ბიუჯეტი 2002 – “არასრული და არაზუსტი”
მაია რაზმაძე
7 მაისს დაიწყება საპარლამენტო დებატები კონტროლის პალატის დასკვნაზე, რომელიც ეხება მთავრობის ანგარიშს 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ და ტრადიციულად “არასრულად და არაზუსტად” არის შეფასებული. 150-გვერდიან მოხსენებაში საუბარია ძირითად ტენდენციებზე და დარღვევა-ნაკლოვანებებზე, რომლებიც შარშანდელი სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტის აღსრულების პროცესს ახასიათებდა.
ამ კანონდარღვევებზე, რომელიც ქვეყნის მთავარი ფინანსური კანონის შესრულებას ახლდა, კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილე, თამარ ბიჭიკაშვილი გვესაუბრა.
ჩვენი მონაცემები არსებითად განსხვავდება მთავრობის ანგარიშის ტექსტში დაფიქსირებული მონაცემებისაგან. საქმე იმაშია, რომ ისინი ანგარიშის მომზადებისას ძირითად აქცენტს ეროვნული ბანკის მონაცემებზე აკეთებენ, ანუ ეროვნული ბანკის ცნობილ ფორმა #412-ზე, რომელიც წლების განმავლობაში დამკვიდრებული “ტენდენციების” გამო, მნიშვნელოვნად განსხვავდება სახაზინო მონაცემებისგან. არადა, სწორედ ხაზინაში შესული თანხები ნაწილდება ცალკეულ საბიუჯეტო უწყებებზე და სახელმწიფო ბიუჯეტზე მსჯელობისას, ამოსავალი, ცხადია, სწორედ, ეს მონაცემები უნდა იყოს. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა გათვალისწინებული 934,8 მლნ ლარის ნაცვლად 818,8 მლნ ლარი შეადგინა, რაც ნიშნავს იმას, რომ დაირღვა 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის არა მარტო პირველი, არამედ ცენტრალური ბიუჯეტის შემოსავლებისა და ხარჯების, სოციალური ფონდის, დეფიციტის დაფინანსების, გარდამავალი დებულებების შესახებ მუხლებიც, რომლებიც ძალზე მნიშვნელოვანი და არსებითი იყო საბიუჯეტო პროცესის გაჯანსაღებისთვის. ხშირი იყო “საბიუჯეტო სისტემებისა და უფლებამოსილებათა შესახებ” კანონის ცალკეული მუხლების მოთხოვნათა დარღვევების შემთხვევებიც. ასევე დაირღვა პრეზიდენტის ზოგიერთი ბრძანებულება და განკარგულება, რამაც საბოლოო ჯამში, 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტთან დაკავშირებით, ჩვენი არცთუ სასიამოვნო დასკვნა განაპირობა. საქართველო დეფიციტის ზღვრული ოდენობის დასაფინანსებლად გეგმავს როგორც საგარეო, ასევე საშინაო წყაროებს. საშინაო წყაროებიდან – ეს არის ვალდებულებების განთავსებით მიღებული შემოსავლები. სწორედ აქ არის მნიშვნელოვანი დარღვევები – დაგეგმილი შემოსავლები მიიღეს, მაგრამ დისკონტის ხარჯები ერთიორად გაიზარდა. შარშან, გაზაფხულზე საპარლამენტო კომიტეტში ფინანსთა მინისტრს მივუთითეთ, რომ ამ სფეროში წარმოებული ამგვარი პოლიტიკა, ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანდა. სამწუხაროდ, ასეც მოხდა – დისკონტზე, დაგეგმილთან შედარებით 6,8 მლნ ლარით მეტი დაიხარჯა და რაც მთავარია, ფინანსთა სამინისტრომ არასწორი ინტერპრეტაციით მოახდინა ხარჯების გადატანა. კანონის 22-ე მუხლის ერთ-ერთი პუნქტი საბიუჯეტო უწყების ხელმძღვანელს უფლებას აძლევს, თავის შიდა მუხლებში 15%-ის ფარგლებში მოახდინოს გადანაწილება. ამის გაკეთება საკუთარ ხარჯებში შეუძლია ამა თუ იმ სამინისტროს (მათ შორის, ფინანსთა სამინისტროს) და არა იმ ხარჯებში, რომელიც თავისი არსით ზოგადსახელმწიფოებრივი მნიშვნელობისაა. ამ შემთხვევაში, შესწორებები აუცილებლად პარლამენტის მეშვეობით, ანუ კანონში ცვლილებების შეტანით უნდა განხორციელებულიყო. შეიძლება ითქვას, ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კანონდარღვევაა.
