პარლამენტს გაეპარა საგადასახადო კოდექსში ცვლილებებინ
სოფიკო სიჭინავა
ნებისმიერი ჩვენგანისთვის აქსიომაა ის გარემოება, რომ შევდგებით თუ არა სახელმწიფოდ, გადარჩება თუ არა ერი ფიზიკურად, დამოკიდებულია ეკონომიკაზე, ანუ სიუხვის წარმოებაზე. ეს უკანასკნელი კი, თავის მხრივ, დამოკიდებულია: ჩვენი ქვეყნის გარემო პირობებზე, რომელიც, ღვთის მადლით, არცთუ ისე ურიგო გაგვაჩნია; ჩვენი ქვეყნის შრომით რესურსებზე, ვფიქრობთ, არც აქ უნდა გვქონდეს ცუდად საქმე, ვინაიდან ქართველთა გონებრივი შესაძლებლობები კარგად არის ცნობილი, ბაზარზე. საქართველოს გარშემო კი სრულყოფილი ბაზრის ჩამოყალიბებისთვის პერსპექტიული რესურსები არსებობს, რუსეთის, თურქეთის და ამიერკავკასიის ბაზრის სახით.
დიდი როლი ეკისრება ტექნოპარკსაც, ამ საკითხში მართლაც მძიმე მდგომარეობაა შექმნილი. ბოლოს, უმნიშვნელოვანესია მარეგლამენტირებელი, მარეგულირებელი კანონები. ძირითადად კი საგადასახადო კანონმდებლობა. შეიძლება ითქვას, რომ ეს უკანასკნელი ყველა სხვა დანარჩენი ფაქტორის ერთგვარ სახურავს წარმოადგენს. სწორედ ის განაპირობებს სრულყოფილი ტექნოპარკის არსებობას, როგორც სიუხვის წარმოების პირობას. ტექნოპარკი ეს არის ინვესტიცია, სერიოზული დაბანდება, რომელიც რეალური და მისაღები საგადასახადო კლიმატის გარეშე არ შეიქმნება. აქედან გამომდინარე, არც შრომის დაქირავება მოხდება და არც ჩვენი ბუნებრივ-გეოგრაფიული პირობების ათვისება. გამოდის, რომ ფისკალური პოლიტიკა, საგადასახადო კოდექსი, ამოსავალი სუბსტანციაა. შესაძლოა, მენტორულად ჟღერდეს, მაგრამ ჭკუას არავის ვასწავლით. ყოველივე ეს, უბრალოდ, აქსიომაა. საგადასახადო კოდექსი, პირველ რიგში, უნდა ეყრდნობოდეს ქვეყნის ეროვნული ეკონომიკის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, ანუ ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, როგორი სახელმწიფო გვინდა, როგორი საკუთრებითი მოწყობა, ეკონომიკის როგორი და რა დოზით მართვა, როგორი ფასთწარმოქმნა და საექსპორტო პოლიტიკა, თუ რომელ დარგებზე გავაკეთოთ ორიენტაცია. რა დოზით და ასპექტით შეგვიძლია მსოფლიო ინტეგრაციაში შესვლა. უნდა განვსაზღვროთ, რისი მიცემა შეგვიძლია მსოფლიოსთვის და რა გვინდა მისგან. თუ არ იარსებებს ჩვენი ეკონომიკის სტრატეგიული გეგმა, მის გარეშე შექმნილი კოდექსი სრულიად მიუღებელი იქნება. ამა თუ იმ ლობისტური ჯგუფების ზეწოლით დაიწყება მისი პერმანენტული ცვლა, რომელიც ყოვლად დაუშვებელია. ასეთ პირობებში, შეუძლებელია მდგრადი ეკონომიკის სტაბილური განვითარების კურსი დავიჭიროთ. თითქოს ყველა შეთანხმდა, პოზიცია თუ ოპოზიცია, პარტიული თუ უპარტიო, რომ ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი აქსიომაა და, ბუნებრივია, მტკიცებას არ საჭიროებს. შეთანხმდნენ, რომ მოქმედი საგადასახადო კოდექსი ეკონომიკის შემაფერხებელი ფაქტორია, და იგი უდავოდ შესაცვლელია. დღემდე საგადასახადო კოდექსში 2000 ცვლილება შევიდა, მაგრამ შედეგი თითქმის ნულის ტოლი აღმოჩნდა. გამოცდილების ანალიზი სავსებით საკმარისია იმისთვის, აქსიომა გახდეს ისიც, რომ არც მსგავს ცალკეულ, წერტილოვან ცვლილებებს მოაქვს შედეგი. რამდენჯერაც დამძიმდა საგადასახადო ტვირთი, იმდენჯერვე შემცირდა ფისკალური ეფექტი. საგადასახადო კოდექსის გარშემო მრავალი დისკუსია მოეწყო, ჟურნალი “მაკრო მიკრო ეკონომიკა” არაერთხელ შეხებია ამ პრობლემას, დაიწერა და უკვე წარდგენილია უამრავი ალტერნატიული საგადასახადო კოდექსი, რომელთა ავტორები სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები იყვნენ. სახელმწიფო მინისტრთან ამ საკითხზე სპეციალური კომისიაც შეიქმნა, რომელიც აბსოლუტურად გაუმჭვირვალედ მუშაობს, მეცნიერების ფართო ნაწილის და პრაქტიკოსების ჩარევის გარეშე. გასული წლის გაზაფხული თუ ზაფხული საგადასახადო კოდექსის ახალი ვარიანტების შექმნის “სეზონი” იყო. ეს ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ კოდექსში ისევ ცალკეული, ნაჩქარევი ცვლილებები შევიდა, რომლებთაც კონტექსტი და იდეოლოგია არ გააჩნიათ. საშემოდგომო სესიაზე აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ცვლილებების მთელი რიგი პაკეტი წარმოადგინა. ცვლილებები პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე მიიღეს, მაგრამ არა პირვანდელი სახით. მრავალ საკითხზე შეთანხმება ვერ იქნა მიღწეული და კენჭი უყარეს იმ ცვლილებებს, რომელთა საგადასახადო ნორმებს ვადა 2001 წლის 1 იანვარს გასდიოდა. პარლამენტმა სიგარეტის დაბეგვრის ახალი ტარიფები მიიღო. ამ ტარიფებით თამბაქოს ადგილობრივი წარმოება წახალისდა, რითაც თამბაქოს ბიზნესში დასაქმებულმა კონტიგენტმა სერიოზული მხარდაჭერა მოიპოვა. ერთი შეხედვით, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ხელისუფლება საკუთარ ქვეყანაში ბიზნესის წარმოებას ლობირებს, მაგრამ იქვე იღებს გადაწყვეტილებას, რომ წყლის რესურსებზე ფიქსირებული გადასახადი დაწესდეს. გადასახადი დიდი არ არის. ჩამოსხმულ ერთ ლიტრ წყალზე ერთი თეთრი მოდის, გაურკვეველია რა ფისკალური ეფექტი შეიძლება ამან მოიტანოს? დეკემბერშივე, მხოლოდ არა რიგგარეშე სესიაზე, პარლამენტი გამარტივებული წესით, “უნებლიეთ” იღებს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად “საგადასახადო ამნისტია” შეეხო სამკურნალო-პროფილაქტიკურ კბილის პასტას, საღეჭ რეზინას, კოსმეტიკურ და ჰიგიენურ საშუალებებს. საინტერესოა, დაითვალა თუ არა ვინმემ რა თანხას კარგავს ამით ბიუჯეტი? პარალელურად, დაითვალეს თუ არა, რა თანხა უნდა შევიდეს წყლის ბუნებრივი რესურსების ფიქსირებული გადასახადიდან ადგილობრივ ბიუჯეტში? ანუ, საინტერესოა, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების რომელ სტრატეგიულ გეგმაში ჯდება ეს გადაწყვეტილებები? ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ პარლამენტართა უმრავლესობას წარმოდგენა არ აქვს, როდის უყარეს კენჭი ამ გადაწყვეტილებას. ე. ი. ხდება ის, რაზედაც ზემოთ მოგახსენებდით, ამა თუ იმ ლობისტური ჯგუფების ზეწოლით კოდექსში ცვლილებები გრძელდება. სავარაუდოა, რომ გაზაფხულზე ეს პროცესი განახლდება. ცოტა ხნის წინ სოფლის მეურნეობის სამინისტრომაც მოითხოვა კოდექსში ცვლილებების შეტანა, საუბარია სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების პირველადი წარმოების დროს არსებული თორმეტი გადასახადის ნაცვლად, ფიქსირებული კომპლექსური გადასახადის შემოღებაზე. იმსჯელებს თუ არა ამ საკითხზე პარლამენტი, საგაზაფხულო სესიაზე ვნახავთ. საგადასახადო კოდექსი კი ისევ კრიტიკის საგანია. ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ვიღაცას ხელს აძლევს კიდეც ეს მოჯადოებული წრე, ან უბრალოდ, თავის როლს ჩვეულებად ქცეული არაპროფესიონალიზმი თამაშობს.