზღვრებოდა, 2001 წლიდან ამ პროდუქტის მოხმარება სისტემატური ზრდით ხასიათდება და მისი უზრუნველყოფის დონემ ბოლო წლებში 83-86 %-ს გადააჭარბა. ვარაუდით, უახლოეს მომავალში ეს პრობლემა დადებითად იქნება გადაჭრილი.
თითქმის ანალოგიური და შედარებით დადებითი ტენდენციები გამოიკვეთა საქართველოში მცენარეული ზეთის წარმოებისა და მოხმარების მხრივ. მაშინ, როცა ზეთით უზრუნველყოფა ჩვენს ქვეყანაში 1994 წელს 1990 წლის დონესთან შედარებით თითქმის ორჯერ შემცირდა, 1997 წლიდან მისი წარმოება და მოხმარება უკვე 4-5-ჯერ გაიზარდა და ამჯერად მოსახლეობა ამ პროდუქტის მოხ მარებით უზრუნველყოფილია, ამასთან შეიძლება ითქვას, რომ ცალკეული ოჯახებისათვის, ე. წ. შინამეურნეობებისათვის მზესუმზირის მოვლა-მოყვანა და ზეთის მიღებისათვის გადამუშავება, საკმაოდ სარფიან ბიზნესად მოიაზრება.
თევზისა და თევზისპროდუქტებით მოსახლეობის საარსებო მინიმუმის უზრუნველყოფა კვლავ არადამაკმაყოფილებლად მიმდინარეობს მიუხედავად იმისა, რომ ფიზიოლოგიურ ნორმად საკმაოდ დაბალი და ძალზე გაწონასწორებული ნორმაა განსაზღვრული. ჯერ კიდევ 90-იან წლებშიც კი არ სრულდებოდა ფიზიოლოგიური ნორმის სრული დაკმაყოფილება (მხოლოდ 80 %-ს აღწევდა), 1994 წელს ამ პროდუქტით საარსებო უზრუნველყოფა 4 %-მდე, ე. ი. 20-ჯერ შემცირდა, რაც დაკავშირებულია მთელ რიგ ობიექტურ და სუბიექტურ მიზეზებთან, თუმცა დღემდე არ მოხერხდა ამ დარგისადმი მზრუნველობა და პროტექციონისტული მიდგომა, მაშინ როცა ამ დარგის განვითარებისა და კვების პროდუქტებით მოსახლეობის დაკმაყოფილებისათვის ქვეყანაში საკმაოდ დიდი გამოუყენებელი რესურსები არსებობს.
სხვა სასურსათო პროდუქტების წარმოებისა და მოხმარებისაგან განსხვავებით, შედარებით უკეთესი მდგომარეობაა ქვეყანაში კარტოფილის წარმოებისა და მისი მოსახლეობის მოხმარების მხრივ. კერძოდ, 1990 წლის დონეთან შედარებით (გარდა საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პირველი წლებისა), 1996 წლიდან მოყოლებული ყოველთვის უკეთესი მაჩვენებლები იყო, როგორც წარმოების, ისე მოხმარების მხრივ. ამჟამად საქართველოში, როცა ჩვენს მოსახლეობას კერძო საკუთრებაში გადაცემული აქვს 930 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო სავარგული და თითქმის ამდენივე (903 ათასი ჰა) იჯარით მიღებული, უფრო მაღალი მაჩვენებლები უნდა ჰქონდეს არა მარტო კარტოფილისა, არამედ მთელი რიგი სხვა სასურსათო საკვები კულტურების მოვლა-მოყვანისა და ამ პროდუქტებით ჩვენი მოსახლეობის უზრუნველყოფის მხრივ.