მაგრამ ამ დარღვევაზე პასუხი არავის უგია…
სწორედ ჩვენი ობიექტური მოხსენების საფუძველზე იღებს პარლამენტი პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და აფასებს მთავრობის საქმიანობას სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით. პარლამენტს აქვს უფლებამოსილება მიმართოს პრეზიდენტს შესაბამისი თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის დასმის მოთხოვნით.
თქვენი წლევანდელი შეფასება თითქმის წინა წლების შეფასების იდენტურია, ანუ წლიდან წლამდე დარღვევები და შედეგები მეორდება.
დასკვნაც ერთნაირია, მთავრობის ანგარიში არასრულია. ჩვენი მოხსენება დარღვევების გარდა, ამა თუ იმ სფეროს რეზერვებზე ინფორმაციასაც მოიცავს, გარდა ამისა, ვაძლევთ რეკომენდაციებს. მთავრობა და პარლამენტი ამ ნაშრომს, როგორც საგნობრივად, ისე დეტალურად რომ განიხილავდეს, შედეგი იქნებოდა, მაგრამ ჩვენი დასკვნა, ძირითადად, პოლიტიკური დებატების საგანი უფროა ხოლმე, ვიდრე სიტუაციის გამოსასწორებელი საშუალება.
სერიოზული დარღვევა იყო დეფიციტის დაფარვის მხრივაც.
დეფიციტის დასაფარავად ინვესტიციური და სტრუქტურული გარდაქმნის კრედიტებსაც ვიღებთ, ე.წ. SAC-s, რომელიც, ცალსახად, დაცული მუხლების დაფინანსებას უნდა მოხმარდეს. შარშან SAC 3 ოქტომბერს ჩაირიცხა. ფინანსთა სამინისტროს ბრძანებით, ამ თანხიდან 18,6 მლნ ლარი მაშინვე მოიჭრა და 1998 წლის ვალის ანგარიშში ეროვნულ ბანკს დაუბრუნდა. და ეს მაშინ, როცა 1997 წლის ვალის რესტრუქტურიზაციაა გაკეთებული. 1998 წლის ვალის გადახდის ბოლო ვადა 2003 წელი იყო. ამ ნაბიჯით დეფიციტის ოდენობას მოაკლდა 18,6 მლნ ლარი. აქ რამდენიმე დარღვევაა. ყველაზე მთავარი და დიდი დარღვევა ის არის, თუ როგორ მოხდა ეს ყველაფერი. ფინანსთა მინისტრი თავისსავე წერილში პრეზიდენტს წერს, რომ მუხლები, რომლებშიც ცვლილებები უნდა განხორციელდეს (ეს შეეხება 18,6 მლნ ლარს, დისკონტის ხარჯების ზრდას და სხვ.), საერთო სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ხარჯია და მასში ცვლილებების განხორციელება სცილდება ფინანსთა სამინისტროს კომპეტენციას. პრეზიდენტის რეზოლუციით, ფინანსთა სამინისტროს კანონის ფარგლებში მოქმედების უფლება მიეცა, მაგრამ მინისტრმა ამ მუხლებში ცვლილება შეიტანა, რის უფლებასაც მას კანონი არ აძლევდა, – დაარღვია პრეზიდენტის რეზოლუციაც, მოქმედი კანონმდებლობაც და აღნიშნული თანხები არამიზნობრივად მიმართა. ეს ქმედება სრულყოფილად უნდა ასახულიყო მთავრობის ანგარიშში. 18,6 მლნ ლარი კი, არც შემოსავალშია ასახული და არც ხარჯებში. ეს არის ერთ-ერთი ძირითადი დარღვევა.