მიუხედავად იმისა, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს კერძო საკუთრებაში მიწების გადაცემას, უნდა ითქვას, რომ მოლოდინმა არ გაამართლა. კერძოდ, ვერ მივაღწიეთ ბოსტნეულ-ბაღჩეული კულტურების პროდუქტიულობის სტაბილურ ზრდას. მაგალითად, 1990-იან წლებში აღნიშნული პროდუქტები ქვეყანაში, საშუალოდ, ერთ სულ მოსახლეზე 81,2 კგ მოიხმარებოდა, რაც ფიზიოლოგიური ნორმის 81,2 %-ს უდრიდა, ხოლო 1994 წლისათვის შესაბამისი მაჩვენებელი 55,4 %-მდე შემცირდა, მოსახლეობაზე მიწების კერძო საკუთრებაში მასობრივი გადაცემის წლებში (1996-1997 წწ.) კი, აღნიშნული პროდუქტების წარმოებისა და მოხმარების საშუალო მაჩვენებლები საგრძნობი ზრდით ხასიათდებოდა. კერძოდ, 1996 წელს ბოსტნეულ-ბაღჩეულით ფიზიოლოგიური ნორმის უზრუნველყოფა 97,7 %-მდე ამაღლდა, მაგრამ მომდევნო 1997 წელს კლება განიცადა და 93,4 %-მდე შემცირდა, ხოლო 1998 წელს 35,2 %-ით შემცირდა და ამ პროდუქტებით უზრუნველყოფის დონე 58,2 %-მდე დაეცა, 2000 წლისათვის კვლავ 6,3 %-ით კლება განიცადა, რამდენადაც ამ წელს ქვეყანაში საგრძნობი გვალვა აღინიშნებოდა (ბოტნეულ-ბაღჩეული გვალვისადმი ძალზე მგძნობიარე კულტურებია), თუმცა ამ კულტურების მოსავლიანობისა და უზრუნველყოფის მაღალი დონე არც 2001 წელს დაფიქსირებულა. მართალია, ზრდამ წინა წელთან შედარებით 6,5 % შეადგინა, მაგრამ ამ წლის მაჩვენებლებით 90-იან წლების მაჩვენებლებს მხოლოდ მიუახლოვდა, ხოლო ჯერჯერობით ვერ იქნა მიღწეული 90-იანი წლების დონეც, რომ აღარაფერი ვთქვათ ფიზიოლოგიური ნორმის სრულად დაკმაყოფილებაზე.
თითქმის ანალოგიური მდგომარეობა აღინიშნება ქვეყანაში ხილის, კენკროვანების და ყურძნის მოხმარებისა და ფიზიოლოგიური ნორმის დაკმაყოფილების მხრივაც. საქმე იმაშია, რომ აღნიშნული სახეობის პროდუქტებით მოსახლეობის უზრუნველყოფის დონე ცალკეული წლების განმავლობაში ცვალებადია და დაწესებული ფიზიოლოგიური ნორმა თითქმის არც ერთხელ დაფიქსირებულა. 1990 წლისათვის ფაქტიური მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე ნაცვლად განსაზღვრული ნორმისა (65 კგ), მხოლოდ 48,3 კგ უდრიდა, რაც 74,1 %-ს შეადგენდა. შესაბამისი მაჩვენებელი 1994 წელს მკვეთრად დაეცა და ნახევარზე ნაკლები (23,8 კგ) შეადგინა, ხოლო ფიზიოლოგიური ნორმის უზრუნველყოფის დონემ კი – მხოლოდ 36,6 %. შემდგომ 1996-1997 წლებში თითქოს სტაბილურად დაიწყო მდგომარეობის გაუმჯობესება და 1996 წელს აღნიშნული პროდუქტების მოხმარება ერთ სულზე გაანგარიშებით ორჯერ (53 კგ) გაიზარდა და 80 %-ს მიაღწია. ზრდა გაგრძელდა ასევე 1997 წელსაც და ფაქტიური მოხმარება (60,2 კგ) ფიზიოლოგიურ ნორმას (65 კგ) მიუახლოვდა. რეალურმა უზრუნველყოფამ 92,6 % შეადგინა, მაგრამ შემდგომ წლებში კვლავ დაიწყო შემცირება და 2001 წლის მონაცემებით, მოხმარების უზრუნველყოფის დონემ 40,0 კგ-მდე, ანუ 61,7 %-მდე იკლო, რაც 1990 წლის შესაბამის მაჩვენებელს (74,1 %) საგრძნობლად ჩამორჩება. ეს შემთხვევითი არ არის და ამ პრობლემას თავისი გამომწვევი მიზეზები გააჩნია, რომელიც ძირითადად ქვეყნის ეკონომიკური სიდუხჭირითაა გამოწვეული. კერძოდ, ჩვენი აზრით, ეს იმის შედეგია, რომ მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა თავიანთ კერძო საკუთრებაში გადაცემული მიწებიდან 1996-1997 წლებში ხილის, კენკრის და ყურძნის პროდუქტები აწარმოა, მაგრამ იმის გამო, რომ ამ პროდუქტების მოხმარებით და მათი რეალიზაციით სათანადო მოგება ვერ მიიღო, ზოგიერთმა მათგანმა კი, ზარალიც კი განიცადა, მათი წარმოებაც და მოხმარებაც.თანდათანობით შეამცირდა
გარდა ამისა, არც ის უნდა დაგვრჩეს ყურადღების მიღმა, რომ სოფლად მცხოვრები მოსახლეობის თითქმის ერთი მესამედი უსახსრობის გამო ვერ იძენს ხილ-კენკროვანებისა და ყურძნის მოვლა-მოყვანისათვის საჭირო შხამქიმიკატებსა და სხვა ქიმიურ ნივთიერებებს, რაც უარყოფითად მოქმედებს მათ მოსავლიანობაზე და ამ პროდუქტებით მოსახლეობის ფიზიოლოგიური მოთხოვნილების ნორმის დაკმაყოფილებაზე. ამასთან ისიც საყურადღებოა, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ 1996-1998 წლებში კერძო საკუთრებაში მიღებული სასოფლო-სამეურნეო სავარგული მიწებიდან უკანვე დააბრუნა 39,5 ათასი ჰექტარი მიწა, რაც, ბუნებრივია, უარყოფით გავლენას მოახდენდა აგრეთვე ამ კულტურების როგორც საერთო წარმოებაზე, ისე მათი მოხმარების ფიზიოლოგიური ნორმის უზრუნველყოფაზე.
საარსებო საშუალებების რეალური მოხმარების დონის შეფასების დროს მხედველობაში უნდა ვიქონიოთ, რომ მათი მოხმარების დონე მთლიანად არაა დამოკიდებული მარტო ქვეყანაში (ამ შემთხვევაში საქართველოში) კვების პროდუქტების ფაქტიურ წარმოებაზე, არამედ რამდენადმე დამოკიდებულია სხვა ქვეყნებიდან შემოტანაზე, მოსახლეობის შემოსავლიანობაზე და მის მყიდველობითუნარიანობაზე. ამის მაგალითია ის, რომ საქართველოში მთელი რიგი პროდუქტები (განსაკუთრებით პური და შაქარი) საკმარისი რაოდენობით ადგილზე არ იწარმოება, მათი უმეტესი ნაწილი შემოტანილია სხვა ქვეყნებიდან. მოსახლეობის აბსოლუტური უმეტესობის მოთხოვნილება ფიზიოლოგიურ ნორმებთან შესაბამისობაში იმპორტირებული პურით და შაქრის პროდუქტებით ძირითადად დაკმაყოფილებულია. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში არის მოსახლეობის გარკვეული ნაწილი – ე. წ. “რატეკები”, რომლებსაც არა აქვთ თვიურად იმდენი შემოსავალი, რომ აღნიშნული პროდუქტებით თავიანთი ფიზიოლოგიური მოთხოვნების მინიმუმი დაიკმაყოფილონ.
როგორც იყო აღნიშნული ერთ საგაზეთო პუბლიკაციაში, “ქვეყანაში, სადაც შრომისუნარიანი მამაკაცის საარსებო მინიმუმი საშუალოდ 120 ლარია, საშუალო მომხმარებლისა – 107 ლარი და საშუალო ოჯახისა – 215 ლარი, ეს იმას ნიშნავს, რომ დღეს მთავარი პრობლემა ის არის, ოჯახი როგორ გამოკვებო. ჩაცმა-დახურვაზე ვინღა ფიქრობს, როცა საკვების შოვნა უმთავრეს პრობლემად არის ქცეული, ამას დღეს უმრავლესობა აღიარებს. რაც შეეხება დელიკატესებსა და მენიუს მრვალფეროვნებას, იგი დღეს ერთეულთა ხვედრია. ხანდაზმული ოჯახის პატრონები დაუფარავად აცხადებენ: “უკვე რამდენი ხანია, ჩემს შვილებს ხორცი არ უჭამიათო”. გამოაშკარავებულია სხვა უამრავი მაგალითები იმისა, თუ რა გაუგონარ და მიუღებელ გზას ადგანან (საზოგადოების) რიგი ცალკეული ახალგაზრდა ადამიანები იმისათვის, რომ თავიანთი ახალშობილი ბავშვები გამოკვებონ”.
როგორც საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის შინამეურნეობების გამოკვლევისა და ცხოვრების დონის სტატისტიკის სამმართველოს მიერ უკანასკნელ პერიოდში (1996-2001 წწ.) ჩატარებული კვლევის მასალებიდან ირკვევა, ქვეყანაში საშუალოდ შინამეურნეობაზე მთლიანი შემოსავლები (ფულადი და არაფულადი), რომლებიც ვერ ფარავს ოჯახის ხარჯებს, საკმაოდ დაბალია. შინამეურნეობების შემოსავლებში განსხვავება კიდევ უფრო შესამჩნევია როგორც ქალაქების და სოფლების, ისე ცალკეული შემოსავლის წყაროების მიხედვით, რაზეც წარმოდგენას იძლევა ცხრილი 3.
ცხრილის მონაცემებიდან ჩანს, რომ შინამეურნეობების შემოსავლების დინამიკა გარკვეული ზრდით ხასიათდება. მაგალითად, 1996 წელთან შედარებით, როცა ქვეყანაში ერთ შინამეურნეობაზე შემოსავალი საშუალოდ 153,5 ლარს შეადგენდა, 2001 წელს შესაბამისმა მაჩვენებელმა 192,2 ლარი შეადგინა. ამასთან, ქალაქად ეს მაჩვენებელი 126,9 ლარიდან 189,9 ლარამდე, სოფლად კი, 186,7 ლარიდან 194,7 ლარამდე გაიზარდა.
ქალაქსა და სოფელს შორის საგრძნობი განსხვავებებია ცალკეული შემოსავლის წყაროებიდან მიღებულ შემოსავლებს შორის. მაგალითად, ქალაქად დაქირავებული შრომიდან მიღებული შემოსავალი თითქმის სამჯერ და უფრო მეტადაც აღემატება საშუალოდ შესაბამის სოფლის შემოსავალს. ანალოგიური მდგომარეობა აღინიშნება თვითდასაქმებიდან მიღებული შემოსავლების მხრივაც. სრულიად განსხვავებული მდგომარეობაა სოფლის მეურნეობის პროდუქტების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლების მხრივ, რამდენადაც სოფლის შინამეურნეობების მიერ სოფლის მეურნეობების პროდუქტების გაყიდვიდან მიღებული შემოსავალი საშუალოდ 15-20-ჯერ აღემატება ქალაქად მცხოვრებთა მიერ გაყიდული სოფლის მეურნეობის პროდუქტებიდან მიღებულ შემოსავალს, რომელთა რაოდენობა შინამეურნეობების მთლიან შემოსავლებში საშუალოდ 20-25 %-ს აღწევს. სამაგიეროდ, სოფელთან შედარებით საგრძნობად მაღალია ქალაქად მცხოვრები შინამეურნეობების შემოსავალში პენსიების, სტიპენდიების და სხვა ფულადი დახმარებების, უცხოეთიდან მიღებული გზავნილების, ახლობლებისაგან მიღებული ფულადი დახმარებების, ქონების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლების და რიგი სხვა ფულადი სახსრების შემოსავლები, ხოლო რაც შეეხება არაფულად შემოსავლებს, იგი სოფლად ქალაქად მცხოვრებთა შემოსავლებთან შედარებით.საშუალოდ 3-4-ჯერ უფრო მეტია
საგულისხმოა აგრეთვე, რომ შინამეურნეობების შემოსავლების სტრუქტურაში გარკვეული ზრდის ტენდენცია შეინიშნება. მაგალითად, 1996 წელს იგი ქვეყანაში საშუალოდ 153,5 ლარს შეადგენდა, ხოლო 2001 წელს – 192,2 ლარს, ე. ი. ზრდა საშუალოდ 25,2 %-ს აღწევს, მაშინ, როცა შესაბამისი მაჩვენებელი ქალაქად გაზრდილია 49,6 %-ით, სოფლად კი, მხოლოდ 4,28 %-ით. ისიც საყურადღებოა, რომ ქვეყანაში სამომხმარებლო ხარჯები შესაბამის პერიოდში საშუალოდ 19,1 %-ით გაიზარდა, მათ შორის ქალაქად – 24,5 %-ით, ხოლო სოფლად – მხოლოდ 2,23 %-ით. აღნიშნული იმაზე მეტყველებს, რომ შემოსავალი ხარჯვასთან შედარებით მცირედ (6,1 %-ით), მაგრამ მაინც აღემატება ხარჯებს და თუ შემდგომში ზრდის ტენდენციით განვითარდა, უდაოდ დადებითად იმოქმედებს საარსებო მინიმუმის დონის ამაღლებაზე.
საყურადღებოა ისიც, რომ ქვეყანაში 1996 წელს შინამეურნეობების მთლიანი შემოსავლებიდან სურსათის შეძენაზე საშუალოდ 106,7 ლარი იხარჯებოდა, ანუ მთლიანი შემოსავლების 58,2 %, 2001 წელს შედარებით ნაკლები (99,5 ლარი) დაიხარჯა და მთლიანი დანახარჯების 51,7 % შეადგინა. ასევე 1996 წელს ქალაქად სურსათის შეძენაზე 42 % იყო დახარჯული, 2001 წელსაც თითქმის ამდენივე დაიხარჯა, ხოლო სოფლად დანახარჯი საშუალოდ მოცემულ პერიოდში ერთ შინამეურნეობაზე 3 %-მდე შემცირდა.
მოსახლეობის საშუალოთვიური ხარჯების სტრუქტურაში ხარჯების სახეების მიხედვით შესადარ წლებში შეინიშნება გარკვეული ცვლილებები. კერძოდ, გარკვეული ზრდით ხასიათდება ხარჯები ისეთ სახეებში, როგორიცაა: ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, საოჯახო მოხმარების საქონელი, განათლება, კულტურა და დასვენება, რაც დადებით ტენდენციად მიგვაჩნია. ეს ერთგვარად ხელს შეუწყობს ჩვენი მოსახლეობის მატერიალური და სულიერი მოთხოვნილებების ნაწილობრივ გაუმჯობესებას. მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში სწრაფი ტემპებით იზრდება შინამეურნეობების ხარჯები ჯნმრთელობის დაცვაზე, სათბობსა და ელექტროენერგიაზე, ტრანსპორტის მომსახურებაზე და რიგ სხვა სამომხმარებლო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.
არსებული მონაცემებიდან ისიც ვიცით, რომ საანალიზო წლებში მთლიან ხარჯებში არ იზრდება სასოფლო-სამეურნეო ხარჯები. პირიქით, ცალკეულ წლებში ამ დანიშნულების ხარჯები სოფლად შემცირებულიც კი არის, რაც უარყოფით ზეგავლენას ახდენს სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების საერთო წარმოების დონეზე. თუმცა თანამედროვე საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პერიოდში შეიმჩნევა პროდუქტებისნაკლებობა, რამდენადაც ბაზარია გაჯერებული საკმაოდ დიდი რაოდენობის იმპორტირებული პროდუქტებით, რომელთა შეძენა-მოხმარება უმრავლესობას არ შეუძლია საკმაოდ დაბალი ხელფასებისა და მაღალი ფასების გამო.
საქართველოში სურსათის ოფიციალურად აღრიცხული იმპორტი უკანასკნელ წლებში (1998-2001 წწ.) მეტად მაღალია. რიგი პროდუქტებისა, როგორიცაა: ხორცი (სხვადასხვა სახის) – წლიურად 5-7 ათასი ტონა, მცენარეული ზეთი – 5-14 ათასი ტონა, კარტოფილი – 10-12 ათასი ტონა, შაქარი – 60-100 ათასი ტონა, ხორბალი და ხორბლის ფქვილი – 200-300 ათასი ტონა და ა. შ., რომელთა ნაწილის წარმოება ადგილზე შეიძლება, დღემდე არ ხორციელდება, როგორც საკანონმდებლო, ისე სააღმსრულებლო ორგანოების უყურადღებობის გამო.